სოია - მტერი თუ მოყვარე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოია - მტერი თუ მოყვარე?

მრავალჯერ სცადეს სოიისთვის რეპუტაციის შელახვა, და მაინც - თამამად შეიძლება, მას დახლის ვარსკვლავი ეწოდოს. ცილის უნიკალური შემცველობის გამო მას მცენარეულ პროდუქტებს შორის ბადალი არ მოეპოვება, განსაკუთრებით - მარხვის პერიოდში და ვეგეტარიანელობის მოდის პიკზე.ზღაპარი სოიის მარცვალზეამ მცენარეს ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი როგორც საკვები პროდუქტი ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-ის მესამე ათასწლეულში იხსენიება. ძველად აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში ახალი წლის დამდეგს იატაკზე სოიის მარცვლებს აბნევდნენ, რათა კერიიდან ბოროტი სულები განედევნათ და კეთილი მიეზიდათ. ჩინეთში სოიაზე უამრავი ლეგენდა არსებობს.

ევროპაში სოიაზე პირველად 1712 წელს, ჰოლანდიელი ექიმის ენგელბერტ კამპფერის წიგნის გამოცემის შემდეგ ალაპარაკდნენ. ამ ნაშრომში პირველად დაიბეჭდა სოიის სოუსის რეცეპტი. 150 წლის შემდეგ ვენაში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე ეს მცენარე საყოველთაოდ გახდა ცნობილი. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკელები სოიაზე უკვე ცდებს ატარებდნენ. აშშ-ში პირველი სოიის ბუმი დაიწყო: ზედიზედ იხსნებოდა ამ მცენარის გადამამუშავებელი ქარხნები, სამზარეულოებში მისმა ზეთმა საპატიო ადგილი დაიკავა, ხოლო შრატმა (ზეთგამოცლილმა დაქუცმაცებულმა თესლმა) ბიძგი მისცა მესაქონლეობის წარმოუდგენელ ზრდას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოიის პოპულარობის ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა თვით ჰენრი ფორდმა. ის პროპაგანდას უწევდა არა მარტო სოიისგან მიღებულ პლასტმასას, ავტომობილების ლაქსა და საღებავებს, არამედ სოიის ბოჭკოსგან დამზადებულ კოსტიუმს ატარებდა! ევროპა ყოველთვის გულგრილი იყო სოიის მიმართ. მოყვანით მოჰყავდა, მაგრამ პრიორიტეტულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ასეა დღესაც. რაც შეეხება რუსეთს, იქ ყინული მხოლოდ ოთხმოცდაათიან წლებში გადნა და კრასნოდარის მხარესა და ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიურად დაიწყეს მისი მოყვანა.

ის ყველაფრისთვის გამოდგება

სოია, ცილის იაფი და მდიდარი წყარო, მათთვისაც მიმზიდველია, ვინც ხორცზე შეგნებულად ამბობს უარს და მათთვისაც, ვისაც ხორცის საყიდლად, უბრალოდ, ფული არ ჰყოფნის. ვერც ერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა სოიასთან ახლოსაც ვერ მოვა:

  • მისი პარკი ცილის მინიმუმ 40%-ს შეიცავს (შედარებისთვის: ბარდა - 22-26%, ფეტვი - 11,5%);
  • ამინომჟავების ოდენობით ამ მცენარის ცილა ცხოველურს უახლოვდება.

