რას მოიცავს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოიცავს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგია

მასში დაგროვილი ბიოლოგიურად აქტიური სითხე - ნაღველი - ცხიმების მონელებასა და ნაწლავში საკვების გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა მსგავსად, ნაღვლის ბუშტის დაავადებებიც უხშირესად ცხოვრების არასწორი წესით, კვების რეჟიმის დარღვევით, იმუნიტეტის დაქვეითებითა და ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების არსებობითაა განპირობებული.

როდის ჩნდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა, რას მოიცავს დასახელებულ ორგანოთა ქირურგია - ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „კარაპს მედლაინის“ მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი - ოთარ კეპულაძე:

- ბატონო ოთარ, როდის ექვემდებარება ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა ოპერაციას?

- ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას ყოველთვის მივმართავთ ქოლეცისტექტომიას, ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას. ნაღველკენჭოვანი დაავადება, ჩვეულებრივ, სიმპტომურად მიმდინარეობს, თავისებური დამახასიათებელი კლინიკა აქვს. იშვიათია შემთხვევა, პაციენტი წლობით ატარებდეს კენჭს და ის არ გამოვლინდეს. ასეთი შემთხვევები უფრო საშიშია, რადგან დაავადება ფარულად მიმდინარეობს და ბევრ გართულებას იწვევს, დიაგნოსტიკა კი ვერ ხერხდება ან ძალიან გვიან ხდება, უკვე გართულებულ შემთხვევაში. ამიტომაც არის აუცილებელი მოსახლეობისთვის პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, კერძოდ, 6 თვეში ერთხელ ულტრაბგერითი კონტროლი ე.წ. უსიმპტომო კენჭების გამოსავლენად.

- გამოდის, რომ ყველა სახისა და ზომის კენჭია საშიში?

- ნამდვილად ასეა. ხშირად, როდესაც ექოსკოპიური გამოკვლევით მცირე ზომის კენჭები ვლინდება, პაციენტებს აკვირვებთ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა - მცირე ზომის კენჭია და რატომ უნდა გავიკეთო ოპერაციაო - აცხადებენ; ქირურგებს კი სწორედ ეს მცირე ზომის კენჭები (2-3 მმ ზომის) უფრო გვაშინებს, რადგან ისინი თავისუფლად მოძრაობს ნაღვლის ბუშტში და ამის გამო ძალიან საშიშია; გადაადგილების კვალად ისინი შესაძლოა ჩაიჭედოს ნაღვლის ბუშტის ყელში ან სადინარში, გამოიწვიოს მწვავე ქოლეცისტიტი, შესაძლოა არ ჩაიჭედოს ნაღვლის ბუშტის სადინარში და გადავარდეს ნაღვლის საერთო სადინარში, რის გამოც ვითარდება სიყვითლე, ქოლანგიტი (ნაღვლის სადინარის ანთება). ასეთ დროს ქირურგი ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ ქოლეცისტექტომიით, საჭირო ხდება ჩარევა ნაღვლის საერთო სადინარზეც.

ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის სრული ამოკვეთა) შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია წესით ანუ მუცელკვეთით, ისე მინიინვაზიური ჩარევით - ლაპაროსკოპიული მეთოდით.

- რატომ არ შეიძლება მხოლოდ კენჭების ამოღება და ნაღვლის ბუშტის შენარჩუნება?

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ისევ ჩამოყალიბდება კენჭები, მეორეც - ნაღვლის ბუშტი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, მასში ანთებადი ნაღველი გროვდება, ეს არაჯანსაღი (პათოლოგიური) სითხე გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, ხვდება კუჭში და ამ ორგანოთა დაავადებებსაც იწვევს. ერთი, თუნდაც მცირე ზომის კენჭის არსებობა უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ნაღვლის ბუშტი მწყობრიდან გამოსულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მსოფლიოში მოწოდებულია ნაღვლის ბუშტის მთლიანად ამოკვეთის რეკომენდაცია (თანამედროვე „გაიდლაინით“).

- როგორ იქცევით ნაღვლის ბუშტში ნალექის არსებობისას?

