რა საჭიროა დღის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საჭიროა დღის რეჟიმი

ბუნების შვილი

ბავშვი, შვლის ნუკრის, ბეღურასა და დათვის ბელის მსგავსად, ბუნების შვილია, ამიტომ ბუნების წესების შესაბამისადაც უნდა ცხოვრობდეს. არსებითად, ბავშვი განრიგით ცხოვრებას მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყებს. თავდაპირველად ის დედის ბიორიტმით ცხოვრობს, მოგვიანებით საკუთარი განრიგიც უყალიბდება. ბავშვის რიტმული აქტივობის რეგულაციის ცენტრი თავის ტვინში მდებარეობს. ის მით უფრო სწრაფად ფორმირდება, რაც უფრო სწორად და გულდასმით უყალიბებენ მშობლები პაწაწინას ცხოვრების რეჟიმს. სამწუხაროდ, დედების უმრავლესობა შვილის დღის რეჟიმზე ზრუნვას მაშინ წყვეტს, როცა პატარა ჯერ მხოლოდ ორი წლისაა - მიაჩნიათ, რომ ამიერიდან ის აუცილებელი აღარ არის. უცხოელ მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ აუცილებელი არ არის, ბავშვმა დღისითაც იძინოს, მაგრამ უფრო მეტი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ისინი თვლიან, რომ 3 წლის ბავშვს არ შეუძლია, 6 საათზე მეტხანს იფხიზლოს. აქტიური სიფხიზლე პატარას ღლის და ღრმა ძილს უზრუნველყოფს. თუ პატარამ 6 საათზე მეტი გაატარა ფხიზლად, აუცილებლად განვითარდება ზეაგზნება, ჩაძინების პროცესი დაირღვევა და ძილიც ზედაპირული და მშფოთვარე იქნება.

გაითვალისწინეთ: 2,5-3 წლის ბავშვს დღისით 2-3 საათი უნდა ეძინოს. მეტი ძილი საჭირო არ არის. თუ დღის ძილი მეტისმეტად გახანგრძლივდა, ბავშვი უგუნებოდ გაიღვიძებს, დღის მეორე ნახევარში მოთენთილი იქნება და ღამის ძილიც გაუძნელდება.

პატარა ბავშვი არ შეიძლება იყოს "ბუ" ან "ტოროლა", ბიოლოგიური ქრონოტიპი 7-8 წლის ასაკისთვის ყალიბდება. დილით პატარები ფაქტობრივად მზის ამოსვლისას იღვიძებენ. მშობლები მოხარულნი უნდა იყვნენ დღის ასეთი დასაწყისით. შესაძლოა, დედას ძალიან უჭირდეს ადრე ადგომა, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, მან თავს უნდა სძლიოს, პატარას ალერსიანი ღიმილი შეაგებოს, ჩაეხუტოს, წამოაყენოს, ქოთანზე დასვას, შემდეგ ხელ-პირი დაბანოს და კბილების გამოხეხვაში დაეხმაროს... არ არის რეკომენდებული ლოგინში დიდხანს გორაობა და თამაში. პატარამ თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ ცხოვრების ყოველი წუთი ძვირფასია. რეჟიმის ზუსტი შესრულება დროის შეგრძნების ფორმირებას უწყობს ხელს. აუცილებელია, გრაფიკს ბავშვთან ერთად ოჯახის მოზრდილი წევრებიც იცავდნენ. ადამიანის ბიორიტმს ხომ იძულებითი სინქრონიზაცია შეუძლია - ის ოჯახის სხვა წევრებისა თუ კოლექტივის რეჟიმს კარგად მოერგება ხოლმე. ზოგჯერ მშობლები თავად აიძულებენ შვილებს, დაარღვიონ ცხოვრების ჩვეული რიტმი. მაგალითად, გაღვიძებულ პატარას ლოგინში დარჩენას აიძულებენ, რადგანაც თავად სურთ ძილი.

გაითვალისწინეთ: დღის რეჟიმის დარღვევა ბავშვის ნერვული სისტემის ფუნქციობის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია.  არასწორი დღის რეჟიმის, ღამის უძილობის, დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნური განათების პირობებში ყოფნის დროს ბავშვის ორგანიზმში ირღვევა ჰორმონ მელატონინის გამომუშავება. ეს ბიოაქტიური ნივთიერება განაგებს ზრდისა და განვითარების ბიორიტმებს, იმუნიტეტს, ნივთიერებათა ცვლას, ძილის სიღრმეს, ახალი სიტუაციისადმი (მაგალითად, საბავშვო ბაღისადმი), ამინდის ცვალებადობისადმი, სტრესისა და მრავალი სხვა ცხოვრებისეული სირთულისადმი ადაპტაციას. პატარა ბავშვისთვის აუცილებელი ამ ჰორმონის გამომუშავება ღამით, მხოლოდ ძილის დროს ხდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 22-დან 24 საათამდე ორჯერ მეტი ოდენობის ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მომდევნო ორი საათის განმავლობაში, ამიტომ პატარა ბავშვს ღამის ათ საათზე უკვე უნდა ეძინოს. ღამით გამომუშავებული მელატონინი დღის განმავლობაში იხარჯება. მისი ოდენობის ზრდას ხელს უწყობს მოძრავი თამაშები, ფიზიკური აქტივობა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. საპირისპირო ეფექტი აქვს ტელევიზორის ეკრანთან თუ კომპიუტერის მონიტორთან დიდხანს ჯდომას, უმოძრაობას.

 

სწორი ძილი

2,5-3 წლის ბავშვს 11-11,5 საათი უნდა ეძინოს - 20 საათიდან და 30 წუთიდან 7 საათსა და 30 წუთამდე. იმისთვის, რომ ბავშვი დროულად გაემართოს დასაძინებლად, მას უნდა გამოვუმუშაოთ ჩაძინების რეფლექსი, შევქმნათ ერთგვარი რიტუალი. მაგალითად, დაძინებამდე 2 საათით ადრე ოჯახში მყუდროებამ უნდა დაისადგუროს. ეს საკმაოდ ძნელია, რადგან მშობლები შინ სწორედ საღამოს ბრუნდებიან, იწყება ინფორმაციის გაცვლა, ემოციების აფეთქება და ბავშვსაც უქრება დაძინების სურვილი. შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მომენტი როგორმე უნდა დავარეგულიროთ. დაძინების რიტუალი, რომელიც პატარას ძილისათვის განაწყობს, იმ ქმედებებს მოიცავს, რომელთაც ყოველდღე ვიმეორებთ: ვახშამი, კბილების გამოხეხვა, ბანაობა. შეიძლება აბაზანის მიღებაც, ოღონდ არა უმეტეს 5 წუთისა. თბილ წყალში დიდხანს ჯდომა ძილის წინ რეკომენდებული არ არის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშალოთ ბავშვს საყვარელი სათამაშოს "დაძინება". ასეთ სათამაშოებს თითქოს ძილის მომგვრელი ეფექტი აქვთ. მოეფერეთ პატარას, წაუკითხეთ ზღაპარი, გაუღიმეთ, ძილი ნებისა უსურვეთ.

 

წარმატების საწინდარი

ზოგჯერ მშობლები ეჭვქვეშ აყენებენ პატარა ბავშვის ცხოვრების ასეთი რეგლამენტირების აუცილებლობას. "როცა მოშივდება, შეჭამს, აუცილებლობისას ქოთანს მოითხოვს, დაიღლება და დაიძინებს", - ფიქრობენ ისინი. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ასე არ არის. პატარა ბავშვს არ შეუძლია საკუთარი სურვილების გაცნობიერება. ის თამაშში გაერთობა, შემდეგ კიდეც მოშივდება, მაგრამ სულაც ვერ მიხვდება, რომ შია, უბრალოდ, უმიზეზოდ იტირებს, გაჭირვეულდება... იგივე ხდება ძილის შემთხვევაშიც. არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი დღის რეჟიმის სასარგებლოდ: პატარები, რომლებიც რეჟიმით ცხოვრებას ეჩვევიან, შემდგომში უფრო ორგანიზებულები, დისციპლინირებულები არიან, სკოლაშიც უკეთ სწავლობენ და ცხოვრებაშიც წარმატებას აღწევენ. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი შვილი წარმატებული იყოს, შეადგინეთ დღის რეჟიმი!