რა თქმა უნდა, სოია ხორცს მთლიანად ვერ შეცვლის, მაგრამ ცილოვანი შიმშილის დროს ადამიანის ორგანიზმს დიდ დახმარებას უწევს. სოია დიდი რაოდენობით ვიტამინებსაც შეიცავს. მაგალითად, ბ2 მასში ექვსჯერ მეტია, ვიდრე ხორბალში. არ უნდა დავივიწყოთ უჯრედისი, მიკრო- (რკინა, მანგანუმი, ბორი) და მაკროელემენტები (კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი), ლეციტინი. ეს უკანასკნელი დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე (მახსოვრობაზე, ყურადღებაზე), ააქტიურებს მოძრაობის მექანიზმებს, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის ოდენობას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

სოიის პროდუქტები რეკომენდებულია:

  • ათეროსკლეროზის;
  • ჰიპერტონიული დაავადების;
  • გულის იშემიური დაავადების;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტის;
  • შაქრიანი დიაბეტის;
  • სიმსუქნის;
  • ალერგიული დაავადებების;
  • ოსტეოპოროზის დროს.

სოიის გადამუშავებით იღებენ ზეთს, ფქვილსა და იზოლატს.

  • ზეთის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ისე მარგარინისა და მაიონეზის წარმოებაში. სოიის ზეთში ბევრია ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავა, მაგალითად, ლინოლის მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება.
  • ზეთის გამოხდის შემდეგ სოიას აქცევენ ფქვილად, რომლის გამოყენების არეალი უსაზღვროა: ბავშვთა კვება, ძეხვეულობა, რძის ნაწარმი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის წარმოება.
  • სოიის იზოლატისგან (არაცილოვანი ფრაქციისგან გაწმენდილი სოია) ამზადებენ ვეგეტარიანულ ხორცს. მასში ცილის შემცველობა 90%-ს აღწევს. "ხორცი" არ შეიცავს ქოლესტერინს, ადრენალინსა და ჰორმონებს. თვით მას გემო არ აქვს, მაგრამ სხვა პროდუქტების დამატებისას შესანიშნავ გემოს იღებს, მაგალითად, შემწვარი სტაფილო მას სოკოს გემოს აძლევს, ტომატი - ხორცისას. იზოლატს ძეხვეულობის და პაშტეტების დანამატადაც იყენებენ. მის ბაზაზე სოიის რძეს ამზადებენ - ეს პროდუქტი მისწრებაა მათთვის, ვისაც ძროხის რძეზე ალერგია აქვს. საქმე ის არის, რომ სოია არ შეიცავს ლაქტოზას, რომელიც რძის აუტანლობის მთავარი მიზეზია.

მწარმოებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სოია არა მარტო აუმჯობესებს პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს, არამედ აძლიერებს მის კვებით ღირებულებას. ამასთანავე, ბევრი პირდაპირ არ მიუთითებს ნაწარმში (ვთქვათ, ძეხვეულში) სოიის შემცველობის შესახებ, თუმცა პროდუქტის შემადგენლობაში მოხსენიებული ტერმინი "მცენარეული ცილა" სოიის არსებობის დამადასტურებელია. ჩინეთსა და იაპონიაში სოიის ფქვილისაგან ყველ ტოფუს ამზადებენ, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც სოიის სოუსია. ის საკმაოდ ძნელი მოსამზადებელია (ერთი წლის განმავლობაში მზადდება) და საკმაოდ ძვირიც ღირს. არსებობს მისი იაფი ანალოგებიც, მაგრამ მათში ბევრია ქლორპროპანოლი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი კანცეროგენია (კიბოს გამომწვევი ნივთიერება).

სქესობრივი საკითხი

სოია ერთ-ერთი იმ იშვიათ პროდუქტთაგანია, რომელიც იზოფლავინებს შეიცავს. ადამიანის სასქესო ჰორმონებთან - ესტროგენებთან მსგავსების გამო მათ ფიტოესტროგენები უწოდეს. 90-იან წლებში მეტად პოპულარული იყო გამოკვლევები, რომელთა შედეგების თანახმად, სოიის მომხმარებლებში არ შეიმჩნეოდა ძუძუს კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ გამოკვლევათა ფონზე კიდევ ერთხელ დაიწყო სოიის ბუმი. თუმცა ბოლო ხანს აღტაცება მინელდა. მრავალი მეცნიერი სოიას ქალური პრობლემების პანაცეად არ მიიჩნევს. მეტიც - აღმოჩნდა, რომ იზოფლავინების სიჭარბემ შესაძლოა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გამოიწვიოს.

