ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა და ორგანოთა ზომების ნორმირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა და ორგანოთა ზომების ნორმირება

არტერიული წნევა

გული, ორგანიზმის ბიოლოგიური ტუმბო, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლივ რიტმულად იკუმშება, მოძრაობაში მოჰყავს სისხლძარღვებში გამდინარე სისხლი და უზრუნველყოფს მის სათანადო მოძრაობას. სისხლძარღვებში მოძრაობისას სისხლი მათ კედლებს აწვება და ამ ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას, რომელსაც ორი მაჩვენებელი აქვს. ისინი ვერცხლისწყლის სვეტით მილიმეტრებში იზომება. ზედა (პირველი რიცხვი) სისტოლურ წნევას გამოსახავს, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლურს. არტერიული წნევა ორგანიზმის ყველაზე სწრაფად და ხშირად ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია. ასაკის მიხედვით მისი ნორმები ასეთია:

  • 16-20 წელი: სისტოლური - 100-120, დიასტოლური - 70-80 მმ.ვწყ.სვ;
  • 0-40 წელი: სისტოლური - 120-130, დიასტოლური - 70-80 მმ.ვწყ.სვ;
  • 40-60 წელი: სისტოლური - 140-მდე, დიასტოლური - 90-მდე მმ.ვწყ.სვ;
  • 60 წლის შემდეგ: სისტოლური - 150, დიასტოლური - 90 მმ.ვწყ.სვ.

ჯანმოს რეკომენდაციათა თანახმად, არტერიული წნევის ოპტიმალური მაჩვენებელი 120/80-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო ნორმის ზედა ზღვარი - 150/85.

 

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანოა, რომელსაც 2,5 სმ X 2,5 სმ ზომის ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა აქვს. მისი სისქე 6-8 მმ-ია. ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის წონა 1-3 გ-ია, ერთი წლის ბავშვისა - 3,0 გ, 12-16 წლის ასაკში იგი ინტენსიურად იზრდება და მოწიფულ ასაკში უკვე 30-60 გრამს იწონის. ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციას იოდის დაგროვება და მისი ცვლის რეგულირებაა. ორგანიზმში მოხვედრილი იოდის 60-80% ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული, ანუ სხეულში აკუმულირებული 20-დან 50 მგ-მდე იოდიდან კუნთებში 10-15 მგ გროვდება, ფარისებრ ჯირკვალში კი 15-25 მგ. იოდი ორგანიზმისთვის აუცილებელ იმ მიკროელემენტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა გარეშეც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობა წარმოუდგენელია. ადამიანი გასაოცარი მუდმივობით ინარჩუნებს სისხლში იოდის მუდმივ კონცენტრაციას. ამ ელემენტის საშუალო დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე 3 მკგ-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი იზრდება ორსულობის, ორგანიზმის გაძლიერებული ზრდისა და გადაციების დროს. ორგანიზმის იოდზე მოთხოვნილება ასაკის მიხედვითაც იცვლება: ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 100-200 მკგ-მდე იოდი სჭირდება, წლამდე ასაკის პატარას - ნაკლები, 40-50 მკგ, 1-3 წლისას -70 მკგ, 4-6 წლისას - 90 მკგ, 6-დან 12 წლამდე - 120 მკგ, 12 წლამდე ასაკის მოზარდისთვის კი 150 მკგ-მდე ეს მიკროელემენტია საჭირო. მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობა 150 მკგ-ია. ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალბატონებს, 50 წლის შემდეგ კი 175-200 მკგ-ია საჭირო. გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური დედები - მათ დღე-ღამეში აუცილებლად უნდა მიიღონ 250 მკგ იოდი. ორსულობისას იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის.

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ფარისებრ ჯირკვალში არსებული იოდის თითქმის მთელი ოდენობა (99%) მის ჰორმონთა შემადგენლობაში შედის, მხოლოდ 1%-ია წარმოდგენილი არაორგანული იოდის სახით. ჰორმონი, რომლის სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონინი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციობისთვის, მათ გარეშე წარმოუდგენელია ნივთიერებათა ცვლის საჭირო ინტენსივობით წარმართვა. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგულაციურ რეაქციათა გააქტიურებაც, რის მეშვეობითაც უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება რეგულირდება.

თირეოკალციტონინის ძირითადი ფუნქცია კალციუმის ცვლის რეგულირებაა. სისხლში მისი საჭირო ოდენობით არსებობისას გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება ნორმალურად მიმდინარეობს. ამიტომაც აქვს ამ ჰორმონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში, როდესაც სისხლში მის კონცენტრაციაზე უშუალოდ არის დამოკიდებული ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირება. იოდის სიმცირისას საჭიროზე ნაკლები ოდენობის ჰორმონები წარმოიქმნება და ორგანიზმში ვითარდება ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას.

 

სხეულის ტემპერატურა

სხეულის ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმის თბური მდგომარეობის კომპლექსური მაჩვენებელია, რომელიც ასახავს სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილის მიერ სითბოს გამომუშავებასა და თბურ ცვლასთან დაკავშირებულ პროცესთა მიმდინარეობას. ეგზოთერმული რეაქციებისა და დამცავი მექანიზმების წყალობით, რომლებიც სხეულიდან ჭარბ სითბოს გამოყოფს, ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 36,5-დან 37,2-მდე მერყეობს. როცა სხეულის ტემპერატურა 32 გრადუსამდე ეცემა, ადამიანს კანკალს აწყებინებს, 27 გრადუსზე კომაში ვარდება, 25-ის ქვევით კი კრიტიკული ტემპერატურაა.


