ფილტვის დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ფილტვის დაავადებათა მკურნალობა

ფილტვის დაავადებათა მკურნალობა
ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ ორგანოს დაავადებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.

- ბატონო კობა, ხომ არ მოიმატა საქართველოში ფილტვის პათოლოგიებით ავადობამ?
- სასუნთქი სისტემის დაავადებები, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გახშირდა. ამის მიზეზად ბევრს თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება მიაჩნია, მაგრამ

ავადობის მატებას მხოლოდ სიგარეტს ვერ დავდებთ ბრალად. მოქმედებს სხვა ფაქტორების მთელი წყებაც: გენეტიკა, არასათანადო კვება, საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობა... ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ადამიანის სასუნთქი გზები ინფექციის გამომწვევების მიმართ მეტად მგრძნობიარეა, რაზეც მწვავე რესპირატორული სინდრომის ხშირი ეპიდემიები მეტყველებს.


- როგორც გულმკერდის ქირურგს, ყველაზე ხშირად რომელ

პათოლოგიებთან გაქვთ საქმე?
- ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა გულმკერდის ტრავმა. დაბეჯითებით ვურჩევ თქვენს მკითხველს: გულმკერდის ყოველგვარ ტრავმას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც დაზიანების გამოვლენა გვიანდება და საქმე რთულდება. ეს უმთავრესად გულმკერდის დახურულ ტრავმებზე ითქმის. ასეთმა დაზიანებამ თავდაპირველად შესაძლოა არავითარი კლინიკური ნიშნით არ მიიქციოს ყურადღება, მერე და მერე კი ჩამოყალიბდეს ჰემოპნევმოთორაქსი - პლევრის ღრუში სისხლისა და ჰაერის დაგროვება - ან ფილტვის კონტუზია, რაც ძალიან მძიმე გართულებებს იწვევს და სიცოცხლესაც კი უქადის საფრთხეს. გულმკერდის ტრავმა შესაძლოა შერწყმული იყოს ქალა-ტვინის ტრავმასთან, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებასთან, მოტეხილობასთან. ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა და ქირურგიული ჩარევის მეთოდი ინდივიდუალურად, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობისა და  ობიექტური სურათის საფუძველზე შეირჩევა.


- საქართველო, განსაკუთრებით - მისი აღმოსავლეთ რეგიონი, ექინოკოკის ენდემური კერაა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- ექინოკოკის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. ამ ოპერაციას თორაკოტომია ეწოდება. ექინოკოკი იმით არის ვერაგი, რომ ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ადამიანი უმეტესად პრაქტიკულად არაფერს უჩივის. მოგვიანებით შესაძლოა თავი იჩინოს ხველამ და უსიამოვნო შეგრძნებამ გულმკერდის არეში. გართულებულ შემთხვევაში ამას შესაძლოა დაერთოს ტემპერატურული რეაქცია, იშვიათად - სისხლიანი ხველა და სხვა სიმპტომები.


