როგორ გავლამაზდეთ და გავახალგაზრდავდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავლამაზდეთ და გავახალგაზრდავდეთ

შესაძლოა წლების განმავლობაში გვაწუხებდეს რეალური ან მოგონილი ნაკლი, ხელს გვიშლიდეს ნორმალურ ცხოვრებაში, კარიერულ თუ პირად წარმატებაში, ან, უბრალოდ, სარკეში საკუთარი თავით ტკბობაში.

გამოცდილი ქირურგის მიერ ჰარმონიისა და ესთეტიკის კანონებით შესრულებულმა პლასტიკურმა ოპერაციებმა, შეიძლება, კარდინალურად შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისაკენ და გადაწყვიტოს ესთეტიკური და სამედიცინო პრობლემები. გვესაუბრება პაატა ჯანაშია – „იაშვილი-ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრის“ ხელმძღვანელი და პლასტიკოსი ქირურგი, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი, საქართველოს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (GeoPRAS).

– ბატონო პაატა, ცხვირის ფორმის კორექციის რა მეთოდები არსებობს?

– არსებობს ცხვირის ფორმის კორექციის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდები. არაქირურგიული მეთოდი გულისხმობს ცხვირის კორექციას ფილერის ჯგუფის პრეპარატებით, რომლებიც დროებით ეფექტს იძლევა. უფრო ხშირად გამოიყენება ცხვირის კორექციის ქირურგიული მეთოდი, მას ბევრი უპირატესობა აქვს ფილერით კორექციასთან შედარებით, თუნდაც ის, რომ შედეგი მუდმივია.

– ცხვირისა და ნიკაპის კორექციისთვის ფილერების ჯგუფის პრეპარატების გამოყენება როდის არის შესაძლებელი, რამდენად ეფექტურია, რა სიხშირითა და პერიოდულობითაა საჭირო ამ პროცედურის ჩატარება?

– თანამედროვე პლასტიკური ქირურგია საკმაოდ წარმატებით იყენებს ფილერებს. მთავარია, ქირურგმა სწორად განსაზღვროს, რა შემთხვევაში ჯობს ფილერის გამოყენება. ეს ინდივიდუალურად წყდება პაციენტის სურვილის გათვალისწინებით.

ფილერით კორექცია გამოიყენება ცხვირისა და ნიკაპის ფორმის შესაცვლელად. მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფილერის გამოყენება, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა 1-1,5 წელია. ამის შემდეგ ის სრულად გაიწოვება და საჭიროებს ხელახალ კორექციას.

– რა არის რინოპლასტიკა?

– რინოპლასტიკა – ეს არის ცხვირის ფორმის კორექციის ოპერაცია. ის ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა პლასტიკურ ოპერაციებს შორის.

ცხვირი სახის ცენტრალური და მნიშვნელოვანი ნაწილია. სასურველია, რომ პაციენტს არ ეტყობოდეს ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის კვალი, ცხვირი იყოს ბუნებრივი და პროპორციული, არ ქმნიდეს დისონანსს სახის დანარჩენ ნაკვთებსა და ოვალთან.

– როგორ ხდება ცხვირის სასურველი ფორმის შერჩევა?

– ცხვირის ფორმას არჩევენ სახის პარამეტრების გათვალისწინებით. საჭიროა რამდენიმე პარამეტრის გაზომვა, რათა ქირურგმა ზუსტად განსაზღვროს, როგორ შეცვალოს ცხვირის ფორმა. აუცილებელი და მნიშვნელოვანია პაციენტის სურვილისა და მოთხოვნის გათვალისწინება. თუმცა ზოგჯერ პაციენტის მოთხოვნა არარეალურია, ხშირად მათ სურთ რომელიმე თავიანთი საყვარელი, ცნობილი ადამიანის მსგავსი ცხვირი ჰქონდეთ, ფიქრობენ, რომ ეს მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. შეუძლებელია ყველას ერთნაირი ცხვირი ჰქონდეს, თუნდაც ძალიან ლამაზი.

პლასტიკური ოპერაცია წარმატებულია მაშინ, როდესაც ყველა პაციენტს ინდივიდუალური ფორმის ცხვირი აქვს. ეს ქირურგებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

– ცხვირის პლასტიკური ოპერაციის რა მეთოდები არსებობს და რა განსხვავებებია მათ შორის?

– არსებობს ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ღია და დახურული მეთოდი. ორივე მეთოდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.

ღია მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ქირურგი ოპერაციის დროს უკეთესად ხედავს და უფრო ზუსტად შეუძლია ცხვირის ყველა ნიუანსის კორექცია. დახურული მეთოდით მუშაობისას კი – რთულდება საოპერაციო არის წვდომა და ცხვირისთვის სასურველი ფორმის მიცემაც. თუ ავწონ-დავწონით პლუს-მინუსებს, ღია მეთოდს უფრო მეტი უპირატესობა აქვს და ამიტომაც თანამედროვე პლასტიკური ქირურგია ძირითადად ამ მეთოდს იყენებს რინოპლასტიკის დროს.

– რა არის რინოპლასტიკის ჩვენებები?

