ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი

ძვლის ტვინის გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო აღარ არის – ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე მომსახურებაზე, რომლის მიღებაც საქართველოშია შესაძლებელი
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია,
რომლისთვისაც პაციენტები საქართველოდან ხშირად საზღვარგარეთ მიდიან. ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოშიც წარმატებით კეთდება და ამისთვის თვეობით სამშობლოდან წასვლა საჭირო აღარაა. ქვეყანაში პირველად ძვლის ტვინის დაზიანებული უჯრედების მოცილება და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლება 2017 წელს მოხდა. 2019 წელს კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც პირველი ტრანსპლანტაცია 2020 წელს ჩატარდა. დღემდე 20–ზე მეტ ადამიანს გაეწია სრული მომსახურება.


„ნიუ ჰოსპიტალსის“
ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს
საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ტრანსპლანტაციის შესახებ თავად გვესაუბრება.


რას წარმოადგენს ღეროვანი უჯრედები და რას ნიშნავს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია?


ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და
ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას, ელიმინაციას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ძვლის ტვინი არის ერთადერთი ქსოვილი, რომელიც ღეროვანი უჯრედების ანუ CD34 + -ის ყველაზე მეტ რაოდენობას შეიცავს.


ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მონაწილეობს ქსოვილებისა და ორგანოების განვითარებასა და რეგენერაციაში. მათი გამრავლების, დაყოფის და დიფერენცირების შედეგად პერიფერიულ სისხლში ვიღებთ თეთრ უჯრედებს – ლეიკოციტებს, წითელ უჯრედებს – ერითროციტებს და შემადედებელი ფუნქციის მქონე უჯრედებს – თრომბოციტებს. შესაბამისად, ღეროვანი უჯრედი თუ არ ფუნქციონირებს, პერიფერიულ სისხლში არ ხდება მიზანმიმართული დიფერენცირება.


რომელი დაავადებების მქონე პაციენტებს სჭირდებათ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია?


ეს დაავადებებია: ლეიკემია, მიელომური დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები, აპლასტიური ანემია და ა.შ. განსხვავებული დაავადებების დროს, ჩვენების მიხედვით სხვადასხვა სახის ტრანსპლანტაციის ჩატარებაა საჭირო. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: აუტოლოგიური, ანუ როდესაც საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ხდება; ალლოგენური, ანუ სხვისი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აუტოლოგიური გადანერგვა ხდება მაშინ, თუ პაციენტს ძვლის ტვინი არ აქვს დაზიანებული და შესაბამისად, საშუალება გვაქვს, ისე დავასტიმულიროთ ძვლის ტვინი, რომ საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადასხმა მოხდეს.


საიდან ვიღებთ ღეროვან უჯრედს, რომლის გადანერგვაც ხდება?


ონკო-ჰემატოლოგიაში ღეროვან უჯრედებს ვიღებთ სამი ძირითადი წყაროდან: ძვლის ტვინიდან, პერიფერიული სისხლიდან ანუ ვენიდან აღებული სისხლიდან და დაბადების მომენტში შენახული ჭიპლარიდან. რომელი ტიპის ტრანსპლანტი ეკუთვნის პაციენტს, დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, დიაგნოზზე, მიმდინარეობაზე, რეციდივის არსებობასა და უამრავ სხვა ფაქტორზე. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია სჭირდება, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჯერ აუტოლოგიური იყოს საჭირო, შემდეგ კი – ალლოგენური, ან პირდაპირ ალლოგენური;


ალოგენური ტრანსპლანტაციის დროს როგორ ხდება დონორის მოძიება?


