გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდები
ამიტომ, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, ქალები ხშირად მიმართავენ კოსმეტოლოგებს, ზოგჯერ არც პლასტიკურ ქირურგიაზე ამბობენ უარს.
კლინიკა „დენსის“ ექიმი-კოსმეტოლოგი მაია რაზმაძე, ჩვენს მკითხველს კანის გაახალგაზრდავების თანამედროვე პროცედურებს გააცნობს და გაგიადვილებთ თქვენთვის სასურველის შერჩევას.
– ქალბატონო მაია, თქვენს პრაქტიკაში კანის გაახალგაზრდავებისთვის ყველაზე ხშირად რომელ მეთოდს იყენებთ?
– ასაკობრივი ცვლილებების საკორექციოდ ყველაზე დიდი მოთხოვნა ე.წ. „სილამაზის ნემსების“ პროცედურაზეა, მათ შორის ყველაზე ხშირად ტარდება ბოტულოთერაპია, ვგულისხმობ ბოტულოტოქსინით ჩატარებულ ინიექციებს, რომლის მიზანიცაა სახის მოძრავი კუნთების დროებითი ბლოკირება და აქტიური მიმიკით გამოწვეული ნაოჭების გასწორება.
ასეთი ინიექციებით გამოწვეული ეფექტი საკმაოდ სწრაფად ჩნდება და შედეგი 4-6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.
ბოტოქსს 80-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ სამკურნალოდაც და კოსმეტიკური მიზნითაც. კანში მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს, რომელიც მალე გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა.
თავდაპირველად ბოტოქსის ინიექციები მხოლოდ სახის ზედა ნახევარში კეთდებოდა, სადღეისოდ ის ტარდება სახის ქვედა მესამედში, ყელისა და სხვა არეებშიც.
ბოტოქსით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება სახის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა ყველაზე ხშირად ვაკეთებთ წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლზე. კარგად სწორდება ტუჩების ირგვლივ არსებული ნაოჭებიც.
ბევრს სმენია ამ პროცედურის თანმდევი ნეგატიური მოვლენების შესახებ, ამ კატეგორიას შეგვიძლია ვურჩიოთ მიკრობოტოქსი, ეს ინიექცია ახალი პრეპარატით ტარდება და ითვალისწინებს ბოტულოტოქსინის მინიმალური კონცენტრაციით გამოყენებას. ინიექცია განმეორებით ტარდება ყოველ 1,5-2 თვეში, კლასიკური ბოტოქსისგან განსხვავებით, მიკრობოტოქსისას სახის მიმიკა გაცილებით ცოცხალია და შესაბამისად, სახეც ბუნებრივი შესახედაობის რჩება. შედეგიც საკმაოდ სტაბილურია. უკანასკნელ ხანს გაჩნდა ბოტოქსის ანალოგები – ლანტოქსი და დისპორტი, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება და ფასიც ბევრად ხელმისაწვდომია.
– რამდენადაც ცნობილია, ბოტოქსი გასაახალგაზრდავებლად გამოსაყენებული ერთადერთი საშუალება არ არის, არსებობს ეფექტიანი პროცედურები – პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, სოფთლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია. მათ შესახებ რას გვეტყვით?
– კანის გასაახალგაზრდავებლად შესაძლებელია პაციენტის კანქვეშ მისივე სისხლის პლაზმის შეყვანა, რომლის მიმართაც მას 100%-იანი მიმღებლობა აქვს და ეს არის სწორედ პლაზმოლიფტინგი.
პროცედურისას ორგანიზმში შეიყვანება თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლისაგან მიღებული პლაზმა, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას, ანუ სასურველი ეფექტი – კანის გაახალგაზრდავება მიიღწევა საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.
კანქვეშ პლაზმის შეყვანით მიიღწევა ჰიალურონის მჟავას და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და იმუნიტეტის ზრდა. კანი ხდება ელასტიკური, იძენს ჯანსაღ ფერს, ნორმალურ ტენიანობას, მცირდება ან სრულად ქრება ნაოჭები.
პროცედურისას არ ვითარდება ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ საკუთარი პლაზმა შეჰყავთ.
პლაზმოლიფტინგს მივმართავთ აკნეს შემთხვევაშიც და გამონაყარი სწრაფად ქრება.
თმის ცვენისას ჩატარებული პლაზმოლიფტინგი ააქტიურებს თმის ძირების კვებას, თმის ცვენა იკლებს და ახალი ღერების ინტენსიური ამოსვლა შეიმჩნევა.
პლაზმოლიფტინგი მიზანშეწონილია კანის ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მწეველებისთვის, მოდუნებული, გამომშრალი კანის, ნაწიბურების, ნაოჭებისა და ფოტოდაბერებისას.
ის შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილსა და ხელის მტევნებზე.
ამავე მიზნით ვიყენებთ მეზოთერაპიას – ვამზადებთ კოქტეილს, რომელიც შედგება ჰიალურონის მჟავას, ამინომჟავების, პეპტიდებისა და სხვა კომპონენტებისგან. ის ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა ასაკობრივი ცვლილებების ხასიათისა და გამოვლენის ხარისხის მიხედვით.
კანის გამაახალგაზრდავებელი ინიექციების ჩამონათვალი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ არ ვახსენებთ მოცულობით გამაახალგაზრდავებელ მეთოდს – სოფთლიფტინგს, რომელიც ითვალისწინებს სახის არეში, სხვადასხვა სიღრმეზე, ჰიალურონის გელის შეყვანას სპეციალური საინიექციო ნემსით, რომელიც არ აზიანებს კაპილარებს და პროცედურის შემდგომ პაციენტს არც შეშუპება და არც სისხლჩაქცევით გამოწვეული სილურჯეები არ ემჩნევა.
3D ტექნოლოგიით განხორციელებული სოფთლიფტინგისას მიღებული ეფექტი ქალებს 2 წლამდე უნარჩუნდებათ, თუმცა სასურველია ის ჩაატაროს ანატომიის კარგად მცოდნე სპეციალისტმა.
გსმენიათ, ალბათ, ინვაზიური ბიორევიტალიზაციის შესახებაც, ამ პროცედურის დროს კანქვეშ შეგვყავს სუფთა ჰიალურონის მჟავა, რომელსაც კანის ნაოჭების 3 თვიდან ერთ წლამდე გასწორების უნარი შესწევს.
ბიორევიტალიზაციისას ბიოპრეპარატი – ჰიალურონის მჟავა – კანის ეპიდერმისის შუა შრეში შეიყვანება.
ჰიალურონის მჟავა სხვადასხვა ფაქტორის გავლენით იშლება და კანიც უწინდელ შესახედაობას კარგავს, ის ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი რგოლები თვალებს ქვემოთ, იკვეთება ნაოჭები.
40 წლამდე ასაკის ადამიანის კანში ჰიალურონის მჟავას შემცველობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, შემდეგ მისი რაოდენობა იკლებს, თუ ადრე დასვენება და გამოძინება მის რაოდენობას აღადგენდა, ასაკის მატებასთან ერთად, თვითაღდგენის პროცესები ქვეითდება და მჟავას კონცენტრაცია აღარ აღდგება. სწორედ ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი ბიორევიტალიზაციაა, სიტყვასიტყვით ეს ტერმინი ხომ კანის გაცოცხლებას ნიშნავს.
პროცედურა კანის ნებისმიერ უბანზე ტარდება, იქ, სადაც გაახალგაზრდავებაა საჭირო. ჩვეულებრივ, ასეთი უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი.
პროცედურის შედეგად კანი იჭიმება, ნაოჭები სწორდება, კანი ხდება მკვრივი, გლუვი და ელასტიკური.
– საკმაოდ მოდურია ე.წ. ოქროს ძაფებით ლიფტინგი. რას მოიცავს ეს პროცედურა?
– ამ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას გააჩნია სხვა სახელწოდებებიც: ლიგატურული პლასტიკა და ლიფტინგი. ის მიეკუთვნება ნაკლებინვაზიურ მეთოდებს, მისი მიზანია კანქვეშ სპეციალური ძაფების შეყვანა, რომელიც სახეს უწინდელ ოვალსა და ფორმას უბრუნებს, ამასთან, ჭიმავს კანის საფარველს.
ძაფები მზადდება სხვადასხვა ნედლეულისგან: ლითონის, მჟავების, სილიკონური მასალისგან და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება ნივთიერება, რომელსაც კანი ადვილად ეგუება. ძაფები ადამიანს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის, ქალები ვერც კი გრძნობენ ამ სინთეზურ ნივთიერებებს, რომლებიც სახის კანის მყარ კარკასს ქმნის და გარეგნულადაც შეუმჩნეველია. ამავე მეთოდის ღირსება ისაა, რომ პრაქტიკულად არ გააჩნია გართულებები, მიღებული შედეგი ნარჩუნდება 3-4 წელი.
– საკმაოდ ბევრი ქალი უპირატესობას აპარატულ პროცედურებს ანიჭებს იმიტომ, რომ უმტკივნეულოა. რამდენად ეფექტიანია აპარატული პროცედურები ინიექციებთან შედარებით?
– აპარატული მეთოდები არ აზიანებს კანს, უმტკივნეულოა და შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ის ბევრისთვის პრიორიტეტულია ინიექციებთან შედარებით, ამგვარი მეთოდებიდან აღსანიშნავია მასაჟი მიკროდენით, ფოტო- და ლაზერული გაახალგაზრდავება, თერმაჟი.
მასაჟი მიკროდენით კანის საფარველის დაბერების საწინააღმდეგო თანამედროვე ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომელიც ითვალისწინებს სახისა და კისრის კანის თავისებურ დამუშავებას ელექტროდებით, იმპულსური, დაბალი სიხშირის მიკროდენით, ეს სრულიად უვნებელი პროცედურაა, რომლის დროსაც ადამიანი დისკომფორტს არ განიცდის.
მიკროდენით ჩატარებული მასაჟი ააქტიურებს კანის ღრმა შრეში – დერმაში, სისხლის მიკროცირკულაციას, უჯრედოვან ცვლას, აძლიერებს უჯრედების ბუნებრივ გაყოფას და სახის კუნთებს გაცილებით ამკვრივებს. კანიდან აქრობს წვრილ ნაოჭებს და გააჩნია ლიფტინგეფექტი.
ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
ფოტოგაახალგაზრდავებისას კი ასაკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები გამოიყენება, გარდა ულტრაიისფერისა. ყველაზე ბოლო ვერსიაა IPL აბრევიატურით ცნობილი – „ინტენსიური იმპულსური სინათლე“, რომლის დახმარებითაც კანს სცილდება პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, მკვდარი უჯრედები. გარდა ამისა, სპეციალური აპარატით კანზე ფოტოდასხივებისას იზრდება დერმის ბუნებრივი ტონუსი და სიმკვრივე, მისი ღრმა შრეების გათბობისა და მათში ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის აქტივაზიის გამო. საგრძნობი შედეგი თვალსაჩინოა უკვე პირველი სეანსის შემდგომ, პროცედურისას არ ზიანდება კანი და მიღებული ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია.
კანის საფარველის ლაზერული გაახალგაზრდავებისას, ისევე როგორც ფოტომეთოდისას, ბრძოლას ვუცხადებთ ჰიპერპიგმენტურ უბნებს, ეპიდერმისის სიმკვრივის დაქვეითებას და ელასტიკურობის კლებას.
ეს ყველაფერი როდია, ლაზეროთერაპიის შემდეგ კანს უბრუნდება უწინდელი ლამაზი ფერი, სირბილე, ერთგვაროვანი მიკრორელიეფი. ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია კანის გაფართოებული ფორების დავიწროებაც და ეს ყველაფერი ყოველგვარი რისკის გარეშე.
ლაზერული სხივის ენერგია თანაბრად ათბობს კანის ყველა შრეს, აუმჯობესებს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედულ დონეზე. პროცედურის შემდგომ ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
რაც შეეხება თერმაჟს, ამ პროცედურისას რადიოტალღების მეშვეობით კანს მიეწოდება სითბური ენერგია, რაც ასტმულირებს კოლაგენის სინთეზს, ახალი ბოჭკოების წარმოქმნას, ამის წყალობით მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოები ახალგაზრდავდებიან და მკვრივდებიან. პროცედურა არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს. პროცედურის დამთავრებისთანავე ადამიანი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება: ლიფტინგის ნიშნები ნათლად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ყვრიმალებზე, ყელსა და დეკოლტეს არეში.
შედეგის მისაღებად ზოგჯერ მხოლოდ ერთი სეანსია საჭირო, მიღწეული შედეგები რამდენიმე წელი გრძელდება. თერმაჟის ღირსება ისიცაა, რომ ეფექტი პროცედურის შემდგომ ყოველთვიურად მატულობს. თერმაჟის პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ.
– როდის უნდა მივმართოთ კანის გაახალგაზრდავების ინვაზიურ თუ არაინვაზიურ მეთოდებს, ანუ როდის გვჭრიდება ისინი?
– ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერავინ გაგცემთ. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ტიპზე, გენეტიკაზე, იმაზე, როგორ უვლიდნენ კანს წლების მანძილზე, რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, სახის რომელი ნაწილი არ მოსწონს თავად პაციენტს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი და პაციენტი ერთად იღებენ.
– დაბოლოს, რას ურჩევდით ქალებს კანის პირვანდელი იერის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად?
– პირველ ყოვლისა, ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა, რადგან კანს ისე არაფერი აზიანებს, როგორც უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები;
- ყოველთვის მოიცილეთ მაკიაჟი ძილის წინ, რადგან მისი ნარჩენები ღრმად ჯდება ფორებში და ხელს უშლის კანის ფუნციონირებას. ამასთან, უნდა გაიჩინოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება;
- იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი კანი ყოველთვის საჭირო დონეზე იყოს დატენიანებული, გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი დღის და ღამის კრემები, ასევე დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალებები;
- გადასახედია კვებისა და დასვენების რეჟიმი. კანს უყვარს სითხე, ამისთვის სვით 2 ლიტრამდე წყალი დღეში, მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ყველამ ვიცით, გამოუძინებელი ადამიანის სახის კანი როგორ გამოიყურება;
- სუფთა ჰაერი ამ შემთხვევაშიც შეუცვლელია;
- არაფერი ისე არ აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, როგორც ულტრაიისფერი სხივები, ამიტომ დიდად ნუ გაგიტაცებთ მზეზე გარუჯვა და ამ მხრივ არც სოლარიუმში ხშირი სტუმრობაა სასურველი;
- პერიოდულად მიმართეთ კოსმეტოლოგს და კვალიფიციური რჩევები მისგან მიიღეთ, რადგან თავად შესაძლოა გარკვეული ცვლილებები უცბად ვერ აღმოაჩინოთ, სპეციალისტის თვალს კი კანის დაბერების პირველი ნიშნები ნამდვილად არ გამოეპარება;
- პრობლემების დროულად აღმოჩენა კი ჩვენს შემთხვევაშიც პრობლემის გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად გამოსწორების წინაპირობაა.