– რინოპლასტიკა არის ცხვირის ვიზუალის კორექცია და მას არ აქვს სასიცოცხლო ჩვენებები. მისი ფორმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. შესაბამისად, პლასტიკური ოპერაციის ერთადერთი ჩვენება პაციენტის სურვილია – ჰქონდეს ლამაზი ცხვირი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ძლიერ დაშვებული ცხვირის წვეტი ჰაერის მიწოდებას ართულებს და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის რინოპლასტიკის ჩვენება.

– რა შეიძლება იყოს უკუჩვენებები?

– რინოპლასტიკის უკუჩვენება შეიძლება იყოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ოპერაციული ჩარევა სარისკოა პაციენტის ჯანმრთელობისათვის.

– რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას და ოპერაციიდან რამდენ ხანში ეძლევა საბოლოო ფორმა პაციენტის სახეს?

– ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის სირთულეზე, პაციენტის ასაკზე, კლიმატურ პირობებზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და სხვა. ძირითადად, პირველადი შეშუპების დაცხრომას 2 კვირა-1 თვე სჭირდება, საბოლოო შედეგი კი 1-2 წელიწადში იკვეთება.

– რა გართულებები შეიძლება ახლდეს რინოპლასტიკას?

– რინოპლასტიკას შეიძლება ახლდეს ისეთივე გართულებები, როგორიც ყველა ქირურგიულ მანიპულაციას – ალერგიული რეაქციიდან დაწყებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებით დამთავრებული, თუმცა რინოპლასტიკა შედარებით დაბალი რისკის პროცედურებს მიეკუთვნება.

– რამდენად შესაძლებელია განმეორებითი რინოპლასტიკა და როდის ჩნდება ამის აუცილებლობა?

– სასურველია, რომ მეორეული რინოპლასტიკა პაციენტს არ დასჭირდეს, რადგან ყოველი მომდევნო ჩარევა რისკის შემცველია. იშვიათად მაინც გვიწევს განმეორებითი ჩარევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პაციენტის პრეტენზია ცხვირის ფორმასთან დაკავშირებით, სუნთქვის ნაკლოვანება, რომელიც განვითარდა პირველადი ოპერაციის შემდეგ, პოსტოპერაციული დეფექტები, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს ქირურგის ბრალი და ნაწიბურების განვითარების თავისებურებით იყოს განპირობებული. მთავარია, ქირურგმა სწორად შეაფასოს მდგომარეობა და განსაზღვროს, რამდენად შედეგიანი იქნება მეორეული ჩარევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

– როდისაა საჭირო ბლეფაროპლასტიკა და რას მოიცავს ეს მანიპულაცია?

– საზოგადოდ, ნებისმიერი პლასტიკური ოპერაციის საჭიროება განისაზღვრება პაციენტის სურვილით, გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად და ახალგაზრდად. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ ცხიმოვანი თიაქარი (ზედა და ქვედა ქუთუთოების შეშუპება, გამოწვეული ცხიმის დაგროვებით) ძალიან დიდია ან კანი იმდენად ზედმეტია, რომ პაციენტს მხედველობის პრობლემებს უქმნის.

ბლეფაროპლასტიკა არის ცხიმოვანი თიაქრის მოშორება ზედა და ქვედა ქუთუთოს არეში და ზედმეტი კანის მოხსნა. ამ მანიპულაციის შემდეგ თვალს უფრო ლამაზი და ახალგაზრდული იერი ეძლევა.

– რამდენ ხანს გრძელდება ბლეფაროპლასტიკის პოსტოპერაციული პერიოდი და რა გართულებები შეიძლება გამოვლინდეს?

– ბლეფაროპლასტიკის შემდეგ ნაკერები მე-3-4 დღეს იხსნება, პირველადი შეშუპების დაცხრომას – ორი კვირა, საბოლოო შედეგს კი 1 წელი მაინც სჭირდება.

– როდის და როგორ კეთდება ნიკაპის პლასტიკა?

– როგორც ყველა პლასტიკური ოპერაცია, ნიკაპის კორექციასაც სასიცოცხლო ჩვენება არ აქვს და მხოლოდ პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული. ნიკაპის კორექცია შეიძლება ფილერით, იმპლანტით და ქირურგიული ჩარევით.

– რა არის ყურის ნიჟარების პლასტიკური ოპერაციის ჩვენებები? რა პერიოდი გრძელდება რეაბილიტაცია ამ ოპერაციის შემდეგ?

– ყურის ნიჟარის ოპერაციას, როგორც სხვა პლასტიკურ ოპერაციებს, ჩვენება არ აქვს და პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული. როგორც ყველა პლასტიკური ოპერაცია, ყურის ნიჟარის პლასტიკის შემდგომი რეაბილიტაცია 2 კვირა-1 თვე გრძელდება, საბოლოო შედეგი კი 1-2 წლის შემდეგ მიიღწევა.

– საზოგადოდ, პლასტიკური ოპერაციის შემდეგ საჭიროა თუ არა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და რა დროით?

– პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას განსაზღვრავს ჩატარებული ოპერაციის სირთულე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა (იგულისხმება ოპერაციამდელი ანამნეზი) ან ოპერაციის შემდგომი გართულება. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ოპერაციიდან რამდენიმე საათში გაეწერება კლინიკიდან.