- რა არის ბრონქოექტაზიური დაავადება და რა იწვევს მას?
- ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ბრონქების სანათურის შეუქცევადი ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და ამ გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთება ახასიათებს. ბროქოექტაზია შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ისე მეორეული - აღმოცენდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება ან დაერთოს ტუბერკულოზს, სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ აბსცესს. გარდა ამისა, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ბრონქოექტაზიებს. თანდაყოლილი ფორმა ბრონქების ემბრიონული განვითარების მანკის შედეგია, შეძენილი კი ვითარდება წვრილი ბრონქების მიერ სეკრეტის გამოყოფის ქრონიკული დარღვევის გამო, ბრონქების სანათურში უცხო სხეულების მოხვედრის შემთხვევაში, გადიდებული ლიმფური ჯირკვლებისა და სიმსივნის ბრონქებზე ზეწოლის შედეგად. ამ დროს ბრონქები განივრდება, მათში ინფიცირებული სეკრეტი გროვდება და ვითარდება ჩირქოვანი ანთება. განასხვავებენ ბრონქოექტაზიის განვითარების სამ სტადიას.
I სტადიაში მხოლოდ ბრონქები ფართოვდება. გაფართოებული ღრუები ლორწოთია ამოვსებული. ჩირქოვანი პროცესი ჯერ კიდევ არ აღინიშნება.
II სტადიაში ზემოთ აღწერილ ცვლილებებს ემატება ბრონქის კედლის ანთებითი და ჩირქოვანი ცვლილებები. გაფრთოებული ბრონქები უკვე შეიცავს ჩირქს.
III სტადიაში ბრონქებიდან ჩირქოვანი პროცესი გადადის მიმდებარე ფილტვის ქსოვილზე და ყალიბდება ე.წ. პნევმოსკლეროზი.
ბრონქოექტაზიური დაავადება ზოგჯერ ფილტვების ორმხრივი დაზიანებით მიმდინარეობს. ის დიდხანს გრძელდება და პერიოდული გამწვავება ახასიათებს. ზოგი დიდხანს მხოლოდ ხველას უჩივის, ამასთანავე, ნახველის ოდენობა თანდათან იმატებს. ნახველი ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანია. იგი ჭურჭელში ცოტა ხნით რომ გავაჩეროთ, სამ - ჩირქოვან, სეროზულ და ლორწოვან - შრედ დაიყოფა. თუ ავადმყოფი გულმკერდის ტკივილმა და ქოშინმა შეაწუხა, ეს ბრონქოექტაზიური დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს.
ბრონქოექტაზიური დაავადების კლასიკურ ნიშნად მიჩნეულია დოლისებრი თითები და საათის მინისებრი ფრჩხილები. ამ ნიშნების ჩამოყალიბებას ხშირად წინ უძღვის კიდურების მტეხი ტკივილი. თუ ასეთ დროს ავადმყოფის სუნთქვას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დაზიანებული ფილტვის მხარეს გულმკერდის ყაფაზი ჩამორჩება.
ბრონქოექტაზიური დაავადების II სტადიაში ავადმყოფს შრომის უნარი მკვეთრად უქვეითდება, III სტადიაში კი სრულიად კარგავს. ირგვლივ მყოფებისთვის შემაწუხებელია მათ მიერ ამონასუნთქი ჰაერის უსიამო სუნი და დიდი ოდენობით ნახველის გამოყოფა.
ბრონქოექტაზიური დაავადება ხშირად რთულდება ფილტვებიდან სისხლდენით, პლევრის ემპიემით, ფილტვების აბსცესითა და განგრენით, თავის ტვინის აბსცესით, მენინგიტით.


- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია დაავადების მხოლოდ I სტადიაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც რაიმე მიზეზით ქირურგიული ჩარევა ვერ ხერხდება. ავადმყოფისთვის აუცილებელია სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, მაღალკალორიული, ცილებით მდიდარი რაციონის უზრუნველყოფა, ოპტიმალური პირობების შექმნა ფილტვების დაზიანებული უბნის დრენირებისათვის, მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით ანტიბაქტერიული საშუალებების ინექცია. ეს ღონისძიებები ავადმყოფს ოპერაციისთვის ამზადებს. ოპერაციის დროს ფილტვის დაზიანებულ ნაწილს ამოკვეთენ. ოპერაციის შემდგომ ავადმყოფი ხშირად უკეთესობისკენ მიდის და შრომის უნარიც კი უბრუნდება.


- რა არის ფილტვის აბსცესი?
- ფილტვის აბსცესი ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის ქსოვილის დაშლა და ღრუს წარმოქმნა. მის ჩამოყალიბებაში ბრალი მიუძღვით ანაერობულ და აერობულ ბაქტერიებს, ლეგიონელას, აქტინომიციტებს, პათოგნომურ სოკოებს, პროტოზოებს. ფილტვების აბსცესი უმეტესად ასპირაციის (ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში უცხო სხეულის, საჭმლის ნამცეცებისა და სითხის წვეთების მოხვედრის) შედეგად ვითარდება ან ბაქტერიული პნევმონიის გართულებას წარმოადგენს. ასპირაციას ხელს უწყობს მდგომარეობა, როდესაც ირღვევა ყლაპვის ნორმალური რეფლექსი. ასეთი რამ ხშირია ალკოჰოლიკებში, ნარკომანებში, ეპილეფსიური კრუნჩხვის, სედაციური მედიკამენტების გამოყენების, ზოგადი ნარკოზისა და ნევროლოგიური დარღვევების დროს.