საუკეთესოა, თუ დონორად ოჯახის წევრი გამოდგება. ეს უნდა იყოს: და ან ძმა. ნაწილობრივი თავსებადობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დედა ან მამა. თუმცა თუ ოჯახის წევრი არ შეთავსდა, მაშინ მსოფლიოს დონორთა ბანკში განაცხადის გაგზავნა და დონორის იქ მოძიება ხდება.
საქართველო - პატარა ქვეყანაა, ჩვენთან ჯერ არ არის დონორთა ბანკი, რომელიც ჩართული იქნება მსოფლიო დონორთა სისხლის ბანკში. ამიტომ, ქართველისთვის თავსებადი დონორის მოძიება შესაძლებელია, თუმცა მარტივი არაა.


როგორ ხდება პაციენტის მომზადება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის?


პირველი ეტაპი არის წინა სატრანსპლანტაციო კვლევები, რომელიც მოიცავს სრული სპექტრის ლაბორატორიულ და ვირუსულოგიურ გამოკვლევებს, ბაქტერიოლოგიურ ანალიზებს, ინსტრუმენტულ კვლევებს - კარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ფილტვების გამოკვლევას, მუცლის ღრუს გამოკვლევას, თავის ტვინის გამოკვლევას. ტარდება მაგნიტურ რეზონანსული (MRT) კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები. პაციენტს აუცილებლად სანირებული უნდა ჰქონდეს პირის ღრუ, რომ გამოირიცხოს კარიესისა და ინფექციის არსებობა.
ამ კვლევებით მიღებული მონაცემები ჯამდება და ვიღებთ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია ჩატარდეს ტრანსპლანტაცია თუ ჯერ გარკვეული თერაპია ან რაიმე პათოლოგიის კორექციაა საჭირო.


პროცედურულად რამდენად რთულია ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და რა ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს ის?


ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის ოპერაცია, რაც ძალიან ბევრს ეშლება. ეს არის უჯრედების შემცველი მასის გადასხმა ცენტრალურ ვენაში. ჩვენ არ გვჭირდება საოპერაციო და ანესთეზია, მაგრამ გვჭირდება სტანდარტების უმკაცრესი დაცვით მოწყობილი დეპარტამენტი. ეს არის ევროსტანდარტი, რომელსაც თუ ვერ აკმაყოფილებ, პროცედურის ჩატარების უფლება უბრალოდ არ გაქვს. სტანდარტები მოიცავს იზოლირებულ პალატებს, პლიუს წნევის არსებობას, წნევის, ჟანგბადის და ტენიანობის გაჯერების ხარისხის მექანიზებულ კონტროლს. თითოეული დეტალის, მათ შორის სარემონტო მასალების ხარისხიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.


რატომ არის გარემო ასეთი მნიშვნელოვანი?


ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტს სისხლის ანალიზი ეცვლება, მაგალითისთვის, არის პერიოდი, როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა ნულის ტოლია, თუ არ არის ლეიკოციტები, შესაბამისად, ორგანიზმს არ აქვს დამცველობითი უნარი და ის ნებისმიერი ბაქტერიისა და ვირუსის მიმღებია. სწორედ ამიტომ, აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოში თითოეული დეტალის ხარისხს. აღნიშნული ნულოვანი ფაზა, ვიდრე ძვლის ტვინი დაიწყებს ფუნქციონირებას, არის ყველაზე კრიტიკული მომენტი და ამ პერიოდში პალატების სტანდარტების დაცვის პარალელურად უმნიშვნელოვანესია მოვლის ხარისხიც. სწორედ ამ ფაზისთვის ვამზადებთ პაციენტს წინასწარი სრული გამოკვლევით და პრობლემების აღმოფხვრით. მის ორგანიზმში მინიმალური ვირუსული თუ ფუნგალური გართულების რისკიც კი უნდა აღმოვფხვრათ, ვიდრე გადანერგვას ჩავატარებთ.
ასევე არანაკლები მნიშვნელობისაა სამედიცინო გუნდის მზაობა, რომლის თითოეული რგოლი: ექიმი, ექთანი თუ ექთნის თანაშემწე უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მომზადებული.


მოგვიყევით გუნდზე, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე მუშაობს


„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩვენი დეპარტამენტი 2019 წელს გაიხსნა. პირველი ტრანსპლანტაცია კი 2020 წელს ჩატარდა. მას შემდეგ 20–ზე მეტ პაციენტს გადავუნერგეთ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები. კლინიკისთვის ეს საკმაოდ საამაყო მაჩვენებელია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ჩვენს გუნდს მიუძღვის.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმების, ექთნების და ექთნის დამხმარეების კვალიფიკაციას. ჩვენი გუნდი გადამზადებულია იტალიის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის წევრებს ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე ჰქონდათ, თუმცა კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე ამაღლება მოხდა.


როგორია გადანერგვის შემდგომი პერიოდი პაციენტისთვის? რამდენი ხანი ჩერდება კლინიკაში?


აუტოლოგიური გადანერგვის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 1 თვე ყოვნდება კლინიკაში, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის კონსულტაციაზე, ანალიზებსა და სხვადასხვა საკონტროლო კვლევაზე;
ალლოგენური გადანერგვის შემთხვევაში - კონტროლის პერიოდი 6 თვიდან 18 თვემდე, ან მეტი დრო გრძელდება. როდესაც სხვის (ალლოგენურ) ღეროვანი უჯრედების მასას ვასხამთ, გართულებების რისკი უფრო მაღალია. ამ დროს სისხლის ჯგუფისა და მთელი მისი მახასიათებლების შეცვლა ხდება. ორგანიზმში გადასანერგ მასალას მიჰყვება დონორის სისხლში არსებული ინფორმაცია, მათ შორის ვირუსები, ბაქტერიები... ამიტომ პაციენტი სხვადასხვა გართულების წინაშე დგას, რომლის თავიდან ასაცილებლადაც უწყვეტი კონტროლი და სპეციალური მედიკამენტებია საჭირო. პროცესს, როდესაც პაციენტის ორგანიზმი ტრანსპლანტანტის გამოდევნას ცდილობს ჰქვია „ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ“, გადანერგილი მასალის შეთვისება თავიდან შეიძლება კარგად მოხდეს, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდეს „გამოძევების რისკი“, ამასთან ხშირია სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი გართულებები.


ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადასანერგად ხშირად საზღვარგარეთ მიდიან. საზღვარგარეთ სხვა ტექნოლოგიით, უკეთესად კეთდება თუ რატომ გვხვდება ეს პრაქტიკა?


ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დანერგვას 2017 წელს. პირველად აუტოლოგიური გადანერგვა გაკეთდა, შემდეგ კი ეტაპობრივად განვითარდა. დღეს საქართველოში ხორციელდება როგორც აუტოლოგიური, ისე ალლოგენური გადანერგვა. ამიტომ სრულიად არასწორია, როდესაც პაციენტები ამ მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ მიდიან. ამ დროს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გაედინება ქვეყნიდან. მეორე მხრივ, არანაკლებ რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის წევრებს გაყოფა და 6 თვიდან –1 წლით საზღვარგარეთ ცხოვრება უწევთ.


დღეს, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია საქართველოში მაღალ დონეზე კეთდება და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო არაა, თუმცა ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია გამგზავრება და საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარება, რაც უპირველეს ყოვლისა დონორის არ არსებობის, მისი ბანკში მოძიების აუცილებლობაზე და დაავადების ფორმაზე არის დამოკიდებული.


რა სახის დაფინანსების მიღება შეუძლიათ პაციენტებს, ვისაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდება?


ტრანსპლანტაცია არის ძალიან ძვირადღირებული პროცედურა, რომელიც სრულად ფინანსდება თბილისის მერიისა და აჭარის მთავრობის მიერ ადგილობრივად ჩაწერილი პაციენტებისთვის. დაფინანსება მოიცავს კვლევებს, ქიმიოთერაპიას, ანალიზებს, ტრანსპლანტაციას და ტრანსპლანტაციის შემდგომ მოვლას.


კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად