ლაპაროსკოპია XXI საუკუნის ქირურგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაპაროსკოპია XXI საუკუნის ქირურგია

 

- ბატონო რამაზ, რა არის ლაპაროსკოპიული ქირურგია, რით განსხვავდება ის ტრადიციულისგან?

- ხატოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ ლაპაროსკოპიული ქირურგია XXI საუკუნის ქირურგიაა. ფართოდ არის გავრცელებული შეხედულება, რომ ლაპაროსკოპიული ქირურგია განსხვავებული ქირურგიაა. სინამდვილეში ლაპაროსკოპიული ოპერაციის ტექნიკა ისეთივეა, როგორიც ტრადიციული მუცელკვეთისა. საშვილოსნოსგარე ორსულობის, მიომექტომიის (ფიბრომის ამოკვეთის), საკვერცხის ცისტის (კისტის) ამოკვეთის ლაპაროსკოპიული ოპერაციები ტექნიკურად ისევე სრულდება, როგორც ღია მუცელკვეთისას, მაგრამ არის ერთი პრინციპული განსხვავება - ლაპაროსკოპიული ოპერაცია ტარდება დახურულ მუცელზე სპეციალური ოპტიკური აპარატის მქონე ინსტრუმენტების მეშვეობით.

 

- რა ადგილი უკავია ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს გინეკოლოგიური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში?

- თავდაპირველად ლაპაროსკოპია მხოლოდ დიაგნოსტიკის მიზნით ტარდებოდა, სადღეისოდ კი ამ მეთოდით ოპერაციული ჩარევის ტექნიკა საკმაოდ დახვეწილია. საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებიც არ ჩამორჩნენ ლაპაროსკოპიული ქირურგიის პროგრესს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს გინეკოლოგიური ოპერაციების 90% შეიძლება ლაპაროსკოპიით ჩატარდეს. თუ 4-5 წლის წინ ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით ტარდებოდა საკვერცხის ნებისმიერი ზომის ცისტის (რა თქმა უნდა, იგულისხმება ონკოლოგიური დაავადებები), საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს, სრულდებოდა კვერცხსავალი მილების პლასტიკური ოპერაცია, ბოლო 3-4 წელია, საკმაო წარმატებით ტარდება საშვილოსნოს ამპუტაცია (ამოკვეთა ყელის შენარჩუნებით) და ექსტირპაცია (სრული ამოკვეთა) და კონსერვატიული მიომექტომია (ოპერაცია, რომლის დროსაც შესაძლებელია მიომური კვანძების ამოკვეთა და საშვილოსნოს შენარჩუნება).

 

- რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ქირურგიას?

- უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული მეთოდით ჩატარებული ოპერაციისას არ ვითარდება პოსტოპერაციული ანუ ოპერაციის შემდგომი შეხორცებები. ტრადიციული მუცელკვეთის დროს, მიუხედავად ქირურგის მაღალი კვალიფიკაციისა, როგორც წესი, ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში შეხორცებითი პროცესი ვითარდება. სამწუხაროდ, ეს დოგმაა. შეხორცებითი პროცესი ხშირ შემთხვევაში კვერცხსავალ მილებსაც მოიცავს, რის შედეგადაც ყალიბდება ტუბოპერიტონეული ანუ მილისმიერი უშვილობა - უშვილობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახეობა. ღია წესით ანუ ტრადიციული მუცელკვეთით ჩატარებული ოპერაციის დროს ქირურგი შველის ერთ დაავადებას, მაგრამ, ფაქტობრივად, სათავეს უდებს მეორეს. ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს პაციენტი მსგავსი გართულებებისგან დაზღვეულია.

ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა - 24 საათის შემდეგ პაციენტი კლინიკიდან ეწერება.

ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ არ ვითარდება კოსმეტიკური დეფექტი, ოპერაციას ახასიათებს მცირე ინვაზიურობა (ნაკლები ტრავმულობა). ყველაფერთან ერთად, ოპერაციას იღებენ, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ დროს მივიღოთ სრული ინფორმაცია ოპერაციის მასშტაბების შესახებ. აღნიშნული ვიდეოფირი ამავე დროს იურიდიული საბუთიც არის ყველა სადავო სიტუაციაში.

 

- შესაძლოა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციის ჩატარება ქირურგისთვისაც გაცილებით ადვილია და არ მოითხოვს ტრადიციული მუცელკვეთის ტექნიკის ფლობას.

- ეს შეხედულება მცდარია. ლაპაროსკოპიული ოპერაციის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია მაღალი კვალიფიკაცია, არამც და არამც - უფრო ნაკლები, ვიდრე მუცელკვეთის ჩასატარებლად. შესაძლოა, ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციის დასრულება ვერ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში ოპერაცია ტრადიციული მუცელკვეთით გრძელდება. მაგალითად, საშვილოსნოს ამპუტაცია ლაპაროსკოპიულად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მისი ზომა 13-14 კვირის ორსული საშვილოსნოსას არ აღემატება. თუ საშვილოსნო უფრო დიდია, ქირურგი ტრადიციულ ოპერაციაზე უნდა გადავიდეს.

 

- არის თუ არა მსგავსი შეზღუდვა საკვერცხის კისტებთან დაკავშირებით?

- საკვერცხის კისტის დიდი ზომა ლაპაროსკოპიული ოპერაციის ჩატარებას ხელს არ უშლის.


- ზემოთ ბრძანეთ, რომ მუცლის ღრუზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა შესაძლოა მილების შეხორცებისა და უშვილობის მიზეზად იქცეს.

- როცა პაციენტი რეპროდუქტიული ასაკის ქალბატონია და აპირებს შვილის გაჩენას, გინეკოლოგიური თუ სხვა სახის ოპერაცია, თუ საამისო შესაძლებლობა არსებობს, უნდა ჩატარდეს არა მუცელკვეთით, არამედ ლაპაროსკოპიულად - ასეთია თანამედროვე მიდგომა, რომელსაც საქართველოს ქირურგებიც მივდევთ. აღნიშნულ საკითხებზე საუბარი იყო მცირე ინვაზიური ქირურგიის საქართველოს კონგრესზე, რომლის მსვლელობაშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ენდოსკოპიური, არამედ ტრადიციული ქირურგიის წარმომადგენლებიც. როდესაც შესაძლებელია ენდოსკოპიური ოპერაციის ჩატარება, მუცელკვეთა დაუშვებელია. რასაკვირველია, ეს არ ეხება სასწრაფო ოპერაციებს ან იმ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია პაციენტის გადაყვანა ისეთ ადგილას, სადაც ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობაა დამონტაჟებული, მაგრამ როცა გეგმური ოპერაცია ტარდება, ის მეთოდი უნდა ავირჩიოთ, რომელიც შეხორცებით პროცესს თავიდან აგვაცილებს.

 

- რამდენად ფართოდ არის დანერგილი ჩვენს ქვეყანაში ლაპაროსკოპიული ოპერაციების მეთოდი?

- ოპერაციის ლაპაროსკოპიით ჩატარება სადღეისოდ საქართველოს 36 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

 

- ზოგ პაციენტს ჰგონია, რომ ტრადიციული მუცელკვეთისას ქირურგი უკეთ ხედავს, რა ხდება მუცელში.

- ვიზუალიზაციის თვალსაზრისით ტრადიციული მუცელკვეთის უპირატესობის მტკიცება აბსურდია. ოპტიკური სისტემა, რომლითაც აღჭურვილია ლაპაროსკოპიული აპარატურა, საშუალებას გვაძლევს, 10-15-ჯერ გავადიდოთ საოპერაციო არე. შეუძლებელია, შეუიარაღებელი თვალით ქირურგმა უკეთ დაინახოს ეს ყოველივე. ქირურგისთვის, რომელიც დახელოვნებული არ არის ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, გახსნილ მუცელზე მუშაობა, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია, მაგრამ პაციენტისთვის ლაპაროსკოპიული ოპერაცია გაცილებით იოლად გადასატანი და ნაკლებად ტრავმულია.

