როდის და რატომ გვტკივა მუცელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ გვტკივა მუცელი

- ბატონო ალექსანდრე, რისი ბრალია მუცლის ტკივილი?

- მინდა, მადლობა მოგახსენოთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესდით და გსურთ, მკითხველს გადასცეთ მეტად საჭირო და სწორი ინფორმაცია, რადგან ბევრი, მიზეზთა გამო, აგვიანებს ექიმთან მისვლას, ეკითხება რჩევას არაკომპეტენტურ პირებს (და მათაც საჭიროდ მიაჩნიათ, თავიანთი "ცოდნა" გამოამჟღავნონ), ან თვითნებურად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს, რითაც საფრთხეში იგდებს თავს. დავიწყოთ იმით, რომ დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ტკივილის ლოკალიზაციაზე, ხასიათზე, წარმოშობის მექანიზმსა და გავრცელებაზე. ჩვენი მთავარი კითხვაა: "სად გტკივათ, როგორ გტკივათ, რამდენი ხანია და რას უკავშირებთ ტკივილის დაწყებას?" სწორედ ამ გამოკითხვით ვიღებთ მეტად საჭირო ინფორმაციას, რასაც დაავადების ანამნეზი ეწოდება და ზუსტი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. განასხვავებენ მუცლის არეში ტკივილის ორ ძირითად ტიპს - ვისცერულსა და სომატურს. ვისცერული ტკივილი აღმოცენდება ორგანოთა კედლებში არსებული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების შედეგად, ანუ დაკავშირებულია სპაზმთან. ამ ტიპის ტკივილი გამოიხატება სხვადასხვა ინტენსივობის ჭვალით (ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავური), აქვს გაფანტული, დიფუზური, ყრუ ხასიათი, ლოკალიზდება არა მხოლოდ დაზიანებული ორგანოს მიდამოში (ხშირად - მუცლის შუა ხაზის გასწვრივ), არამედ მუცლის სხვა ნაწილებშიც და გარკვეული ირადიაცია ახასიათებს. სომატური (პერიტონეალური) ტკივილი აღმოცენდება მუცლის ფარის გაღიზიანებისას, როდესაც პათოლოგიური პროცესი (მაგალითად, კუჭის წყლულის ან ღრუ ორგანოს პერფორაცია) აზიანებს მუცლის ფარში განთავსებულ ზურგის ტვინის ნერვულ დაბოლოებებს. ვისცერული ტკივილისგან განსხვავებით, სომატურ ტკივილს აქვს მუდმივი ხასიათი, ზუსტი ლოკალიზაცია, როგორც წესი, თან ახლავს მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, მწვავე და მსერავია, ძლიერდება მოძრაობისა და სუნთქვისას. ავადმყოფი ამ დროს გაუნძრევლად წევს, რადგან პოზის ნებისმიერი ცვლილება აძლიერებს ტკივილს.

- რომელ დაავადებებს ახლავს თან მუცლის ტკივილი?

- მოკლედ გიპასუხებთ, რადგან ამომწურავი პასუხისთვის რამდენიმე საათი დამჭირდება. მუცლის არეში ტკივილის გამომწვევი დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები ასე შეიძლება დავაჯგუფოთ:

  • მუცლის ღრუს ორგანოების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, კუჭუკანა ჯირკვლის, ნაწლავებისა და ელენთის დაავადებები (ორგანული, ფუნქციური);
  • კვებითი ტოქსიკოინფექციები, ინტოქსიკაციები;
  • მუცლის ფარის დაავადება და ანთება;
  • თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების დაავადებები;
  • მუცლის ღრუში სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი მოშლა (უპირატესად - არტერიული);
  • მუცლის კედლის დაავადებები და დაზიანებები;
  • ნერვული სისტემის, ხერხემლის სვეტის ზოგიერთი დაავადება (Hერპეს ძოსტერ, სპონდილოართროზი);
  • სისხლის ზოგიერთი დაავადება (ჰემორაგიული ვასკულიტი, თრომბოფლებური სპლენომეგალია);
  • შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი), რევმატიზმი;
  • გულმკერდის ღრუში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები (პნევმონია, დიაფრაგმული პლევრიტი, პერიკარდიტი, მწვავე კორონარული უკმარისობა);
  • ცალკეული, მათ შორის - იშვიათი დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები (აბდომინური ჭვალი ზოგიერთი ტიპის ჰიპერლიპოპროტეიდემიის, შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის, ნერვული სისტემის პათოლოგია და სხვა).

რასაკვირველია, მუცლის ტკივილი ყოველთვის სერიოზულ დაავადებაზე არ მიგვანიშნებს - შესაძლოა, უბრალოდ ბევრი ჭამა და ორგანიზმი დასვენებას სთხოვს, მაგრამ ურიგო არ იქნება ვიცოდეთ, როდის უნდა გავამახვილოთ ტკივილზე ყურადღება.


- მუცლის არეში ტკივილის მიზეზი ხშირად არის მწვავე აპენდიციტი...

- ის მუცლის ღრუს ორგანოთა ყველაზე გავრცელებული მწვავე დაავადებაა, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. დაავადება იწყება ერთბაშად, მარჯვნივ, თეძოს მიდამოში, ან მთელ მუცელში, ზოგჯერ - ჭიპის ირგვლივ აღმოცენდება ტკივილი, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. რამდენიმე ხნის შემდეგ ტკივილი ლოკალიზდება მუცლის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა თეძოს მიდამოში. ტემპერატურა ოდნავ იმატებს, პულსი ხშირდება, ენა მშრალია. ხელის დაჭერისას მუცლის მარჯვენა ნახევარში იგრძნობა მკვეთრი ტკივილი, რომელიც ხელის აშვებისას ძლიერდება. შეინიშნება კუნთების დაჭიმულობაც.

- ტკივილის სინდრომი თან ახლავს ნაწლავთა მწვავე გაუვალობასაც. რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

- ნაწლავთა გაუვალობა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც დარღვეულია ნაწლავის შიგთავსის ევაკუაცია. ნაწლავთა გაუვალობა შეიძლება იყოს დინამიკური (ნაწლავის სპაზმი ან პარეზი) და მექანიკური (ნაწლავის სანათურის დახშობა უცხო სხეულით, პარაზიტული ჭიებით, ნაღვლის კენჭით, სიმსივნით, შეხორცებები). იწყება უეცრად, მუცლის არეში სხვადასხვა ინტენსივობის მოვლითი ტკივილით. მოვლითი ტკივილი უფრო მეტად ობტურაციული (უცხო სხეული, სიმსივნე) ფორმის დროს არის გამოხატული; სტრანგულაციური გაუვალობის დროს იგი ინტენსიური და მუდმივია. მეორე ნიშანია ღებინება, მშრალი ენა, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, მუცლის შებერილობა. მუცელი მკვეთრად მტკივნეულია, კუჭის მოქმედება და აირებზე გასვლა - შეფერხებული. ნაწლავთა მწვავე გაუვალობის მოგვიანებით სტადიაში სიკვდილიანობა მაღალია. ამ სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ქირურგს, რადგანაც მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულად არის შესაძლებელი. რეკომენდებული არ არის ამ დროს საფაღარათო საშუალებების მიღება.

- როგორ კლინიკურ სურათს იძლევა თიაქარი?

- კლინიკური სურათი თიაქრის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუჭის მოქმედებისა და გაზებზე გასვლის შეფერხება, ხშირდება პულსი. თიაქრის მიდამოში ისინჯება მრგვალი ან მოგრძო მკვრივი, მკვეთრად მტკივნეული წარმონაქმნი, რომელიც არ ბრუნდება მუცლის ღრუში. ეს ჩაჭედილი თიაქრის ნიშანია. თუ სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა, შესაძლოა განვითარდეს ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზი, გაუვალობა, პერიტონიტი და საქმე სავალალო შედეგით დასრულდეს.

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია ახსენეთ. როგორ ვლინდება ეს პათოლოგია?

- ტკივილი ამ დაავადების კარდინალური სიმპტომია. ის უეცრად აღმოცენდება და ხანჯლის ჩაცემას ჰგავს, ამიტომ ასეც იხსენიებენ. არის ძალიან ინტენსიური, მუდმივი. აუტანელი ტკივილის გამო ადამიანი იძულებულია, ნახევრად მოხრილი გაუნძრევლად იწვეს და სუნთქვაც კი შეიკავოს. პირველ საათებში ტკივილი ლოკალიზდება მახვილისებური მორჩის ქვემოთ და მარჯვენა ნეკნქვეშა არეში. შესაძლოა, განიცადოს ირადიაცია ზურგში, მარჯვენა მხარში, ბეჭქვეშა არეში. იშვიათად გადაეცემა მარცხნივ. პერფორაციის მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომია მუცლის წინა კედლის კუნთების მკვეთრი დაჭიმულობა. შედეგად მუცელი ფიცარივით მაგრდება და ვარდება. უნდა გვახსოვდეს, რომ პერფორაციის დროს ავადმყოფისთვის არც საჭმლის, არც სასმლის მიცემა არ შეიძლება. მესამე ნიშანია ე.წ. ღვიძლის მოყრუების გაქრობა, რომელიც ექიმმა უნდა ამოიცნოს.

- რაკი წყლულის პერფორაციაზე ვსაუბრობთ, ესეც ვთქვათ - თავად წყლულოვანი დაავადება თუ იწვევს ტკივილის სინდრომს?

- ტიპურ შემთხვევებში წყლულოვანი დაავადების გამწვავებას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი საკვების მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ. შეინიშნება აგრეთვე ღამის ტკივილი, "მშიერი ტკივილი", რომელიც ყუჩდება საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ ძლიერი ტკივილი სრულდება ღებინებით. ხშირად ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ზედა შუა ნაწილში, იშვიათად - მარჯვენა ან მარცხენა ნეკნქვეშა არეში, გადაეცემა ხერხემლისკენ. ძლიერდება ფიზიკური დაძაბვისას, მცირდება, როცა ავადმყოფი უძრავად, მოხრილი ზის. მუცლის მუდმივი ტკივილი დამახასიათებელია კუჭუკანა ჯირკვალში პენეტრირებული წყლულისთვის. წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილს ახლავს გულძმარვა, შვების მომგვრელი ღებინება.

- ახასიათებს თუ არა ტკივილი გასტრიტს?

- მწვავე ეროზიულ გასტრიტის მუცლის ზედა შუა ნაწილის ტკივილი ახასიათებს. იმავდროულად შეინიშნება დისფაგია, ღებინება. შესაძლოა, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდეს, განვითარდეს შოკი, კოლაფსი.

- რა დაავადებაა ენტერიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

- ქრონიკული ენტერიტი დაავადებაა, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით და დისტროფიულ ცვლილებებს იწვევს. შესაძლოა, თან ახლდეს მსხვილი ნაწლავის დაზიანებაც (ენტეროკოლიტი). ამ დაავადების მიზეზია ადრე გადატანილი ნაწლავური ინფექციები, ლამბლიოზი. კლინიკურად გამოიხატება არამკვეთრი, ყრუ ტკივილით, რომელიც აღმოცენდება ჭამის შემდეგ ან მისგან დამოუკიდებლად, სისავსის, სიმძიმის შეგრძნებით, მუცლის შებერილობითა და ყურყურით. კანი ამ დროს მშრალია, ფრჩხილები - მტვრევადი, ღრძილებიდან დის სისხლი, ავადმყოფს იოლად ეუფლება სისუსტე, დაღლილობა. ქრონიკული კოლიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს უხეში და არასათანადოდ დამუშავებული საკვების, დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, ცილოვანი საკვების ნაკლებობა. მუცლის არეში ტკივილი უმნიშვნელოა, შესაძლოა, ლოკალიზდეს მუცლის ქვედა ნახევარში. ტკივილთან ერთად შეინიშნება სისავსის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ყურყური, მსხვილი ნაწლავის საპროექციო არის მტკივნეულობა.

- ზემოთ სანაღვლე გზების ჭვალიც ახსენეთ. როდის და როგორ აღმოცენდება ამ დროს ტკივილი?

- შეტევა ვითარდება ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლის ბუშტის ყელში ან სადინარში კენჭის ჩაჭედვისას ან ნაღვლის ბუშტის ინფიცირებისას და მწვავე არაკალკულოზური ქოლეცისტიტის განვითარებისას. შეტევას პროვოცირებას უწევს დიეტის დარღვევა, ფიზიკური და ნერვული გადაძაბვა. უეცრად აღმოცენდება ძალიან მკვეთრი, ხშირად მზარდი ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა არეში, რომელიც ირადიაციას განიცდის მარჯვენა მხარში, ბეჭქვეშა, ლავიწქვეშა არეში, იშვიათად - მარცხნივ და ხერხემლის არეში. ტკივილი ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას. ინტენსიური ტკივილის შეტევა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. შეტევის დროს ავადმყოფი წრიალებს, ხშირად იცვლის მდგომარეობას. ტკივილს თან ახლავს ღებინება, გულისრევა, რომელსაც შვება არ მოაქვს, სკლერები ზოგჯერ იქტერიულია, სხეულის ტემპერატურა იმატებს, სისხლში დასტურდება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი.


- შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ისეთ პათოლოგიას, როგორიც არის მწვავე პანკრეატიტი...

- ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური დაავადებაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგია, ალიმენტური დარღვევები, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, მძიმე სისხლძარღვოვანი დაზიანება, ალერგიული მდგომარეობა, ტრავმები, ოპერაციები. მუცლის ტკივილი თავდაპირველად ლოკალიზდება მუცლის ზედა ცენტრალურ ნაწილში, მარჯვენა ან მარცხენა ნეკნქვეშა არეში, ირადიაციას განიცდის მარცხნივ, ბეჭქვეშა არესა და გულისკენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტში აქვს სარტყლისებური ხასიათი. გამოირჩევა ხანგრძლივობით, ძალიან მძიმეა, მბურღავი. პერიოდულად სუსტდება, მაგრამ სულ მთლად არ გაივლის. მძიმე შემთხვევებში ტკივილი მოიცავს მთელ მუცელს. ერთვის ღებინება, ხშირად - შეუკავებელი, რომელსაც შვება არ მოაქვს. სკლერები იქტერიულია. სისხლძარღვების ადგილობრივი დაზიანების, სისხლის შედედების დარღვევის გამო შესაძლოა ხერხემლის გვერდით ზედაპირებზე და ჭიპის ირგვლივ სისხლჩაქცევები გაჩნდეს. მუცლის ტკივილით ხშირად ვლინდება გულის დაავადებებიც. არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტის გასტრალგიური ფორმა მუცლის ზედა ნაწილში ირადიაციით. მუცლის ტკივილთან ერთად მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს გულის არეში ტკივილსაც. მიოკარდიუმის ინფარქტის გასტრალგიური ფორმის დროს ტკივილის სინდრომს ერთი თავისებურება ახასიათებს: შესაძლოა, აღმოცენდეს კვების რეჟიმის დარღვევის ან კუჭის დაავადების გამწვავების შედეგად, რის გამოც პაციენტს შეცდომით უსვამენ კვებითი ტოქსიკოინფექციის, მწვავე აპენდიციტის, მწვავე ქოლეცისტიტის ან მუცლის ღრუს ორგანოთა სხვა მწვავე ქირურგიული დაავადების დიაგნოზს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი აპარატის დაავადებების გამწვავებამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მწვავე კორონარულ უკმარისობას. მუცლის ზედა ნახევარში ტკივილი აღმოცენდება მოციმციმე არითმიისა და პერიკარდიტით გართულებული ინფარქტის დროს. შედარებით იშვიათად მიოკარდიუმის ინფარქტის დროს აბდომინური სინდრომის მიზეზი არა მარტო ტკივილის ირადიაციაა, არამედ მწვავე პანკრეატიტის, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების მწვავე წყლულის განვითარებაც. საჭმლის მომნელებელ აპარატში ეროზია და წყლული ხშირად ვითარდება ინფარქტის პირველ დღეებში კუჭისა და ნაწლავების კედლის ანოქსიასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ჰემოდინამიკის ზოგადი მოშლით, შინაგან ორგანოთა სისხლძარღვების ტონუსის მომატებათ. მიოკარდიუმის ინფარქტის ასეთი გართულებისას ტკივილი მკვეთრია, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა, ზოგჯერ - წყლულის პერფორაცია. ანალოგიური კლინიკური სურათი აღინიშნება სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის დროსაც. შესაძლებელია მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიების თანხვედრა მწვავე ან ქრონიკულ კორონარულ უკმარისობასთან. წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლის პათოლოგიების დროს ტკივილი შესაძლოა გადაეცეს გულის მიდამოსკენ. კალკულოზური ქოლეცისტიტი და კორონარული ათეროსკლეროზი ხშირად პარალელურად ვითარდება.

- თირკმლის დაავადებების დროს თუ შეიძლება ტკივილის მუცლის არეში გადაცემა?

- თირკმლის ჭვლის დროს შეტევა ხშირად იწყება უეცრად, მწვავედ, წელის მიდამოს მტანჯველი ტკივილით, რომელიც გადაეცემა საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ. შეტევას თან ახლავს შარდის გამოყოფის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს შეტევა ხშირად უმიზეზოდ ვითარდება, ნეფროფთოზის დროს - ფიზიკური გადაძაბვა, ხანგრძლივი სიარული აპროვოცირებს. შეტევები, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათს გრძელდება, წელის ყრუ ტკივილი ზოგჯერ შუალედებშიც იგრძნობა. თირკმლის ჭვლის დროს ტკივილი ზოგჯერ მთელ მუცელს მოიცავს. თანდართული დისპეფსიური მოვლენები, ნაწლავთა პარეზი, კუჭის მოქმედებისა და აირთა გამოყოფის შეფერხება, ტემპერატურის მომატება აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების ისეთ დაავადებებთან მსგავსებას, როგორებიც არის ნაწლავის მწვავე გაუვალობა, მწვავე აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი. თირკმლის ჭვალი გასტროინტენსტინური სინდრომით აღინიშნება შარდსადენში კენჭის არსებობის დროს და ძნელად დიაგნოსტირდება. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თირკმლის ჭვლისგან დიფერენცირებაში გვეხმარება შემდეგი ნიშნები: შეტევა უეცრად იწყება და უეცრადვე სრულდება, შეტევის დროს კლინიკური სიმპტომები არ მძიმდება...

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს, რა იღონონ მუცლის ტკივილის დროს?

- იმ სიმპტომების არსებობისას, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, დიაგნოზის დასმამდე არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი - შესაძლოა, კლინიკური სურათი წაიშალოს და ზუსტი დიაგნოზის დასმა გაჭირდეს, რაც თავისთავად გაახანგრძლივებს ან არასწორ გეზს მისცემს მკურნალობას.