ფილტვის დაავადებათა მკურნალობა
ხოლო დიდ ბრიტანეთში უსწრებს კიდეც გულის დაავადებებს. ფილტვის დაავადებებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ევროპაში დაახლოებით 102 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფილტვის დაავადებებზე გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.
- ბატონო კობა, ხომ არ მოიმატა საქართველოში ფილტვის პათოლოგიებით ავადობამ?
- სასუნთქი სისტემის დაავადებები, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გახშირდა. ამის მიზეზად ბევრს თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება მიაჩნია, მაგრამ ავადობის მატებას მხოლოდ სიგარეტს ვერ დავდებთ ბრალად. მოქმედებს სხვა ფაქტორების მთელი წყებაც: გენეტიკა, არასათანადო კვება, საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობა... ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ადამიანის სასუნთქი გზები ინფექციის გამომწვევების მიმართ მეტად მგრძნობიარეა, რაზეც მწვავე რესპირატორული სინდრომის ხშირი ეპიდემიები მეტყველებს.
- როგორც გულმკერდის ქირურგს, ყველაზე ხშირად რომელ პათოლოგიებთან გაქვთ საქმე?
- ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა გულმკერდის ტრავმა. დაბეჯითებით ვურჩევ თქვენს მკითხველს: გულმკერდის ყოველგვარ ტრავმას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც დაზიანების გამოვლენა გვიანდება და საქმე რთულდება. ეს უმთავრესად გულმკერდის დახურულ ტრავმებზე ითქმის. ასეთმა დაზიანებამ თავდაპირველად შესაძლოა არავითარი კლინიკური ნიშნით არ მიიქციოს ყურადღება, მერე და მერე კი ჩამოყალიბდეს ჰემოპნევმოთორაქსი - პლევრის ღრუში სისხლისა და ჰაერის დაგროვება - ან ფილტვის კონტუზია, რაც ძალიან მძიმე გართულებებს იწვევს და სიცოცხლესაც კი უქადის საფრთხეს. გულმკერდის ტრავმა შესაძლოა შერწყმული იყოს ქალა-ტვინის ტრავმასთან, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებასთან, მოტეხილობასთან. ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა და ქირურგიული ჩარევის მეთოდი ინდივიდუალურად, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობისა და ობიექტური სურათის საფუძველზე შეირჩევა.
- საქართველო, განსაკუთრებით - მისი აღმოსავლეთ რეგიონი, ექინოკოკის ენდემური კერაა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- ექინოკოკის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. ამ ოპერაციას თორაკოტომია ეწოდება. ექინოკოკი იმით არის ვერაგი, რომ ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ადამიანი უმეტესად პრაქტიკულად არაფერს უჩივის. მოგვიანებით შესაძლოა თავი იჩინოს ხველამ და უსიამოვნო შეგრძნებამ გულმკერდის არეში. გართულებულ შემთხვევაში ამას შესაძლოა დაერთოს ტემპერატურული რეაქცია, იშვიათად - სისხლიანი ხველა და სხვა სიმპტომები.
- რა არის ბრონქოექტაზიური დაავადება და რა იწვევს მას?
- ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ბრონქების სანათურის შეუქცევადი ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და ამ გაგანიერებული ბრონქების ქრონიკული ბაქტერიული ანთება ახასიათებს. ბროქოექტაზია შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ისე მეორეული - აღმოცენდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება ან დაერთოს ტუბერკულოზს, სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ აბსცესს. გარდა ამისა, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ბრონქოექტაზიებს. თანდაყოლილი ფორმა ბრონქების ემბრიონული განვითარების მანკის შედეგია, შეძენილი კი ვითარდება წვრილი ბრონქების მიერ სეკრეტის გამოყოფის ქრონიკული დარღვევის გამო, ბრონქების სანათურში უცხო სხეულების მოხვედრის შემთხვევაში, გადიდებული ლიმფური ჯირკვლებისა და სიმსივნის ბრონქებზე ზეწოლის შედეგად. ამ დროს ბრონქები განივრდება, მათში ინფიცირებული სეკრეტი გროვდება და ვითარდება ჩირქოვანი ანთება. განასხვავებენ ბრონქოექტაზიის განვითარების სამ სტადიას.