დროდადრო ახალი მონაცემებიც გამოჩნდება ხოლმე, და არამარტო ქალბატონების შესახებ. მაგალითად, დოქტორმა ლონ რ. უაიტმა (ჯანმრთელობის კვლევის ჰავაის ცენტრი) 864 მამაკაცის გამოკვლევის მონაცემები გამოაქვეყნა და დასკვნაც მოაყოლა: ის მამაკაცები, რომლებიც კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევდნენ ყველ ტოფუს, სხვებთან შედარებით ხუთი წლით ადრე იფიტებოდნენ, ხოლო იზოფლავინებისა და ბუნებრივი ესტროგენების ჭიდილს შესაძლოა თავის ტვინის "გახმობა" მოჰყოლოდა.

მეცნიერების უკმაყოფილებას იწვევს სოიის კომპონენტების შეტანა ბავშვთა საკვებში. მერი ენიგი, მერილენდის დიეტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ სოიის ფიტოესტროგენების მაღალი კონცენტრაცია გოგონების სწრაფ სქესობრივ მომწიფებას და ბიჭების ფიზიკური განვითარების შეფერხებას აპროვოცირებს. კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი ორჯერ მეტი აქვთ ბავშვებს, რომელთაც ადრინდელ პერიოდში სოიის საკვებს აძლევდნენ. მოკლედ, ნეგატიური შედეგი საკმაოდ ბევრია. ამიტომ მეცნიერები მოგვიწოდებენ, მივიღოთ ექიმის კონსულტაცია, ვიდრე სოიის შემცველ საკვებზე ბავშვის გადაყვანას გადავწყვეტთ. სოიის გამოყენებამ შესაძლოა შარდკენჭოვანი დაავადების პროვოცირებაც მოახდინოს, რადგან იგი ოქსალატებს - კენჭების საბაზისო ნივთიერებას შეიცავს.

სოიის უცნაური დობილი

ამ მცენარეს მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ცოტა წყალს სჯერდება, აზოტშემცველი სასუქები საერთოდ არ სჭირდება, რადგან თვითონვე ქმნის აზოტის ნაერთებს. შესაბამისად, არ აბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ეკონომიურია და ა.შ. დროდადრო მხოლოდ ერთი სირთულე იჩენს თავს: სოია სინათლის მოყვარულია და სარეველებთან სინათლისთვის ბრძოლისას იჩაგრება. სწორედ ამიტომ 1995 წელს ამერიკულმა გიგანტურმა კომპანიამ "მონსანტომ" ბაზარზე გამოუშვა გენმოდიფიცირებული სოია როუნდუპრეადი.

მცენარის დნმ-ში ჩანერგეს უცხო გენი, რომლის მეშვეობით სარეველებისადმი სოიის წინააღმდეგობა საგრძნობლად გაიზარდა. სიახლე ფერმერებმა აღფრთოვანებით მიიღეს. სამაგიეროდ, პრობლემები წარმოიშვა სხვა სფეროში: მეცნიერები და მათთან ერთად საზოგადოებაც გენმოდიფიცირებული სოიის უვნებლობის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს. ბევრი ირწმუნება, რომ გენმოდიფიცირებული სოიის მეშვეობით დაიძლევა მესამე სამყაროს ქვეყნებში გამეფებული შიმშილი, თუმცა ამას სპეკულაციის სუნი უფრო სდის, ვინაიდან ტრანსგენური სოიის მოწინაღმდეგეებს უმთავრესად ერთი რამ აინტერესებთ:

-ხომ არ გამოიწვევს გენმოდიფიცირებული სოია ადამიანის გენეტიკური სტრუქტურის ცვლილებებს?

ამ კითხვაზე კი პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.