 

ღვიძლი

ღვიძლი ადამიანის სხეულის დაახლოებით 2,5%-ს შეადგენს. მამაკაცის ღვიძლი საშუალოდ 1,5-1,6 კგ-ს იწონის, ქალისა - 1,2 კგ-ს. ცოცხალი ადამიანის ღვიძლის წონა და მოცულობა გაცილებით მეტია, რადგან დიდი ოდენობით სისხლს შეიცავს. ღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ახორციელებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ნაღვლის წარმოქმნა და გამოყოფა, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალებისა და ვიტამინების ათვისებაში მონაწილეობა და ტოქსიკურ ნაერთთა განეიტრალება.

 

პანკრეასი

პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, მოვარდისფრო-მონაცრისფრო რბილი ორგანოა, რომლის სიგრძე 14-18 სმ-ია, საშუალო სიგანე - 3-9 სმ, ხოლო წონა - 65-75 გრამი. პანკრეასი შერეული ფუნქციის ჯირკვალია - საჭმლის მომნელებელ წვენებთან ერთად იგი გამოიმუშავებს ცილოვანი ბუნების მეტად მნიშვნელოვან ჰორმონს ინსულინს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ყოველთვის არის მცირე რაოდენობის ინსულინი, რომელიც საკვების მიღების შუალედებში არეგულირებს გლუკოზის დონეს, უშუალოდ კვებისას კი პანკრეასი სისხლში ინსულინის დამატებით ულუფას გადაისვრის, რომელიც საკვებთან ერთად მიღებული შაქრის ასათვისებლად არის საჭირო. უზმოზე სისხლში 3,33-5,55 მმოლ/ლ ინსულინია, ჭამის შემდეგ კი მისი ოდენობა 8,8-9,9 მმოლ/ლ-მდე იმატებს. სისხლში ყოველთვის არის ნახშირწყლები გლუკოზა და ფრუქტოზამინი. გლუკოზის დასაშვები ოდენობა 3,89-5,83 მმოლ/ლ-ია. ფრუქტოზამინის ნორმა - 205-285 მკმოლ/ლ.

 

თირკმელები

თირკმელი, ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრი, ფუნქციურად საკმაოდ აქტიური წყვილი ორგანოა. მარჯვენა თირკმელი უფრო მოკლე და განიერია. მოზრდილი ადამიანის თირკმლის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ, ხოლო წონა - დაახლოებით 120-200 გრამი. ზოგჯერ მარცხენა თირკმელი ოდნავ მეტს იწონის. საზოგადოდ კი თირკმლის წონა ადამიანის კონსტიტუციაზეა დამოკიდებული და 120-200 გრამის ფარგლებში მერყეობს. დღე-ღამის განმავლობაში თირკმელებში 700 ლიტრი სისხლი გაედინება, გაძლიერებული მუშაობისას კი 1500 და მეტი. თირკმელი ორგანიზმიდან წყალს, მარილებს, ტოქსიკურ და უცხო ნივთიერებებს შარდის სახით გამოდევნის.

 

მკერდუკანა ჯირკვალი - თიმუსი

მკერდუკანა ჯირკვალი იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა. მასში მწიფდება და დიფერენცირდება ძვლის წითელ ტვინში გამომუშავებული თ-ლიმფოციტები, რომლებიც იმუნური სისტემის მთავარი იარაღია. თიმუსი განვითარების პიკს სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღწევს, მერე კი თანდათან პატარავდება. 15 წლისთვის მისი წონა 37,5 გრამია, 20 წლისთვის - 25,5 გრამი, 35 წლისთვის - 22,3 გრამი, ხოლო 50 წლიდან კიდევ უფრო მცირდება და საბოლოოდ მხოლოდ 13,4 გრამს შეადგენს.

 

საკვერცხეები და სათესლეები

ქალს წყვილი სასქესო ჯირკვალი - საკვერცხე აქვს. საკვერცხე ოდნავ გაბრტყელებული, ოვალური ფორმის ორგანოა. მისი სიგრძე 2,5 სმ-ია, სიგანე - 1,5 სმ, სისქე - 1 სმ. საკვერცხე დაფარულია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი თეთრი გარსით, რომლის შიგნითაც მოთავსებულია მისი ქერქოვანი შრე. სწორედ ეს შრე შეიცავს კვერცხუჯრედთა ჩანასახოვან უჯრედებს - ოვოციტებს, საიდანაც შემდეგ ფოლიკულა და კვერცხუჯრედი მწიფდება. ეს შრე ჰორმონებსაც გამოიმუშავებს, ამიტომ საკვერცხე ერთსა და იმავე დროს რეპროდუქციული ორგანოც არის და ენდოკრინულიც. სათესლეები მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალია. მათ ელიფსოიდური ფორმა აქვთ. თითოეულის სიგრძე 4-4,5 სმ-ია, სიგანე - 3 სმ, სისქე - 2 სმ, წონა - 25-30 გრამი. მათი მთავარი ფუნქცია კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის მქონე სასქესო უჯრედების - სპერმატოზოიდების შემცველი სითხის, სპერმის, გამომუშავებაა. სასიცოცხლო მნიშვნელობის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ მაჩვენებელთა ნორმების მუდმივობა მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, ადამიანს ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს ძირითად ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა და ორგანოთა ზომების ნორმებზე, რათა ნორმიდან მცირე გადახრაც კი არ დარჩეს უყურადღებოდ და სათანადო სამედიცინო ჩარევით საფრთხე დროულად აიცილოს თავიდან.