- ამ დროს სასურველია ჩაერთოს გასტროენტეროლოგი. საზოგადოდ, პაციენტმა ყოველთვის უნდა მიმართოს ისეთ კლინიკას, სადაც არის როგორც გასტროენტეროლოგი, ისე კარდიოლოგი, ქირურგი, რათა სრული კვლევა ჩაუტარდეს და სათანადოდ შეფასდეს მისი მდგომარეობა.

ძალიან ხშირია ხოლმე ქოლეცისტოკარდიული სინდრომი, როდესაც პაციენტს აღენიშნება კარდიული ჩივილები, გამოხატული აქვს მაღალი არტერიული წნევა, ექსტრასისტოლები, სტენოკარდიული ტკივილი, ბევრი ამის გამო მკურნალობს კიდეც გულს, მაგრამ სინამდვილეში მთავარი გამომწვევი მიზეზი ნაღვლის ბუშტში იმალება. ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტამდეც კი მიჰყავს პაციენტები, ამიტომაც არის, რომ კარდიოლოგიურ კლინიკებში ყველა პაციენტს, რომლებსაც გულის მხრივ ჩივილები აღენიშნებათ, აუცილებლად უტარდება სანაღვლე გზების ექოსკოპია, რომ გამოირიცხოს ნაღველკენჭოვანი დაავადება.

- როდის მიმართავთ ენდოსკოპიურ ჩარევას და რა შემთხვევაში ატარებთ ღია წესით ოპერაციას?

- მაქსიმალურად ვცდილობთ პაციენტებს მინიინვაზიური ჩარევით მოვაშოროთ დაავადებული ნაღვლის ბუშტი. ენდოსკოპიური მკურნალობა ღია წესით მიმდინარე ოპერაციასთან შედარებით ბევრად ნაკლებტრავმულია, პაციენტებს ადვილად გადააქვთ პოსტოპერაციული პერიოდი, არ სჭირდებათ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ჩვეულებრივ, საღამოს უკვე ფეხზე დგებიან, მეორე დღეს კი სახლში მიდიან. ოპერაციის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ესაჭიროებათ ზომიერი დიეტის დაცვა, 10 დღის გასვლის შემდეგ კი ყველაფრის ჭამის ნება ეძლევათ.

- ნაღველკენჭოვანი დაავადების გარდა, კიდევ რომელი პათოლოგიის დროს ჩნდება ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევის საჭიროება?

- ნაღვლის ბუშტში პოლიპის არსებობისას. ეს უკანასკნელი ზოგჯერ სრულიად შემთხვევით, პროფილაქტიკური გამოკვლევისას ვლინდება. თუ პოლიპი 5 მმ-ზე ნაკლები ზომისაა, მას დინამიკაში ვაკვირდებით, თუ იზრდება და 5 მმ-ზე მეტ ზომას აღწევს, მაშინ ვკვეთთ ნაღვლის ბუშტს, რადგანაც პოლიპი, საზოგადოდ, მალიგნიზაციის (გაავთვისებიანების) თვალსაზრისით მეტად საშიშია. ნაღვლის ბუშტის სიმსივნე ხომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმსივნეა ორგანოთა შორის, ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ოპერაციული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა პოლიპოზი (მრავლობითი პროცესი, როდესაც ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზების ლორწოვან გარსზე მრავლობითი პოლიპია). 1 სმ-მდე პოლიპი მალიგნიზებულ წარმონაქმნად მიიჩნევა, საშიშია და ამიტომაც ოპერაციის პირდაპირ ჩვენებას წარმოადგენს.

პოლიპი კენჭთან ერთად ასევე საჭიროებს ქოლეცისტექტომიას, არ აქვს მნიშვნელობა პოლიპის ზომას; 55 წელს გადაცილებულ პაციენტებს ნაღვლის ბუშტს მცირე ზომის პოლიპის შემთხვევაშიც კი ვკვეთთ, რადგან ასაკთან ერთად გადაგვარების რისკი მატულობს. ქოლეცისტექტომიას მივმართვათ სიმსივნური პათოლოგიის დროს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ამგვარად, დაზიანებული ნაღვლის ბუშტის შენახვა არც ერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი, ასე რომ ტყუილად უფრთხილდებიან ხოლმე პაციენტები.

- როგორ იქცევით იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიპი ნაღვლის სადინარშია?

- ასეთ დროს ვკვეთთ სადინარის დაზიანებულ ნაწილს, ჯანსაღ ნაწილს კი ნაწლავს ვაკერებთ (შემოვლითი ანასტომოზი) იმისათვის, რომ ნაღველი წვრილ ნაწლავში გადავიდეს. ოპერაცია მუცელკვეთით (ღია წესით) ტარდება.

- კიდევ რა შემთხვევებში მიმართავთ სანაღვლე გზებზე ოპერაციას?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების ერთ-ერთი გართულებაა ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის ჩაჭედვა, ამის გამო ნაღველი არ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, პაციენტს აღენიშნება ტკივილი, შემცივნება, სიყვითლე. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა, რათა სადინარი განთავისუფლდეს და ნაღვლის პასაჟი აღდგეს. თუ ნაღვლის საერთო სადინარში გაჭედილი კენჭი 1 სმ-მდე ზომისაა, შეიძლება გაკეთდეს რეტროგრადული პაპილოსფინქტეროტომია. ამ დროს ენდოსკოპიურად იჭრება ფატერის დვრილი, შევდივართ თორმეტგოჯა ნაწლავიდან და ვიღებთ კენჭს, აღვადგენთ ნაღვლის პასაჭს, შემდეგ კი ლაპაროსკოპიულად ამოვკვეთთ ნაღვლის ბუშტს. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესითაც - გაკეთდეს ქოლედოქოტომია - ნაღვლის საერთო სადინარის გახსნა, კენჭის ამოღება და სადინარის შემდგომ გაკერვა.

ნაღველკენჭოვან დაავადებას სხვადასხვა გართულება ახლავს ხოლმე, მაგალითად, პანკრეატიტი, მთავარი სადინარის ბლოკირების გამო ხშირად ვითარდება აღმავალი ინფექცია და კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, ამ უკანასკნელის გამო კი ზოგჯერ გვიწევს პანკრეასის აპკის დრენირება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს ოპერაცია სიმსივნური დაავადების დროს, მაგალითად, ადენოკარცინომისას, რადგან წარმონაქმნი ზოგჯერ ახშობს სადინარს, იწვევს ქოლანგიტს (სადინარის ანთებას), სიმსივნურ ინტოქსიკაციასთან ერთად ვითარდება სიყვითლე, ტემპერატურული რეაქცია, პაციენტის მდგომარეობა მძიმდება.

ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა აგრეთვე სანაღვლე გზების სტრიქტურები (შევიწროებები). ეს უკანასკნელი შეიძლება განვითარდეს რამდენჯერმე ჩატარებული ოპერაციის გამო. სადინარის შევიწროებულ უბანში ზოგჯერ სტენტი იდგმება, დაზიანებული ნაწილი იკვეთება, ჯანსაღი ნაწილი კი ნაწლავს ეკერება.

- რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს?

- დაავადებათა განვითარებას უხშირესად ნივთიერებათა ცვლის დარღვევები იწვევს, ამიტომაც ჯანსაღი ცხოვრება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, რაციონალური და დაბალანსებული კვება მეტად მნიშვენლოვანია. სანაღვლე გზები ნორმის დროს 4-5-ჯერ უნდა დაიცალოს, ნაღველი რომ არ შეგუბდეს და არ გამოკრისტალდეს. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს. სასურველია საკვები დღეში 4-5-ჯერ მივიღოთ, შიმშილობასა და მოგონილ დიეტებსაც არ მოაქვს სიკეთე - ნაღვლის დაცლის პროცესი ირღვევა ხოლმე.

გარდა ამისა, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგიათა გამოსავლენად აუცილებელია ჩატარდეს პროფილაქტიკური კვლევები. რაც მთავარია, არ ღირს დროის ხარჯვა და სახალხო მკურნალების მიერ დანიშნული ნაყენების სმა ნაღვლის ბუშტში კენჭების დასაშლელად. ეს არ არის შარდკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტში კენჭებს ვერანაირი ნაყენი ვერ შლის.