I სტადიაში მხოლოდ ბრონქები ფართოვდება. გაფართოებული ღრუები ლორწოთია ამოვსებული. ჩირქოვანი პროცესი ჯერ კიდევ არ აღინიშნება.
II სტადიაში ზემოთ აღწერილ ცვლილებებს ემატება ბრონქის კედლის ანთებითი და ჩირქოვანი ცვლილებები. გაფრთოებული ბრონქები უკვე შეიცავს ჩირქს.
III სტადიაში ბრონქებიდან ჩირქოვანი პროცესი გადადის მიმდებარე ფილტვის ქსოვილზე და ყალიბდება ე.წ. პნევმოსკლეროზი.
ბრონქოექტაზიური დაავადება ზოგჯერ ფილტვების ორმხრივი დაზიანებით მიმდინარეობს. ის დიდხანს გრძელდება და პერიოდული გამწვავება ახასიათებს. ზოგი დიდხანს მხოლოდ ხველას უჩივის, ამასთანავე, ნახველის ოდენობა თანდათან იმატებს. ნახველი ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანია. იგი ჭურჭელში ცოტა ხნით რომ გავაჩეროთ, სამ - ჩირქოვან, სეროზულ და ლორწოვან - შრედ დაიყოფა. თუ ავადმყოფი გულმკერდის ტკივილმა და ქოშინმა შეაწუხა, ეს ბრონქოექტაზიური დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს.
ბრონქოექტაზიური დაავადების კლასიკურ ნიშნად მიჩნეულია დოლისებრი თითები და საათის მინისებრი ფრჩხილები. ამ ნიშნების ჩამოყალიბებას ხშირად წინ უძღვის კიდურების მტეხი ტკივილი. თუ ასეთ დროს ავადმყოფის სუნთქვას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დაზიანებული ფილტვის მხარეს გულმკერდის ყაფაზი ჩამორჩება.
ბრონქოექტაზიური დაავადების II სტადიაში ავადმყოფს შრომის უნარი მკვეთრად უქვეითდება, III სტადიაში კი სრულიად კარგავს. ირგვლივ მყოფებისთვის შემაწუხებელია მათ მიერ ამონასუნთქი ჰაერის უსიამო სუნი და დიდი ოდენობით ნახველის გამოყოფა.
ბრონქოექტაზიური დაავადება ხშირად რთულდება ფილტვებიდან სისხლდენით, პლევრის ემპიემით, ფილტვების აბსცესითა და განგრენით, თავის ტვინის აბსცესით, მენინგიტით.
- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- კონსერვატიული მკურნალობა შესაძლებელია დაავადების მხოლოდ I სტადიაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც რაიმე მიზეზით ქირურგიული ჩარევა ვერ ხერხდება. ავადმყოფისთვის აუცილებელია სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, მაღალკალორიული, ცილებით მდიდარი რაციონის უზრუნველყოფა, ოპტიმალური პირობების შექმნა ფილტვების დაზიანებული უბნის დრენირებისათვის, მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით ანტიბაქტერიული საშუალებების ინექცია. ეს ღონისძიებები ავადმყოფს ოპერაციისთვის ამზადებს. ოპერაციის დროს ფილტვის დაზიანებულ ნაწილს ამოკვეთენ. ოპერაციის შემდგომ ავადმყოფი ხშირად უკეთესობისკენ მიდის და შრომის უნარიც კი უბრუნდება.
- რა არის ფილტვის აბსცესი?
- ფილტვის აბსცესი ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის ქსოვილის დაშლა და ღრუს წარმოქმნა. მის ჩამოყალიბებაში ბრალი მიუძღვით ანაერობულ და აერობულ ბაქტერიებს, ლეგიონელას, აქტინომიციტებს, პათოგნომურ სოკოებს, პროტოზოებს. ფილტვების აბსცესი უმეტესად ასპირაციის (ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში უცხო სხეულის, საჭმლის ნამცეცებისა და სითხის წვეთების მოხვედრის) შედეგად ვითარდება ან ბაქტერიული პნევმონიის გართულებას წარმოადგენს. ასპირაციას ხელს უწყობს მდგომარეობა, როდესაც ირღვევა ყლაპვის ნორმალური რეფლექსი. ასეთი რამ ხშირია ალკოჰოლიკებში, ნარკომანებში, ეპილეფსიური კრუნჩხვის, სედაციური მედიკამენტების გამოყენების, ზოგადი ნარკოზისა და ნევროლოგიური დარღვევების დროს.
- როგორია ფილტვის აბსცესის კლინიკური სურათი?
- გამოყოფენ ფილტვის აბსცესის მიმდინარეობის ორ პერიოდს. პირველი, აბსცესის ფორმირების პერიოდი, 10-12 დღეს გრძელდება. ამ დროს ავადმყოფი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, უმადობას, ამცივნებს, აქვს მშრალი ან მცირენახველიანი ხველა, სტკივა გულმკერდი. თავდაპირველად ტემპერატურა არ არის მაღალი, შემდგომ კი შესაძლოა საკმაოდ მოიმატოს. ავადმყოფს აწუხებს ქოშინი. ზოგჯერ ნეკნთაშუა არე შეხებისას მტკივნეულია და გულმკერდის დაზიანებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. ჩირქგროვის ბრონქებში გარღვევით იწყება დაავადების II პერიოდი. ავადმყოფი ერთბაშად გამოყოფს დიდი ოდენობით სუნიან ნახველს (სავსე პირის სიმპტომი).
ნახველი ჩირქიანია, ზოგჯერ - სისხლნარევიც, და დღე-ღამეში შესაძლოა 200 მლ-დან 1-2 ლ-მდეც კი მოგროვდეს. ნახველის გამოყოფის შემდეგ ტემპერატურა იწევს, ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს, ინტოქსიკაციის მოვლენები სუსტდება. მწვავე აბსცესი უმეტესად პნევმოსკლეროზის ჩამოყალიბებით სრულდება, რაც, ფაქტობრივად, განკურნებაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, გართულდეს პლევრული გამონაჟონით, განვითარდეს ემპიემა, პიოპნევმოთორაქსი, სისხლდენა ფილტვებიდან, ფილტვებში გაჩნდეს ახალი აბსცესური კერები, აბსცესის მეტასტაზები ჩამოყალიბდეს თავის ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში. რაც შეეხება ფილტვების ქრონიკულ აბსცესს, ამ დროს ავადმყოფი უჩივის ხველას უხვი ჩირქოვანი, ხშირად სუნიანი ნახველით, რომელსაც ზოგჯერ სისხლიც აქვს შერეული, აწუხებს ქოშინი, თითები იღებს კომბლის, ფრჩხილები - საათის მინის მოყვანილობას. ცალკეულ ავადმყოფებს (შაქრიანი დიაბეტით, კუჭის კიბოთი დაავადებულებს) იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვის ქსოვილის დიდი უბანი უჩირქდებათ. ორგანიზმი ამას ვერ უმკლავდება და პათოლოგიური პროცესი დიფუზურ ხასიათს იღებს. ვითარდება ფილტვის განგრენა, რომელიც ძლიერი ინტოქსიკაციური გამოვლინებებით მიმდინარეობს. ამ დროს ავადმყოფი გამოყოფს დიდი ოდენობით მყრალ ნახველს. ფილტვის განგრენა მძიმე დაავადებაა, პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.
- როგორ მკურნალობენ ფილტვის აბსცესს?
- ინიშნება ანტიბიოტიკები. 3-7 დღეში ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა დაბლა იწევს. 9-10 დღეში ნახველს სუნი უქრება. მკურნალობა რამდენიმე კვირიდან 2-4 თვემდეც კი გრძელდება. ამ პერიოდში სასურველია რენტგენოლოგიური კონტროლი. თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, განვითარდა ძლიერი სისხლდენა, ბრონქების ობსტრუქცია, - ხორციელდება ოპერაციული ჩარევა. ფილტვების აბსცესის პროფილაქტიკა გულისხმობს ასპირაციის თავიდან აცილებას, პნევმონიის დროულ მკურნალობას და სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიას რეციდივებისგან თავის დასაზღვევად.