- როგორია ფილტვის აბსცესის კლინიკური სურათი?
- გამოყოფენ ფილტვის აბსცესის მიმდინარეობის ორ პერიოდს. პირველი, აბსცესის ფორმირების პერიოდი, 10-12 დღეს გრძელდება. ამ დროს ავადმყოფი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, უმადობას, ამცივნებს, აქვს მშრალი ან მცირენახველიანი ხველა, სტკივა გულმკერდი. თავდაპირველად ტემპერატურა არ არის მაღალი, შემდგომ კი შესაძლოა საკმაოდ მოიმატოს. ავადმყოფს აწუხებს ქოშინი. ზოგჯერ ნეკნთაშუა არე შეხებისას მტკივნეულია და გულმკერდის დაზიანებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. ჩირქგროვის ბრონქებში გარღვევით იწყება დაავადების II პერიოდი. ავადმყოფი ერთბაშად გამოყოფს დიდი ოდენობით სუნიან ნახველს (სავსე პირის სიმპტომი).

ნახველი ჩირქიანია, ზოგჯერ - სისხლნარევიც, და დღე-ღამეში შესაძლოა 200 მლ-დან 1-2 ლ-მდეც კი მოგროვდეს. ნახველის გამოყოფის შემდეგ ტემპერატურა იწევს, ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს, ინტოქსიკაციის მოვლენები სუსტდება. მწვავე აბსცესი უმეტესად პნევმოსკლეროზის ჩამოყალიბებით სრულდება, რაც, ფაქტობრივად, განკურნებაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, გართულდეს პლევრული გამონაჟონით, განვითარდეს ემპიემა, პიოპნევმოთორაქსი, სისხლდენა ფილტვებიდან, ფილტვებში გაჩნდეს ახალი აბსცესური კერები, აბსცესის მეტასტაზები ჩამოყალიბდეს თავის ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში. რაც შეეხება ფილტვების ქრონიკულ აბსცესს, ამ დროს ავადმყოფი უჩივის ხველას უხვი ჩირქოვანი, ხშირად სუნიანი ნახველით, რომელსაც ზოგჯერ სისხლიც აქვს შერეული, აწუხებს ქოშინი, თითები იღებს კომბლის, ფრჩხილები - საათის მინის მოყვანილობას. ცალკეულ ავადმყოფებს (შაქრიანი დიაბეტით, კუჭის კიბოთი დაავადებულებს) იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვის ქსოვილის დიდი უბანი უჩირქდებათ. ორგანიზმი ამას ვერ უმკლავდება და პათოლოგიური პროცესი დიფუზურ ხასიათს იღებს. ვითარდება ფილტვის განგრენა, რომელიც ძლიერი ინტოქსიკაციური გამოვლინებებით მიმდინარეობს. ამ დროს ავადმყოფი გამოყოფს დიდი ოდენობით მყრალ ნახველს. ფილტვის განგრენა მძიმე დაავადებაა, პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.


- როგორ მკურნალობენ ფილტვის აბსცესს?
- ინიშნება ანტიბიოტიკები. 3-7 დღეში ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა დაბლა იწევს. 9-10 დღეში ნახველს სუნი უქრება. მკურნალობა რამდენიმე კვირიდან 2-4 თვემდეც კი გრძელ-დება. ამ პერიოდში სასურველია რენტგენოლოგიური კონტროლი. თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, განვითარდა ძლიერი სისხლდენა, ბრონქების ობსტრუქცია, - ხორციელდება ოპერაციული ჩარევა. ფილტვების აბსცესის პროფილაქტიკა გულისხმობს ასპირაციის თავიდან აცილებას, პნევმონიის დროულ მკურნალობას და სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიას რეციდივებისგან თავის დასაზღვევად.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
იმ მეტ–ნაკლებად სერიოზული პრობლემებიდან, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა შეაწუხოს, ერთ–ერთი არის საზარდულის თიაქარი.
ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად