ბარიატრიული ქირურგია მხოლოდ დასაწყისია - ნაბიჯი ახალი სიცოცხლისკენ
დიეტები და ვარჯიში ხშირად უშედეგოა, რადგან ორგანიზმი უკვე ჩაკეტილია მეტაბოლურ მანკიერ წრეში.
სწორედ აქ გვეხმარება ბარიატრიული ქირურგია – თანამედროვე მედიცინის უძლიერესი იარაღი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ზედმეტი წონისგან გათავისუფლება, არამედ სიცოცხლის ხარისხის რადიკალური გაუმჯობესება. ეს არის სტარტაპი ჯანმრთელობისკენ, რევოლუციური ჩარევა, რომელიც ორგანიზმს აძლევს შანსს, დაიწყოს ყველაფერი თავიდან – შემცირდეს შიმშილის ჰორმონი, დარეგულირდეს დიაბეტი და დაიბრუნოს ენერგია.
თუმცა, როგორც ნებისმიერი ძლიერი ინსტრუმენტი, ბარიატრიაც მოითხოვს პასუხისმგებლობას. ჩვენ ხშირად გვესმის მითები 'ადვილი გზის' შესახებ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ოპერაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საბოლოო წარმატება, წონის შენარჩუნება და ცხოვრების ახალი ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია პაციენტის ნებასა და დისციპლინაზე.
იმისთვის, რომ ამ პროცედურის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები და მითები გავფანტოთ, ვესაუბრებით მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ზოგად და ბარიატრიულ ქირურგს, პროფესორ დავით აბულაძეს.
- ბატონო დავით, მართალია თუ არა, რომ ბარიატრიული ოპერაცია არის „ჯადოსნური აბი“, გახდომის მარტივი გზა და საშუალება, რათა პაციენტმა თავი აარიდოს რთულ დიეტებსა და ფიზიკურ შრომას?
- ბარიატრიული ოპერაცია არ არის ჯადოსნური აბი, გახდომის მარტივი გზა და საშუალება. ეს არის სერიოზული ქირურგიული ჩარევა პათოლოგიური სიმსუქნის სამკურნალოდ, რომელიც წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს პაციენტის ხელში. ოპერაცია „აძლევს სტარტს“ ორგანიზმს, მაგრამ გრძელვადიანი შედეგი მთლიანად დამოკიდებულია პაციენტის დისციპლინასა და ცხოვრების სტილის 180-გრადუსიან ცვლილებაზე.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ოპერაციის შემდეგ ყველაფერი თავისით მოგვარდება და ძველებურად განაგრძობს ცხოვრებას, წარმატება არ დადგება. ეს არის ერთობლივი, მულტიდისციპლინური ბრძოლა, სადაც ქირურგი აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პაციენტის გონებრივი და ქცევითი შრომა გადამწყვეტია.
- მართალია, რომ ბარიატრიულ ოპერაციას შეუძლია ტიპი 2 დიაბეტისგან „განკურნება“?
- ტერმინი „განკურნება“ სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, თუმცა რეალობა შთამბეჭდავია. ბარიატრიული ქირურგია, განსაკუთრებით გასტროშუნტირების ტიპის ოპერაციები, უმეტეს შემთხვევაში იწვევს ტიპი 2 დიაბეტის სრულ რემისიას. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს აღარ სჭირდება მედიკამენტები ან ინსულინი და მისი სისხლში შაქრის დონე ნორმალიზებულია.
ეს ეფექტი არ არის მხოლოდ წონის კლების დამსახურება. ეს არის მეტაბოლური ეფექტი: ოპერაციის შედეგად, საკვები პროდუქტები წვრილი ნაწლავის საწყოს ნაწილს გვერდს უვლის, რაც ცვლის ნაწლავის ჰორმონების გამოყოფას. ეს ჰორმონები (როგორიცაა GLP-1) მყისიერად აუმჯობესებენ ინსულინის მგრძნობელობას ორგანიზმში, ზოგჯერ ოპერაციიდან რამდენიმე დღეშიც კი, მანამდე, სანამ პაციენტი მნიშვნელოვნად დაიკლებს წონაში. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამას მეტაბოლურ ქირურგიას და არა მხოლოდ წონის კლების ოპერაციას.
- ოპერაციის შემდეგ ქრება თუ არა შიმშილის გრძნობა და თუ ქრება, რატომ?
- ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტი, განსაკუთრებით სლივ-გასტრექტომიის დროს, არის შიმშილის გრძნობის მკვეთრი შემცირება ან სრული გაქრობა.
ეს ხდება იმიტომ, რომ კუჭის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაშორებთ, არის ადგილი, სადაც გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი – გრელინი. ამ ნაწილის მოცილებით, გრელინის დონე ეცემა. შესაბამისად, პაციენტი ფიზიკურად ვეღარ გრძნობს იმ მტანჯველ შიმშილს, რომელიც მანამდე აიძულებდა ჭარბი საკვების მიღებას. თუმცა, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ფიზიკური შიმშილი და ემოციური შიმშილი. ოპერაცია ფიზიკურ შიმშილს აქრობს, მაგრამ ემოციური ჭამის პრობლემას (სტრესის, მოწყენილობის, ბედნიერების ') ფსიქოლოგთან მუშაობა სჭირდება.
- ბარიატრიული ოპერაცია ბულიმიის ან კვებითი აშლილობის სხვა ფორმების პრობლემასაც ხსნის? თუ პაციენტს აქვს ემოციური ჭამის პრობლემა, ხომ არ არის რისკი, რომ ოპერაციის შემდეგ ეს პრობლემა უბრალოდ სხვა დამოკიდებულებაში გადაიზარდოს?
-კატეგორიულად არა. ბარიატრიული ქირურგია არ არის კვებითი აშლილობების სამკურნალო მეთოდი. აქტიური ბულიმია ან ანორექსია, ისევე როგორც მძიმე კვებითი აშლილობა, უკუჩვენებაა ოპერაციის ჩასატარებლად.
თუ პაციენტი ოპერაციის შემდეგ ვერ ახერხებს ემოციურ პრობლემებთან გამკლავებას, მოსალოდნელია:
- პრობლემის ტრანსფერი - ემოციური ჭამა ან ბულიმიური ქცევა შეიძლება გადაიზარდოს სხვა დამოკიდებულებაში (ალკოჰოლი, აზარტული თამაშები).
- ფიზიკური რისკი - ბულიმიური ქცევის მქონე პაციენტმა შეიძლება ფიზიკურად დააზიანოს ოპერაციის შედეგად შემცირებული კუჭი.
ამიტომაც, ნებისმიერ ბარიატრიულ პროგრამაში ფსიქოლოგი არის გუნდის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შეძლოს ახალ ცხოვრების წესთან ადაპტირება.
- რისი ჭამა ეკრძალებათ პაციენტებს მთელი ცხოვრების განმავლობაში? რა არის ყველაზე რთული საკვები, რომელზეც უარის თქმა უწევთ?
- არსებობს სამი ძირითადი რამ, რაც მუდმივად აკრძალულია ან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, რადგან ისინი ან აზიანებენ კუჭის ახალ ფორმას, ან ხელს უშლიან წონის კლებას:
- გაზიანი სასმელები: მათ შორის გაზიანი წყალიც. გაზი წელავს კუჭის მილს და დროთა განმავლობაში შესაძლოა გაზარდოს მისი მოცულობა, რაც ოპერაციის ეფექტს გაანულებს.
- მაღალკალორიული სითხეები („თხევადი კალორიები“): წვენები, შაქრიანი ჩაი/ყავა, ნაყინის კოქტეილები და განსაკუთრებით ალკოჰოლი. სითხე მყარი საკვებისგან განსხვავებით სწრაფად გადის კუჭში, არ იწვევს დანაყრებას, მაგრამ უზრუნველყოფს კალორიების დიდი დოზით მიღებას.
- ჭამა და სმა ერთდროულად: ეს არის მკაცრი წესი. კუჭი არის პატარა და თუ მას საკვებითა და სითხით ერთდროულად შევავსებთ, ეს დისკომფორტს და გაწელვას გამოიწვევს. პაციენტებმა უნდა დალიონ ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
ყველაზე რთული, როგორც წესი, არის სოციალური შეზღუდვები (სადღესასწაულო სუფრა, დიდი პორცია) და ტკბილეული, რადგან ზოგიერთი ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შაქრიანი საკვების მიღება იწვევს მძიმე მდგომარეობას – ე.წ. დემპინგ-სინდრომს (თავბრუსხვევა, ოფლიანობა, გულისრევა).
- რამდენად დიდია წონის დაბრუნების რისკი? რატომ იმატებს ზოგიერთი პაციენტი წონას წლების შემდეგ?
- წონის გარკვეული ნაწილის (ჩვეულებრივ, დაკლებული წონის 5-15%-ის) დაბრუნება ნორმალურია. თუმცა, თუ პაციენტი კარგავს შედეგის 25%-ზე მეტს, ეს უკვე პრობლემაა.
მთავარი მიზეზი ყოველთვის ქცევაშია. წონის დაბრუნების მიზეზებია:
- თხევადი კალორიები: ეს არის N1 მტერი. თუ პაციენტი მყარი საკვებით ვერ იღებს ბევრ კალორიას, ის მარტივად გადადის ტკბილ, შაქრიან სასმელებზე (წვენები, ლიმონათი, ლუდები), რაც აბათილებს ოპერაციის ეფექტს.
- რბილი, მარტივად მოსანელებელი საკვები: პაციენტები, რომლებსაც არ უნდათ ღეჭვა ან ცილების მიღება, გადადიან ჩიფსებზე, შოკოლადებზე, ნამცხვრებზე, რაც მარტივად გადის კუჭში და არის მაღალკალორიული.
- ძველი ფსიქოლოგიური ჩვევები: თუ პაციენტმა ემოციური ჭამის პრობლემა არ გადაჭრა ფსიქოლოგთან, ის დროთა განმავლობაში ცდილობს შეჭამოს ხშირად, მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში, რაც საბოლოოდ კუჭს წელავს და წონის მატებას იწვევს.
ოპერაციის გრძელვადიანი წარმატება 70% პაციენტის დისციპლინაა, 30% კი – ქირურგიული პროცედურა.
სპეციალურად საიტისთვის