ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ფრენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
გადაფრენის პროცესი იმდენად ცუდად აისახება ხოლმე ზოგიერთების ჯანმრთელობაზე, რომ შთამბეჭდავი და განუმეორებელი მოგზაურობის მიუხედავად, ადამიანები ხშირად, “გათანგულები და დამტვრეულები”, დღეების განმავლობაშიც კი ვერ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფრენისას ხშირია შიში, განგაშის შეგრძნება, ფორიაქი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, ოფლდენა, ღებინება, არტერიული წნევის ცვლილება, თვითშეგრძნების გაუარესება და სხვა. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი კინეტოზის გამოვლინებაა. კინეტოზს ზოგიერთები ტრანსპორტის დაავადებას უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს დაავადება კი არა, გარკვეული ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობაა. ფრენის დროს პათოლოგიურ სიმპტომთა გამოვლენა სტრესსა და ორგანიზმის გაუწყლოებას უკავშირდება. განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ორგანიზმზე
კლიმატისა და დროის (საათობრივი სარტყლის) მკვეთრი ცვალებადობა.

სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, რომ ფრენის დროს სხვადასხვა სახის პრობლემა ზრდასრულებზე ხშირად ბავშვებს აღენიშნებათ (ფრენას “ვერ იტანს” ზრდასრულთა 4% და ბავშვთა 58%). ბიოლოგიური რიტმის ცვლა და კლიმატური პირობების მკვეთრი მერყეობა კი ადამიანთა დიდი უმეტესობისათვის ძნელად გადასატანია.


ორგანიზმის გაუწყლოება

ის,
რომ თვითმფრინავში ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის - ფაქტია, თუმცა ამ ფაქტის საშიშროებას, გარეგნობისა და ორგანიზმისათვის მავნეობასა და ტრავმატიზმს ყველა როდი აცნობიერებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანისათვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 50%-ია, თვითმფრინავში კი ეს მაჩვენებელი 1-10%-ში მერყეობს, ადვილი გასაგები გახდება ის, რომ ფრენისას სერიოზული ჰიდროდისბალანსი იქმნება და ამ პირობებში კანი 17-ჯერ უფრო სწრაფად შრება (ეს იმას ნიშნავს, რომ ნაოჭები 17-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს; ამის გამოა სწორედ, რომ გადაფრენის შემდეგ კანის ჰიდრობალანსის სრულყოფილად აღსადგენად საჭირო ხდება ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ინტენსიურად ჩართვა).

ორგანიზმის ზოგადი გაუწყლოების პრობლემას უკავშირდება აგრეთვე ღრმა ვენების თრომბოზის აღმოცენების რისკი. ბოლო წლებში მედიკოსები განსაკუთრებული დაკვირვებით განიხილავენ ფრენის შემდგომი უეცარი სიკვდილის შემთხვევებს. სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როცა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, განურჩეველად ასაკისა, წონისა, სქესისა და სხვა ფაქტორებისა, ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე, ფრენის შემდეგ, ზოგჯერ ტრაპიდან ჩამოსვლისთანავეც კი - უცაბედად იღუპებიან. როგორც აღმოჩნდა, სიკვდილის მიზეზი ღრმა ვენების თრომბოზია. რატომ ხდება ასე? რატომ პროვოცირდება ეს პათოლოგიური პროცესი? საქმე ისაა, რომ საოცრად დაქვეითებული ტენიანობისას, სამსაათიანი ფრენის დროს, სისხლი მნიშვნელოვნად “სქელდება” და თითქმის ლიტრით იკლებს. ფრენის დროს მოძრაობის შეზღუდულობის გამო სისხლში თრომბები წარმოიქმნება. გახსოვდეთ, ამ ვითარებაში რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლისა და ერთი ფინჯანი ყავის მიღებაც კი მეტისმეტად მავნებელია; ალკოჰოლი და კოფეინი ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას აჩქარებს, შესაბამისად, თრომბების განვითარების რისკიც მატულობს. განსაკუთრებული საშიშროების წინაშე არიან ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონენი.


რჩევები

  • თუ სურდო ან ზემო სასუნთქი გზების კატარი (ანთება) გაწუხებთ, გირჩევთ, ფრენა გარკვეული ხნით გადადოთ; ფრენისას წნევის მერყეობის გამო მიკრობებმა შესაძლოა შუა ყურში შეაღწიონ და მისი ანთება გამოიწვიონ. თუ ფრენა გარდაუვალია, სჯობს მაქსიმალურად გააძლიეროთ თერაპია და ცხვირის წვეთები თვითმფრინავშიც გამოიყენოთ. ფრენისგან თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი დაავადების გამწვავების პერიოდში (მაგალითად, წყლულოვანი პათოლოგიის დროს და სხვა).
  • ფრენისას ყურების დახშობას ადვილად მოიხსნით ყლაპვის პროცესის გააქტიურებით, აგრეთვე პირის გაღებითა და მთქნარების იმიტირებით.
  • ჩვეულებრივ, უსიამოვნო შეგრძნებათა გამოვლენას აფერხებს B6 ვიტამინი. ფრენის წინ მისი მიიღება (20-100 მგ-ის ოდენობით) 70% შემთხვევაში საუკეთესო ეფექტს იძლევა.
  • თვითმფრინავით მგზავრობისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტანსაცმელს. ის კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს, ადვილად უნდა ატარებდეს ჰაერს (სინთეტური, ხელოვნური ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი დისკომფორტს ქმნის და არასასურველია).
  • აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი, მით უფრო, თუ მშრალი კანი გაქვთ; შეგიძლიათ ფრენისას სახეზე სველი ცხვირსახოცი დაიფაროთ.
  • აუცილებლად მოიმარაგეთ მომჟავო გემოს მქონე წვენი ან ლიმონიანი წყალი და ყლუპ-ყლუპად სვით. ფრენისას, ყოველ ერთ საათში, სულ მცირე, 200 მლ სითხე მაინც უნდა მიიღოთ. ერთი ჭიქა წყალი აფრენის წინ დალიეთ და მერეც აკონტროლეთ სითხის მიღების რეჟიმი. ჩამოფრენისთანავე მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, აუცილებლად დაისველეთ თავი; ორგანიზმი ამით არა მხოლოდ მიღებულ სტრესს “ჩამოირეცხავს”, დაკარგული სითხის მარაგსაც შეივსებს.
  • სითხე ჩამოფრენის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაშიც ჩვეულ ნორმაზე მეტი რაოდენობით უნდა მიიღოთ.
  • ფრენის წინ მიიღეთ ასპირინი (სისხლის გათხევადების მიზნით), სალონში ყოველ ერთ საათში იმოძრავეთ - წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ. მარტივი ვარჯიშები მჯდომარემაც შეგიძლიათ ჩაატაროთ: დაჭიმეთ და მოადუნეთ ფეხის კუნთები, ამოძრავეთ ტერფები და ხელები, შეასრულეთ წრიული მოძრაობები თავითა და კიდურებით.

ორსულობის პირველ და ბოლო თვეებში ფრენა არარეკომენდებულია. ამ პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ მას, თუკი ეს გარდაუვალია, გამგზავრებამდე აუცილებლად გაესინჯეთ სპეციალისტს, გააკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და ყველა წესის დაცვით გაფრინდით. ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენი, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისათვის.


ბავშვი და ფრენა


ტრანსპორტით მგზავრობისას რწევა და ჯანჯღარი, ფრენისას უსიამოვნო შეგრძნებები და სხვადასახვა პრობლემა განსაკუთრებით ბავშვებს აწუხებთ. მათ ხომ კარიბჭე-ლოკოკინას ანუ სმენისა და წონასწორობის (ვესტიბულური) აპარატი ჩამოუყალიბებელი აქვთ. ეს აპარატი შიგნითა ყურშია მოთავსებული და გარდა იმისა, რომ გარემოდან მიღებულ ბგერებს აღიქვამს, გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე გარემოში ორგანიზმის მდებარეობასაც განსაზღვრავს, წონასწორობასა და ორიენტაციას უზრუნველყოფს.


რომელი წესები დავიცვათ


  • მეტისმეტად მაძღარი კუჭით არც მგზავრობა და არც ფრენაა სასურველი. არარეკომენდებულია ტრანსპორტირება უზმოზეც. ბავშვი აუცილებლად დააპურეთ მსუბუქი, ადვილად შესათვისებელი, უცხიმო საკვებით. არამც და არამც არ შეიძლება გაზიანი სასმელების მიღება. სასურველია მოხარშული თევზი, უცხიმო ხაჭო, სითხეებიდან - პიტნის ჩაი ან ჯანჯაფილის (იმავე კოჭას) ნაყენი, რომელიც კინეტოზის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
  • აფრენისა და დაფრენის პროცესი ბავშვისთვის ადვილად გადასატანი იქნება, თუ მას ყურადღებას გადაატანინებთ. ამ დროს სასურველია ლიმონიანი წყლის ყლუპ-ყლუპად დალევა, მომჟავო კანფეტის წუწნა ან კევის ღეჭვა.
  • ყველაზე “წყნარი ადგილი” თვითმფრინავში ფრთის მიმდებარე სავარძლებია, პატარასთან ერთად მგზავრობისას უმჯობესია ეს ადგილი შეარჩიოთ.
  • სასურველია ბავშვი თავიდანვე გააკაჟოთ და კარიბჭის აპარატი გაუვარჯიშოთ. ამისათვის რეკომენდებულია თავისა და კისრის ვარჯიშები, ბატუტზე ხტომა, მალაყები, ცურვა, წყალში ხტომა, ტანვარჯიში.

P.S. ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს თვითმფრინავით ფრენაზე უარის თქმას. არც ჩამოთვლილი და განმარტებული სიმპტომებია ყველასთვის ერთნაირად დამახასიათებელი და საგანგაშო. კინეტოზი (ე. წ. ტრანსპორტის დაავადება) და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებანი ბევრისათვის სრულიად უცნობია. მაგალითად, ჯანმრთელი, ნავარჯიშები და გაკაჟებული ადამიანებისათვის. სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებმა კი ფრენამდე აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

გახსოვდეთ, ფრენის პროცესი, კლიმატისა და დროის (საათობრივი სარტყლის) მკვეთრი ცვალებადობა უარყოფითად აისახება ორგანიზმზე, შესაბამისად, თუ ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, ორგანიზმის მდგომარეობა არ გაძლევთ დასახელებული ცვლილებებისა და თვითმფრინავით გამოწვეული სხვა “დატვირთვებისადმი” ადაპტაციის საშუალებას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ თვითმფრინავით მგზავრობისაგან და აუცილებლობის შემთხვევაში გადასაადგილებლად ტრანსპორტის სხვა სახეობა გამოიყენოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ძალიან ხშირად, უკიდურესობამდე თუ არ ვართ მისული, სტომატოლოგთან ვიზიტს თავს ვარიდებთ.
05-09-2018
შეურაცხყოფასა და აგრესიასთან, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს უხდება შეჯახება. უკულტურო, გაუნათლებელი ადამიანი ამ დროს
05-09-2018
აშშ-ისა და კანადის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გლობალური დათბობა აპროვოცირებს ბაქტერიული გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებას.
05-07-2018
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
სარეცხი საშუალებები, რომლებიც ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეს გვიკეთებს, რეალურად შეიძლება სერიოზული პრობლემების მომტანიც აღმოჩდნეს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად