ყველა პაციენტის სახელით გმადლობთ, ბატონო მერაბ!
გაისმა და შეძრა ათასობით ადამიანი. რამხელა სიყვარული დატოვა, რამდენს ატკინა გული. ჩვენს ვებ-გვერდზე არ წყდება კომენტარები, სრულიად უცნობი ადამიანებიც კი გლოვობენ უზადო ექიმის, გულისხმიერი ქირურგის გარდაცვალებას.
აი, რას წერდა ბატონი მერაბი სხვადასხვა დროს თავის ინტერვიუებში:
- ბოლო წლების ჩემი საყვარელი დევიზი და სლოგანია ცნობილი ლათინური გამოთქმა "მემენტო მორი", მისი ღრმა ფილოსოფიური არსი რეალურად მეხმარება, უფრო მსუბუქად შევაფასო ცხოვრება, რომელიც ისედაც ხანმოკლეა. ვცდილობ, არ გავირთულო და სხვასაც არ გავურთულო ისედაც ძნელი ცხოვრება, ვიცხოვრო თვალთმაქცობისა და ფარისევლობის გარეშე თუნდაც პატარა სიყვარულით და პატარა ერთგულებით ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. ხშირად სიკვდილის გახსენებით უდიდეს პატივს ვცემ სიცოცხლეს და ვურჩევ ყველას, ასევე ხშირად იმეოროს "მემენტო მორი" და ცხოვრება უფრო პოზიტიური და პროდუქტიული იქნება.
- ქირურგს საქმე აქვს შეუფასებელ ღირებულებასთან – ადამიანის სიცოცხლესთან. უზენაესი გონი ამუშავებს ქირურგის გონებასაც და ხელსაც, გული კი ღვთისნიერი უნდა ჰქონდეს. არ ვეთანხმები, როდესაც ამბობენ, რომ ქირურგს ქვასავით გული უნდა ჰქონდესო. მე პირიქით ვფიქრობ – ქირურგი უნდა იყოს გულჩვილი, გულისხმიერი, გულთან ახლოს მიმტანი, რომელიც წრფელი გულით გაიზიარებს პაციენტის მდგომარეობას. გამოგიტყდებით, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას, პირველ გვამთან როცა გვქონდა შეხება, ჯგუფიდან მხოლოდ მე გავხდი ცუდად და ნიშადურიც მომაშველეს, მერე კი უკვე შევეჩვიე. ქირურგობა მინდოდა და ამ ინციდენტის გამო ვფიქრობდი, გამოვდგებოდი თუ არა ქირურგიაში. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გულქვა ადამიანი კარგი ქირურგი ვერ გამოვა – გონებისა და ხელის გარდა, მას მგრძნობიარე გულიც უნდა ჰქონდეს.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მართლაც მგრძნობიარე გულის მქონე სახელოვან ექიმს.
ყველა პაციენტის სახელით გმადლობთ, ბატონო მერაბ, თავდადებისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და პროფესიონალიზმისთვის!