ორგანოებისა და მათი სისტემების გადაღლა ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოებისა და მათი სისტემების გადაღლა ორგანიზმში

ვლინდება ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემის ფუნქციური დარღვევის კლინიკური სურათი. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის დროს აღინიშნება აგზნებითი, ან პირიქით, შემაკავებელი პროცესების გადაძაბვა, თავის ტვინის ქერქში მათი თანაფარდობის დარღვევა. ამის გამო ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლის პათოგენეზი ნევროზების პათოგენეზის ანალოგიურად განიხილება. პათოგენეზში დიდ როლს თამაშობს ენდოკრინული სისტემაც. კერძოდ, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრე. ძლიერი გამღიზიანებლის (სტრესორის) მოქმედებისას, ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ადაპტაციური სინდრომი ანუ სტრესი, რომლის პროცესშიც ძლიერდება ჰიპოფიზის წინა წილისა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია. ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ეს ცვლილებები განსაზღვრავს სწორედ ორგანიზმში მიმდინარე ადაპტაციურ რეაქციებს როგორც ინტენსიური ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მოქმედების საპასუხოდ. თუმცა, ქრონიკული გადაძაბვა იწვევს აღნიშნული ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის განლევას (გამოფიტვას), რის გამოც ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები ირღვევა.

ცენტრალური ნერვული სისტემის პროფესიული გადაღლა შესაძლოა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოუვლინდეს, დამოუკიდებლად სქესისა და ასაკისა. ის დამოკიდებულია მუდმივად მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებზე, რომლებიც, მკითხველისათვის გასაგებ ენაზე რომ განვმარტოთ, მუდმივად ნერვებს უშლის და აღიზიანებს ადამიანს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადაღლა

გულ-სისხლძარღვთა სისტემამ გადაღლა შესაძლოა განიცადოს არა მხოლოდ ფუნქციური გადაძაბვის შედეგად (მაგალითად, სპოტსმენების, დიდი დატვირთვების ინტესიურად, არაეტაპობრივად გამოყენება), არამედ ფსიქოლოგიური დატვირთვის საპასუხოდ, არაადეკვატურად ძლიერი რეაქციის განვითარების გამოც. ასეთ დროს გულის მუშაობის რიტმი ირღვევა, აღდგენითი პერიოდი მცირდება, არტერიული წნევის მაჩვენებლები მერყეობს, სისხლძარღვთა ტონუსი იცვლება, განსაკუთრებით ირღვევა ვენების ტონუსის რეგულაცია, რაც ვლინდება მარმარილოსებრი კანით ანუ ვენური ქსელის სურათი ფერმკრთალ კანზე ძლიერდება.

ხერხემლის გადაღლა

ზურგისა და კისრის ტკივილი, ხერხემლის გადაძაბვა ოფისში მომუშავეთა 30%-ს აწუხებს. გადაძაბვა შესაძლოა განიცადონ როგორც კისრისა და ზურგის, ასევე მხრის, კიდურებისა და ტერფების კუნთებმა. ამის მთავარი მიზეზი ერთ პოზაში ხანგრძლივად დაძაბული ჯდომაა. აგრეთვე ორგანიზმის ფიზიკური მზაობის შეუსაბამო დატვირთვა, სიმძიმეების აწევა და ყველა ის განმეორებადი თუ უწყვეტად მოქმედი ფაქტორი, რომლებიც საბოლოოდ ხერხემლის გადაღლას განაპირობებს.

გადაღლილობის გამო, როგორც წესი, ხერხემლის გასწვრივ, ბეჭთაშუა არეში, მწველი ტკივილი ვითარდება. თუ ტკივილი უმნიშვნელო და ხანმოკლეა, მას რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. არადა ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ძვრებისა და პროცესების თავისებური „განგაშის ზარია“. ზურგის ტკივილს ხშირად გაციებას აბრალებენ, მასთან ერთად გამოხატულ თავის ტკივილს დაღლილობას მიაწერენ და სრულებით არ ითვალისწინებენ იმას, რომ აღნიშნული სიმპტომები ოსტეოქონდროზის – მეტად სერიოზული დაავადების – მანიშნებელია. პაციენტები (უხშირესად ქალები) გაოცებულნი რჩებიან, როცა საფუძვლიანი გამოკვლევების შედეგად მათი განუწყვეტელი თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის კისრის არეში აღმოჩნდება ხოლმე. მალათა უმნიშვნელო ცდომაც კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს: ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნერვულ ბოჭკოებზე მუდმივად ზეწოლა მათ მომატებულ აგზნებადობას განაპირობებს, ამის შედეგად კი ვითარდება თავის ქრონიკული ტკივილი. ეს მარტივი მაგალითი საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე როგორ აისახება. ისიც გახსოვდეთ, რომ მალებთან დაკავშირებული პათოლოგიური ძვრები მაინცდამაინც ხერხემლის გასწვრივ ან მის არეში ლოკალიზებული ტკივილით არ გამოიხატება. მაგალითად, გულმკერდის ნაწილის მალთა ცდომა და შესაბამის ნერვულ ბოჭკოებზე ზეწოლა ხშირად გულის არეში ლოკალიზებული ტკივილებით ხასიათდება, გავის ნაწილში ანალოგიურ ძვრებს ქვედა კიდურებში გავრცელებადი ტკივილები მოწმობს. გამოდის, ორგანიზმში არ არის ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციაზეც ხერხემლის მდგომარეობა თავისებურ გავლენას არ ახდენდეს. ამის გამო, აუცილებელია ხერხემლის მოვლა და გაფრთხილება.

და მაინც, რატომ გახსენებთ ხერხემალი ასე მწარედ თავს? იმიტომ, რომ:

  • არასწორად იზმორებით, ასრულებთ უხეშ, არასწორ მოძრაობებს;
  • ძლიერად და არასწორად იხრებით, ხანგრძლივად გაუნძრევლად ზიხართ;
  • სწევთ სიმძიმეებს;
  • დროის დიდ ნაწილს ვერტიკალურ მდგომარეობაში ატარებთ (განსაკუთრებით, თუ ფეხზე დგომა ხანგრძლივად გიწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით).

თვალების გადაღლა

თვალების ტკივილისა და წვის შეგრძნება, ცრემლდენა, ქუთუთოებისა და თვალის კაკლების გაწითლება, შუბლის არეში ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება, თვალების სწრაფად დაღლა – ყოველივე ეს ე. წ. ასთენოპიის ძირითადი სიმპტომებია.

ასთენოპია, ჩვეულებრივ, მათი ხვედრია, ვისაც კომპიუტერთან ან დოკუმენტებთან ხანგრძლივად მუშაობა უწევს ან კიდევ მუდმივად წიგნების კითხვითაა დაკავებული. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ხელშემწყობ ფაქტორებს, როგორიცაა მხედველობის სხვადასხვა სახის გადახრა – შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი ან კიდევ მხედველობის ასაკობრივი ცვლილებები, რომელთა გამოც თვალი კარგავს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირების უნარს. როგორც წესი, ასეთი ცვლილებები 40 წლის შემდეგ იჩენს თავს.

ასთენოპია ფაქტობრივად მხედველობითი სამუშაოს შესრულების დროს თვალების სწრაფად დაღლაა, განსაკუთრებით ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, როდესაც ობიექტი თვალებიდან მცირე მანძილზეა დაშორებული. ასთენოპია დაავადება არ არის, ის მოსაზღვრე მდგომარეობაა. თუ მას დროულად არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, შესაძლოა სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. ამიტომაც საჭიროა დროულად გავამახვილოთ ყურადღება ამ პრობლემაზე და აღმოვფხვრათ ის.

ასთენოპია ვლინდება „თვალისა“ და „მხედველობის“ სიმპტომებით:

  • ბისტი (ერთგვარი ნისლი) თვალების წინ;
  • გამოსახულების გაორება ან გაფანტულობა;
  • დანახული ობიექტების ფორმისა და სიდიდის გაუკუღმართება;
  • თვალების ანთება;
  • ცრემლდენა;
  • თვალების გადაღლილობის შეგრძნება და მათი ტემპერატურის მომატება;
  • თვალებში ტკივილის, წვის, ჭრის ან სხვა სახის დისკომფორტის შეგრძნება.

აღნიშნულ სიმპტომებთან ერთად ხშირია თავის ტკივილი და გაღიზიანება. ამ ფონზე ასევე ხშირად აღმოცენდება გართულებები კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის (ქუთუთოების ანთება) სახით.

ასთენოპიის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობის პათოლოგიათა დროულ კორექციას, ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიას, რაც მთავარია, მხედველობის ჰიგიენის ნორმების დაცვასა და თვალების მუშაობა-დატვირთვისა და დასვენების სწორ მონაცვლეობას.