როგორ შეიქმნა მითი - აცრები იწვევს აუტიზმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შეიქმნა მითი - აცრები იწვევს აუტიზმს

თუმცა, ეს გახლდათ ჰიპოთეზა, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა, მეტიც, სამეცნიერო ჟურნალმა, სადაც სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, უკან გაიწვია ნაშრომი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ვაქცინაციის იმიჯზე მაინც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მითის ავტორები:

ბარბარა ლო ფიშერი და ენდრიუ უეიქფილდი

იმის თაობაზე, რომ ვაქცინაცია შესაძლოა აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო, პირველი ამერიკელი ბარბარა ლო ფიშერი ალაპარაკდა.

„რაც უფრო მეტ გეგმურ აცრას უტარებენ ჩვენს შვილებს, მით მატულობს ქრონიკული იმუნური და ნევროლოგიური აშლილობების, მათ შორის, აუტიზმის რეგისტრირებული შემთხვევები“ – ამბობდა იგი.

დასაწყისში მის მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ მოჰყოლია, მის იდეას მხოლოდ რამდენიმე მშობელი იზიარებდა, თუმცა, სულ მალე ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ექიმმა, ენდრიუ უეიქფილდმა, ლონდონის პრესტიჟული სამეფო კლინიკის ქირურგმა, 1998 წლის 28 თებერვალს, ცამეტი მეცნიერის თანაავტორობით, საკმაოდ პატივსაცემ სამედიცინო გამოცემაში „The Lancet“, სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გვაწვდიდა ინფორმაციას აუტიზმის მქონე თორმეტი ბავშვის მდგომარეობის შესახებ და აღწერდა, რომ მათ აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები წითელა-წითურა- ყბაყურას აცრის შემდეგ გამოუვლინდათ, ამასთან, კვლევისას ყველას აღენიშნებოდა ნაწლავების ანთებითი დაზიანება.

სტატიაში უეიქფილდი მკითხველს მოვლენათა განვითარების ასეთ ვარიანტს სთავაზობდა: „წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა იჭრება რა ნაწლავში, იწვევს ანთებით პროცესს, ანთებითი კერა ზრდის სისხლში შეღწევას, რის შედეგად მასში ხვდებიან ვაქცინის შემადგენლობაში არსებული მავნე ცილები, რომლებიც აღწევენ თავის ტვინამდე და იწვევენ აუტიზმს“.

სტატიის გაცნობის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ საკმაოდ ბევრმა მშობელმა უარი განაცხადა წითელა-წითურა-ყბაყურას აცრაზე.

ამ მოვლენებიდან სულ მალე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში წითელას ნამდვილი ეპიდემია დაიწყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 ათასი ბავშვის მშობელმა თქვა უარი აცრაზე.

საყოველთაო პანიკა და ჰიპოთეზის შემოწმების აუცილებლობა

უეიქფილდის სტატიით გამოწვეული მშობლების პანიკა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებმა საკითხის გაცილებით დეტალურად შესწავლა გადაწყვიტეს და გაარკვიეს, რომ წითურას ვირუსი აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს იმაზე ხშირად არ უვლინდებათ, ვიდრე აუტიზმის არმქონე ბავშვებს, ამასთან, არც ნაწლავის ანთება აღმოჩნდა აუტიზმის მქონე ბავშვებთან დანარჩენებზე ხშირი, გარდა ამისა, ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ აღმოაჩინა წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით აცრილი ბავშვების სისხლში ტვინისთვის საზიანო ცილები.

საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე დამოუკიდებელ მეცნიერთა 12-მა ჯგუფმა შეისწავლა ასობით როგორც აცრილი, ისე აუცრელი ბავშვი და დაადგინა, რომ აუტიზმის რისკი ორივე ჯგუფში ერთნაირი აღმოჩნდა.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს გამოკვლევები წერტილს დაუსვამდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვაქცინაცია იწვევდა აუტიზმს.

დანაშაული

უეიქფილდს, მისი კვლევის შედეგების დაუდასტურებლობის გამო, განუდგნენ კოლეგები, თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო.

ლონდონის გაზეთ „შუნდაყ თიმეს“-ში მომუშავე ჟურნალისტმა, ბრაიან დირმა, გამოიძია, რომ უეიქფილდის ექსპერიმენტში მონაწილე რამდენიმე ბავშვის მშობელს სამართლებრივი დავა ჰქონდა წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ შვილებს აუტიზმი ვაქცინაციის შედეგად განუვითარდათ.

დირმა ასევე გაარკვია, რომ ამ საქმის ადვოკატს – რიჩარდ ბარმს – უეიქფილდისთვის ამ შინაარსის სტატიისთვის 440 000 ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 800 000 დოლარი) გადაუხდია, რათა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთა მოსაზრების განსამტკიცებლად არგუმენტად პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდილი სტატია გამოეყენებინა.

ბრაიან დირის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სტატიის ცამეტი თანაავტორიდან ათმა ოფიციალურად თქვა უარი სტატიის თანაავტორობაზე და განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი სამეცნიერო არგუმენტი ვაქცინაციასა და აუტიზმის განვითარებას შორის არსებულ კავშირზე.

უეიქფილდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი საჯაროდ აღიარა, რომ უეიქფილდის მიერ სტატიის გამოქვეყნების პერიოდში, როცა იგი ამტკიცებდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების თავ-ზურგ ტვინის სითხეში აღმოაჩინა წითურას ვირუსის ფრაგმენტი, მისი რნმ-გენომი, ამ დროისთვის მან უკვე იცოდა, რომ კვლევები შეცდომით ჩატარდა.

სანქციები

2010 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთის გენერალურმა სამედიცინო საბჭომ დაადგინა, რომ უეიქფილდი მოქმედებდა ბავშვთა ინტერესების უხეში დარღვევით, რამდენადაც მათ უტარებდა თავ-ზურგ-ტვინის პუნქციას, ენდოსკოპიას და ნაწლავის ბიოფსიას.

იგი ამგვარი ქმედებით აკნინებდა და ჩრდილს აყენებდა ექიმის პროფესიას.

დანაშაულად მიიჩნიეს ისიც, რომ შვილის დაბადების დღეზე მოწვეულ ბავშვებს ენდრიუ 5 ფუნტის სანაცვლოდ სისხლის ნიმუშების აღებას სთხოვდა.

გენერალური სამედიცინო საბჭოს დასკვნის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჟურნალმა „The Lancet“ ოფიციალურად გაიწვია სტატია უკან და მკითხველს ბოდიში მოუხადა.

2010 წლის 18 თებერვალს ენდრიუ უეიქფილდმა დატოვა დაკავებული თანამდებობა, ორი თვის შემდეგ კი, იმავე გენერალური სამედიცინო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი გაირიცხა სამედიცინო რეესტრიდან, ჩამოერთვა ყველა სამედიცინო და აკადემიური ტიტული, ექიმის ლიცენზია და დიდ ბრიტანეთში სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა.

თუმცა, მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის შემდეგ დიდ ბრიტანეთს მოსახლებაში იმუნიზაციისადმი ნდობის ასამაღლებლად ათწლეულები დასჭირდა.

ჩატარებული ოფიციალური კვლევები

არ არსებობს განსხვავება MMR-ით (წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით) ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებში აუტიზმის სიხშირეს შორის.

Journal of the American Medical Association (JAMA)-ში გამოქვეყნებული კვლევით დადგინდა, რომ არც MMR-ვაქცინაცია და არც მისი დოზა არ ზრდის აუტიზმის რისკს. ასევე არ აღმოჩნდა კორელაცია აუტიზმის რისკსა და ბავშვის ვაქცინირების ასაკს შორის.

გამოკვლეული იყო 95 727 ბავშვის მონაცემი, რომელთაგან 15 000-ზე მეტი 2 წლის არავაქცინირებული ბავშვი იყო და 8000-ზე მეტი – 5 წლის არავაქცინირებული ბავშვი.

2000 ბავშვი კი – მიეკუთვნებოდა აუტიზმის რისკჯგუფს, რადგან მათ ოჯახში უკვე იყო ერთი აუტიზმის მქონე ბავშვი.

არანაირი კავშირი ვაქციანაციასა და აუტიზმის რისკს შორის არ აღმოჩნდა.

წყარო: https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2275444

ახალი კვლევა წითელა-წითურა-ყბაყურას აცრასა და აუტიზმს შორის კავშირს გამორიცხავს

ახალი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები დანიაში 1999 და 2010 წელს დაბადებული 657 461 ბავშვის მონაცემებს სწავლობდნენ, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ დადგინდა.

როგორც ფორბსი წერს, კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657 461 ბავშვიდან აუტიზმი 6 517-ს განუვითარდა, თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის განვითარებას არაფერი ჰქონდა საერთო წითელა-წითურა-ყბაყურას აცრასთან.

გარდა ამისა, აუტიზმის განვითარების რისკი არ შეცვლილა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის.

„კვლევა ცალსახად მხარს უჭერს აზრს, რომ ვაქცინაცია აუტიზმის განვითარების რისკს არ ზრდის და არც მის პროვოცირებას ახდენს“ – წერია კვლევაში.

იდენტური კვლევა 2002 წელსაც ჩაატარეს, მაშინ იმავე მიზეზით 537 303 ბავშვს აკვირდებოდნენ.

როგორც ფორბსი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები გამორიცხავს კავშირს ვაქცინაციასა და აუტიზმის განვითარებას შორის, სამწუხაროდ, მითი, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს, ჯერ კიდევ არსებობს.

ამან გაცილებით დიდი პრობლემები შეუქმნა იმ მშობლებს, რომლებმაც შვილების აცრაზე უარი განაცხადეს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად, 2017 წელს მინესოტას შტატში წითელა გავრცელდა, სადაც ყოფილი ბრიტანელი ექიმის, უეიქფილდის მოსაზრებას ბევრმა მშობელმა დაუჯერა და ბავშვი არ აცრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა 2019 წელს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს შორის დაასახელა.