როცა გსურთ, უკეთ გამოიყურებოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა გსურთ, უკეთ გამოიყურებოდეთ

მკერდის გადიდებასა თუ დაპატარავებას, დაკიდებული ღიპისა თუ ღაბაბის კორექციას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს სთავაზობს დღეს მათ ესთეტიკური მედიცინა. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ "გია გვარამიას კლინიკას" და თავად კლინიკის ხელმძღვანელს, წამყვან ქირურგს, პროფესორს, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრს, ბატონ გია გვარამიას გავესაუბრეთ. ბატონი გია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ. მანვე დანერგა საქართველოში არაერთი პლასტიკურ-ესთეტიკური ოპერაცია და მეთოდი: ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, შუბლისა და სახის ენდოსკოპიური აწევა, თმის გადანერგვა, სახის კანის გაახალგაზრდავება და ნაოჭების გასწორება ოქროს ძაფებით, ბოტოქსით, რადიოტალღური, ქიმიური და პლაზმური დერმაბრაზიით და სხვა.

- არიან ქალები, რომელთაც საკუთარი მკერდის ზომა არ აკმაყოფილებთ. უმთავრესად სწორედ ისინი მიმართავენ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ცენტრებს. სტატისტიკაც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაცია მკერდის გადიდებაა...

- მკერდის გადიდება იმპლანტირებით ხდება. ამ ოპერაციას აუგმენტაციური მამოპლასტიკა ეწოდება. იმპლანტირებისთვის გამოიყენება სპეციალური სილიკონის იმპლანტები. არსებობს როგორც სილიკონის ჟელეს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი იმპლანტები. სილიკონის ჟელეს ახასიათებს ბუნებრივი დრეკადობა, ფორმის მახსოვრობის განსაკუთრებული ფენომენი, რის გამოც მკერდის გასადიდებლად მოწოდებული იმპლანტები ოპტიმალურად უახლოვდება, ესადაგება მკერდის ანატომიურ ფორმას ანუ მაქსიმალურად თავსებადია. რაც მთავარია, ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. დღეს მსოფლიოს მოწინავე კომპანიები აწარმოებენ მკერდის სხვადასხვა ტიპის იმპლანტებს, რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით განსხვავდება. მაგალითად, არსებობს როგორც მრგვალი, ასევე წვეთისმაგვარი ფორმის ანუ ანატომიური იმპლანტები. წინათ მკერდს სარძევე ჯირკვალში სხვადასხვა ნივთიერების, მაგალითად, გელის, შეყვანით ადიდებდნენ, რაც გართულებებს აძლევს დასაბამს და დაუშვებელია. სილიკონის იმპლანტები კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაქსიმალურად თავსებადი და, რაც მთავარია, ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. მათი წყალობით ოპერაციული მეთოდით გადიდებული მკერდი ბუნებრივისგან ძნელი გასარჩევია, მეტადრე - არასპეციალისტისთვის. ჩანერგილი იმპლანტი ქალს არანაირი თვალსაზრისით არ უქმნის პრობლემას, ძუძუთი კვების საშუალებასაც კი აძლევს.

- ესე იგი იმპლანტის ჩანერგვისას სარძევე ჯირკვალი არ ტრავმირდება... მაშ, საიდან ხდება ოპერაციული მიდგომა? საერთოდ, რა თავისებურებები ახასიათებს ამ ტიპის მამოპლასტიკას?

- განაკვეთი, ჩვეულებრივ, სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცთან ან იღლიაში კეთდება. იმპლანტატი ჩაინერგება მკერდის კუნთის უკან ან მკერდის ფასციაში. სარძევე ჯირკვალთან მას არავითარი შეხება არ აქვს. იმპლანტის ტიპსა და მდებარეობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, პაციენტის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ქირურგი. ოპერაციის შემდგომ ერთი თვის განმავლობაში შეხორცების პროცესის ხელშესაწყობად პაციენტი ატარებს სპეციალურ კომპრესიულ ბანდაჟს. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, რაც მთავარია, საკუთარი გარეგნობის გამო გაჩენილი კომპლექსისგან თავისუფლდება, უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხდება.

- მკერდის დასაპატარავებლად თუ მოგმართავენ?

- რა თქმა უნდა. დიდი მკერდი არანაკლებ პრობლემურია ქალისთვის, და არამხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - მისი ტარება ძნელია, იწვევს დისკომფორტს, ზოგჯერ ხერხემლისა და ზურგის ტკივილსაც კი. ამის გამო, ბუნებრივია, ზოგს მკერდის დაპატარავება სურს. ამისთვის მოწოდებულია რედუქციული მამოპლასტიკა. ეს არის მკერდის დაპატარავების ოპერაცია, რომელიც გულისხმობს სარძევე ჯირკვლის ჭარბი ქსოვილის მოცილებას და მის დაპატარავებას სასურველ ზომამდე. პარალელურად ხდება ჭარბი კანის მოცილება და დიდი არეოლის დაპატარავებაც. ოპერაცია ნარკოზით ტარდება.


- სხეულის ცალკეული ნაწილების, კერძოდ, ღიპისა და ბარძაყების კორექციაზე რას გვეტყვით? რა სიხშირით ტარდება ეს ოპერაციები საქართველოში? ძლიერი სქესის წარმომადგენლები თუ მოგმართავენ?

- საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა პაციენტებს შორის ქალები ჭარბობენ. მამაკაცი შედარებით ნაკლებია, დაახლოებით 5-10%. რაც შეეხება უშუალოდ ოპერაციას - დაკიდებული მუცლის კორექციისთვის ტარდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც აბდომინოპლასტიკის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ დროს ზედმეტი კანისა და ცხიმის მოსაცილებლად მიდგომა მუცლის წინა კედლიდან ხორციელდება. აბდომინოპლასტიკა იმავდროულად გულისხმობს მუცლის წინა კედლის კუნთოვანი აპარატის გამაგრებასაც. ოპერაცია საკმაოდ ეფექტურია. მიღებული შედეგი დიდხანს ნარჩუნდება, მთავარია, პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები დაიცვას, რეგულარულად შეასრულოს სავალდებულო ვარჯიშები. მართალია, ოპერაციის შემდგომ სხეულზე ნაწიბური რჩება, მაგრამ ის ტრუსების არეშია და არ ჩანს, თანაც დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება და უფრო და უფრო შეუმჩნეველი ხდება. მისი სიგრძე მუცლის პირველად ზომებსა და მოცულობაზეა დამოკიდებული. აბდომინოპლასტიკის შედეგი იმდენად თვალსაჩინოა, რომ, მიუხედავად ნაწიბურისა, პაციენტი ოპერაციით კმაყოფილი რჩება. ეს ბუნებრივია, რადგან ის თავისუფლდება სხეულის შემაწუხებელი და დამთრგუნველი დეფექტისაგან. თვალსაჩინო ეფექტის მისაღწევად უმჯობესია აბდომინოპლასტიკისა და ლიპოსაქციის კომბინირება. ლიპოსაქცია ეფექტურია არა მხოლოდ მუცლის, არამედ ბარძაყების, თეძოების და, საზოგადოდ, სხეულის სხვა უბნების კორექციისთვისაც. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლიპოსაქცია ანუ ცხიმის მოცილება გასახდომ ოპერაციას არ წარმოადგენს.  მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ სხეულის ნაწილობრივი კორექცია.

- როგორ ტარდება ლიპოსაქცია და ცხიმისგან განთავისუფლებულ უბანში რამდენი ხნის შემდეგ არის მოსალოდნელი ცხიმის ხელახლა ჩალაგება?

- სხეულის ფორმების კორექციისთვის, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველებმა, დავნერგეთ ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. აპარატურა, რომელსაც ლიპოსაქციისათვის ვიყენებთ (SOERING  SONOCA LIPO-Germany), მსოფლიოში საუკეთესოდ არის მიჩნეული. ეს აპარატურა და ჩვენთან გამოყენებული ოპერაციული ტექნიკა საშუალებას იძლევა, სრულიად უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ, ამბულატორიულ პირობებში ჩატარდეს დიდი უბნების კონტურული კორექცია. პაციენტი ოპერაციიდან 2-3 საათის შემდეგ ტოვებს კლინიკას და პრაქტიკულად მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. ნაოპერაციებ არეში კანი არ ჩამოეკიდება, ანუ არ ვითარდება კანის ნაკეცები - ე. წ. ცარიელი ჩანთები, რომელთაც შემდგომ მოკვეთა-მოშორება სჭირდება. პირიქით, კანი უფრო ელასტიკური ხდება. ოპერაციის დროს არ ზიანდება სისხლძარღვები, ლიმფური სადინარები და ნერვული დაბოლოებები. ლიპოსაქციის დროს შესაძლებელია ერთ ჯერზე 10-12 ლიტრი ცხიმის ამოღება. რაც მთავარია, ერთხელ მოშორებული ცხიმი მომავალში იმავე ადგილას აღარ ჩალაგდება; თუ პაციენტმა წონა მოიმატა, შესაძლოა ცხიმოვანმა ქსოვილმა სხეულის სხვა უბანში იჩინოს თავი.

- ცელულიტს როგორ მკურნალობთ?

- ჭარბი ცხიმის დასაშლელად და ცელულიტის სამკურნალოდ განსაკუთრებით ეფექტურია კუნთების იზომეტრული სტიმულაცია, აგრეთვე - ცხელი შეხვევები პარაფანგოთი, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მაგალითად, პარაფანგოთი შეხვევების შედეგად აქტიურდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური ფუნქცია და ქსოვილთა რეგენერაცია (განახლება), ძლიერდება ლიპოლიზი (ცხიმების დაშლა), ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე. საგრძნობლად მცირდება ან სრულიად ქრება ფორთოხლის კანის ეფექტი, კანის ტონუსი იმატებს, მისი ზედაპირი სწორდება და გლუვდება, კანი მკვრივდება და ელასტიკური ხდება; სწორდება ქსოვილთა კონტურები, სხეული ახალ ფორმას იძენს. მოგეხსენებათ, ცელულიტი, იგივე ლიპოდისტროფია, კანის სპეციფიკური ესთეტიკური დეფექტია და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ვიზუალურად ცელულიტი ფორთოხლის კანის ეფექტს ქმნის. ის პრაქტიკულად მხოლოდ ქალებს უვითარდებათ. ცელულიტის სამკურნალოდ საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ვაკუუმმასაჟი. თავდაპირველად ეს მასაჟი ტარდებოდა კოტოშებით, რომელსაც დღეს, თანამედროვე მედიცინაში, სპეციალური აპარატურული მეთოდი ჩაენაცვლა.

- თანამედროვე ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა მართლაც უნიკალურ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ფლობს. შეიძლება ითქვას, დღეს შეუძლებელი აღარაფერია. და მაინც, თქვენ როგორც ამ საქმის მოწინავე სპეციალისტი რას ურჩევთ მკითხველს?

- დავიწყებ იმით, რომ ჩემ მიერ აღწერილი ოპერაციები, გნებავთ, არაქირურგიული ჩარევები, არ არის აუცილებელი, გადამწყვეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობისა, თუმცა კონკრეტული ადამიანებისთვის მათ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ, რომ ხშირად რადიკალურად ცვლიან ადამიანის ბედს. შესაძლოა, ვიღაცას მაინცდამაინც არ აწუხებდეს დიდი მკერდი, გრძელი ცხვირი, დაკიდებული ღიპი თუ ღაბაბი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემების გამო მუდმივად შფოთავენ, დეპრესიას, დათრგუნულობას, კომპლექსებს თავს ვერ აღწევენ, თამამად ვერ მიდიან ზღვაზე, ეუხერხულებათ საკუთარი სხეულის დემონსტრირება, გარეგნობის მცირე ნაკლის გამო მუდამ უგუნებოდ არიან და გაურბიან საზოგადოებაში გამოჩენას. ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა ამ ადამიანთა ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ადამიანები უფრო თვითდაჯერებულნი, ხალისიანნი და ბედნიერნი ხდებიან.

- მაგრამ თუ კორექციამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო?.. გარდა ამისა, გართულებები ნებისმიერი ქირურგიული თუ არაქირურგიული ჩარევის შემთხვევაშია მოსალოდნელი. ასეთ დროს უკმაყოფილონი არ არიან პაციენტები?

- გართულებებისგან მართლაც ვერავინ იქნება დაზღვეული. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ოპერაციასა თუ არაქირურგიულ ჩარევას გართულებათა რისკიც ახლავს თან, თუმცა წინასწარი გამოკვლევებისა და წინასაოპერაციო მოსამზადებელი პერიოდის წყალობით ეს გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება მიღებული შედეგით უკმაყოფილებას, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. ეს წინათ იყო, ამა თუ იმ სახის ჩარევას რომ მიმართავდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ მოსალოდნელი შედეგის შესახებ. მაგალითად, ტარდებოდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ქირურგს რეალურად არც კი ჰქონდა წარმოდგენილი, რას მიიღებდა შედეგად. "ოპერაცია გვიჩვენებს", "ოპერაციის მერე გამოჩნდება", "იმაზე უკეთესი ხომ იქნება, რაც არის..." - ასეთი მიდგომები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს პაციენტმა წინასწარი მოდელირებისა და კონსულტაციების წყალობით დაწვრილებით იცის, რაზე მიდის და რას მიიღებს შედეგად. მას წინასწარ ყველა საკითხში ვათვიცნობიერებთ, ვუხსნით მოსალოდნელი შედეგისა თუ გართულების შესახებ. კომპიუტერული მოდელირების წყალობით წინასწარ ხდება არსებული რეალობისა და მოსალოდნელი შედეგის შედარება, შეფასება, ანალიზი. აქედან გამომდინარე, უკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობს. თქვენი ჟურნალის თითოეულ მკითხველს, ყველა ადამიანს ვუსურვებ სხეულისა და სულის ჯანმრთელობას, მხიარულ განწყობასა და ბედნიერებას. ამისთვის კი ვურჩევ, უარი თქვან მავნე ჩვევებზე, ყურადღება მიაქციონ საკვებ რაციონს, შრომისა და დასვენების რეჟიმს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.