ფოლიუმის მჟავის უკმარისობა, სტრესული ფაქტორები და სხვა - რა განაპირობებს გენის მუტაციას, რომელიც კურდღლის ტუჩის განვითარებაზეა პასუხისმგებელი
კურდღლის ტუჩი - თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის ნორმალური განვითარების დარღვევის გამო ჩანასახოვან პერიოდში ვითარდება. მისი დამახასიათებელი ფორმა - ბავშვის სახეზე ზედა ტუჩის, იშვიათად ქვედა ტუჩის დეფორმაციაა: ის გახლეჩილია და შედგება ორი (ცალმხრივი) ან სამი (ორმხრივი დეფექტისას) ფრაგმენტისაგან. განახლეჩის სიგრძე და სიღრმე შეიძლება სხვადასხვა იყოს. ამის გამო ზოგჯერ განახლეჩიდან ზედა ყბის ლორწოვანის დანახვაც კია შესაძლებელი.
კურდღლის ტუჩის მქონე ბავშვებში წოვის პროცესი გაძნელებულია. ზედა ტუჩის ქსოვილების გამოხატული დეფექტის ან კურდღლის ტუჩზე მგლის ხახის (სასის შეუხორცებლობა) თანდართვისას ბავშვის კვება მხოლოდ ცხვირში გატარებული ზონდით არის შესაძლებელი.
ზედა ყბისა და ცხვირის ღრუს კედლების ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურების ნორმალურად ფორმირების პროცესის დარღვევის გამო შეიძლება განვითარდეს კბილების ანომალია.
კბილების რიგისა და ტუჩის რბილი ქსოვილების დეფექტები იწვევს მეტყველების დარღვევას.
ბუნებრივია, პაციენტები, რომელთაც ვერ მოუხერხდათ კორექცია, დაბალი თვითშეფასებით იტანჯებიან და ვერ ახერხებენ სოციალურ ადაპტაციას.
გარდა ამისა, შეიძლება კურდღლის ტუჩი ყბა-სახის სტრუქტურის განვითარების მრავალი ანომალიიდან ერთ-ერთი იყოს და მას თან სდევდეს შინაგანი ორგანოების პრობლემებიც.
ამ მოვლენის საფუძველი გენეტიკური დარღვევაა - მას ერთ-ერთი გენის მუტაცია განაპირობებს. ამ დროს ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ ირღვევა, პრობლემა მხოლოდ ფიზიოლოგიური ცვლილებით გამოიხატება. დეფექტური გენი შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს, მაგრამ ის 100%-ით არ ვლინდება. მუტაციის მიზეზად, უმეტესად, დედასთან დაკავშირებული რამდენიმე არასასურველი ფაქტორის ერთობლიობა ითვლება:
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების მიღება და თამბაქოს წევა;
- წარმოების მავნე პირობების ზემოქმედება
- ;ორსულობისას არსებული ინფექციური დაავადებები;
- ორსულობის პირველ თვეებში ძლიერი ტოქსიკოზი;
- ზედმეტი წონა;
- ფოლიუმის მჟავას უკმარისობა;
- სტრესული ფაქტორები;
- მუცლის მიდამოში ტრავმები და ოპერაციული ჩარევები;
- 35 წელს ზემოთ ასაკი.
ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ნაყოფის ყბა-სახის სისტემის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი რვა კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში კი ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ორსულადაა და განაგრძობდეს ალკოჰოლის ან სხვა წამლების მიღებას, ეს კი, ბუნებრივია, ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედებს.