სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის ტემპერატურა ტრავმებისა და ქირურგიული დაავადებების დროს

დედაჩემს (65 წლის) ორი კვირის წინ ნაღვლის ბუშტი ამოუღეს. ოპერაცია ლაპაროსკოპიით დაიწყეს და ძველი (ღია) მეთოდით დაამთავრეს. როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაციის მსვლელობისას გართულებები წარმოიშვა - ერთ-ერთმა ქვამ სადინარი ჩაკეტა და მისი ამოღება ძნელი შეიქნა. მოკლედ, ოპერაციის შემდეგ დედა ერთი კვირის მანძილზე რეანიმაციაში იყო. ახლა ის უკვე ჩვეულებრივ პალატაშია, მაგრამ ყოველდღე 37,2-37,60C აქვს ტემპერატურა. ექოს ყოველდღე უკეთებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზეა. თავიდან რაღაც სითხე ჰქონდა ღვიძლთან, ახლა აღარ არის. რენტგენიც გაუკეთეს - ყველაფერი წესრიგში აქვს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურა ოპერაციიდან მეორე კვირას? და კიდევ, მას ჭრილობიდან გამოსულ მილზე რაღაც ტომრისმაგვარი ჰკიდია (მითხრეს, რომ ეს ნაღვლის წვენის გამოსასვლელი დრენაჟია). როდის მოხსნიან? რისთვის არის ის საჭირო? სხვათა შორის, გვერდითა ლოგინზე მწოლიარე ქალბატონს, რომელსაც ნაღვლის ბუშტი ამოუღეს (ძველი მეთოდით გაჭრეს), მილზე არავითარი ტომსიკა არ ჰკიდია და ამიტომ მაინტერესებს. ნანა გიორგობიანი

- ქალბატონო ნანა, სხვადასხვა ადამიანის დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. დედათქვენს ეტყობა დრენაჟი ნაღვლის საერთო სადინარში უდგას, სხვა პაციენტს კი, რომლისთვისაც ნაღვლის საერთო სადინარის გახსნა აუცილებელი არ აღმოჩნდა, ჩვეულებრივი დრენაჟები უდგას მუცლის ღრუში, ღვიძლის ქვეშ ან იქ, სადაც ოპერაციის გამკეთებელმა ქირურგმა ჩათვალა საჭიროდ. სხეულის ტემპერატურის მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, ინფექცია, ნაღვლის შეგუბება, ოპერაციის შემდგომი რეგენერაციული პროცესები (რეგენერაცია - დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების აღდგენა ორგანიზმის მიერ, ჩვენს შემთხვევაში იგულისხმება ნაოპერაციევ მიდამოში მიმდინარე შეხორცებითი პროცესი). რაც შეეხება ვაკუუმიან დრენაჟს (ის ტომსიკა, რომელიც მილს ჰკიდია, ვაკუუმს ქმნის), ის მოწოდებულია იმისთვის, რომ არ მოხდეს ნაღვლის შეგუბება. მას მაშინ მოხსნიან, როცა მკურნალი ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

 

ჩემს მეუღლეს აგვისტოს დასაწყისში გაუკეთეს ოპერაცია განგრენული აპენდიციტის გამო, რამდენიმე დღის შემდეგ ინფილტრატის ჩამოყალიბების გამო გაუკეთდა მეორე ოპერაცია. და ამ პერიოდის განმავლობაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, სიცხე არ იწევს! ტემპერატურა ძირითადად 37,3-37,50C გრადუსია, დროდადრო 38-38,50C გრადუსამდე იწევს. არსად არაფერი სტკივა, არაფერი აწუხებს. ჩვეულებრივ დადის, გვერდზე ან მუცელზე ადვილად ბრუნდება. ანტიბიოტიკს უკეთებდნენ (სახელი არ მახსოვს, თუ საჭიროა - დავაზუსტებ), მაგრამ მასზე ალერგია აღმოაჩნდა. ანტიბიოტიკი მოუხსნეს, მხოლოდ შეხვევებს უკეთებენ. იქნებ სხვა ანტიბიოტიკი სჭირდება? და მთავარი - რატომ აქვს ამდენი ხნის განმავლობაში სიცხე? რა უნდა იყოს ამის მიზეზი? პატივისცემით მკითხველი

- ასეთი ტემპერატურა ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, "სუფთა" ოპერაციების დროსაც კი არცთუ ისე იშვიათია. ის შეიძლება იყოს პასუხი არა მხოლოდ ინფექციაზე, არამედ ქირურგიულ აგრესიაზეც. და, რა თქმა უნდა, თავს იჩენს ჩირქოვანი პრობლემების არსებობისას. თუ ანტიბიოტიკი აუცილებელია, ექიმები ადვილად ამოარჩევენ რომელიმე მათგანს. ამან თქვენ არ შეგაწუხოთ (და ეს თქვენი საზრუნავი არ არის). მეტად ენდეთ მკურნალ ექიმს, ნაკლებად განიცადეთ ყველაფერი და გვერწმუნეთ, ყველაფერი მალე მოწესრიგდება.

 

გაგანიერებული ვენების გამო გავიკეთე ოპერაცია, ყველაფერი კარგად იყო. ნარკოზის შემდეგ სიცხეც კი არ მქონია. გამოვეწერე სახლში და გამოწერიდან ორიოდე დღეში სხეულის ტემპერატურამ 37,30ჩ გრადუსამდე აიწია. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? გიორგი ბ.

- ოპერაციიდან რამდენიმე დღის, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა სხეულის ტემპერატურამ 37-37,5 გრადუსამდე მოიმატოს. ეს ხდება ვენების ამოკვეთის ადგილებში კანის ანთებადი პროცესების განვითარების გამო, ასევე - ჰემატომის (ოპერაციის დროს ან მის შემდეგ ნაოპერაციევ ადგილას ჩაღვრილი სისხლის) გაწოვის დროს. ის სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს და, ჩვეულებრივ, არც საერთო მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, მაგრამ თუ სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალ რიცხვებს მიუახლოვდა, ფეხზე არსებული ნაწიბურები გაწითლდა და მკვეთრად მტკივნეული გახდა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

 

ტემპერატურა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

დროული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, როცა ავადმყოფთა უმრავლესობა ქირურგიულ განყოფილებაში დაავადების ადრეულ სტადიაზე ხვდება, სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არ აღინიშნება. მწვავე აპენდიციტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტისა და სხვა მწვავე ქირურგიული დაავადებების მქონე მრავალ პაციენტს ტემპერატურა სუბფებრილური (მცირედ მომატებული) აქვს ან 38-38,5 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. მაღალი - 39-40 გრადუსი ტემპერატურა იშვიათია. გვხვდება პნევმოკოკებით (ბაქტერიების სახეობა) გამოწვეული პერიტონიტის დროს, ზოგჯერ კი ბავშვებში მწვავე აპენდიციტის დროს. მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს ტემპერატურა შესაძლოა ნორმის ფარგლებში დარჩეს ან სულაც დაეცეს. ასეთი რამ ხდება ზოგჯერ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის (გახვრეტის), მუცლის ტიფის, მუცელში სისხლდენის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერატურის სწორ ნაწლავში გასინჯვას. მაგალითად, პერიტონიტის - ამ მეტად საშიში გართულების - განვითარებისას იღლიის ქვეშ და სწორ ნაწლავში გასინჯულ მაჩვენებელთა შორის საკმაოდ დიდი სხვაობა - 2-4 გრადუსი ცელსიუსია.

 

ტრავმები და ქირურგიული დაავადებები

ციებ-ცხელება შეინიშნება მწვავე ქირურგიული დაავადებების (აპენდიციტი, პერიტონიტი, ოსტეომიელიტი და სხვა) დროს. დაკავშირებულია ორგანიზმში მოხვედრილ მიკრობებსა და ამ უკანასკნელთა მიერ გამოყოფილ ტოქსინებთან (შხამებთან). ტემპერატურის მომატება ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლოა განპირობებული იყოს ოპერაციულ ტრავმაზე ორგანიზმის რეაქციით. კუნთებისა და ქსოვილების ტრავმების დროს (დაჟეჟილობა, გაგლეჯა და სხვა) ტემპერატურამ შესაძლოა აიწიოს კუნთების ცილების დაშლისა და აუტოანტისხეულების წარმოქმნის გამო. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება: კუნთის დაზიანებისას მასში არსებული ცილები იშლება, გარდა ამისა, დაზიანების ადგილას ხდება სისხლის ჩაღვრაც. ცილის დაშლის პროდუქტები და სისხლი იმ ადგილისთვის უცხო სხეულებია (სისხლძარღვის გარეთ არსებული სისხლი ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღიქმება, ასევე ხდება ცილის შემთხვევაშიც) და ორგანიზმი მათთან ბრძოლას იწყებს. სხეულის ტემპერატურის მომატებისას მეტი ოდენობით სინთეზირდება ანტისხეულები - ნივთიერებები, რომლებმაც ზემოაღნიშნული "უცხო სხეულების" განეიტრალება-გაწოვა უნდა უზრუნველყონ. ამ დროს ტემპერატურის დამწევი საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. დაკვირვებულმა მკითხველმა ალბათ უკვე შეამჩნია პარალელი. კერძოდ, როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, უბრალოდ, გაციებულია და სხეულის ტემპერატურა ოდნავ აქვს მომატებული, სასურველია, მას სიცხის დამწევი არ მივცეთ, რადგან ამით ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ქვეითდება. თერმორეგულაციის (ტემპერატურის რეგულაციის) ცენტრი თავის ტვინშია მოთავსებული, ამიტომ მისი მექანიკური გაღიზიანებაც (ქალა-ფუძის მოტეხილობა) შესაძლოა ტემპერატურის აწევის მიზეზად იქცეს. ქალასშიგა სისხლჩაქცევის დროს (ახალშობილებში), ასევე თავის ტვინის ენცეფალიტით დაზიანების შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა აღინიშნება, რაც თერმორეგულაციის ცენტრალურ დარღვევაზე მეტყველებს. თავის ტვინის ტრავმა შეიძლება იყოს ღიაც (ქალას ძვლების და ტვინის ნივთიერების დაზიანებით) და დახურულიც. დახურულია შერყევა, დაჟეჟილობა და კონტუზია ზეწოლით. მისი ძირითადი ნიშნებია გონების დაკარგვა, განმეორებითი ღებინება და ამნეზია (მეხსიერებიდან იმ მონაკვეთის ამოვარდნა, რომელიც წინ უძღოდა ტრავმას). თავის ტვინის შერყევის მომდევნო დღეებში აღინიშნება ტემპერატურის მცირედი მომატება. მისი ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია და დაზიანების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მზისა და სითბური დაკვრის დროს არ არის აუცილებელი, ორგანიზმის საერთო გადახურება მოხდეს. თერმორეგულაციის დარღვევას იწვევს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება თავსა (თუ ის დაფარული არ არის) და სხეულის გაშიშვლებულ ადგილებზე. სხვადასხვა სიმპტომის (თავბრუ, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა) მიუხედავად, სხეულის ტემპერატურა, წესისამებრ, არ იმატებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში, როცა აღინიშნება აღგზნება, ბოდვა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, სხეულის ტემპერატურაც მაღალ ციფრებს აღწევს. მწვავე აპენდიციტისთვის დამახასიათებელია უეცარი ტკივილი, რომლის ინტენსივობა ნელ-ნელა იმატებს. აღინიშნება გულისრევა, სისუსტე, შეკრულობა და სხვა სიმპტომები, სხეულის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37,2-37,6 გრადუსია, ზოგჯერ ამას ერთვის შემცივნებაც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოზარდებს მწვავე აპენდიციტის დროს სხეულის ტემპერატურა ხშირად გაცილებით მაღალი აქვთ, მაშინ როდესაც ხანდაზმულებს უმეტესად მცირედ თუ უწევთ. პერიტონიტი საკმაოდ რთული და მძიმე პათოლოგიაა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ქირურგიული დაავადების გართულების შედეგად განვითარდეს. პერიტონიტზე მრავალჯერ დაწერილა, ამიტომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. სხეულის ტემპერატურა, წესისამებრ, მაღალია. პერიტონიტის დროს ტემპერატურის დაცემა ცუდი გამოსავლის მაუწყებელია. ჰიპერთერმული სინდრომი - ეს არის სხეულის ტემპერატურის მომატება 40 გრადუსამდე და უფრო მეტად, რასაც თან სდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ხარისხის დარღვევა. სინდრომი ვითარდება სხვადასხვა (ინფექციური, ალერგიული) დაავადების, ავთვისებიანი სიმსივნეების, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, მოწამვლის, ინტენსიური თერაპიის, ტრავმის, მოწამვლისა და ოპერაციული ჩარევის დროს. ჰიპერთერმული სინდრომი უფრო ხშირად წარმოიშობა და მეტად მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. საკმაოდ მძიმე ვარიანტად ითვლება ავთვისებიანი ჰიპერთერმია, რომელიც, მართალია, იშვიათია, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად ლეტალურად სრულდება. ავთვისებიანი ჰიპერთერმია კომბინირებული საერთო ანესთეზიის გართულებად ითვლება და ახასიათებს სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება 42 გრადუს ცელსიუსამდე და უფრო მაღლა, გულის რიტმის დარღვევით, არტერიული წნევის მომატებით და სხვა სიმპტომებით. ავთვისებიანი ჰიპერთერმიის დროს აუცილებლად უნდა შეწყდეს ნარკოზი და ოპერაცია და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა. დაბოლოს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტემპერატურის მომატება, რომელიც უმეტესად ინფექციური დაავადებების დროს შეინიშნება, დამცავი ხასიათისაა და საშიში არ არის, თუმცა აუცილებელია მიზეზის დროულად გარკვევა, რათა არ გამოგვეპაროს ესა თუ ის დაავადება, მათ შორის - მწვავე ქირურგიული პათოლოგია, და დროულად დავიწყოთ ადეკვატური მკურნალობა.