მარტოხელა მამაკაცი ხვდება ახალ წელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოხელა მამაკაცი ხვდება ახალ წელს

რაკი დღესასწაულმა ისე არ ჩაიარა, როგორც საჭირო იყო, ესე იგი მთელი წელი უიღბლო იქნება! ჩვენი ქვეცნობიერი კი ისეა მოწყობილი, რომ ამას მოქმედების ერთგვარ გეგმად აღიქვამს, და რაკი თავიდანვე ხართ დარწმუნებული, რომ მთელ წელს უსიხარულოდ გაატარებთ, სავარაუდოდ, ასეც მოხდება - სასიხარულო მოვლენებსაც კი მუქ ფერებში დაინახავთ. ამის ალბათობა გაცილებით დიდია, თუ მარტოხელა ბრძანდებით, მაგრამ ნეგატივისთვის წინასწარ ნუ განეწყობით, რადგან, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მარტოობის გრძნობა განსაკუთრებით დიდი დღესასწაულების პერიოდში მწვავდება. სტატისტიკის თანახმად, მარტოხელა ადამიანი არც ისე ბევრია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. თითქოს მეგობრებიც გყავს, კოლეგებიც და ნათესავებიც, მაგრამ წლის მთავარ დღესასწაულს შინ, მარტო ხვდები. თავს მარტოსულად გრძნობ, გიჩნდება საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა, დარდს სასმელში ახრჩობ და... სდექ! ნუთუ მართლა ასე მძიმეა ახალი წლის მარტო გატარება? ბევრ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია - ეს ხომ ერთი დღეა და არა მთელი ცხოვრება, და ის ძალიან მხიარულად და პოზიტიურად შეიძლება გავატაროთ. მაშ ასე, ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევხვდეთ მარტო ახალ წელს.

არსებობს თუ არა მარტოობა?

სანამ ახალი წლის შეხვედრის სხვადასხვა ვარიანტს შეიმუშავებდეთ, დაფიქრდით: რატომ ხართ მარტო?ალბათ იმიტომ, რომ მეორე ნახევარი არ გყავთ. ყველა თქვენი მეგობარი ახალ წელს საკუთარ ოჯახში ზეიმობს და მათთან სტუმრობა გეუხერხულებათ - ახალი წელი ხომ საოჯახო დღესასწაულია. თუმცა შეიძლება ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ. მარტოობა - ეს უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე ირგვლივ მყოფთა არყოლა. აი, მაგალითად, მეგობრები გეპატიჟებიან, მაგრამ შენ თავს მაინც უხერხულად გრძნობ. განსაკუთრებით მაშინ, თუ დღესასწაულზე ყველა წყვილად მოდის და თორმეტი საათის დადგომისთანავე ერთმანეთს კოცნის, შენ კი მარტო ზიხარ და სხვისი სიყვარულის ამ გამოვლინებას უხმოდ შეჰყურებ. გეთანხმებით, არცთუ სახალისოა. თუმცა პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ თავად ვექცევით საკუთარი უარყოფითი ემოციების გავლენის ქვეშ, როცა გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, როგორი მარტოსულები და უბედურები ვართ. ალკოჰოლი მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს და ყველაფერი შეიძლება სიბრაზის შეტევით, სიმწრის ღმუილით ან ქვითინით დამთავრდეს, ანდა სულაც მეგობრებთან დარეკვით და შემდეგი სიტყვებით: "უჩემოდ ქეიფობთ, ხომ, საზიზღრებო?!" დილით კი, დარცხვენილს, უფრო უარეს გუნებაზე გაგეღვიძებათ. ფსიქოლოგები გვთავაზობენ, ქვეყნიერების დასასრულად არ ვაქციოთ ახალი წლის მარტო შეხვედრა. ახალი წელი - ეს საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ყველაფერი ხომ თქვენს ხელთაა! დღეს თქვენ საკუთარი თავის კომპანიაში ხვდებით ახალ წელს, მომდევნო წელს კი მეუღლე, ბავშვი გეყოლებათ და სტუმრებით სავსე სახლი გექნებათ! ირწმუნეთ ეს და ამასთან, დაიჯერეთ, რომ სულაც არ ხართ მარტო! თქვენ გყავთ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტის უსასრულოდ ბევრი მომხმარებელი და კიდევ - მოსახლეობის ის რამდენიმე პროცენტი, რომელიც თქვენს მხიარულ კომპანიას ელოდება. თუ გეოგრაფიული მიზეზით აღმოჩნდით მარტო, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაშიც მარტო ხართ. მარტოობას ისე შეხედეთ, როგორც დროებით მდგომარეობას, რომელსაც პლუსი უფრო მეტი აქვს, ვიდრე მინუსი! მაშ ასე, გთავაზობთ ექვს რჩევას იმის შესახებ, როგორ შეხვდეთ ახალ წელს მარტო:

