ღვინო - უნიკალური მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვინო - უნიკალური მკურნალი

გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიცაა, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან პრინციპული არამსმელები. ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობის ამ საინტერესო მეთოდებს დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვთ საქართველოშიც. ანდა რა არის გასაკვირი ვაზის ქვეყანაში! ღვინის სამკურნალო თვისებებზე, ენოთერაპიის ისტორიასა და ეფექტებზე გვესაუბრება საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო ექსპერიმენტული მარნის

დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თამაზ კობაიძე.

  • რას გვეტყვით ენოთერაპიის ქართულ საფუძვლებზე?

- ქვეყანაში, სადაც პირველად გააცნობიერეს ველური ყურძნის კვებითი თვისებები, მოხდა ვაზის კულტურაში გადმოტანა და შემდგომ თანდათანობით ღვინის დაყენების ხელოვნების ჩაწვდომა-დაუფლება, ბუნებრივია, საფუძველი უნდა ჩაჰყროდა ყურძნისა და ღვინის სამკურნალო თვისებების შეცნობა-გამომზეურებას. ასეთ ქვეყნად ძველი დროის მოგზაურთა, მწერალთა თუ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი საქართველოს მიიჩნევს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერ-სპეციალისტთა აზრიც. ეს უკანასკნელი კი არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა. ამის ნათელ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ 1999 წელს ლონდონში გახსნილი მსოფლიოში უდიდესი და მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელსაც "ვინოპოლისი" (ღვინის ქალაქი) ეწოდება და რომელიც ქართული პავილიონით იწყება, სახელწოდებით "ღვინის აკვანი".

საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობა ინდოელებს შეუთვისებიათ, აქედან კი თანდათანობით გავრცელებულა ხმელთაშუა ზღვის აუზში (ჯერ ეგვიპტეში, შემდგომ - საბერძნეთში, იტალიაში და სხვ.), სადაც საბოლოოდ ღვთიური ტრილოგიის: ოზიროს- დიონისე-ბახუსის ობიექტი გამხდარა.

ღვინის თერაპიის მარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. მსგავსი წარწერაა ნაპოვნი ქ. ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის - მედეას (ძვ. წ. XIVს.) სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება. ჰიპოკრატე (ძვ. წ. 372-287წწ.) ღვინოს კომპრესების სახით იყენებს ჭრილობათა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად და ა.შ.

ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ იყენებდნენ, ამას არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ქრისტიანობის შემოსვლამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ენოთერაპიის პოპულარიზაციას. ღვინო, ქრისტიანული ტრადიციით, არა მხოლოდ მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ სიმბოლური მოციქულია ღვთიური და ადამიანური კავშირისა. ამიტომაცაა, რომ ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში განხილულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება.

დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით... ანალოგიური ცენტრები გაიხსნა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ენოთერაპიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგალითად, ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანელი სწავლული სიდენგამი ღვინოს, როგორც მინერალური ნივთიერებებით მასაზრდოებელ საშუალებას, დედათა და ბავშვთა სამკურნალოდ იყენებდა სისხლნაკლებობისას. ამ მიზნით იგი რაინის წითელ ღვინოებში 0,5-1 გ/ლ-მდე რკინის ფხვნილის დამატებას ურჩევდა. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო უსწორო კარაბადინში (X-XIსს.).

სამწუხაროა, რომ ჩვენ, 3-4 ათასი წლით ადრე მქონენი ვაზის კულტურისა, მსოფლიო "ენოთერაპიულ ბუმს" მხარი ვერ ავუბით. 2003 წელს, როგორც იქნა, კუს ნაბიჯი გადაიდგა და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში შეიქმნა ენოთერაპიულ საკითხთა შემსწავლელი ჯგუფი. ჯგუფის ძირითადი მიზანია - ვაზის პროდუქტებიდან ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამკურნალო ღვინის მარკების შექმნა-აპრობაცია. ამ მხრივ გვაქვს საინტერესო ძვრები. მიგვაჩნია და გვჯერა, რომ ვაზის ჯვრით გაქრისტიანებულ ქვეყანას, კვლავაც ვაზ-ღვინომ უნდა შეუწყოს ხელი გაჯანსაღების გზაზე.

  • რით არის განპირობებული ღვინის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი?

- ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით... მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.

  • ღვინის შემადგენელი რომელი კომპონენტები განაპირობებენ მის ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ თვისებებს? "ანტიბიოტიკების თანამედროვე ბუმი" იქნებ ჩვენი მამაპაპური ღვინით დაგვემარცხებინა...

- ღვინო საკმაოდ ფართო სპექტრის ბაქტერიციდული სითხეა. მისი მოქმედების არეალი ერთდროულად მოიცავს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს. მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები (და არა სპირტები, როგორც ადრე მიაჩნდათ) განაპირობებენ. 2-3-ჯერ განზავებული ღვინოც კი თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს. აღსანიშნავია ღვინის სადეზინფექციო-პროფილაქტიკური ეფექტიც - თუ დაბინძურებულ წყალს 50%-ით წითელი ღვინით განვაზავებთ, ის უკვე სასმელად ვარგისი ხდება. რაც შეეხება ანტივირუსულობას - ღვინის ამ მოქმედებას ტანინი განაპირობებს. ის ახდენს პროტეინული ბადის ბლოკირებას და ვირუსებს უჯრედებამდე აღარ ატარებს. ამიტომაცაა, რომ წითელი ღვინო თუნდაც განზავებული სპობს: პოლიმიელიტის, კოკსაკისა და ჰერპეს-ვირუსებს. ექიმთა დაკვირვებით ღვინისმსმელი და არამწეველი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, ვიდრე არამსმელები და არამწეველები. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ღვინო გარკვეულწილად გრიპის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.


  • რეკომენდებულია თუ არა ღვინის მიღება გასტრიტითა და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის? რა სახის ღვინო უნდა სვას პაციენტთა ამ კატეგორიამ?

- ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსებაა ის, რომ ორგანიზმს ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში. პეტერსონის (1986წ.) გამოკვლევებით ჭამამდე მიღებული ღვინის მცირე დოზა (100 მლ) ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფასა და პროტეინების გადამუშავებას, რასაც თიამინის, დიმეთილამინის, ეთანოლამინის და სხვა ამინების ხარჯზე ახდენს.

ასევე ცნობილია, რომ ღვინის, ვაშლის და სალიცილის მჟავები ამსუბუქებენ საკვებიდან (მაგალითად ხორციდან) პროტეინების ათვისებას. ჭამის პროცესში თეთრი ღვინის 100-150 მლ-ის მიღებით საგრძნობლად უმჯობესდება საკვები პროდუქტებიდან რკინის შეთვისება და ამავდროულად ხელი ეწყობა ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებისა და ტოქსინების გამოდევნას. ღვინის ზომიერად დალევა საჭმლის შეთვისება-გადამუშავების დადებით ფაქტორთან ერთად ხელს უშლის ორგანიზმში ჰისტამინის გამომუშავებას, რაც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და იცავს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს წყლულოვანი პათოლოგიის განვითარებისგან. შაენოს (1991წ.)

გამოკვლევებით, სპირტიანი სასმელები ღვინისგან განსხვავებით (20%-ზე მეტი ალკოჰოლით) სერიოზულად აფერხებენ საჭმლის გადამუშავება-მონელებას, რადგანაც ხელს უშლიან კუჭის წვენის გამოყოფას. ამის გამო მაღალალკოჰოლური სასმელების ჭამის წინ მიღება ყოვლად დაუშვებელია.

საყურადღებოა, რომ ღვინის ზოგიერთი კომპონენტი (დარიჩინმჟავა) ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტის სეკრეციას, რითაც მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზმს "მძიმე" საკვების მონელებაში. გარდა ამისა, ღვინო აჩქარებს ცხიმების მონელებას. დადგენილია, რომ ყოველი ჭამის დროს 150-200 მლ ღვინის მიღება ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას. ს. ლუცის გამოკვლევებით, სუფრის თეთრი მშრალი ღვინო კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ასტიმულირებს კარბოჰიდრატთა ფართო ასიმილაციას, რითაც ამცირებს გლუკოზიდების გამოყოფას, ანუ აქვეითებს შარდში შაქრის კონცენტრაციას.

კლინიკური დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ ღვინის ზომიერად და რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და გაცილებით ასტაბილურებს დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას არამსმელებთან შედარებით.

  • დღეს ძალზე აქტუალურია ანტიოქსიდანტების თემა. დიეტოლოგების მიერ ცალკე ჩამონათვალიც კი არის მოწოდებული ანტიოქსიდანტებით გაჯერებული პროდუქტებისა, რომელშიც საპატიო ადგილი უჭირავს ღვინოს. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- მოგეხსენებათ, ყველა ანტიოქსიდანტის მთავარი ამოცანაა თავისუფალი რადიკალების შებოჭვა. მავნე რადიკალები მომაკვდინებლად მოქმედებენ უჯრედებზე და მთელ რიგ პათოლოგიებს აძლევენ დასაბამს. ორგანიზმის ნაადრევად დაბერება (ჭკნობა და კვდომა) სწორედ მავნე თავისუფალ რადიკალებს უკავშირდება. პროფესორ მასკელეს გამოკვლევებით, წითელი ღვინის პოლიფენოლები 50-ჯერ უფრო მძლავრი ანტირადიკალური (ანტიოქსიდანტური) მოქმედებით გამოირჩევა, ვიდრე ე ვიტამინი, რომელიც ანტიოქსიდანტური მოქმედების ეტალონად არის მიჩნეული. რამდენადაც სუფრის წითელი და თეთრი კახური ღვინოები ფენოლების მაღალშემცველნი (2,5-4,0 გ/ლ) არიან, ჭამის დროს მათი 100-150 მლ-ის ყოველდღიურად მიღება შეიძლება ჩავთვალოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევად დაბერებისაგან დაზღვევის გარანტად. ღვინის ანტიოქსიდანტობა მნიშვნელოვანია რადიაციის დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების შემცირების თვალსაზრისითაც.

ამით გამოიხატება ღვინის რადიოპროტექტორული მოქმედება. ღვინის პოლიფენოლებს ძალუძთ დნმ-ის რადიაციული დაშლის შეკავება. ამ კუთხით სასარგებლოა პოლიფენოლებით მდიდარი საფერავისა და კაბერნეს სუფრის მშრალი წითელი ღვინოების რეგულარულად მიღება, ჭამის პროცესში, დღეში 350-500 მლ-ის მოცულობით. ისინი აფერხებენ ქოლესტერინის დაჟანგვას, ხელს უშლიან ათეროსკლეროზული პროცესების პროგრესირებას და იცავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაავადებათაგან. ორი ათეული წელია, რაც ევროამერიკულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად წარმოჩინდა ღვინის მრავლისმომცველი ფენომენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის სფეროში. დავიწყოთ იმით, რომ ღვინის დინამიკური აქტივობა მეტად დაბალია და არ წარმოადგენს დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის საჭმლის მონელების პროცესში. 1-2 ჭიქა ღვინო ეხმარება სისხლის ცირკულაციას, ხოლო მისი ზოგიერთი მქროლავი კომპონენტი (ალდეჰიდი) ისევე მოქმედებს, როგორც სისხლის წნევის დამწევი საშუალება. დამტკიცებულია, რომ წითელი ღვინის პოლიფენოლები ამცირებენ სისხლში თრომბწარმოქმნის ალბათობას ფიბრინოგენის შემცირებისა და ფიბრინოლიზის აქტივობის გაზრდის ხარჯზე.

ღვინის რეგულარული და ზომიერი მოხმარებით შესაძლებელია ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე შენარჩუნება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მთლიანობაში განაპირობებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკას. ბოლო წლების გამოკვლევებით დადგინდა, რომ ღვინის პოლიფენოლები ბლოკავენ იმ გენის მოქმედებას, რომელიც განაპირობებს ენდოთელინ 1-ის გამომუშავებას. მოგეხსენებათ, ეს ნივთიერება ორგანიზმში იწვევს სისხლის სხეულაკების შემცირებას, რაც თავის მხრივ გულის დაავადებათა წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

1980 წელს 7 მლნ კაცზე ჩატარებული დაკვირვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საფრანგეთში, აშშ-ის მოსახლეობასთან შედარებით, გულის შეტევებისგან სიკვდილიანობა 36-56%-ით ნაკლებია. ამ სენსაციური შედეგების მიზეზად ფრანგების მიერ წითელი ღვინის ყოველდღიურად მოხმარება დასახელდა. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის 1994 წლის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ღვინის ზომიერად მოხმარება გულის კორონარულ დაავადებათა რისკს 20-40%-ით ამცირებს.

  • ცნობილია, რომ ჩამოთვლილთან ერთად, წითელი ღვინო ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერებები სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებენ. მათივე ზემოქმედებით ფერხდება სიმსივნურ წარმონაქმნში სისხლძარღვების ჩაზრდა-განვითარების პროცესი, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი კვდება. რომელი კომპონენტები განაპირობებს ღვინის ამ საოცარ ეფექტს?

- ღვინოს ნამდვილად აქვს ანტისიმსივნური მოქმედება. ჯერ ერთი, თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეტწილად მონაწილეობენ კანცეროგენეზში (სიმსივნის წარმოქმნა-განვითარების პროცესში), ითრგუნებიან ღვინის პოლიფენოლებით. მეორეც, ღვინოში უხვადაა ანტისიმსივნური მოქმედების ისეთი ნაერთები, როგორიცაა პექტინი, კამედი (ხსნადი პოლისაქარიდებია); ისინი აძლიერებენ სისხლში პოლიფენოლთა მოქმედებას, რაც დადასტურებულია მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევებში. ბოლო წლებში მოხერხდა მსხვილი ნაწლავისა და საყლაპავის კიბოს განვითარებაში ასპირინის პროფილაქტიკური ზემოქმედების დამტკიცებაც. აღსანიშნავია, რომ ტრიადას - პოლიფენოლები+პოლისაქარიდები+ასპირინი - ღვინო საკმაო რაოდენობით შეიცავს. წითელი ყურძნის კანსა და ღვინოში აღმოჩენილ იქნა მეტად ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფენოლური ნაერთი - რეზვერატროლი, რომელიც დიდ აქტიურობას ამჟღავნებს კიბოს სამივე ფაზაში.

  1. პირველ ფაზაში სიმსივნის წარმოქმნისას ის ავლენს ანტიდამჟანგავ ეფექტს და ბლოკავს დნმ-ს მუტაციას;
  2. მეორე ფაზაში აძლიერებს იმუნურ რეაქციას და აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას;
  3. სიმსივნის ზრდა-განვითარების მესამე ფაზაში რეზვერატროლი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გავრცელებას.

დადგენილია, რომ რეზვერატროლი ხელს უშლის თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) შეწებებასა და თრომბების წარმოქმნას. ამ გზით ის ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების განვითარების რისკსაც. რეზვერატროლი ფიტოესტროგენია. ის ორგანიზმზე ჰორმონ ესტროგენის მსგავს ზემოქმედებას ახდენს. არსებობს მოსაზრება (რომელსაც მთელი რიგი მონაცემებიც ადასტურებს), რომ რეზვერატროლი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ისეთ ადამიანთა ორგანიზმზე, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები აღენიშნებათ. ისიც ცნობილია, რომ წითელი ღვინო, როგორც სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებულ ეფექტს ავლენს სისხლის, კანისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს. ამ კუთხით საინტერესო შედეგები 1997 წელს აშშ-ის "შინაგან დაავადებათა პათოლოგიის არქივებში" გამოქვეყნდა. იმ კატეგორიაში, რომელიც ყოველდღიურად 200-500 მლ ღვინოს მოიხმარს, არამსმელებთან შედარებით კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 21-28%-ით იკლებს.


  • ენოთერაპიის მსგავსად დღეს ძალზე აქტუალურია ამპელოთერაპია, რომელსაც ასევე დიდი ხნის ისტორია აქვს. ყურძნის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, თუმცა ექიმებმა ეს მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში აღიარეს - მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაშიფრეს მცენარის ცალკეული ნაწილის ქიმიური შედგენილობა. მცენარის ნაყოფსა და მარცვლის კანის გარდა დადასტურებულია წიპწის მარგებლობაც. რას გვეტყვით ამ უკანასკნელის სამკურნალო თვისებებზე?

- ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესე-ბენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ართრიტით, დიაბეტით და დამბლით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობასა და სხეულის სრულყოფას. ყურძნის წიპწა გადამწყვეტ როლს ასრულებს კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბებაში. კახური ღვინო ხომ სრულიად გამორჩეულია მსოფლიოში არსებული ღვინოებისგან. მას ახასიათებს სიძლიერე, ექსტრაქტულობა, სპეციფიკური არომატი, ჰარმონიულობა, სინოყივრე და საკვებ ნივთიერებათა დიდი შემცველობა. კახური ტიპის ღვინის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა მასში დიდი რაოდენობით ფენოლური ნაერთების შემცველობითაა განპირობებული. ქვევრში დაყენებული კახური ტიპის თეთრი ღვინის 1 ლიტრი შეიცავს 4 გრამზე მეტ ფენოლურ ნაერთს, მაშინ როცა ევროპული ტიპის თეთრ ღვინოში მისი ოდენობა არ აღემატება 0,4 გრამს. კახური ტიპის წითელი ღვინო შეიცავს 6 გრამზე მეტ ფენოლურ ნაერთს, ხოლო ევროპულ წითელ ღვინოში მისი ოდენობა თითქმის ორჯერ ნაკლებია.

  • თუ შეიძლება დაახასიათეთ სხვადასხვა ტიპის ღვინო. რა განსხვავებაა მათ შორის კვებითი და სამკურნალო თვალსაზრისით?

- ღვინო ყურძნის ტექნოლოგიური გადამუშავებით მიღებული სასმელია. კატეგორიის მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის ყურძნისაგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნარევისგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.

წყნარი ღვინო თავის მხრივ სხვადასხვაგვარია:

  • მშრალი ანუ სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებულ 9,0-14,0% (მოცულობით) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა;
  • მოტკბო მშრალი ღვინო შეიცავს 9,0-12,0% (მოცულობით) სპირტს და 3,0-8,0% დაუდუღებელ შაქარს;
  • შემაგრებული ღვინის დამზადებისას ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება.

შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული ღვინოები. წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინარული, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინარულს უწოდებენ, დაძველებულ მაღალხარისხიანს კი - სამარკოს. დაძველებისთვის შესაბამისი ვადებია დადგენილი. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელსაც საწარმოო (ცისტერნებში) დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ, საკოლექციო ღვინო ეწოდება.

ღვინოს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, თავისი განვითარების საფეხურები აქვს. იგი იბადება, ღვინდება, ვარგდება, ძლიერდება და კვდება. ღვინის წარმოშობა-დამწიფებისას ძირითადად დომინანტობს ბიოქიმიური რეაქციები, ხოლო მის დავარგება-დაძველების პერიოდში, რაც შედარებით ნელა მიმდინარეობს, უკვე სჭარბობს ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. ღვინის წარმოშობიდან მის საბოლოო დაშლამდე მიმდინარე ბუნებრივ გარდაქმნებს ხელს უშლის სხვადასხვა ტექნოლოგიური ოპერაცია. ყოველივე ეს, მართალია, ზრდის ღვინომასალის სტაბილურ მდგომარეობას და აჩქარებს მის დაძველებას, მაგრამ სითხეს აღარიბებს მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებით და ანელებს ფერმენტულ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ჩვენს მამაპაპურ ღვინოებს ვერ შეედრება ევროპული (მაღალტექნოლოგიური მეთოდიკით მიღებული) ღვინოები. ჩვენი გლეხური ღვინო გაცილებით მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით და შესაბამისად, მაღალი კვებითი ღირებულებისა და დიდი სამკურნალო ეფექტის მქონეა.


  • რომელი უფრო სასარგებლოა - ჭაჭაზე თუ უჭაჭოდ დადუღებული ღვინო?

- საერთოდ სხვადასხვა ტიპის ღვინოში მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობა განსხვავებულია. როდესაც რქაწითელის ტკბილი ორ ნაწილად გაყვეს, პირველი ნაწილი უჭაჭოდ დაადუღეს (ევროპული წესით), ხოლო მეორე კი ჭაჭაზე (კახურად).

გამოირკვა, რომ ევროპული წესით დამზადებულ ღვინომასალაში ტკბილთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ნაცრის ელემენტების რაოდენობა, სახელდობრ:

  • კალიუმი - 1,5-ჯერ;
  • კალციუმი - 1,3-ჯერ;
  • ნატრიუმი - 1,1-ჯერ.

კახურ ღვინომასალაში კი პირიქით გაიზარდა :

  • კალიუმის რაოდენობა 1,5-ჯერ;
  • კალციუმისა რაოდენობა 2-ჯერ;
  • ნატრიუმისა რაოდენობა 1,5-ჯერ.

ეს გამოიწვია ჭაჭიდან აღნიშნული ელემენტების გამოწვლილვამ. დაახლოებით ანალოგიური ცდა ჩაატარეს პ. ბერნარდმა და გ. ჟურეტმა. მათ ერთი და იგივე ტკბილი დაადუღეს სამნაირად:

  1. უჭაჭოდ;
  2. მთლიან ჭაჭაზე,
  3. ჭაჭაზე უკლერტოდ.

აღმოჩნდა, რომ რკინა ყველაზე მცირე რაოდენობით დაგროვდა პირველი წესით მიღებულ ღვინომასალაში, შედარებით გაიზარდა მთლიან ჭაჭაზე დადუღებისას, ხოლო ყველაზე დიდი შემცველობით იყო უკლერტოდ დადუღებულში, რაც გამოიწვია კლერტსაცლელ მანქანასთან ტკბილის შეხებამ. ექსპერიმენტული მონაცემებით დადგენილია, რომ მინერალური ნივთიერებების რაოდენობა დიდადაა დამოკიდებული ღვინის ტიპზე. წითელ ღვინოებს, კახური ღვინოების მსგავსად, ძირითადად ჭაჭაზე ამზადებენ, რის გამოც მათი მინერალური შედგენილობა თითქმის თანაბარია. ევროპულ თეთრ ღვინოებთან შედარებით წითელი ღვინოები 1,5-2-ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ტყვიას, ფოსფორს და სხვა მიკროელემენტებს. კალციუმი პირიქით, წითელ ღვინოებში 30-50%-ით ნაკლებია, ვიდრე თეთრში. შემაგრებული და სადესერტო ღვინოები მშრალ ღვინოებთან შედარებით საშუალოდ 1,5-ჯერ მეტ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს, რასაც ტკბილის ალკოჰოლური დუღილის ადრე შეწყვეტა განაპირობებს.

  • რა იგულისხმება ღვინის დაძველებასა და კვდომაში? რატომ იმღვრევა ღვინო?

- არის შემთხვევები, როდესაც ბოთლებში დიდი ხნით დაძველებული ღვინო იმღვრევა, რასაც იწვევს შუშის კედლებიდან სითხეში ალუმინის გადასვლა. უხარისხო ბოთლის მინამ ღვინო შესაძლოა ტყვიის მცირე შემცველობითაც გაამდიდროს, ხოლო რკინის კონცენტრაციით ჯერდება დაუმუშავებელი კორპის საცობებიდან. ღვინოში ლითონების მცირე ნაწილი საღებავ და სხვა ორგანულ ნივთიერებებთან ერთად დროთა განმავლობაში შეუმჩნევლად გამოილექება და ბოთლის კედელზე კონცენტრირდება. ეს პროცესი ძალზე ნელა მიმდინარეობს - ზოგჯერ რამდენიმე ათეულ წელსაც. ღვინის ორგანიკა თანდათან იშლება, იხრწნება და ფსკერზე გამოილექება. სიძველის პროპორციულად იკლებს სპირტიც და ბოლოს ბოთლში რჩება ნახშირმჟვა აირი, წყალი და ნაცრის ელემენტები, რაც უკვე ღვინის სიკვდილს ნიშნავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოთლებში ღვინის ჩამოსხმიდან სიკვდილამდე მინერალური ელემენტების რაოდენობა არ მცირდება, იცვლება მხოლოდ მათი ნაერთების ფორმა. ისინი მარილებისა და იონების სახით რჩებიან ღვინის დანარჩენ ექსტრაქტულ ნივთიერებებთან ერთად, რაც თეორიულად შესაძლებელს ხდის, ნაცრის რადიოაქტიური ელემენტების დაშლის პერიოდის განსაზღვრით დადგინდეს ამა თუ იმ მკვდარი ღვინის წლოვანება. ამგვარად, ყურძენსა და მის პროდუქტებში ნაცარს ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს მტევანი, შემდეგ - ტკბილი, ბოლოს - ღვინო. ყოველი მინერალური ელემენტი, მეტ-ნაკლებად, ჩართულია სასიცოცხლო პროცესებში და ხელს უწყობს როგორც ვაზის ზრდა-განვითარებას, ისე ტკბილის ალკოჰოლურ დუღილსა და ღვინის დამწიფება-დაძველებას.

  • ბატონო თამაზ, დასასრულ, რომელი ღვინის და რა რაოდენობით დალევას ურჩევთ მკითხველს?

- საუბედუროდ, ჩვენი მომხმარებელი ღვინოს მხოლოდ კვებით პროდუქტად აღიქვამს და მისი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების შესახებ ნაკლებადაა ინფორმირე-ბული. ჩვენ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ მარანში 2001 წელს შევქმენით და დავაპატენტეთ საფერავის ყურძნიდან სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ღვინის დამზადების ტექნოლოგიური სქემა. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინო, კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი ღვინოებისგან განსხვავებით, ფენოლური ნივთიერებების (მათ შორის რეზერვატროლის) თითქმის გაორმაგებულ რაოდენობას შეიცავს. აღნიშნულმა ღვინომ ორი წლის განმავლობაში კლინიკური გამოცდა გაიარა თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკა "გულში". ავადმყოფებს "ღვინო-მკურნალი" ეძლეოდათ დილით 11-12 საათსა და საღამოს 20-22 საათზე: მოხუცებულებსა და ქალებს - 150-200 მლ, ხოლო საშუალო ასაკის მამაკაცებს - 200-300 მლ მოცულობით დღეში, სადილობის პერიოდში.

უნდა გითხრათ - კლინიკურმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაცია ბევრად სწრაფად და კარგად მიმდინარეობდა; "ღვინის მსმელების" კონტინგენტში რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) დამადასტურებელი მთელი რიგი პარამეტრები განსხვავებული იყო არამსმელთა ნაწილში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან. სიმსივნის პროფილაქტიკისთვის მანდილოსნებს გირჩევთ ყოველდღიურად, საღამოს 20-დან 22 საათამდე, 200-250 მლ, საშუალო ასაკის მამაკაცებს კი 250-350 მლ ღვინის დალევას სადილობისას. "სამკურნალო ღვინის" მიღება საჭიროა რეგულარულად და არა ეპიზოდურად. ეფექტის მისაღებად სასურველია წითელი ღვინის მიღება. თუ ამ წესებს დაიცავთ, როგორც დოქტორი გუაზი ბრძანებდა: "ღვინო ჯანმრთელი ადამიანისთვის ავადმყოფობისგან თავდაცვის, ხოლო ავადმყოფთათვის - გამოჯანმრთელების წყაროდ მოგვევლინება!"