რატომ ვბერდებით და შეიძლება თუ არა სიბერის გადავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვბერდებით და შეიძლება თუ არა სიბერის გადავადება

ზოგიერთის საფუძველზე უკვე შემუშავებულია და გამოიყენება კიდეც გარკვეული პრეპარატები, რომლებიც „ჩვენში მიმდინარე საათებს“ ანელებს.

გერონტოლოგია, მეცნიერება დაბერების შესახებ, საკმაოდ ახალგაზრდა დისციპლინაა, მიუხედავად ამისა, დაბერების პროცესის შესახებ ბევრი მექანიზმი უკვე ცნობილია. მაგალითად, ცნობილია, რომ კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.

მეცნიერთა მთავარი ამოცანა „განლევის“ მიზეზთა ძიება და დაბერების პროცესის შეფერხებაა. ბოლო პერიოდში არაერთი ჰიპოთეზა გამოიკვეთა, ექსპერტები სულ უფრო მეტად იხრებიან ანტიოქსიდანტური კონცეფციისკენ. გასაოცარი კვლევები და აღმოჩენები უკავშირდება გენეტიკური პროგრამის ჰიპოთეზასაც. ძალზე პოპულარული და, რაც მთავარია, პრაქტიკული გამოყენებით გამორჩეულია ენდოკრინული თეორია. ამერიკელმა „ბები-ბუმერებმა“ საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რა წარმატებების მიღწევა შეიძლება დროთა განმავლობაში ჰორმონების დახმარებით. მასშტაბური და ანალიტიკური სამეცნიერო კვლევებისგან რამდენადმე განზე დგას „ზარმაცების თეორია“.

ასეა თუ ისე, სიბერე გარდაუვალია. როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, თავისუფალი რადიკალები განსაკუთრებულად აჩქარებენ მას.

ბუნებრივია იბადება კითხვა – როგორ მოქმედებს ეს თავისუფალი რადიკალები?

თავისუფალი რადიკალები გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე მოლეკულებია. ისინი „დანაკლის“ ელექტრონს სხვა მოლეკულებისგან იტაცებენ, შესაბამისად, ეს უკანასკნელნი თავად გარდაიქმნებიან თავისუფალ რადიკალებად. ყველაზე აგრესიული ჟანგბადის რადიკალებია. ისინი დამანგრეველ ჟანგვურ რეაქციას რთავენ – ჟანგვით სტრესს, რის გამოც მიმდინარეობს ცხიმების, ცილებისა და დნმ-ს დაჟანგვა.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა ტელომერების ჰიპოთეზამ. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ საერთოდ არ არის საჭირო თეორიულ მიზეზთა ძიება, საჭიროა ეფექტურად ბრძოლა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე „გარდატეხებთან“. ამ კონცეფციის თანახმად (მისი ავტორი ცნობილი ინგლისელი ბიოლოგი – ობრი დი გრეი გახლავთ), მედიცინა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე „ორგანიზმში გარდატეხების“ დაგროვება, ამიტომ, დადგება მომენტი, როდესაც „გამოუსწორებელი“ ფაქტორები დაუყოვნებლივ აღმოიფხვრება, ადამიანი კი აქტიურობის პიკზე დარჩება, ყოველ შემთხვევაში, 150 წლამდე მაინც! ეს მართლა საოცარი რამ იქნება, არა? რას ფიქრობთ? თქვენც ხომ გაგახარათ ამ ინფორმაციამ?

დარწმუნებული ვარ, ბევრს აღმოხდება: დაე, მართლაც ასე მოხდეს! ღმერთმა ქნას!

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას!

ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ იმ ჰიპოთეზებზე, რომელთა საფუძველზეც უკვე შემუშავებულია დაბერების პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტის გზები.

ანტიოქსიდანტური ჰიპოთეზა: მიიღეთ Q10 და კარნოზინი

ანტიოქსიდანტებზე პირველად 50-იანი წლების დასასრულს დაიწყეს საუბარი, როდესაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა – ელენა ბურლაკოვამ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ნივთიერება (კერძოდ, თევზის ქონში შემავალი) ანტიდამჟანგავ აქტივობას ავლენს. ამ მოვლენას ასევე უწოდეს AOA. 70-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში შეიქმნა პირველი სინთეზური ანტიოქსიდანტი და ასევე აღმოაჩინეს სადღეისოდ ძალზე პოპულარული და ყველასათვის კარგად ცნობილი Q10.

პროფესორი ვალერი მამაევი განმარტავს: „ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჟანგბადი მეტად აგრესიული ნივთიერებაა! არ გვაკვირვებს, რომ დროთა განმავლობაში ძლიერი მეტალი ჟანგდება, მაშინ, როცა ჩვენი ორგანიზმი ბევრად ნატიფი სისტემაა, თხელი ლიპიდური მემბრანით აღჭურვილი. 70 წლის განმავლობაში ადამიანი თავის ორგანიზმში ატარებს დაახლოებით 17 ტონა ჟანგბადს, ამასთან, წარმოიქმნება 1,5 ტონა ჟანგბადის რადიკალები, რომელთაც წინააღმდეგობას უწევს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემა. სწორედ ამ სისტემის დასუსტებაა დაბერება. ანტიოქსიდანტური სისტემის საფუძველია ანტიოქსიდანტური ფერმენტები, E, A, ჩ ვიტამინების სისტემა და სხვა შენაერთები, რომლებიც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ანტიოქსიდანტურ ფუნქციასაც ასრულებენ, ესენია – კოფერმენტი Q10, ჰორმონები – მელატონინი და ესტრადიოლი. ანტიოქსიდანტების ღირსება არის ის, რომ ისინი ერთდროულად დაბერების რამდენიმე მექანიზმზე მოქმედებენ, როგორც უჯრედულ, ასევე ორგანიზმის დონეზე. ეს არის პრაქტიკულად ყველა სახის დაზიანების აღმდგენი ძალა. თუმცა, რეკლამირებული ანტიოქსიდანტების უკონტროლოდ მიღება-დალევა არ არის გამოსავალი. თავისუფალ რადიკალებთან ურთიერთქმედებისას ისინი ხომ თავად გარდაიქმნებიან რადიკალებად, ოღონდ უფრო სუსტ რადიკალებად. ექსპერტთა განცხადებით – რეალურად, ერთადერთი პრეპარატი, რომელიც შეიძლება დამოუკიდებლად მივიღოთ, კოფერმენტი Q10-ია. ის უფრო მეტად ფიზიოლოგიურია!“

„საყურადღებოა, რომ თავისუფალი რადიკალები ზომიერი რაოდენობით აუცილებელია ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით ტვინის ფუნქციობისათვის, რადგან შემეცნებით ფუნქციას უზრუნველყოფს. საჭიროა მათი ჭარბი რაოდენობის შებოჭვა, რათა შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი გამოთავისუფლდეს; ამას ემსახურება სწორედ „ბუფერული“ შენაერთები, უპირველესად, კარნოზინი. ის გამომუშავდება (სინთეზირდება) კუნთებსა და ნერვულ ქსოვილში და იცავს ტვინს ასაკობრივი ცვლილებებისაგან“ – აღნიშნავს რუსეთის სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის ნევროლოგიის ნაციონალური ცენტრის ნეიროქიმიის ლაბორატორიის ხელ-ლი, ალექსანდრე ბოლდირევი. კარნოზინის ბუნებრივი წყარო ხორცი და თევზია. განსაკუთრებით უხვად შეიცავს მას ზუთხი, ძროხისა და წიწილის ხორცი. კარნოზინს ჩვენი ორგანიზმი საკმარისად შეიცავს მანამ, სანამ ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ და ბევრს ვმოძრაობთ. ასაკთან ერთად, ასევე მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვისას, კარნოზინის სინთეზი ჩამორჩენას განიცდის და ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასეთ დროს საჭიროა მისი აბის მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი აბი არ არსებობს. იმის გამო, რომ კარნოზინი ბუნებრივი შენაერთია, მისი ფორმულის დაპატენტება შეუძლებელია, ამის გამო ფარმაცევტულ კომპანიებს არ უღირთ ფინანსების ხარჯვა ძვირად ღირებულ კლინიკურ კვლევებზე. სადღეისოდ რუსეთისა და ევროპის კომპანიები აწარმოებენ კარნოზინის შემცველ ბადებს, რომელთა მიღებაც მიზანშეწონილია ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში.

გენეტიკური პროგრამის ჰიპოთეზა: ახალგაზრდობის ელექსირი შექმნილია

დაბერების პროცესი მკაცრი გენეტიკური კონტროლის ქვეშაა – ამ აზრს ბევრი მეცნიერი და მათ შორის, აკადემიკოსი ვლადიმერ სკულაჩევიც, იზიარებს. თუ არსებობს პროგრამა, რომელსაც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მივყავართ სიკვდილისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მასში ჩარევა, მისი გადაწყობა, შენელება და გარდატეხაც კი, როგორც ამას აკეთებენ ჰაკერები. რა იწვევს სიბერის გენების ჩართვას ან, თუნდაც, ახალგაზრდობის გენების გამორთვას, ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ბიოლოგიური საათები, რომლებიც ჩვენს წლებს ითვლის, თავის ტვინშია მოთავსებული, კერძოდ, ჰიპოთალამუსში (ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა). ეს უკანასკნელი 15 წლის ასაკისთვის პირველ ნიშანს აძლევს ორგანიზმს, 25 წლისთვის – მეორეს და ასე აკონტროლებს ჩვენი გაფურჩქვნისა თუ განლევის პროგრამას.

ბიოქიმიური თვითმკვლელობის იარაღი აღმოჩნდა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც წარმოიქმნება მიტოქონდრიების მემბრანებში (მიტოქონდრიები უჯრედშიდა „ელექტროსადგურებია“, უჯრედთა ენერგიის წყარო). როდესაც თავისუფალი რადიკალების რაოდენობა კრიტიკულ დონეს აღწევს, უჯრედი აპოპტოზის (თვითგანადგურების) პროგრამას რთავს. მიტოქონდრიებს დამცველი ესაჭიროება, ანტიოქსიდანტი, რომელიც გაანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ამიტომაც 2003 წელს აკადემიკოს სკულაჩევის მეცნიერთა ჯგუფმა დაიწყო პრინციპულად ახალი ანტიოქსიდანტის შემუშავება-შექმნა, სპეციალურად მიტოქონდრიების დასაცავად. შეიქმნა ნივთიერება შკQ. კონსტრუირებული „სკულაჩევის იონი“ ადვილად აღწევს მიტოქონდრიების ლიპიდურ მემბრანაში. როგორც ელექტრომზიდი, თან მიათრევს ანტიოქსიდანტს და ნანომეტრის სიზუსტით მემბრანის შიდა შრეში ამაგრებს მას. ანტიოქსიდანტად გამოყენებულია მცენარეული წარმოშობის ნივთიერება პლასტოქინონი. ჟურნალისტებმა უმალ მონათლეს „სკულაჩევის იონი“ უკვდავების ელექსირად. მაგრამ, თუ დავაზუსტებთ – ეს ნივთიერება მუდმივი სიცოცხლის გარანტიას ვერ იძლევა. მისი მიზანი მხოლოდ ახალგაზრდობის გახანგრძლივებაა. ამ ეტაპზე აღნიშნული ნანოელექსირი კლინიკურ გამოცდას ელოდება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ 5 წლის შემდეგ ის აბებისა და ამპულების სახით გამოჩნდება გასაყიდად.

ენდოკრინული თეორია – დამნაშავე ჰორმონების ნაკლებობაა

ამ თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ბიოლოგიური საათების შინაგანი მექანიზმი ენდოკრინულ ჯირკვლებშია. ენდოკრინული სისტემის დირიჟორი თავის ტვინია, კერძოდ ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ტანდემი. ერთის ნორმალური ფუნქციობა წარმოუდგენელია მეორის გამართული მუშაობის გარეშე.

ენდოკრინული თეორიის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ ასაკთან ერთად მცირდება არა მხოლოდ ჰორმონების რაოდენობა ორგანიზმში, არამედ მათდამი მგრძნობიარე რეცეპტორების რიცხვიც. აქედან დასკვნა: ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია უშედეგოა, თუ რეცეპტორების რაოდენობა მცირეა ან ისინი საერთოდ არ არის ორგანიზმში. ცალსახად მტკიცება იმისა, რომ ასაკთან ერთად რეცეპტორების რიცხვი მცირდება, არ არის სწორი, რადგან ხშირად ჰორმონების ნორმალური დონის აღდგენა ააქტივებს „გამოთიშულ“ რეცეპტორებს. ერთი რამ ცხადია, ასაკთან ერთად ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქცია თანდათანობით სუსტდება და ჰორმონების გამომუშავების დონეც იკლებს. დირიჟორთა მგრძნობელობაც რამდენადმე იცვლება, ანუ ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი ისე სწრაფად და მკვეთრად ვეღარ რეაგირებენ სისხლში ჰორმონთა დონის ცვლილებაზე.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, რომელია „ახალგაზრდობის ჰორმონები?“ ესენია: სასქესო ჰორმონები, დეჰიდროეპიანდროსტერონი, ზრდის ჰორმონი, მელატონინი.

ქრომოსომების დაბოლოებათა მოჭრა-მოკვეთის თეორია

ტელომერების თეორია – დაბერების კიდევ ერთი ჰიპოთეზაა. 2009 წელს ტელომერებისა და ფერმენტ ტელომერაზას აღმოჩენა ნობელის პრემიითაც კი დაჯილდოვდა. საყურადღებო ის არის, რომ საკუთრივ ტელომერების დაზიანებაც კი, უპირველესად, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებასა და შემოტევას უკავშირდება. ამიტომაც ტელომერების დამოკლება დაბერების მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანია და არა მისი განმაპირობებელი ფაქტორი. სადღეისოდ ტელომერული ბიოლოგია ძირითადად ფერმენტ ტელომერაზას კვლევებითაა დაკავებული. ეს უკანასკნელი აღადგენს სწორედ ტელომერებს. მეცნიერთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფერმენტ ტელომერაზას სინთეზის რეგულირებაა, რადგან ღეროვან უჯრედებში, რომლებიც თავისთავად ახალგაზრდობისა და განახლების მატარებელია, ტელომერაზა მუდმივად გამომუშავდება, ისევე როგორც, სამწუხაროდ, სიმსივნურ უჯრედებში.

ენერგოდანაკარგების ჰიპოთეზა: სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!

ამ თეორიას ხუმრობით „ზარმაცების თეორიასაც“ უწოდებენ. მისი ფესვები ძველ აღმოსავლურ მოძღვრებაშია: ნაკლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ნაკლები შფოთვა, მეტი სიმშვიდე და განჭვრეტა – მეტი ახალგაზრდობა და საერთოდ ცხოვრება! ამის დემონსტრირებას ახდენენ მთელი მსოფლიოსთვის ინდოელი იოგები და ჩინელი დღეგრძელები.

დასახელებულმა თეორიამ XX საუკენეში ახალი განვითარება პოვა. გერმანელმა ფიზიოლოგმა, როლანდ პრიცინგერმა, დაამტკიცა, რომ ყველა ცხოველი მაშინ ასრულებს თავის ცხოვრებას, როგორც კი დაიცლება მისთვის განსაზღვრული ენერგიისაგან: 2500 კილოჯოულისაგან სხეულის მასის 1 გრამზე (მაგალითისათვის, ეს დაახლოებით კუბის ფორმის შაქრის 35 ნატეხია). ამდენს მოიხმარს თავისი რამდენიმე დღის განმავლობაში კოლიბრი და ამდენივეს ხარჯავს 250 წლის განმავლობაში კუ.

ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე (ენერგიის გარდაქმნა) რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირველესად, გენებზე, მეორე – ცხოვრების წესზე, შეესაბამება კი ადამიანის ცხოვრების ტემპი მისთვის ბოძებულ პარამეტრებს, მესამე – ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება – ჰიპერთირეოზი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მრიცხველი უფრო სწრაფად ტრიალებს.

ექსპერტები გვირჩევენ, ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, არ გადავხარჯოთ საკუთარი ენერგია: ვისწავლოთ მოდუნება, ზოგჯერ გაზარმაცების უფლებაც მივცეთ თავს, რაც მთავარია, ვაკეთოთ საქმე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს.

ჯანმრთელობის საინტერესო „დასკვნები“

1. კიდევ ცოტა ხანი და ჩვენ შევძლებთ ახალგაზრდობის აბების გემოვნების მიხედვით არჩევას, ისევე, როგორც ვირჩევთ ხველის საწინააღმდეგო საწუწნ აბებს. ანტიოქსიდანტები, ჰორმონები, კარნოზინი – ეს ყოველივე უკვე არსებობს და თავისებურად მუშაობს კიდეც.

2. სიბრიყვე იქნება, დავიჯეროთ, რომ ჯადოსნური აბი გაგვათავისუფლებს სტრესის, ჭარბი წონისა და დეპრესიისგან, ჩვენს ნაცვლად გადაჭრის ყველა პრობლემას. ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე განვაგებთ, ჩვენ ვწყვეტთ, რამდენი ვჭამოთ, რამდენი ვიმოძრაოთ, რითი დავკავდეთ – სწორედ ეს განსაზღვრავს რეალურად ჩვენი ახალგაზრდობის მარაგს. „ჯადოსნური“ საშუალებები მხოლოდ გვინარჩუნებს ენერგიას და შეძლებისდაგვარად ანეიტრალებს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებას.

3. სადღეისოდ არსებული ვერც ერთი თეორია საბოლოოდ ვერ ხსნის დაბერების პროცესს. ერთობლიობაში ისინი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით, ავსებს კიდეც.

რა გაგვიხანგრძლივებს ახალგაზრდობას

3-10 წელი მოგვემატება, თუ მივყვებით გენეტიკური ანალიზის მიხედვით ინდივიდუალურ რეკომენდაციებს;

6-15 წელს მოგვიმატებს ბიოინჟინრული ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში;

7-20 წლის მომატებას უნდა ველოდოთ ნანოტექნოლოგიებისგან;

10-20 წლის მომატება შეუძლიათ სპეციალურ პრეპარატებს (ანტიოქსიდანტები, ჰორმონები და ა.შ.);

10-20 წლის მომატება შეუძლია სამ უმარტივეს პრინციპს: მოწევაზე უარის თქმას, დღეში, სულ მცირე, ერთსაათიან სეირნობას და დღეში 5 ულუფა ხილ-ბოსტნეულს;

35 და მეტი წლის მომატება შეუძლია დაბალკალორიულ დიეტას: 2100 კკალ-მდე მამაკაცებისთვის და 1700 კკალ-მდე ქალებისთვის.

(აღნიშნული დასკვნები და მონაცემები ეფუძნება „ანტიეიჯ-მედიცინის“ ამერიკული აკადემიის კვლევის შედეგებს).