რჩევა 1. ვტკბებით მარტოობით

ამ რჩევამ რომ იმუშაოს, საკუთარი თავი ძალიან უნდა გიყვარდეთ. და გულწრფელად უნდა გიხაროდეთ ამ სიმპათიური, ჭკვიანი და მხიარული ადამიანის საზოგადოებაში ყოფნა. ახალი წლისთვის მზადება ადრიანად დაიწყეთ. უყიდეთ საკუთარი თავისთვის საჩუქარი. რა თქმა უნდა, სკეპტიკურად იტყვით, რომ ეს სიურპრიზი არ იქნება. სულაც არ არის ასე! თქვენ საჩუქრის მხოლოდ კოლოფს დაინახავთ, შიგნით რა დევს, ამას მხოლოდ მოგვიანებით გაიგებთ - ახალი საპარსი გელი, ღვინის განსხვავებული მარკა, ახალი ოდეკოლონი... გვერწმუნეთ, თქვენ ვერაფრით გამოიყენებდით მსოფლიოში არსებულ ყველა საპარს საშუალებასა თუ ღვინის მარკას, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს რაღაც ახალი და განსაკუთრებული, რაც თქვენ სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ააწყვეთ ნაძვის ხე და საჩუქრები მის ქვეშ დაალაგეთ. არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ 12 საათამდე. გააწყვეთ სუფრა თქვენი საყვარელი კერძებით, თუ გნებავთ, სანთლებიც აანთეთ, ჩართეთ საყვარელი მუსიკა. აუცილებლად მოუწყვეთ საკუთარ თავს რაიმე რიტუალი. მაგალითად, საკუთარი საურვილები თუ მიზნები დაწერეთ ქაღალდზე, ჩადეთ ბოთლში, თავი დაუცეთ და ბოთლი მომდევნო ახალ წლამდე დამალეთ. ეს იმისთვის, რომ მომდევნო წლის დამდეგს შეამოწმოთ, რა ასრულდა და რას მიაღწიეთ. ჩართავთ თუ არა ტელევიზორს, თქვენი საქმეა. ახალი წლის დადგომას ისედაც მიხვდებით თანამოქალაქეების აღფრთოვანებული შეძახილებით. სხვათა შორის, როცა ისინი ფეიერვერკების გაშვებას დაიწყებენ, შეგიძლიათ, მათთან ერთად გარეთ თქვენც გახვიდეთ. მათ ძალიან გაახარებთ თქვენი დანახვა, თუ მათ ბედნიერი და მხიარული სახით შეუერთდებით! არ დაგავიწყდეთ ნაცნობ-მეგობრებთან დარეკვა და ახალი წლის მილოცვა. სწორედ რომ მილოცვა და არა წუწუნი საკუთარი მარტოობის გამო. თბილი სიტყვების ვინმესთვის თქმა და პასუხად იმავეს მოსმენა ხომ ძალიან სასიამოვნოა! სწორედ ამ წუთებში მიხვდებით, რომ მარტოსული სულაც არ ხართ. ამ ვარიანტის მთავარი ღირსება ის არის, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხართ, შეგიძლიათ ახალ პიჟამაში შეხვდეთ ახალ წელს, მიირთვათ, რასაც ინებებთ და მაშინ დაიძინოთ, როცა მოგესურვებათ!


რჩევა 2. წადით შვებულებაში

ეს ძალიან ადვილია. იყიდეთ ტურისტული საგზური და გააკეთეთ თბილი ქვეყნების ან სამთო-სათხილამურო კურორტის ვიზა (ვისაც რომელი გირჩევნიათ). ახლა თითქმის ყველა ტუროპერატორი სპეციალურ საახალწლო ტურებს გვთავაზობს. უფრო მხიარულად იქნებით, თუ დასასვენებლად ჯგუფთან ერთად წახვალთ. აქვე გირჩევთ, მგზავრობა 31 დეკემბერს არ დაამთხვიოთ, რათა, თუ რეისი გადაიდო, აეროპორტში არ შეხვდეთ ახალ წელს. შეგიძლიათ, წასვლის წინ ფილმ "ბედის ირონიასაც" უყუროთ. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის - იმისთვის, რომ სხვისი შეცდომები არ გაიმეოროთ! უცხოეთში მოგზაურობისას ბევრ ახალ შთაბეჭდილებას მიიღებთ და სხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებსაც გაეცნობით. აბა, წარმოიდგინეთ, სახალისო არ არის, შეხვდეთ ავსტრალიელ თოვლის ბაბუას, რომელიც საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი და სერფინგის დაფაზე დგას? აბა, როგორ შეიძლება, ასეთ კომპანიაში მარტოობაზე იფიქრო?