- რა არის პნევმოთორაქსი და როგორ მკურნალობენ მას?
- პნევმოთორაქსი პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის იწყება ძლიერი ტკივილით, სუნთქვის უკმარისობით, ხველებით, სწრაფი დაღლით, ქოშინით, ტკივილებით გულის არეში. ამ სიმპტომების გამო ავადმყოფს ზოგჯერ შეცდომით თერაპიულ ან კარდიოლოგიურ კლინიკაში ათავსებენ. შესაძლოა, დაზიანებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩებოდეს, ნეკნთაშუა არეები გამოიდრიკოს. ასეთი სიმპტომების არსებობისას ლოდინი და თვითმკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება. ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. გამოკვლევის საფუძველზე მკურნალობის მეთოდი - მცირე ინვაზიური ჩარევა ან დიდმასშტაბიანი ოპერაცია - თორაკოტომია.
- ფილტვის დაავადებებს ტკივილი ყოველთვის სდევს თან?
- თავად ფილტვმა ტკივილი არ იცის. თუ გტკივა, მაშინ საეჭვოა მშრალი პლევრიტი - პლევრის მშრალი ანთება. ტკივილს ამ დროს პლევრის ფურცლების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს. საზოგადოდ, ტკივილის მოხსნა განკურნების მანიშნებელია, პლევრიტის შემთხვევაში კი ეს ნიშანი ყოველთვის როდი მეტყველებს გამოჯანმრთელებაზე - შესაძლოა, ის იმის მაუწყებელი იყოს, რომ მშრალი პლევრიტი ექსუდაციურში გადავიდა ანუ პლევრის ფურცლებს შორის სითხე დაგროვდა. ამ დროს ისინი ერთმანეთს აღარ ეხახუნება და ტკივილიც ქრება.
- რა არის პლევრიტი და რა იწვევს მას?
- ფილტვს გარედან ფარავს ორი ფურცლისგან შემდგარი გარსი, რომელიც მას გულმკერდის ღრუსგან გამოყოფს. ამ გარსს პლევრა ეწოდება. სწორედ მისი ანთებაა პლევრიტი. ის, წესისამებრ, დამოუკიდებელად (პირველადად) კი არ აღმოცენდება, არამედ ფილტვის რომელიმე დაავადების ან პლევრასთან ახლო მდებარე სტრუქტურებში (მკერდის ძვალი, დიაფრაგმა, შუასაყარი) მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგად ვითარდება. არც ის არის გამორიცხული, ანთება რომელიმე ზოგადი დაავადების გამო წარმოიშვას. ასე რომ, პლევრიტის მიზეზი მრავალფეროვანია. ამის კვალობაზე, განასხვავებენ:
- ინფექციურ პლევრიტს - პლევრაზე ინფექციის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებულ ანთებას. ის შეიძლება იყოს ტუბერკულოზური, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, სიფილისური, ბრუცელოზური და სხვა ეტიოლოგიისა;
- არაინფექციურ პლევრიტს, რომელსაც იწვევს, მაგალითად, სიმსივნე, სისტემური დაავადებები (წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი, რევმატიზმი), ტრავმა, ოპერაციული ჩარევა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი და სხვა.
პლევრიტი მშრალიც შეიძლება იყოს და ექსუდაციურიც (ამ უკანასკნელს ხალხში სველს უწოდებენ). მშრალი პლევრიტის დროს პლევრის ფურცლებს შორის ფიბრინული გამონაჟონი აღინიშნება, ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში კი პლევრის ღრუში ანთებითი სითხე გროვდება. ეს სითხე შეიძლება იყოს სეროზული, სეროზულ-ფიბრინული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული (სისხლიანი)... აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პლევრის ღრუში შეიძლება დაგროვდეს არაანთებადი სითხე ანუ ტრანსუდატიც. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის, ღვიძლის ციროზის დროს.
- რას უჩივის პლევრიტით დაავადებული?
- მშრალი პლევრიტი, წესისამებრ, მწვავედ იწყება. ავადმყოფები უჩივიან გულმკერდის ტკივილს, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის, ხველების, ცემინებისა და მოძრაობის დროს. ამ დროს ტკივილი უმთავრესად ფიბრინული ნადების ზონაში ლოკალიზდება. ზოგჯერ აღინიშნება მშრალი ხველა, სუბფებრილური (38 0C-მდე) ტემპერატურა. თუ ავადმყოფს კარგად დავაკვირდებით გულმკერდზე, შევამჩნევთ, რომ დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. ამ სიმპტომებს შესაძლოა ერთვოდეს ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ფონენდოსკოპში ამ დროს ისმის პლევრის ხახუნი, რაც მშრალი პლევრიტისთვის არის დამახასიათებელი, სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები შეიმჩნევა (მომატებულია ედსი და ლეიკოციტოზი). რენტგენოგრამაზე მშრალი პლევრიტის შემთხვევაში საგულისხმო ცვლილებები არ არის გამოხატული.
ექსუდაციური პლევრიტის დროს ავადმყოფები უჩივიან გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ - მშრალ ხველას. თუ პლევრაში სითხის ჩადგომას წინ უძღოდა პლევრის ფურცლების ფიბრინული ანთება - მშრალი პლევრიტი, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტკივილით მიმდინარეობს, მაშინ სითხის ჩადგომასთან ერთად ტკივილი შესუსტდება ან გაქრება. ხშირად ამ დაავადებას თან სდევს ცხელება. თუ ექსუდატი მნიშვნელოვანი ოდენობით დაგროვდა, წამყვანი სიმპტომი ხდება ქოშინი. ავადმყოფს უჭირს სუნთქვა (სუნთქავს გახშირებით, ზერელედ). დიაგნოსტიკისთვის წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენულ კვლევას, ულტრაბგერით (ექოსკოპია) გამოკვლევასა და პლევრის ღრუს პუნქციას.
ექსუდატის დაჩირქების შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი პლევრიტი - პლევრის ემპიემა. ამ დროს ავადმყოფის მდგომარეობა შესამჩნევად მძიმდება, ტემპერატურა იმატებს, ხშირად - საგრძნობლადაც. ავადმყოფს ამცივნებს, ინტოქსიკაციის ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული. ექსუდაციური პლევრიტის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. სეროზული ექსუდატი, ჩვეულებრივ, ადვილად გაიწოვება და პლევრის ფურცლებს შორის შეხორცებები ვითარდება. შეხორცება განსაკუთრებით ხშირია პლევრის ემპიემის დროს.
- ზემოთ ბრძანეთ, რომ გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, სითხე შეიძლება იყოს ანთებითი (ექსუდატი) ან არაანთებითი (ტრანსუდატი) ხასიათისა. ალბათ ამას სადიაგნოსტიკო მნიშვნელობაც აქვს. როგორ ადგენენ სითხის ხასიათს?
- მიუხედავად იმისა, რომ სითხის დაყოფა ექსუდატად და ტრანსუდატად აბსოლუტური არ არის, ასეთი კლასიფიკაცია მაინც სასარგებლოა დიფერენციული დიაგნოზის საწარმოებლად და პლევრის ღრუში მისი წარმოშობის მიზეზის დასადგენად. ექსუდატისა და ტრანსუდატის ურთიერთგასამიჯნავად პლევრის ღრუდან აღებულ სითხეში რეკომენდებულია განისაზღვროს ცილის შემცველობა, ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობა, ლეიკოციტების რაოდენობა, გლუკოზის დონე, PH. ტრანსუდატისა და ექსუდატის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები განსხვავებულია. იგივე გამოკვლევები ტარდება სისხლშიც.
- რას ითვალისწინებს პლევრიტის მკურნალობა?
- მშრალი პლევრიტის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების (ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი და სხვა) ლიკვიდაციისკენ. პარალელურად უნდა წარიმართოს სიმპტომური მკურნალობა ანალგეტიკებით (ტკივილის მოსახსნელად) და ხველის შემასუსტებელი პრეპარატებით.
ექსუდაციური პლევრიტის მკურნალობაც გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. იგი კომპლექსურია და მოიცავს:
- ანტიბიოტიკოთერაპიას ინფექციურ-ალერგიული პლევრიტების დროს და მიზანმიმართულ ქიმიოთერაპიას სიმსივნური გენეზის პლევრიტის დროს;
- პლევრის ღრუს სანაციას ექსუდატის ევაკუაციის გზით, საჭიროების შემთხვევაში კი ღრუს გამორეცხვას სამკურნალო სითხეებით;
- მადესენსიბილიზებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნას. რევმატოიდული ეტიოლოგიის პლევრიტის დროს ეფექტურია პრედნიზოლონი.
- იმუნური სისტემის მოძლიერებას. ეს კომპონენტი, თავის მხრივ, მოიცავს იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენებას, ინდივიდუალური რეჟიმის შერჩევას (მწვავე პერიოდში - წოლით რეჟიმს), ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი საკვების მიღებას, სითხეებისა და მარილის შეზღუდვა, ვიტამინოთერაპიას (C და B ჯგუფის ვიტამინებით), პლაზმის შემცვლელი ნივთიერებების ვენაში (წვეთოვნად) შეყვანას.
ექსუდატის გაწოვის პროცესში კარგია სამკურნალო ფიზკულტურა, კერძოდ, სუნთქვითი ვარჯიშები. დაავადების ალაგების შემდეგ ფილტვების ფუნქციის აღსადგენად ეფექტიანია მასაჟები როგორც ხელით, ასევე ვიბრატორითა და ულტრაბგერით.
- სიმპტომურ თერაპიას: ხველის დროს - ხველის დამთრგუნველ საშუალებებს, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს - კარდიოტონური პრეპარატების გამოყენებას.
- როდის არის აუცილებელი პლევრის ღრუდან სითხის ამოღება?
- პლევრის ღრუდან სითხის სასწრაფო ევაკუაციის ჩვენებაა:
- ჯანმრთელ მხარეს გულისა და მსხვილი სისხლძარღვების გადახრა და გულის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
- კოლაფსის ნიშნები (ძლიერი ქოშინი, ციანოზი, ხშირი და სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაქვეითება).
შედარებითი ჩვენებაა:
მოთენთილობა;
- პლევრიტის მძიმე მიმდინარეობა;
- მკურნალობის მიუხედავად, ექსუდატის გაწოვის დაყოვნება.
საწყის ეტაპზე ერთბაშად 1,5 ლ-ზე მეტი სითხის ამოღება არ არის რეკომენდებული - შესაძლოა, კოლაფსი განვითარდეს.
- რა ვიღონოთ სითხის ხელმეორედ დაგროვების თავიდან ასაცილებლად?
- მკურნალობა, რომელიც ექსუდაციური პლევრიტის გამომწვევი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული, თავისთავად გამოიწვევს პლევრის ღრუში სითხის ოდენობის შემცირებას. ამას ხელს შეუწყობს შარდმდენებით ავადმყოფის დატვირთვაც.
- იქნებ ორიოდე სიტყვით პლევრის ღრუში არაანთებადი სითხის დაგროვებით მიმდინარე დაავადებებსაც შევეხოთ...
- პლევრის ღრუში ტრანსუდატი უმთავრესად გულის უკმარისობის დროს გროვდება. უშუალო მიზეზია ფილტვსა და სისტემურ ვენებში ჰიდროსტატიკური წნევის მატება, რაც აბრკოლებს პლევრის სითხის დრენირებას. ამ დროს პლევრული სითხე ორივე მხარეს ერთნაირად გროვდება, თუმცა, ჩვეულებრივ, მისი ოდენობა მარჯვენა პლევრის ღრუში უფრო მეტია ხოლმე. რენტგენოგრაფია პლევრის ღრუში სითხის არსებობასთან ერთად ავლენს მცირე წრის სისხლძარღვების შეგუბებასა და კარდიომეგალიას (დიდ გულს). პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით) მიმდინარე ღვიძლის ცროზი. ასციტური სითხე დიაფრაგმაში არსებული დეფექტის ან ლიმფური სადინარების მეშვეობით პლევრის სივრცეში გადადის. ასეთ შემთხვევაში ტრანსუდატი უმთავრესად მარჯვენა მხარეს გროვდება და ასციტის უკუგანვითარებასთან ერთად მისი ოდენობაც იკლებს.
პლევრის ღრუში ტრანსუდატის აკუმულირება შესაძლოა ნეფროზულმა სინდრომმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ტრანსუდატის დაგროვება ორმხრივია. მისი ოდენობა იკლებს პროტეინურიის (შარდში ცილების არსებობა) მკურნალობის პარალელურად. იშვიათად პლევრის ღრუში ტრანსუდატის დაგროვების მიზეზია საშარდე გზების ობსტრუქცია. ამ დროს ტრანსუდატი საშარდე გზების ობსტრუქციის მხარეს გროვდება და შარდის სუნი აქვს. ობსტრუქციის მოხსნას ტრანსუდატის რაოდენობის შემცირებაც მოჰყვება.
- რა არის ფილტვის ინფარქტი?
- ფილტვის ინფარქტი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის არცთუ ისე ხშირი გართულებაა და ათიდან დაახლოებით ერთ შემთხვევაში ვითარდება. ამ დროს აღინიშნება ხველა, სისხლიანი ნახველი, პლევრული ტკივილი, ცხელება, პლევრული გამონაჟონი, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ჰემორაგი-ულია. ფილტვის ინფარქტი შესაძლოა ჩანაცვლებულ იქნეს ფიბროზული ქსოვილით. ზოგჯერ ის გაიწო-ვება და ფილტვის ქსოვილი სავსებით აღდგება.
- ფილტვის ოპერაციის შემდეგ პაციენტებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ?
- ფილტვის ოპერაციის შემდეგ საჭიროა ადეკვატური ვენტილაციის უზრუნველყოფა, დაკარგული სისხლის დროული აღდგენა, ტკივილის სინდრომის კუპირება. ინფიცირებისგან თავის დასაზღვევად პაციენტებს უტარდებათ ანტიბიოტიკოთერაპია. ინიშნება სუნთქვითი ვარჯიშებიც.
- რას გვეტყვით ფილტვების ტრანსპლანტაციაზე?
- ფილტვების ტრანსპლანტაცია სუნთქვითი სისტემის დაავადებათა უკანასკნელი სტადიის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეთოდია. მარტო სიცოცხლეს კი არ უხანგრძლივებს ავადმყოფს, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებასაც აძლევს. ტრანსპლანტაციაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც პაციენტი დაავადებულია ფილტვების მძიმე, შეუქცევადი დაავადებით, რომლის პროგნოზი, მკურნალობის მიუხედავად, არაკეთილსაიმედოა. ამასთანავე, ავადმყოფს არ უნდა ჰქონდეს სხვა ისეთი დაავადება, რომელიც უარყოფითად იმოქმედებდა ტრანსპლანტაციის შედეგზე, არ აღენიშნებოდეს სხვა ორგანოების მძიმე, შეუქცევადი დაზიანება. მხედველობაშია მისაღები პაციენტის ასაკიც. ორივე ფილტვის გადანერგვა დასაშვებია 50-55 წლამდე, ხოლო 60-65 წლის ასაკში მხოლოდ ერთი ფილტვის გადანერგვაა ნებადართული.
ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდგომ სუნთქვის ფუნქცია საგრძნობლად უმჯობესდება, თუმცა არც გართულებებია გამორიცხული. მაგალითად, მწვავე და ქრონიკული მოცილების რეაქცია, ბრონქების ანასთომოზური დეფექტი და ინფექცია. მწვავე მოცილების რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ოპერაციიდან 2-3 დღის შემდეგ ან უფრო გვიან. კლინიკურად იგი გამოიხატება ხველით, ტემპერატურის მატებით. ამ დროს დიდი დოზით ინიშნება გლუკოკორტიკოიდები. ქრონიკული მოცილების რეაქცია ვითარდება თანდათანობით და ვლინდება როგორც ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ან ბრონქიტის გამწვავება. მკურნალობა ამ შემთხვევაშიც გლუკოკორტიკოიდებით მიმდინარეობს.