ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმები

- რა მნიშვნელობა აქვს ხერხემალს ორგანიზმისთვის და როგორია მისი ანატომიური აგებულება?

- ხერხემალი 31-34 მალისგან შედგება. აქედან 7 კისრისაა, 12 - გულმკერდის, 5 - წელის, 5 - გავის და 2-დან 5-მდე - კუდუსუნის. მალების სხეულები და მორჩები ერთმანეთს ხრტილოვანი ქსოვილით და ძლიერი მყესებით უერთდება. სულ ხერხემალი 52 შესახსრებას შეიცავს. ხერხემალი 4 ფიზიოლოგიურ სიმრუდეს წარმოქმნის: კისრის ლორდოზს, გულმკრდის კიფოზს, წელის ლორდოზს და გავა-კუდუსუნის კიფოზს. პირველ და მეორე მალებს შორის ხრტილოვანი ქსოვილი არ არის. მალათაშუა დისკოები ე.წ. ამორტიზებული ელასტიკური ბალიშების როლს ასრულებს და მალების მოძრაობას განაპირობებს. თვითონ დისკო ორი ჰიალინური ფირფიტისგან, პულპოზური ბირთვისა და ფიბროზული რგოლისგან შედგება. ბირთვი წარმოადგენს ჟელატინისებრ მასას, რომელსაც შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები ქმნის. სწორედ დისკოს ელასტიკურობა განაპირობებს მის მთავარ ფუნქციას - ამორტიზაციის უზრუნველყოფას ტრავმისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. დისკოები სისხლძარღვებით არ მარაგდება, სისხლძარღვები მათში მხოლოდ ადრეულ ბავშვობაშია, შემდეგ ობლიტერაციას (სანათურის დახშობას) განიცდის და დისკო მალის სხეულიდან განაგრძობს კვებას. 30 წლიდან მალათაშუა დისკოებში დეგენერაციული პროცესები იწყება, რასაც ხელს უწყობს მუდმივი ვერტიკალური დატვირთვა და თვითაღდგენის სუსტი უნარი.

- როგორაა დაცული ზურგის ტვინი?

- ხერხემლის მალები ქმნის ხერხემლის არხს. სწორედ აქ მდებარეობს ზურგის ტვინი. არხის წყალობით იგი დაცულია გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისგან. ზურგის ტვინის სიგრძე 40-50 სმ-ია, მასა - 34-38გ. მას სამი გარსი აკრავს: გარეთა - მაგარი, შუა - ობობას ქსელისებრი და შიგნითა - რბილი. თავად ზურგის ტვინი მოთავსებულია ლიქვორში - თავ-ზურგტვინის სითხეში, რომლის დინამიკაზეცაა დამოკიდებული თავისა და ზურგის ტვინის ფუნქციობა. წელის პირველი მალის დონეზე ზურგის ტვინი თხელდება და წარმოქმნის კონუსს, რომლის ზედა ბოლო მამაკაცებს წელის პირველი მალის ქვედა კიდესთან აქვთ, ქალებს კი წელის პირველი მალის შუაწელთან. მეორე მალის დონეზე ზურგის ტვინი მთავრდება და იწყება გავა-წელის ფესვები, რომლებიც ე.წ. რაშის კუდს ქმნის. სწორედ აქ და ამის ქვემოთ შეიძლება თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) პუნქცია (აღება) ისე, რომ ზურგის ტვინი არ დაზიანდეს.

- რითია სახიფათო ზურგის ტვინის დაზიანება?

- სიცოცხლის ერთ-ერთი გამოხატულება მოძრაობაა. ორგანიზმის უმთარესი ფუნქციები - სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, ყლაპვა, შარდის გამოყოფა, დეფეკაცია - სხეულის შეკუმვით რეალიზდება, ეს პროცესი კი, თავის მხრივ, ემორჩილება ნერვულ სიგნალებს, იმპულსებს, რომლებსაც თავისა და ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები ატარებენ. ამდენად, ხერხემლისა და, ამის კვალობაზე, ზურგის ტვინის სხვადასხვა დონეზე დაზიანება ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ამა თუ იმ ფუნქციის დარღვევას, შესუსტებას ან გაქრობას განაპირობებს.

- როგორ გამოვლინდება ზურგის ტვინის დაზიანება?

- განასხვავებენ ხერხემლის დაზიანების ორ ფორმას - სტაბილურსა და არასტაბილურს (მოძრავ ხერხემალს). ყველაზე მძიმე დაზიანებაა ხერხემლის მოტეხილობა ან ამოვარდნილობა კისრის (უმეტესად - II-V-VI მალების) დონეზე. ამ დროს ზიანდება ზურგის ტვინი, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და გადარჩენილთა ინვალიდობის ხარისხი. ხერხემლის მოტეხილობა, რომელსაც ზურგის ტვინის დაზიანებაც მოჰყვება, ორგვარად შეიძლება განვითარდეს:

  • პირდაპირი გზით - მექანიკური ძალის უშუალო ზემოქმედებით (სიმაღლიდან გადმოვარდნა ფეხებით ან თავით);
  • არაპირდაპირი გზით - ხერხემლის მეტისმეტი მოხრისას ან გაშლისას.

გარდა ამისა, განასხვავებენ ღია და დახურულ დაზიანებებს. ღიაა დაზიანება, როცა კანის მთლიანობა დარღვეულია. დახურულთა რიცხვს მიეკუთვნება შერყევა, დაჟეჟილობა, ზურგის ტვინის კომპრესია. ზურგის ტვინის დაზიანების მთავარი კლინიკური ნიშანია ტკივილი, რომელიც ტრანსპორტირებისას შესაძლოა გაძლიერდეს. არასტაბილური დაზიანების დროს ტკივილი შემომსარტყვლელი ან გადაცემითი ხასიათისაა (გადაეცემა უმთავრესად ქვედა კიდურებს) და უმნიშვნელო მოძრაობაც კი აძლიერებს. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის იძულებითი მდგომარეობა და ხერხემლის დეფორმაცია. ტკივილს თან ახლავს ხერხემლის (პარავესტიბულური) კუნთების დაჭიმულობა, ტკივილი მუცლის არეში. მუცლის ფარის კუნთების დაჭიმულობა (მწვავე მუცელი) ჩვეულებრივი მოვლენაა გულმკერდისა და წელის მალების მძიმე ტრავმული დაზიანების დროს. ნევროლოგიური დაზიანება ხერხემლის დაშავებას ასიდან 45 შემთხვევაში სდევს თან. ნევროლოგიურ სიმპტომატიკას განაპირობებს ზურგის ტვინისა და ფესვების დაჟეჟილობა, შერყევა, სისხლძარღვოვანი დაზიანება, ხერხემის არხში მოტეხილი მალებისა და დისკოების მოტეხილი ფრაგმენტების შეღწევა, იშვიათად - ჰემატომა. ყოველივე ეს გამოვლინდება რეფლექსების შესუსტებით, გაქრობით ან პათოლოგიური რეფლექსების გაჩენით, მგრძნობელობის დაქვეითებით, სრული გაქრობით ან მომატებით (ჰიპერესთეზია), მოძრაობის უნარის შეზღუდვით, არაადეკვატური მომატებით ან სრული გაქრობით - დამბლით.

- როგორ მკურნალობენ ზურგის ტვინის დაზიანებას და როდის არის საჭირო ოპერაციული ჩარევა?

- როგორც მოგახსენეთ, ხერხემლის დაზიანება ორი ტიპისაა - სტაბილური და არასტაბილური, დიფერენცირებაში კლინიკურ ნიშნებსა და ანალიზებთან ერთად დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც გვეხმარება. აუცილებელია კომპიუტერული და ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტრომიოგრაფია. ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების მკურნალობა ორი მეთოდითაა შესაძლებელი - კონსერვატიულად და ქირურგიულად. სტაბილური, გაურთულებელი დაზიანების დროს ნაჩვენებია ერთმომენტიანი რეოპერაცია - ხერხემლის გასწორება თაბაშირის კორსეტის დადებით. რა თქმა უნდა, წოლითი რეჟიმი ხანგრძლივია. არასტაბილური ტრავმა კი უმეტესად საოპერაციოა. ოპერაცია ტარდება ზურგის ტვინის დეკომპრესიისა და ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით.

- როგორია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი და როგორ უნდა მოვუაროთ ხერხემლის ტრავმული დაზიანებით მწოლიარე ავადმყოფს?

- ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია. ამ დროს დარღვეულია ქსოვილების, ორგანოების კვება, ინერვაცია, სისხლის მიმოქცევა, თუმცა ხერხემლის დაზიანებით მწოლიარე ავადმყოფისთვის მთავარი საფრთხეა ნაწოლები. ნაწოლების პროფილაქტიკისთვის საჭიროა:

  • ავადმყოფს ხშირად - ყოველ 2-3 საათში ერთხელ - ვუცვალოთ მდებარეობა.
  • კანი დავამუშაოთ ქაფურის სპირტით. ის ხელზე უნდა დავისხათ და მსუბუქი მასაჟით შევაზილოთ კანის პრობლემურ უბნებში, განსაკუთრებით - იმ არეებში, რომლებიც ლეიბს ეხება - წელის მიდამოში, დუნდულებზე, ქუსლებზე და ა.შ.
  • ავადმყოფი ნაწოლების საწინააღმდეგო სპეციალურ ლეიბზე დავაწვინოთ.

მიზანშეწონილია კომპლექსურ მკურნალობაში მსუბუქი ვარჯიშებისა და მასაჟის ჩართვა, რომელიც სპეციალისტის - რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. საზოგადოდ, მწოლიარე ავადმყოფს სიმშვიდე, სითბო, გულისხმიერება და მოთმინება სჭირდება.

- როდის ვიეჭვოთ ზურგის ტვინის დაზიანება?

- ხერხემლის დაზიანება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ზურგის ტვინიც დაზიანებულია. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა:

  • ტრავმა თავის არეში, განსაკუთრებით - სახისა და შუბლის მიდამოს დაზიანება. ამ შემთხვევაში შესაძლოა კისრის მალების დონეზე ზურგის ტვინიც იყოს დაზიანებული;
  • სხეულის ზედა ნაწილის გამჭოლი (გამავალი) ჭრილობები;
  • ზეწოლითი ხასიათის დაზიანებები (სიმძიმის ქვეშ მოყოლა);
  • მრავლობითი ბლაგვი დაზიანება;
  • გადაჭარბებული სიჩქარის პირობებში (ავტოავარიის დროს) მიღებული ტრავმა.

კლინიკური ნიშნებიდან ყურადსაღებია:

  • ლოკალური ტკივილი - ავადმყოფი ხელის დადებით მიუთითებს მტკივან ადგილს;
  • სხეულის დეფორმაცია;
  • მგრძნობელობის დაქვეითება ან უქონლობა დაზიანების დონის ქვემოთ;
  • ზედა და ქვედა კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის დარღვევა (უნებლიე შარდვა და დეფეკაცია და სხვ.).

ზურგის ტვინის დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. თქვენი მხრივ კი საუკეთესო დახმარება ის იქნება, უფრო მეტად არ დააზიანოთ ტრავმირებული ხერხემალი. ამისთვის არ გაანძრიოთ, მდებარეობა არ შეუცვალოთ დაშავებულს, ეცადეთ, გარშემო ბევრი ხალხი არ შემოეხვიოს, რათა თავისუფლად ისუნთქოს. გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებისას უმთავრესია თავისა და კისრის იმობილიზაცია - უმოძრაოდ დაფიქსირება, იმობილიზაცია დიაგნოზის დაზუსტებამდე ყველა შემთხვევაშია საჭირო. ამისთვის იყენებენ სპეციალურ კისრის დამჭიმავს - ორთეზს. თუ ის ხელთ არ აღმოგაჩნდათ, კისრის ორივე მხარეს დაუდეთ დაშავებულს ქვიშით სავსე ტომრები. დაშავებული უნდა მოთავსდეს მაგარ სწორ საკაცეზე. ტრანსპორტირებისას არ შეიძლება თავის მოძრაობა და ჯდომა. თუ ტრავმა გულმკერდისა და წელის დონეზეა, დაშავებულს ვათავსებთ მაგარ, სწორ საკაცეზე ან გასაბერ ლეიბზე, უკიდურეს შემთხვევაში - ფიცრებზე, თანაც უთუოდ ზურგზე ან მუცელზე. სანამ სპეციალიზებულ კლინიკამდე მივიყვანთ, უნდა შევუნარჩუნოთ ან აღვუდგინოთ სასიცოცხლო ფუნქციები - სუნთქვა, გულისცემა, მაჯისცემა, სისხლის მიმოქცევა. თუ ამისთვის საჭირო მეთოდებს არ ფლობთ, დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას. გირჩევთ, ყველგან და ყოველთვის სიფრთხილე გამოიჩინოთ, რათა ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანება თავიდან აიცილოთ.