წესისამებრ, ქირურგი-ენდოსკოპისტები სრულყოფილად ფლობენ როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე მუცელკვეთით ჩატარებული ოპერაციის ტექნიკას, ყოველ კერძო შემთხვევაში კი არჩევანი ამ ორ მეთოდს შორის პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით კეთდება. მას აწვდიან სრულ ინფორმაციას ორივე მეთოდის შესახებ, გადაწყვეტილებას კი თვითონ იღებს.

 

- როგორია ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ გართულებათა ალბათობა?

- სადღეისო მონაცემებით, არც ოპერაციის შემდგომ, არც თვით ოპერაციის მსვლელობისას თავჩენილ გართულებათა სიხშირის თვალსაზრისით ტრადიციულ მუცელკვეთასა და ლაპაროსკოპიას შორის განსხვავება არ არის.

 

- როგორია ლაპაროსკოპიული ჩარევის როლი უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში?

- ლაპაროსკოპია შეუცვლელი მეთოდია უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. როდესაც უშვილობის მიზეზის დასადგენად ჩატარებული ყველა სხვა კვლევა უშედეგოა, ლაპაროსკოპია გვაძლევს იმ პათოლოგიათა დიაგნოსტირების საშუალებას, რომელთაც შეიძლება მიუძღოდეს ბრალი უშვილობაში. ლაპაროსკოპიითვე ხდება მათი მკურნალობაც.

 

- ჩვენ ვისაუბრეთ პოსტოპერაციული შეხორცებების შესახებ. ხომ არ ქმნის ისინი დაბრკოლებას ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს?

- პოსტოპერაციული შეხორცებები ლაპაროსკოპიული ოპერაციის შეფარდებითი უკუჩვენებაა. გამოცდილი ქირურგი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ლაპაროსკოპიული ოპერაციის ტექნიკას, მსგავს შემთხვევებში წარმატებით ატარებს ოპერაციებს.

 

- ხომ არ გამოყოფდით ენდოსკოპიური კვლევის რომელიმე მეთოდს თანამედროვე გინეკოლოგიაში?

- არ შეიძლება არ დავასახელოთ ჰისტერორეზექტოსკოპია. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, საშვილოსნოს ყელიდან შევიდეთ საშილოსნოს ღრუში, ოპტიკური სისტემის საშუალებით დავათვალიეროთ საშვილოსნოს ღრუ და დავადგინოთ პათოლოგიის არსებობა-არარსებობა. მაგალითად, ამ გზით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს პოლიპი, სუბმუკოზური (ლორწოვანი გარსის ქვეშ არსებული) კვანძი, სინექიები (შეხორცებები), საშვილოსნოს ტიხარი. მანიპულაცია ტარდება ინტრავენური ნარკოზით. კვლევის შემდეგ 4 საათის განმავლობაში პაციენტი კლინიკაში რჩება.

მართალია, ჰისტერორეზექტოსკოპიით დადგენილი ზოგიერთი პათოლოგიის დიაგნოსტირების საშუალებას ექოსკოპიაც გვაძლევს, მაგრამ თუკი ადრე, მაგალითად, პოლიპის ამოკვეთა ტარდებოდა ბრმად, ზიანდებოდა ჯანსაღი ქსოვილი და იყო ალბათობა, პათოლოგიურად შეცვლილი უბანი საკვლევ მასალაში ვერ მოხვედრილიყო, დღეს ლაპაროსკოპიის წყალობით შეგვიძლია ზუსტი დიაგნოსტიკა ჩავატაროთ.

 

 

- რა მიგაჩნიათ ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის მთავარ ღირსებად?

- ლაპაროსკოპიულ ქირურგიას მრავალი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ის არის, რომ როცა საქმე არ გვაქვს ონკოლოგიურ პათოლოგიასთან, აღარ დგას რეპროდუქციული ორგანოების შენარჩუნების საკითხი - გინეკოლოგიური ოპერაცია შეიძლება ისე წარიმართოს, რომ შვილოსნობის ფუნქცია ქალს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს.