როდის ჩნდება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის საჭიროება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
როდის ჩნდება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის საჭიროება
როდის ჩნდება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის საჭიროება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”. ჭარბი წონის დაქვეითების კონსერვატული მეთოდების მრავალფეროვნების მიუხედავად, სიმსუქნის ამგვარი მკურნალობა ზოგჯერ ნაკლებად ეფექტურია. მკაცრი დიეტის დაცვისას ადამიანი წონას იკლებს, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ის შეუქცევადად მატულობს. სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებზე, მეთოდებსა და შედეგებზე გვესაუბრება “ავერსის” კლინიკის ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის კოორდინატორი კახაბერ ხაჭაპურიძე.

- ბატონო კახაბერ, რას მოიცავს ბარიატრიული ქირურგია და ითვლება თუ არა ის ესთეტიკური ტიპის ქირურგიულ ჩარევად?

- ბარიატრიული ქირურგია - ეს არის ჭარბი წონის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. ბარიატრიული
ტიპის ოპერაციები ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს პათოლოგიური სიმსუქნე და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა არის არა მარტო სხეულის მასის მნიშვნელოვანი და სტაბილური კლების, არამედ თანმხლები დაავადებებისგან განკურნების ან მათი შემსუბუქების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება.

- რა სახის ბარიატრიული ოპერაციები კეთდება საზოგადოდ და ჩვენთან?

- ბარიატრიულ ქირურგიაში არ არსებობს ერთი უნიკალური ოპერაციის მეთოდი, რომელიც მისაღები იქნებოდა ნებისმიერი პაციენტისათვის. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, როგორებიცაა რესტრიქციული და მალაბსორბციული ტიპის ჩარევები.

რესტრიქციული ტიპის ოპერაციების დროს ხდება საკვების იმ რაოდენობამდე შემცირება, რომელიც შეუძლია მიიღოს პაციენტმა ერთ კვებაზე, ასევე უზრუნველყოფილია სიმაძღრის შეგრძნების სწრაფი და ხანგრძლივი დადგომა. შესაბამისად, პაციენტი იღებს ნაკლებ საკვებს და იწყება წონის კლება.

მალაბსორბციული ტიპის ჩარევების დროს საკვები იმ რაოდენობამდე მცირდება, რისი მიიღებაც პაციენტს ერთ კვებაზე შეუძლია, ამგვარი ოპერაციის შემდეგ პაციენტის მიერ მიღებული საკვების მცირე რაოდენობა შეიწოვება, რთულდება მიღებული საკვების გადამუშავება, რაც აიძულებს პაციენტს მოერიდოს ზედმეტი პროდუქტის მიღებას.

საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში აპრობირებული თითქმის ყველა სახის ბარიატრიული ტიპის ოპერაცია ტარდება. თუმცა არის კონკრეტული ტიპის ოპერაციები, რომლებიც უფრო იშვიათად კეთდება (მალაბსორბციული). დღესდღეობით საქართველოში ბარიატრიული ტიპის ოპერაციებიდან ყველაზე პოპულარულად რესტრიქციული ტიპის ოპერაცია - კუჭის ვერტიკალური გასტრექტომია ითვლება (სლეევე გასტრეცტომყ).

- როდის დგება სიმსუქნის ქირურგიულად მკურნალობის საკითხი?

- როგორც მოგეხსენებათ, სიმსუქნე არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა, ის ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხეა. სიმსუქნე ასოცირებულია ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებთან, რომლებიც ე.წ. თანმხლებ დაავადებებად იწოდება.

მრავალი დაავადება თუ მდგომარეობა, რომლებიც ექიმები ებრძვიან, უშუალოდ უკავშირდება სიმსუქნეს. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო აღნიშნული ტიპის ოპერაციები თითქმის მთელ ევროპაში, ამერიკაში და მათ შორის - საქართველოშიც ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით. სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა ეკონომიკურად ეფექტური და ხარჯების დამზოგველი მეთოდია.

ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) ნორმას (18.5-დან 24.9-მდე) საგრძნობლად აღემატება. მაშინ, როდესაც სიმსუქნე გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში ანუ როდესაც სმი მეტია 40-ზე.

ოპერაციის ჩვენებაა ასევე სმი>35, თუ პაციენტს ამავდოულად გამოხატული აქვს სხვადასხვა თანმხლები დაავადება, გამოწვეული სიმსუქნისგან ან მეტაბოლური სინდრომისგან.

mkurnali.ge- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის და რა სახის გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს მას?

- ბარიატრიული ტიპის ოპერაციებისათვის მომზადების პერიოდს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ჭარბწონიანი პაციენტების შემთხვევაში ამის ერთ-ერთი მიზეზი, სტანდარტულთან შედარებით, გართულებების დიდი რისკია.

მოგეხსენებათ, ბარიატრიული ტიპის ოპერაციები მხოლოდ გეგმური ჩვენებით ტარდება. ამიტომ, პაციენტს ოპერაცია მაშინ უნდა გაუკეთდეს, როცა მისი ორგანიზმი მაქსიმალურად მომზადდება აღნიშნული ჩარევისთვის.

ოპერაციამდე პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი სპეციალისტების კონსულტაციები. აუცილებელია კუჭის სრულფასოვანი შესწავლაც როგორც გასტროსკოპიული, ისე რენტგენოლოგიური კვლევებით.

- საჭიროა თუ არა ოპერაციამდე დიეტის დაცვა?

- წინასაოპერაციო მზადებაში უმნიშვნელოვანესია ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგის ჩართულობა. თითოეულ პაციენტს ისინი კონკრეტულ დიეტას ურჩევენ, საჭიროების შემთხვევაში კი ენიშნებათ მედიკამენტური მკურნალობაც. ოპერაციამდე აუცილებელია, პაციენტმა დაიკლოს სხეულის წონის 5-დან 10%-მდე.

- როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი - კვების რეჟიმი, ფიზიკური დატვირთვა და ოპერაციიდან რამდენ ხანში უბრუნდება ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს?

- 21-ე საუკუნეში მედიცინა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. ყოველდღიურად ინერგება და იხვეწება ახალი ტექნოლოგიები თუ მეთოდები, რომლებიც დიაგნოსტიკურ თუ სამკურნალო მეთოდებს ნაკლებინვაზიურს ხდის პაციენტისთვის.

ბარიატრიულ ქირურგიაში სწორედ ნაკლებინვაზიური მეთოდით ჩატარებულმა ოპერაციებმა დაამტკიცა ტრადიციულ მიდგომასთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები. მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს ბარიატრიული ტიპის ოპერაციათა რაოდენობა.

ოპერაციის შემდეგ, კლინიკიდან გაწერამდე, თითოეული პაციენტისთვის დგება ინდივიდუალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს დეტალურად გაწერილ კვებით რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის გეგმას და ა.შ.

პირველი ორი კვირის განმავლობაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ თხიერი საკვები, შემდეგი 2 კვირა კვების რაციონს ემატება ნახევრად მყარი საკვები, ოპერაციიდან 4 კვირის შემდეგ კი უკვე მყარი საკვების მიღებაც შეუძლიათ.

ფიზიკური აქტივობა, დატვირთვა შეზღუდულია პირველი ორი კვირა. ამის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ცხოვრების ჩვეული რეჟიმის აღდგენა. აქტიურად ვარჯიშის დაწყების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან დაახლოებით 1,5-2 თვეში.

- ოპერაციის შემდგომ როგორია ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ათვისება, ხომ არ არის საჭირო დამატებით მათი მიღება და რამდენ ხანს შეიძლება დასჭირდეს ეს პაციენტს?

- ოპერაციიდან ექვსი კვირის შემდეგ ყველა პაციენტს ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი მელთვალყურეობს. ინტენსიურად ტარდება საჭირო კვლევები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების დეფიციტი, მას პრეპარატებით ავსებენ.

- რა შეიძლება იყოს ბარიატრიული ოპერაციის უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები?

- როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, ბარიატრიული ტიპის ოპერაციებსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ პათოლოგიური სიმსუქნის გართულებების რისკი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ქირურგიული პროცედურისა.

- დაახლოებით რამდენი შეიძლება დაიკლოს ადამიანმა ბარიატრიული ოპერაციის შედეგად და რა პერიოდში?

- ბარიატრიული ქირურგიის საშუალებით მიიღწევა წონის ჯანსაღი კლება ხანგრძლივ დროზე გათვლილი შედეგებით.

ოპერაციიდან 12-18 თვის განმავლობაში პაციენტები იკლებენ რამდენიმე ათეულ კილოგრამს, სისხლში შაქრის დონეც ნორმალიზდება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს რამდენიმე ტიპის ბარიატრიული ოპერაცია, შესაბამისად, თითოეულს წონის კლების განსხვავებული შედეგები აქვს, მაგალითად:

ნ სლივ-გასტრექტომიის შედეგად ჭარბი წონა იკლებს 60-70%-ით.
ნ გასტროშუნტირების შედეგად კი 80-90%-ით.

პათოლოგიური სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა. თუმცა, აქვე დავძენდი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უარყოფითი გავლენა ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციობაზე.

ბარიატრიული ქირურგია კი ნამდვილად იძლევა ჯანმრთელი და სრულყოფილი სიცოცხლის საუკეთესო შესაძლებლობას.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ნანგრევებში მოყოლილი სამი მოზარდიდან ორი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას
10-09-2018
სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, წითელი ხორცისა და ალკოჰოლის შეზღუდვა ექიმების ძირითადი
26-08-2018
მეცნიერები გვიპრდებიან, რომ მალე ერთი ინექცია საკმარისი იქნება წონაში მატების თავიდან ასაცილებლად.
24-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
დღესდღეობით ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციებია.
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
რუსმა მკვლევარებმა კრასნოიარსკიდან წარმოადგინეს ბაქტერიული ცელულოზისგან შექმნილი უცნაური აპკები (ერთგვარი გარსები), რომლებიც
როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტი? (ნახეთ ვიდეო)
აღმოჩნდა, რომ შაქარს შეუძლია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მქონე ადამიანთა დახმარება, მაგალითად, მოხუცებულებისა და შაქრიანი
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება