ახალი წელი და საახალწლო განწყობილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი და საახალწლო განწყობილება

ეს არის მშობლიური სახლის, ოჯახური მყუდროების, სიხარულის, სინათლისა და უსაზღვრო ბედნიერების სიმბოლო. თვით მოწიფული ადამიანებიც კი ბავშვობიდან გამოყოლილი საოცარი განწყობით ხვდებიან მას. შობა-ახალი წელი ხორცშესხმული ზღაპარია, როდესაც ცხოვრება თამაშად, თამაში კი ცხოვრებად იქცევა, სცენა და დარბაზი ერთიანდება, მაყურებელი კი ხალისით ირჩევს და ირგებს სასცენო ნიღბებს.

...წლიდან წლამდე ერთნაირი ბრწყინვალებითა და სიხარულით განვიცდით ამ დღესასწაულს. მთელი თვის განმავლობაში თითქოს ყოველგვარი ზღვარი იშლება უფროსებსა და ბავშვებს შორის, თითქოს ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, უფრო მიმტევებელნი ხდებიან, ხარობენ საერთო სიხარულით და ელიან საერთო ბედნიერებას. დღემდე ბევრს სწამს, რომ დეკემბერი წლის სწორედ ის თვეა, როცა კეთილი ფერიები ციდან დედამიწაზე ეშვებიან და ადამიანთა ცხოვრებაში ერევიან.

ახალი წელი და თოვლის ბაბუა

თოვლის ბაბუა, კეთილი თეთრწვერა ბერიკაცი, ბავშვისთვის ზღაპრული პერსონაჟია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადრეული ბავშვობის ტკბილ გამოცდილებას - დედისა და მამისგან მიღებულ საჩუქრებს. ეთანხმება რა გამონაგონს, ბავშვიც უერთდება დედ-მამის თამაშს, მათ მშობლიურ მზრუნველობას და აქეზებს მშობლებს, მოუწყონ მას დღესასწაული. თუმცა არ ღირს გაზვიადებული წარმოდგენის შექმნა იმ როლის შესახებ, რომელსაც ბავშვობაში ჩვენს ფანტაზიაში მივაკუთვნებთ თოვლის ბაბუას.

ახალი წელი და უსაფრთხოება

დღესასწაული რომ არ გავაუფერულოთ, ყურადღება გვმართებს, განსაკუთრებით - ბავშვების მიმართ. ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე შეინახეთ მჩხვლეტავი და მჭრელი საგნები, ელექტროხელსაწყოები. შეამოწმეთ, მყარად დგას თუ არა ნაძვის ხე. განსაკუთრებით საშიშია შუშის სათამაშოები. ცნობისმოყვარე პატარამ შეიძლება პირისკენ გააქანოს ლამაზი ნივთი. საახალწლო ნაძვის ხე კიდევ ერთ საფრთხეს გვიქადის - ეს ელექტროტრავმაა. შესაძლოა, ბავშვმა ხელი წაატანოს ციმციმა ნათურებს ან სადენებს და დენმა დაარტყას. ამ დროს სახლში უამრავი ელექტროხელსაწყო ერთდროულად მუშაობს - შესაძლოა, სადენებმა ვერ გაუძლოს.

ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტებია ბენგალური სანთლები და „ბომბები“. არავითარ შემთხვევაში არ დართოთ ბავშვს ნება, თვითონვე გაუშვას მაშხალა, ვინაიდან არსებობს რისკი, ხელში აუფეთქდეს. ეცადეთ, უსაფრთხო პიროტექნიკა შეიძინოთ. შობა-ახალი წელი საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღე ვიცხოვროთ არაჩვეულებრივ, ყოვლის მიმტევებელ და დამათრობელ სამეჯლისო ატმოსფეროში. ვინ იტყვის უარს ცხოვრების ასეთ გულუხვ საჩუქარზე? მაგრამ ზომიერება გვმართებს, რათა დღესასწაულის თანმხლები სიხარული ხანმოკლე არ აღმოჩნდეს და ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავიგდოთ.

შობა-ახალი წელი ძირითადად ოჯახური დღესასწაულია. ოჯახურ ცხოვრებას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ეს ის კომპანიაა, რომელთან ერთადაც ყოველთვის შეგიძლიათ შეხვდეთ დღესასწაულს და რომელიც ყოველთვის სასიამოვნოა. სადღესასწაულო განწყობილება თავისთავად მოდის, როცა არსებობს შესატყვისი დეკორაცია - მორთული ნაძვის ხე და მოკაზმული ინტერიერი, ნაირ-ნაირი კერძისა და ტკბილეულის სურნელი. არავის მოსდის აზრად, რომ განწყობილების შესაქმნელად საგანგებო ძალისხმევაა საჭირო. ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანებმა მხიარულება არ იციან, ან უბრალოდ გადაეჩვივნენ მას. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ვერც ბავშვები დაეუფლებიან ამ ხელოვნებას, თუ მათ უფროსებმა არ მისცეს მაგალითი. იმისთვის, რომ ბავშვებს მხიარულება ვასწავლოთ, ჯერ თავად უნდა დავეუფლოთ მას. ეს არც ისე რთულია. ამისთვის საჭიროა: შევქმნათ ტრადიციები, გვიყვარდეს ახლობლები, შევხედოთ საკუთარ თავს იუმორით, არ გვეშინოდეს იმისა, რომ სასაცილონი გამოვჩნდებით, გავითვალისწინოთ ერთმანეთის სურვილები.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია საკუთარი თავის გარდაქმნა. ეს ქცევის შეცვლით უნდა დაიწყოს. თუ სალანძღავ სიტყვებს თანდათან ალერსიანი გამოთქმებით შეცვლით, გაგიქრებათ ლანძღვის მოთხოვნილება და იშვიათად გაბრაზდებით. იმისთვის, რომ დღესასწაულით დატკბეთ, უკუაგდეთ ყველაფერი უსიამოვნო და არასასურველი, მით უმეტეს, თუ დღესასწაული კარს არის მომდგარი. უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით, მაგრამ აუკრძალეთ თავს მათზე ფიქრი. ბავშვებს მოსწონთ, როცა დღესასწაულებზე სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, სამზარეულოს მაგიდაზეც კი ანთია საშობაო და საახალწლო სანთლები, დედა და მამა ჩვეულებრივზე ხშირად იღიმებიან. მიაჩვიეთ ისინი მოახლოებული დღესასწაულის ამ ნიშნებს. ამისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა. უბრალოდ, სასურველია, ბავშვებს სიცოცხლის პირველივე წლიდან ჰქონდეთ ამ ნიშნებისადმი მოწიწების გრძნობა, რომელიც მათ დღესასწაულისადმი მშობლების სათანადო დამოკიდებულების შედეგად გაუჩნდებათ. ბავშვებთან ერთად იმსჯელეთ იმის შესახებ, რას აჩუქებთ ახლობლებს: ბებიას, ბაბუას, დედას, მამას, დას, ძმას... საჩუქრების მიძღვნა საჭირო უნარია. აუხსენით ბავშვებს, რომ აუცილებელი არ არის ძვირფასი საჩუქრის შერჩევა; მთავარია, სიყვარულით იყოს მიძღვნილი. დაე, ბავშვებიც მიეჩვიონ საჩუქრების მიძღვნას და საყვარელი ადამიანების სურვილების გათვალისწინებას, ისეთი საჩუქრების შერჩევას, რომ თვითონაც მოსწონდეთ და იმ ადამიანსაც, ვისთვისაც ეს სიურპრიზია განკუთვნილი.

სასურველია, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე გაიგოს, რომ დღესასწაულს მხოლოდ საჩუქრის მიღება კი არ სძენს ხიბლს, არამედ გაცემაც. შობა-ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. ოჯახური დღესასწაულები კი მხიარულია მაშინ, როცა ოჯახის ყოველი წევრი, განსაკუთრებით კი ბავშვები, ყოველდღე სიხარულით მიისწრაფვიან შინისაკენ. თუ ადამიანი ჩვეულებრივ დღეებში ვერ გრძნობს შინ მყუდროებას და კომფორტს, ვერც დღესასწაულზე იგრძნობს. როდესაც ვიცით, რომ საკუთარ ჭერქვეშ დაგვხვდება სითბო, ყურადღება, ურთიერთგაგება, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის ამაზე უკეთესი ადგილი არ იქნება. ამ შემთხვევაში უფროსებიც კი სიამოვნებით დარჩებიან შინ. ასეთ ატმოსფეროში აღზრდილი ბავშვები მოზრდილ ასაკშიც ისეთივე საინტერესონი იქნებიან ერთმანეთისთვის, როგორებიც იყვნენ მშობლებისთვის და ყველა დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ.

შობა-ახალ წელს, ჩვეულებრივ, ოჯახის სხვადასხვა თაობა ერთად ხვდება, ერთად მხიარულობს ერთმანეთს უზიარებს სადღესასწაულო განწყობილებასა და დადებით ემოციებს. ბავშვებს მხოლოდ მაშინ სწყინდებათ უფროსების გვერდით, როცა დიდებმა თვითონ არ იციან, რა აკეთონ, რით გაირთონ თავი. ზეიმის ყველა სხვა ვარიანტს ისინი სუფრასთან ჯდომას და ტელევიზორის ყურებას ამჯობინებენ. მაგრამ თუ უფროსები მხიარულობენ, მათი განწყობა ბავშვებსაც გადაედებათ ხოლმე. თუ, უფროსების ძალისხმევის მიუხედავად, მოზრდილი ბავშვები ახალი წლის შეხვედრას მეგობრებთან ამჯობინებენ, ნუ აქცევთ ამას ტრაგედიად. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ მათ თავად გაუჩნდეთ სურვილი, ახალი წლის ღამეს, თუნდაც მცირე ხნით, შემოირბინონ საკუთარ სახლში ან დარეკონ. მაგალითად, უთხარით შვილს: „ღამის პირველ საათზე თუ დაგვირეკავ, ჩვენ შენი და შენი მეგობრების სადღეგრძელოს დავლევთ...“ ის ალბათ დარეკავს, რასაც აღფრთოვანებით უნდა შეხვდეთ.

ყველა წვეულებას თავისი რეჟისორი უნდა ჰყავდეს. ოჯახში ასეთ რეჟისორად ხშირად დიასახლისი გვევლინება. ნუ შეუშინდებით ამ როლს, ნურც გადააჭარბებთ. არსებობს უამრავი საშუალება, რომ ოჯახური დღესასწაული საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ. შეიძლება, საახალწლო საჩუქრებით საახალწლო ლატარია გაათამაშოთ, მოაწყოთ კონკურსი, მოიგონოთ თამაშები... მაგრამ გულწრფელობის გარეშე ყოველივე ეს ამაო იქნება. აჩვენეთ შვილებს, რომ არ უფრთხით ცეკვას, სიმღერას, თამაშს, სადღეგრძელოებს. ნუ შეცბებით, თუ ისინი თქვენს მოუქნელ საცეკვაო ილეთებს დასცინებენ. პატარა ბავშვები უფრო თავისუფალნი არიან, ვიდრე უფროსები და უნდა ვეცადოთ, არ ჩავუკლათ მათ ეს თავისუფლება. ნურასოდეს მისცემთ შენიშვნას სიმღერის ან ცეკვის დროს მხოლოდ იმიტომ, რომ ამით გარშემო მყოფებს აწუხებენ. უკიდურეს შემთხვევაში, ეს ტაქტიანად გააკეთეთ. უფროსების აზრით, პატარა ბავშვები ხშირად იძლევიან უტაქტო შეკითხვებს. ნუ მოეკიდებით ამას მეტისმეტად სერიოზულად. ეცადეთ, გასცეთ მათ ხუმრობანარევი პასუხი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხუმრობას ბავშვებიც აფასებენ. ნუ დაუშლით ბავშვს ხმამაღლა სიცილს, თუნდაც უადგილოს. თუ მაინცდამაინც საჭიროა მოხარხარე ბავშვის დაწყნარება, გააკეთეთ ეს ისე, რომ ბავშვმა თავი დამნაშავედ არ იგრძნოს. ეცადეთ, ყოველთვის აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მზად ხართ ითამაშოთ, იცეკვოთ, იმღეროთ მასთან ერთად. შებოჭილი მშობლების შვილები თავადაც ასეთები გაიზრდებიან, ხოლო ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც თავს არ არიდებენ მათთან ერთად გართობას, არასოდეს კარგავენ იუმორის გრძნობას და საკუთარ თავს ირონიით, მაგრამ სიყვარულით ეპყრობიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არასოდეს დაკარგავენ სიცოცხლის ხალისს, მხიარულებისა და დღესასწაულით აღტაცების უნარს.