რჩევა 3. მოაწყვეთ საღამო

რატომაც არა? მოიწვიეთ სტუმრად მეგობრები. სიამოვნებით გესტუმრებიან, თუ მდიდრულ სუფრას და მხიარულ გასართობს შესთავაზებთ. იმისათვის, რომ საკვების თავად მომზადება არ მოგიხდეთ, - მამაკაცების დიდ ნაწილს ეს ისედაც არ ეხერხება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კარგ შეფმზარეულსაც გაუწევენ კონკურენციას, - მეგობრები შეიპირეთ, რომ თითოეული მათგანი ერთ თავ კერძს მოიტანს. ამგვარად საახალწლო საღამო თქვენს ბიუჯეტს მკვეთრ დარტყმას არ მიაყენებს. თუ არადა, მზა კერძების შეძენა მოგიწევთ უახლოეს სუპერმარკეტში. თუ მეგობართა წრე არცთუ ისე მრავალრიცხოვანია და მეტი მხიარულება გსურთ, თამამად გადმოიღეთ ძველი უბის წიგნაკი და დაურეკეთ ყველას, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ უდროობის გამო დიდი ხანია აღარ გინახავთ. ძველი ნაცნობები, ყოფილი თანაკლასელები თუ თანაკურსელები, შორეული ნათესავები... ამგვარად ახალი წელი შეხვედრებისა და სასიამოვნო მოგონებების საღამოდ იქცევა.

რჩევა 4. მივდივართ რესტორანში

ეს ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ახალი წლის ღამეს მარტოობისგან თავის დასაღწევად. მოიწესრიგეთ თავი, ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი (რომელშიც თავს მოხერხებულად და თავისუფლად გრძნობთ) და მთელი ღამით წადით რესტორანში! ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი რესტორანი საახალწლო ღამეს გასართობ შოუ-პროგრამასა და განსაკუთრებულ მენიუს შემოგთავაზებთ. ასეთი გართობა ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ ალბათ დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ცოტა მეტი ფული ნამდვილად ღირდა. სხვათა შორის, რესტორანში ღამის გატარება საუკეთესო საშუალებაა, შეიძინოთ ახალი ნაცნობები, იცეკვოთ და გემრიელად ივახშმოთ. ამასთან ერთად შეგიძლიათ მსუბუქი ფლირტისა და თავშეუკავებელი მხიარულების იმედი გქონდეთ!

რჩევა 5. გზაში

თუ გგონიათ, რომ ახალი წლის ღამეს სამგზავრო მატარებელში ერთადერთი მგზავრი იქნებით, ძალიან ცდებით. ათასობით მგზავრი ამა თუ იმ მიზეზით მატარებელში ხვდება ახალ წელს. შეგიძლიათ ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით შეიძინოთ ბილეთი და ახალი წლის ღამეს იქით გაემგზავროთ. ჩასვლისას შეგიძლიათ არც აიღოთ სასტუმროს ნომერი - რამდენიმე საათით გაისეირნოთ ქალაქში და უკან დაბრუნდეთ. მატარებელი იმითიც არის კარგი, რომ იქ გამოძინება ყოველთვის შეგიძლიათ. ბოლო დროს რკინიგზელები ცდილობენ, მათ, ვინც ახალ წელს გზაში ხვდება, სადღესასწაულო გარემო შეუქმნან. იცვლება ვაგონ-რესტორნების მენიუ, ზოგიერთ სადგურში მატარებელში თოვლის პაპაც შეიძლება ამოვიდეს და მგზავრებს ახალი წელი მიულოცოს. თანამგზავრები შეიძლება ინტერნეტის დახმარებით მოძებნოთ, ანდა ბედის შესახვედრად პირდაპირ კუპეში შეაბიჯოთ და კომპანიას უკვე ადგილზე გაეცნოთ. თუ უცხოეთში გადაწყვიტეთ მატარებლით წასვლა, მით უკეთესი - საათობრივი სარტყლების მიხედვით ახალი წლის შეხვედრა რამდენიმეჯერ მოგიწევთ და ახალი წლის მაგიას კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობთ!

რჩევა 6. ადამიანებთან ერთად

ბევრს უკვე მოსწყინდა საახალწლო სუფრასთან, ტელევიზორის წინ ჯდომა, ამიტომ უკვე რამდენიმე წელია ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლის შესახვედრად ქუჩაში გადიან. ნურც თქვენ დაჯდებით შინ, თბილად ჩაიცვით და ახალი წლის შესახვედრად ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს მიაშურეთ. იქ უამრავ ხალხს შეხვდებით, მათ შორის თქვენს ნაცნობ-მეგობრებსაც. იქ მხიარულება და სადღესასწაულო განწყობა მეფობს. ხოლო თუ გართობისა და მხიარულების მოყვარული ბრძანდებით, თამამად შეგიძლიათ, მოირგოთ სამასკარადო კოსტიუმი! მაშინ გვერდით მშვიდად ვერავინ ჩაგივლით - აუცილებლად გკითხავენ, ნამდვილია თუ არა თქვენი წვერი, ან რა მოგაქვთ ასეთი გაბერილი ხურჯინით. მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მხოლოდ ერთი გაფრთხილება: თავი არიდეთ ისეთ კომპანიაში მოხვედრას, სადაც თქვენ არავინ გელით! თავად მოაწყვეთ დღესასწაული თქვენს ირგვლივ, იყავით მთავარი მოქმედი გმირი და მაშინ ვერავითარი მარტოობა ვერ შეგაშინებთ. დაე, დღესასწაული თქვენს სულში დაიწყოს და ნამდვილ საახალწლო ზღაპრად იქცეს!