იმპლანტები სილამაზის სამსახურში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმპლანტები სილამაზის სამსახურში

მართლაც, პაციენტთა უდიდესი ნაწილი იმპლანტების მეშვეობით ამა თუ იმ ორგანოს და სხეულის ნაწილის ცვლილებას სწორედ გარეგნულ ეფექტს უკავშირებს. ალბათ, არც ის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ ამ მხრივ სარძევე ჯირკვლის იმპლანტები „ლიდერობენ“. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ პლასტიკურ ქირურგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნილება სწორედ სარძევე ჯირკვლების ზომის ცვლილებასთან დაკავშირებულ ოპერაციაზეა. პლასტიკურ ქირურგებს ეს სულაც არ უკვირთ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქალების 70% საკუთარი მკერდით უკმაყოფილოა. სარძევე ჯირკვლების მოცულობისა და ფორმის ცვლილებისთვის სხვადასხვა ჰიპოალერგიული მასალისგან დამზადეული იმპლანტი გამოიყენება. სადღესოდ პლასტიკური ქირურგების განკარგულებაში განსხვავებული ფორმისა და ზომის იმპლანტებია. მათი სწორი არჩევა განსაზღვრავს პლასტიკური ჩარევის შედეგს.

სარძევე ჯირკვლის იმპლანტის სახეები

დრო, როცა სარძევე ჯირკვლის იმპლანტი მხოლოდ სითხით სავსე ნახევარსფერო იყო, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა. ქირურგები ახლა განსხვავებულ მოდელებს იყენებენ. მათ აქვთ სხვადასხვაგვარი

  • შემავსებელი;
  • ზომა;
  • ფორმა;
  • ზედაპირი.

ეს მრავალფეროვნება ქირურგს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს ის იმპლანტი, რომელიც შესაფერისია პაციენტის სურვილის მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად. სარძევე ჯირკვლის ყველა იმპლანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ბუნებრივია, ექიმი ამ მომენტებს ითვალისწინებს და ოპერაციამდე დეტალურად აცნობს პაციენტს. მკითხველთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ სარძევე ჯირკვლის იმპლანტთა თავისებურებები.

რით ავსებენ იმპლანტებს

სარძევე ჯირკვლის იმპლანტი შედგება გამძლე გარსისა და შემავსებლისაგან. სწორედ შემავსებლის თავისებურებები განსაზღვრავენ მნიშვნელოვანწილად იმპლანტის ხარისხს, გამძლეობას და შეცვლის აუცილებლობას. სადღეისოდ განარჩევენ მარილოვან, სილიკონისა და ჰიდროგელის შემავსებლებს. შედარებით ახალია წვრილი სილიკატური ბურთულებით სავსე იმპლანტები. მათ მცირე წონა აქვთ, თუმცა ასეთი იმპლანტების თავისებურებების დეტალური შესწავლა არ დასრულებულა.

იმპლანტები მარილოვანი შემავსებლით

ასეთი იმპლანტები ყველაზე ადრე შეიქმნა. იმპლანტის გამძლე გარსი შევსებულია ფიზიოლოგიური ხსნარით, რომელიც ორგანიზმისათვის უვნებელია გარსის დაზიანებისა და შემავსებლის ქსოვილებში შეღწევის შემთხვევაშიც კი. დღეს იმპლანტები მარილოვანი შემავსებლით ხშირად მოძველებულად ითვლება და მათ გამოყენებაზე უარსაც კი ამბობენ, თუმცა არ შეიძლება უარვყოთ მათი უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • შესაძლებელია შევსება იმპლანტაციის შემდეგ, რაც საშუალებას იძლევა, განაკვეთი მცირე ზომისა იყოს;
  • შედარებითი უსაფრთხოობა გარსის დაზიანებისას.

მარილოვანი შემავსებლის შემცველი იმპლანტის ნაკლია:

  • დაბალი სიმტკიცე და გარსის დაზიანების დიდი რისკი;
  • დროთა განმავლობაში სუნთქვისას გულმკერდის კედლის მოძრაობის გამო ცვეთა;
  • იმპლანტის დაზიანებისას განმეორებითი ოპერაციის აუცილებლობა;
  • სირბილე;
  • მოძრაობისას ხმიანობა, რაც შეიძლება ირგვლივ მყოფთათვისაც შესამჩნევი გახდეს;
  • მნიშვნელოვანი წონა, რაც წლების შემდეგ შეიძლება მკერდის ფორმის ცვლილების მიზეზი გახდეს.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – მარილოვანი შიგთავსის შემცველი იმპლანტის გამოყენებისას სხეულის გარკვეულ პოზიციაში სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე შეიძლება წარმოიქმნას წვრილი ნაკეცები. აღნიშნული უარყოფითი მხარეების გამო მარილოვანი იმპლანტების პოპულარობა თანდათან მცირდება.

სილიკონის შემცველი იმპლანტები

სილიკონი დღეს ყველაზე პოპულარული შემავსებელია. შემუშავების პერიოდიდან დღემდე ამ სახის იმპლანტებმა გარკვეული ცვლილება განიცადეს. პირველი და მეორე თაობის ვარიანტები შორს იყვნენ სრულყოფილებისაგან – გარსს არ ჰქონდა სათანადო სიმტკიცე, რის გამოც ხშირად ირღვეოდა, სილიკონი ხვდებოდა ქსოვილებში. გარსის დაზიანების მიზეზი კი იყო გულმკერდის კედლის მოძრაობა სუნთქვის დროს და არა ტრავმა, როგორც შეიძლება უცებ გვეგონოს. ამ ფაქტორის გამო საჭირო ხდებოდა გარკვეული დროის შემდეგ იმპლანტის შეცვლა. მესამე თაობის იმპლანტებში სილიკონი გარდაიქმნება სქელ გელად, რომელიც არ „იღვრება“ გარსის დაზიანების დროსაც კი. თავად გარსიც გაცილებით გამძლეა. დღეს გელის თავისებურებების გამო განასხვავებენ სილიკონის იმპლანტების რამდენიმე სახეს:

  • სტანდარტული კოჰეზიური – კარგად ახდენს ჯირკვლის ქსოვილის იმიტაციას;
  • მაღალკოჰეზიური – პრაქტიკულად არ დეფორმირდება მაღალი სიმკვრივის გამო, თუმცა სარძევე ჯირკვალი შეხებით არაბუნებრივია;
  • ე. წ. „შოფტ ტოუცჰ“ (შეხებით რბილი) – რბილი გელი, რომელიც კონსისტენციით ლაბას მსგავსია და აქვს „დამახსოვრების უნარი“ – ზეწოლისას იცვლის ფორმას, შემდეგ კი აღადგენს.

თანამედროვე სილიკონის იმპლანტებს აქვთ უპირატესობები:

  • ზომის სწორად შერჩევისას უზრუნველყოფენ მკერდის ბუნებრივ შესახედაობას;
  • არ ისინჯებიან შეხებისას;
  • მუდმივია;
  • ძალიან იშვიათად იწვევენ ალერგიას ან იმპლანტის ირგვლივ ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებას;
  • აქვთ „მეხსიერება“ – შეკუმშვის შემდეგ აღიდგენენ ფორმას.

ბოლო თაობის სილიკონის იმპლანტების დაზიანება შესაძლებელია მხოლოდ გულმკერდის ძლიერი ტრავმის ან პუნქციის (ჩხვლეტის) დროს. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმპლანტის არსებობის შესახებ.

სილიკონის იმპლანტის ნაკლია:

  • იმპლანტაციის მიზნით სრული ზომის განაკვეთის აუცილებლობა;
  • დაზიანების აღმოსაჩენად მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის აუცილებლობა. ამ მიზნით ჩვეულებრივი გასინჯვა ნაკლებად ინფორმაციულია.

ჰიდროგელის იმპლანტები

ჰიდროგელის საფუძველია ნატურალური ნივთიერება კარბოქსიმეთილცელულოზა. ასეთი იმპლანტი იაფი არაა, თუმცა სილიკონის იმპლანტთან შედარებით აქვს უპირატესობები:

  • არ იწვევს ალერგიას, ანთებას ან მოცილების რეაქციას;
  • არ აზიანებს ქსოვილებს – შიგთავსის გამოთავისუფლებისას ის იშლება გლუკოზად, წყლად, ნახშირმჟავად, რაც ორგანიზმისათვის უსაფრთხოა;
  • არ არის დაბრკოლება მამოგრაფიული კვლევისათვის.

ჰიდროგელის მთავარი ნაკლია მაღალი ფასი და დროთა განმავლობაში მოცულობის ცვლილება.

იმპლანტის ზომები

იმპლანტის ზომას განსაზღვრავს შემავსებლის მოცულობა. საშუალოდ შემავსებლის 150 მლ ერთი ზომით ზრდის სარძევე ჯირკვალს. ზომა დამოკიდებულია იმპლანტის ფუძის ფართობზეც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია – ძალიან დიდი ან, პირიქით, პატარა ფუძის იმპლანტი არაბუნებრივად გამოიყურება. ჩვეულებრივ, იმპლანტის ზომის არჩევანი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • პაციენტის სურვილი;
  • გულმკედრის განივი ზომა;
  • სარძევე ჯირკვლების საწყისი ზომა და ფორმა;
  • ქალის სიმაღლე, წონა;
  • კანის ელასტიკურობა;
  • გულმკერდის აგებულება.

არის შემთხვევები, როცა იმპლანტაცია ტარდება რამდენიმე ეტაპად – ჯერ ჩაინერგება შედარებით მცირე, ხოლო დროთა განმავლობაში, როცა ქსოვილები ამის საშუალებას მოგვცემს, დიდი ზომის იმპლანტი.

იმპლანტის ფორმები

სადღეისოდ გამოიყენება მრგვალი და ანატომიური (წვეთისებრი) იმპლანტები. მრგვალი იმპლანტის მეშვეობით შესაძლებელია მკერდის „წამოწევა“, რაც იდეალურია „ჩამოკიდებული“ სარძევე ჯირკვლების კორექციისათვის. ანატომიურ იმპლანტს აქვს წვეთის ფორმა, უზრუნველყოფს უფრო ბუნებრივ იერს, იდეალურია ვიწრო გულმკერდის შემთხვევაში, მაგრამ ფასი უფრო მაღალია. მისი გამოყენებისას არის იმპლანტის გადანაცვლების რისკი, თუმცა აღნიშნული მცირდება ზედაპირის ტიპის სწორი შერჩევისას.

იმპლანტის ზედაპირი

დღეს არსებულ სარძევე ჯირკვლის იმპლანტებს შეიძლება ჰქონდეთ გლუვი ან ხორკლიანი ზედაპირი. გლუვზედაპირიანი იმპლანტი ზედმეტად რბილია, ხშირად იწვევს ე. წ. კაფსულურ კონტრაქტურას (იმპლანტის ირგვლივ უხეში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებას), უფრო ადვილად იცვლის მდებარეობას. პლასტიკური ქირურგების მნიშვნელოვანი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს იმპლანტებს ფოროვანი, ხორკლიანი ზედაპირით. ისინი ნაკლებად გადაადგილდებიან, მნიშვნელოვნად ნაკლებად აქვთ კაფსულური კონტრაქტურის რისკი. ამავე დროს არსებობს ნაკლიც – გარკვეულ პირობებში პერიოდულად კანის დანაოჭების რისკი.

იმპლანტი ნიკაპის არეში

ადამიანის სახის ოვალს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰარმონიული გარეგნობისათვის. ხშირად ნიკაპის არის დისპროპორცია დიდ პრობლემას უქმნის ორივე სქესის პაციენტებს. სახის ესთეტიკური მონაცემების კორექცია შესაძლებელია ნიკაპის არის იმპლანტების მეშვეობით. იმპლანტი გვეხმარება არა მარტო კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული ოპერაციებისას. ხშირად მათი გამოყენება საჭიროა რეკონსტრუქციული (ტრავმების შემდგომი) ჩარევების დროს. ნიკაპის ფორმისა და ზომის შესაცვლელად ჩატარებულ აღნიშნულ ჩარევებს სამედიცინო ტერმინოლოგიით – გენიოპლასტიკას, მენტოპლასტიკას უწოდებენ. კაცებს შორის პოპულარულია ნიკაპის სიგრძისა და სიგანის მოსამატებელი ოპერაციები. ასეთი ჩარევისას კაცებს უფრო „მამაკაცური“ იერის მიღება სურთ. ქალები კი ცდილობენ ნიკაპის ფორმის ცვლილებით დახვეწონ პროფილი, სრულყონ სახის ფორმა. აღსანიშნავია, რომ ნიკაპის გარდა, იმპლანტები გამოიყენება ყვრიმალების, ლოყების, ცხვირის წვერის, ქვედა ყბის კუთხეების კორექციისათვის.

ნიკაპის იმპლანტის ნაირსახეობები

ნიკაპის იმპლანტები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ – ხრტილოვან და სილიკონის იმპლანტებად.

ხრტილოვანი იმპლანტის გამოყენებისას ნიკაპის ძვალში იმპლანტირდება პაციენტის სხეულის სხვა ნაწილიდან მიღებული ხრტილი (იმპლანტაცია საკუთარი ქსოვილებით). ბიომასალას აძლევენ სასურველ ფორმას და ათავსებენ ნიკაპის გარკვეულ ადგილზე. ამ მანიპულაციის ნაკლია ხრტილის მისაღებად დამატებითი ქიურუგიული ჩარევის აუცილებლობა. კიდევ ერთი მინუსია დროთა განმავლობაში იმპლანტირებული ხრტილოვანი ქსოვილის სრული გაწოვის ალბათობა, რაც განმეორებითი ოპერაციის საჭიროებას ქმნის. ამ ტიპის იმპლანტი ნიკაპის კორექციისთვის უხშირესად გამოიყენება რეკონსტრუქციული ოპერაციებისას, როცა პაციენტს აქვს ძვლოვანი ან ხრტილოვანი ქსოვილის დეფექტი ტრავმის გამო.

სილიკონის ენდოპროთეზები შესანიშნავი ვარიანტია პლასტიკური ოპერაციისათვის. ასეთი იმპლანტის გამოყენებისას აღარ არის ადამიანის სხეულის ხრტილის მისაღებად ოპერაციის აუცილებლობა. სილიკონის პლასტიკური თვისებების გამოყენებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმისა და ზომის იმპლანტი. ენდოპროთეზი ადვილად ემაგრება ძვალსა და რბილ ქსოვილებს, ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში, უმნიშვნელოდ იცვლება. არსებობს ე. წ. პერფორირებული იმპლანტები, რომელთაც აქვთ წვრილი სივრცეები. ამ სივრცეებში შესაძლებელია რბილი ქსოვილების ჩაზრდა, რაც უზრუნველყოფს იმპლანტის მაქსიმალურ „მიზრდას“ ნიკაპთან.

აღსანიშნავია, რომ სახის იმპლანტები, სარძევე ჯირკვლის იმპლანტებისაგან განსხვავებით, მყარი მასალისაგან არის დამზადებული, რის გამოც მათი მთლიანობის რღვევა და შიგთავსის ჩაღვრა გამორიცხულია.

იმპლანტები გლუტეოპლასტიკისათვის

გლუტეოპლასტიკა – ასე უწოდებენ სამედიცინო ტერმინოლოგიით ოპერაციას, რომლის მიზანიცაა დუნდულა კუნთების ფორმის გაუმჯობესება იმპლანტების გამოყენებით. ხუმრობით ამბობენ, რომ ადამიანები, მათ შორის – ცნობილი ვარსკვლავები, ხშირად მალავენ აღნიშნული ოპერაციის ისტორიას. ეს ბუნებრივია – არავის სურს აღიაროს, რომ სხეულის ერთ-ერთი მომხიბლავი ნაწილის „ფორმები“ პლასტიკური ქირურგის დამსახურებაა და არა ბუნებისა და სპეციალური ვარჯიშის, ანუ საკუთარი მონდომების.

გლუტეოპლასტიკის დახმარებით შესაძლებელია დუნდულების ფორმის კორექცია, მოშვებული კანისა და ჩაღრმავებების მოცილება. იმპლანტი გვეხმარება არა მარტო ზომების გაზრდაში, არამედ დუნდულების ფორმების კორექციაში – უფრო „წამოწეული“, „მომრგვალებული“ იერის შექმნაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ გლუტეოპლასტიკა არ არის ცელულიტის საწინააღმდეგო პროცედურა, ის არ არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის შეცვლის საშუალება. თუ აღნიშნული პრობლემა არსებობს, ოპერაციამდე უნდა ჩატარდეს ცელულიტის საწინააღმდეგო პროცედურები.

გლუტეოპლასტიკისათვის კარგა ხანია გამოიყენება სილიკონის გელის შემცველი იმპლანტები. მათი კონსისტენცია ძალიან მიახლოებულია დუნდულა კუნთების ბუნებრივ კონსისტენციასთან. ახალი თაობის იმპლანტები უფრო საიმედოა როგორც კაფსულის გამძლეობის, ასევე მისი შემავსებელი გელის უსაფრთხობის თვალსაზრისით – კაფსულა მნიშვნელოვნად გამძლე გახდა, რაც თავიდან აგვაცილებს შემავსებელი გელის გაჟონვას, ცვეთისადმი მდგრადობა მკვეთრად გაიზარდა; სილიკონის გელის სიბლანტემ მოიმატა, რამაც შეამცირა კაფსულის დაზიანების შემთხვევაში მისი ქსოვილებში გავრცელების რისკი.

გარდა მაღალი საიმედოობისა, სილიკონის ახალი თაობის იმპლანტებს აქვს ფორმების დიდი არჩევანი, რაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ადაპტაციას აადვილებს. ბოლო პერიოდში კლასიკურ მრგვალ და ოვალურ იმპლანტებს დაემატა ეგრეთ წოდებული „ანატომიური“ ანუ წვეთისებრი იმპლანტები, რომელთაც სხვადასხვა სიმაღლე, ფართი და გამობერილობა აქვთ. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს შევუსაბამოთ იმპლანტი პაციენტის სხეულის აგებულებას და დავაკმაყოფილოთ მისი მოლოდინი.

აღსანიშნავია, რომ დუნდულების კორექციისთვის იმპლანტის გამოყენების შემდეგ, დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ამ არეში აღარ უნდა ჩატარდეს ინიექცია. ამ მიზნით უნდა გამოიყენონ ბარძაყის არე. იმპლანტი არ არის სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის უკუჩვენება.

გლუტეოპლასტიკის გართულებები

არის შემთხვევები, როცა გლუტეოპლასტიკის შედეგი მოლოდინს სრულად არ პასუხობს. აღნიშნულის მაგალითებია:

  • ძალიან მკვრივი დუნდულები, განსაკუთრებით დიდი ზომის იმპლანტებისას;
  • ზედმეტად მრგვალი დუნდულები, განსაკუთრებით ძალიან გამხდარი პაციენტების შემთხვევაში;
  • იმპლანტი შესამჩნევია, განსაკუთრებით სხეულის გარკვეული პოზიციებისას;
  • იმპლანტის ზედაპირზე კანის ნაოჭების ან ტალღოვანების წარმოქმნა;
  • კაფსულური კონტრაქტურა – ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმის რეაქცია უცხო სხეულის არსებობაზე არის მის ირგვლივ ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნა და ამ გზით იზოლაცია მიმდებარე ქსოვილებისაგან. ასეთი ფიბროზული კაფსულა თხელია, დრეკადია და არ ისინჯება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ორგანიზმის რეაქცია ძლიერდება, კაფსულა მკვრივდება, ხდება ბოჭკოვანი, იკუმშება და აწვება ენდოპროთეზს. სწორედ ეს არის კაფსულური კონტრაქტურა. კაფსულური კონტრაქტურის კლინიკური გამოხატულება შეიძლება იყოს დუნდულების გამკვრივება და მათზე ზეწოლა, რაც უხერხულ შეგრძნებას ბადებს, ზოგჯერ კი იმპლანტის მტკივნეული თვალსაჩინო დეფორმაცია. ექსტრემალურ შემთხვევებში დუნდულები იღებს ბურთის ფორმას, დეფორმირდება, მკვრივი და მტკივნეული ხდება. კაფსულური ფიბროზი ზოგჯერ ვითარდება ჰემატომის ან ინფექციის შემდეგ, თუმცა უხშირესად მაინც ცოცხალი ქსოვილების არაპროგნოზირებადი რეაქციაა. უკანასკნელ წლებში იმპლანტების სრულყოფა ამცირებს კაფსულური კონტრაქტურის რისკს და მისი გამოხატულების ინტენსივობას.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების კორექცია შესაძლებელია ოპერაციულად ან სხვა მეთოდებით.

იშვიათად შეიძლება იმპლანტანტის კაფსულა გასკდეს.

არის თუ არა იმპლანტი მუდმივი

იმპლანტების დამზადების ტექნოლოგიის მუდმივი სრულყოფის მიუხედავად, ძნელია მტკიცება, რომ იმპლანტი მუდმივი იქნება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ ადამიანს იმპლანტი არაერთი ათწლეულის განმავლობაში აქვს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. თუ თავს იჩენს იმპლანტის დეფორმაცია ან კონსისტენციის ცვლილება, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი შეცვლის საკითხი. იშვიათად იმპლანტი შეიძლება დაზიანდეს ძლიერი ტრავმის გამო.