13 წლის გოგონასთვის ჩატარებული უნიკალური ოპერაცია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
13 წლის გოგონასთვის ჩატარებული უნიკალური ოპერაცია
13 წლის გოგონასთვის ჩატარებული უნიკალური ოპერაცია
საქართველოში პირველად “გიგანტური თანდაყოლილი ნევუსი” ამოკვეთეს

“ქირურგია უდიდესი ხელოვნებაა, ჭრა-კერვის ტექნიკად მას მხოლოდ უმეცარნი მოიაზრებენ, ქირურგია ერთდროულად აზროვნების, არჩევანის, მიდგომისა და მანიპულირების ხელოვნებაა!” - ეს სიტყვები ეკუთვნის ძველ რომაელ ექიმ ასკლეპიადეს.


ექიმებმა, განსაკუთრებით კი უნიკალურ ოპერაციათა შემოქმედებმა, კარგად იციან ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მართლაც, უამრავი ისეთი შემთხვევაა სამედიცინო პრაქტიკაში, როდესაც ქირურგიული ჩარევა საეჭვო ხდება პათოლოგიის სიმძიმის, მოსალოდნელ გართულებათა და სხვა ფაქტორთა გამო. პაციენტის ბედი ქირურგის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - შეეჭიდება თუ არა ოპერატორი რთულ ამოცანას, რა მიდგომასა და ტექნიკას აირჩევს? ეს, უპირველესად,
მართლაც აზროვნებისა და არჩევანის ხელოვნებაა! უდიდეს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს კი დახვეწილი ქირურგიული ტექნიკა და მეთოდიკაც რომ ეხმარება - ესეც უდავოა!

რაოდენ სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოში გვყავს ასეთი ხელოვანები, ერთ-ერთი გახლავთ ონკოლოგი ირაკლი ნადირაძე:

  • მედიცინის
    მეცნიერებათა დოქტორი;
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი;
  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი (1997 წლიდან);
  • 1977-2010 წლებში ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის წამყვანი სპეციალისტი;
  • არის სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999წ.);
  • 2010 წლიდან “ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საპატიო პროფესორია;
  • აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საველე სწავლებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვებულია “PATRIOT AWARDS”-ის სერტიფიკატით (1998 წლის 19 ივლისი);
  • 2010 წლიდან ბატონი ირაკლი საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედის” ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელია.

ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.

ამჯერად გვინდა გაგაცნოთ მის მიერ კლინიკა “გიდმედში” 13 წლის გოგონასათვის ჩატარებული უნიკალური ოპერაცია. პირველად საქართველოში სწორედ ირაკლი ნადირაძემ ამოკვეთა “გიგანტური თანდაყოლილი ნევუსი!”

- ბატონო ირაკლი, თქვენი ჩატარებული უნიკალური ოპერაციის განხილვამდე, იქნებ, ჯერ საკუთრივ პათოლოგიაზე - გიგანტურ პიგმენტურ ხალზე მოგვახსენოთ...

- ნევუსურუჯრედიანი ხალები, ჩვეულებრივ, ადამიანის დაბადებისთანავე გამოვლინდება ხოლმე (თეთრკანიანი ახალშობილების 1 %-თან), თუმცა მათი ზოგიერთი იშვიათი ნაირსახეობა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში აღმოცენდება. ისინი კეთილთვისებიანი პიგმენტური წარმონაქმნებია, რომლებიც მელანობლასტებისგან წარმოებული ე.წ. “ნევუსური უჯრედებისაგან” შედგება. თანდაყოლილი ნევუსურუჯრედიანი ხალები სხვადასხვა ზომისაა: პაწაწინებიდან – გაგანტურებამდე. ნებისმიერი მათგანი გამოირჩევა გაავთვისებიანების მაღალი რისკით და მათ ფონზე მელანომა უვითარდება პაციენტთა 1/3-ს.

თანდაყოლილი გიგანტური ნევუსურუჯრედიანი ხალი განლაგდება სხეულის ნებისმიერ ადგილზე და წარმოადგენს ძალზე პიგმენტირებულ ამობურცულ ლაქას, რომელიც ხშირად უხვად არის მოფენილი თმით, იკავებს რა რომელიმე ანატომიურ მიდამოს ან მის უმეტეს ნაწილს. ზომით დიამეტრში 20 სმ-ს აღწევს და ხშირად უფრო მეტსაც. ის ძალზე იშვიათი წარმონაქმნია (1 შემთხვევა 100 000-500 000 ახალშობილზე), იმ დროს, როდესაც თანდაყოლილ ნევუსურუჯრედიან ხალთა სრული უმრავლესობის დიამეტრი არ აღემატება 3 სმ-ს. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, მსხვილი ნევუსები (10 სმ-მდე დიამეტრით) 2 000-20 000 ახალშობილიდან ერთ შემთხვევაში გვხვდება.

თანდაყოლილი გიგანტური ნევუსურუჯრედიანი ხალი, მისგან მელანომის განვითარების რისკის არსებობის გამო (რომელიც მაღალია სიცოცხლის პირველი 3-5 წლის განმავლობაშიც კი), დროულად უნდა მოცილდეს. ხალის ზომების, ლოკალიზაციისა და ჩარევის შედეგად მოსალოდნელი ინვალიდიზაციის ხარისხის გათვალისწინებით, მიდგომა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.

- თქვენი პაციენტის გიგანტური ხალი როგორი ლოკალიზაციისა და ზომისა იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ჩემს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო. როგორც უკვე მოგახსენეთ, გიგანტური პიგმენტური ხალი მთელ მსოფლიოში მეტად იშვიათი პათოლოგიაა. ზედაპირზე ჭარბი თმიანობის გამო მას ერთ-ერთი ავტორი მაიმუნის ტყავის სახელითაც კი მოიხსენიებს. სწორედ ასეთი იყო ჩვენი პაციენტის, 13 წლის გოგონას, ეს გიგანტური ხალი. წარმონაქმნი (ზომით 23X27 სმ) მოიცავდა მთელ მარჯვენა მხრის სარტყელს მხარზე გადასვლით. გოგონას პრაქტიკულად არ რჩებოდა მხარზე საღი ქსოვილები. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ კანის დაჭიმვის ბალონური სისტემის გამოყენების საშუალებაც რომ გვქონოდა, როგორც ასეთ დროს მიღებულია პრაქტიკაში, მაინც ვერ გამოვიყენებდით მას.


* * *
როგორც ბატონი ირაკლისგან შევიტყვეთ, ჩვეულებრივ, გიგანტური წარმონაქმნის სამკურნალო პროცედურა ორ ეტაპად ტარდება: საკუთრივ ოპერაციის წინ კანი იჭიმება სპეციალური კანქვეშა პლასტიკური ბალონებით ან გამოიყენება კანის დეფექტის დახურვის მეთოდიკა პაციენტის ეპიდერმისის უჯრედთა კულტურებით, რომლებიც მიიღება დერმის სინთეტიკურ შემცვლელებზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რომლებიც მოიცავდა რიგ ტექნიკურ, მატერიალურ-ფინანსურ, ორგანიზაციულ და ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს, აღნიშნული მანიპულაციები ვერ განხორციელდა და პირველად საქართველოში “გიგანტური თანდაყოლილი ნევუსის” გამო 13 წლის გოგონას გაუკეთდა უნიკალური ოპერაცია - წარმონაქმნის ერთმომენტიანი ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში დერმატომის გამოყენებით, მარჯვენა ბარძაყიდან კანის თავისუფალი გადანერგვით.

- ბატონო ირაკლი, გამოდის, რომ ოპერაცია ძალზე სარისკო იყო?

- დიდი იყო რისკი იმისა, რომ გადანერგილი კანი არ მიხორცებულიყო, გავრისკეთ და გოგონას მარჯვენა ბარძაყიდან 4 დიდი ნაფლეთი (აუტოტრანსპლანტატი) ავიღეთ და გადავუნერგეთ მხარზე, პრაქტიკულად ნახევარი ბარძაყი გავუშიშვლეთ პაციენტს, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი იდეალურად მიეხორცა, ერთი პატარა კუნძულაკიც არ დარჩა მიუხორცებელი, რეაბილიტაცია კარგად, გაურთულებლად წარიმართა. საერთოდ, ასეთი ოპერაციები გამართლებაზეა, აქ იდეალურად წარიმართა ყველაფერი.

- ეს იმიტომ, რომ იდეალურად გააკეთეთ ოპერაცია, ძალიან გასახარი და ამაღელვებელია, რომ თავი არ დაზოგეთ 13 წლის გოგონასათვის...

- ეს ნამდვილად არ იყო მარტივი ოპერაცია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთ შემთხვევებში ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში ხალის ირგვლივ კანი წინასწარ ბალონების საშუალებით იჭიმება, ამის მერე კეთდება ოპერაცია, ხალი ამოიკვეთება შესაბამისი ონკოლოგიური პრინციპების დაცვით და კანის პირი პირთან თავისუფლად მიდის, გადანერგვა არ არის საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოში არც ბალონების საშუალება გვაქვს (რომც არსებობდეს ქვეყანაში, მოსახლეობისთვის ძალიან ძვირია) და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხალის ირგვლივ საღი ქსოვილიც პრაქტიკულად არ იყო.

ამგვარად, ერთადერთი გამოსავალი აუტოტრანსპლანტაცია იყო. გუგა ქაშიბაძე (დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი) მართლაც საოცარი კაცია, რომ შევეხმიანე და დერმატომი ვთხოვე – არც დაფიქრებულა, მოვალ და მოგეხმარებითო, ოპერაციისას გვერდით დამიდგა. ოპერაცია 4,5 საათს გრძელდებოდა. ხალის ქვეშ მთლიანად ამოვიღეთ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ფასციამდე (ფასციის ქვეშ უკვე კუნთებია), იმიტომ რომ გიგანტური ხალის უჯრედები (უხილავი) შესაძლოა ცხიმოვან ქსოვილში ჩადიოდეს და მოგვიანებით რეციდივი გამოიწვიოს. ამის გამო ფასცია, უხეშად რომ ვთქვათ, უნდა გაიფხიკოს და ამ გაშიშვლებულ ფასციაზე დაიდოს გადანერგილი ნაფლეთი. დიდი სიფთრთხილეა საჭირო ფასციის დამუშავებისას, დაუშვებელია მისი დაზიანება, რომ ინფექცია არ შეიჭრას და გადანერგილი ქსოვილის მიხორცებისათვის ერთგვარი ბარიერი არ შეიქმნას. სხვაგვარად, შესაძლოა ქირურგის მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს. საბედნიეროდ, ყოველგვარ გართულებას გადავურჩით და უზარმაზარი ნაფლეთები უნიკალურად მიეხორცა მხარს.

ეს ერთ-ერთი ის ოპერაციაა, რომლითაც მე მართლა ვამაყობ და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან პირველად ჩატარდა საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში პატარა ხალებს არ ეკარებიან, არათუ ასეთ იშვიათ და დიდ წარმონაქმნებს. არც არის გასაკვირი, საფრთხე და რისკი ძალიან დიდია, რადგან თუ ხალი გაავთვისებიანდა, ის ყველაზე საშიში დაავადების - მელანომის დასაბამი ხდება.

როგორი ხელოვნებაა ქირურგია და როგორი ხელოვანი ჰყავს საქართველოს ირაკლი ნადირაძის სახით – ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გადაუდებელი ტრაქეოსტომია შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ადამიანის სასუნთქი გზები უცბად და მოულოდნელად დაიხშო ავარიის ან რაიმე ტრავმის შემდეგ,
რადიო პალიტრის გადაცემა "მკურნალის" სტუმარი - ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპეტრი ონკოლოგიის დარგში, ილია გოცაძე - უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ საუბრობს.
ჰისტატინ-1 (ადამიანის ნერწყვში არსებული ანტიმიკრობული პეპტიდი) ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს. ის ასტიმულირებს ანგიოგენეზს- ეფექტური შეხორცებისთვის აუცილებელი ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას.
საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკა “გიდმედში” კიდევ ერთი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. ცნობილმა ნეიროქირურგმა, თამაზ კერძევაძემ, ივნისში, 63 წლის გროზნოელ ჩეჩენს ვეებერთელა, ერთდროულად ექსტრა და ინტრაკრანიალურად (ანუ ქალას გარეთ და შიგნით) ლოკალიზებული, გართულებული და შორსწასული ჰემანგიომა ამოჰკვეთა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

რუსეთში, შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიისა და ხელოვნურ ორგანოთა ფედერალურ სამეცნიერო ცენტრში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. 13 წლის კატია მატვეევას ფილტვები გადაუნერგეს.
ადამიანს სხეულზე საკმაოდ ხშირად უვითარდება ჭრილობები, სხვადასხვა უბანზე და სხვადასხვა მიზეზით. მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ჭრილობის შეხორცების როგორც პროცესი, ასევე ვადა.
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,