პანარიციუმი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანარიციუმი და მისი მკურნალობა

პანარიციუმის ძირითადი ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შესიება და ფუნქციის მოშლა. თითების მომხრელ ზედაპირზე შეწითლება უმნიშვნელოა. რაც უფრო ზერელეა პროცესი, მით უფრო ძლიერია სიწითლე და პირიქით - ღრმა პანარიციუმის დროს სისხლძარღვებზე ზეწოლის გამო კანი ზოგჯერ ფერმკრთალი ან იისფერია. ტკივილი მუდმივია. იგი ხშირად მოპულსირე, მფეთქავი ხასიათისაა და ადამიანს არ აძინებს. ფრჩხილის პანარიციუმი ორგვარია: ფრჩხილქვეშა და ფრჩხილბუდისა. ამ უკანასკნელს პარონიქიას უწოდებენ. პირველის მიზეზია ინფექციის შეტანა ჩხვლეტით, ზოგჯერ - ფრჩხილქვეშა ჰემატომის (სისხლჩაქცევის) დაჩირქება. ფრჩხილის ქვეშ ჩირქის დაგროვება მის აცლას და მოვარდნას იწვევს. დეფექტის არეში განვითარებული ქსოვილი ეპითელიზაციას განიცდის, ფრჩხილის არეში კი იზრდება ახალი, მაგრამ ხშირად დეფორმირებული ფირფიტა. ფრჩხილბუდის პანარიციუმის დროს პროცესი იწყება ფრჩხილის ბუდის ირგვლივ არსებული მიდამოდან და ხანგრძლივი მიმდინარეობით გამოირჩევა. მისი მიზეზია ინფექციის შეჭრა, ხშირად - მანიკიურისა თუ პედიკიურის დროს. ფრჩხილბუდის არეში, ხშირად ეპიდერმისის (კანის) ქვეშ მცირე ოდენობის ჩირქი გროვდება. მისი გამორწყვის შემდეგ ჭრილობა სწრაფად ხორცდება, მაგრამ ჩირქი ხელახლა წარმოიქმნება. ასე მეორდება რამდენიმეჯერ, რის გამოც ფრჩხილის ბუდე შემსხვილებულია. პარონიქიას ზოგჯერ ფრჩხილის მოვარდნა ან პანარიციუმის ძვლის ფორმის განვითარება მოჰყვება, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათია.

მკურნალობა

დაავადების დასაწყისში ზერელე პანარიციუმის მკურნალობა იოლია. დაგვიანების შემთხვევაში ანთება შესაძლოა ღრმა პანარიციუმში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა უფრო რთულია და უმეტესად სტაციონარულ პირობებში მიმდინარეობს. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია ანთების მიზეზის (ხიწვის, ეკლის) ამოღება, თუმცა ამისთვის ფრჩხილის კიდის მოკვეთაა საჭირო. ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირებისთვის ფრჩხილს სკალპელის წვერით ან ბორმანქანით ხვრეტენ. ზოგჯერ საჭირო ხდება მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც. პარონიქიის მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. იყენებენ საპნიანი წყლის აბაზანებს (ზოგჯერ - ცხელი სპირტით განზავებულს),  აგრეთვე - მარილის ჰიპერტონული ხსნარის (2ს/კ მარილი 200გ ანადუღარ წყალში) კომპრესებს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, საქმეში ქირურგია ერთვება. უნდა შევეხოთ ქიმიური ფანქრით გამოწვეულ პანარიციუმს. ქიმიური ფანქრის გრაფიტი, რომელიც ანილინის საღებავს შეიცავს, ქსოვილის ვრცელ ნეკროზს (კვდომას) იწვევს. ამ დროს მკურნალობის მიზანია ანილინის საღებავებით შეღებილი ქსოვილების ამოკვეთა. შემჩნეულია, რომ პანარიციუმის თავისებური სახეობაა გავრცელებული მწველავებში. მათი გარქოვანებული კანის ნაპრალებში შეჭრილი ცხოველის ბეწვი იწვევს ქრონიკულ რეაქციულ ანთებას, რომლის მკურნალობა ქირურგის პრეროგატივაა. როდის უნდა გაკეთდეს პანარიციუმის დროს ოპერაცია, დღემდე საკამათოა. მრავალი ქირურგის აზრით, ასეთი ჩარევა საჭიროა პირველივე უძილო ღამის შემდეგ, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ჩირქი - გაკვეთა და ანთებითი გამონადენის შემცირება ხელს უწყობს პროცესის უკუგანვითარებას.

პროფილაქტიკა

პანარიციუმის პროფილაქტიკა გაცილებით იოლია. მთავარია ჰიგიენა, ხელების ხშირი ბანა. თითების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელთათმანებით მუშაობა. სიფრთხილით უნდა გაკეთდეს მანიკიური და პედიკიური. ასევე სიფრთხილეა საჭირო ფრჩხილის ძირას არსებული წანაზარდების მოკვეთისას. ყოველგვარი ჩხვლეტის შემდეგ გულისყურით უნდა გაისინჯოს მიკროტრავმის ადგილი, უცხო სხეული დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს, ხოლო დაზიანებული ადგილი სპირტით ან არყით დამუშავდეს. კარგია ნაჩხვლეტიდან სისხლის გამოშვებაც, რის შემდეგაც დაზიანებული ადგილი იოდით უნდა დავამუშაოთ. ფრჩხილები სწორად უნდა წაიკვეთოს ან მიეცეს ოდნავ მომრგვალებული ფორმა, რითაც ნუნებში მის ჩაზრდას თავიდან ავიცილებთ (სხვათა შორის, ფრჩხილის ჩაზრდა მარტო მოჭერილმა კი არა, ზედმეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმაც შეიძლება გამოიწვიოს). პანარიციუმის პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხელი წყლის თუნდაც ხანმოკლე აბაზანას, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ უნდა გაკეთდეს. უკეთესია საპნიანი წყალი. შეიძლება აბსოლუტური (96%-იანი) სპირტის ან შემთბარი სპირტის აბაზანაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდურის იმობილიზაციას. ავადმყოფს უნდა მიეცეს სულფამიდური პრეპარატები ბორჯომის წყლით (თუმცა ორსულებს უჯობთ, ქიმიურ საშუალებებს ერიდონ), დიდი ოდენობით სითხე, ვიტამინები. შედეგიანია ანტიბიოტიკების ადგილობრივი და ზოგადი გამოყენება, რენტგენოთერაპია. ფრჩხილის მოცილების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადება, რომლის მკურნალობაც სპეციალისტმა უნდა ითავოს. როდესაც პანარიციუმი ზედიზედ ვითარდება, აუცილებელია ანალიზის აღება შაქარზე.