ქირურგიული ოპერაციები შაქრიანი დიაბეტის დროს
რისკის მატება უშუალოდ უკავშირდება შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ ცვლილებებს, მათ შორის - ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, სისხლძარღვებისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. და მაინც, თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს ოპერაცია დასჭირდა, თანამედროვე ქირურგია უმეტესად წარმატებით ძლევს შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პრობლემათა წყებას, თუმცა საამისოდ საჭიროა განსაზღვრული წესების ზედმიწევნით დაცვა.
როგორ და რა საშუალებით ტარდება ქირურგიული ოპერაცია შაქრიანი დიაბეტის ამა თუ იმ გართულების დროს, რა წესების დაცვაა აუცილებელი დიაბეტით დაავადებულის ოპერაციული მკურნალობისას - ყოველივე ამაზე ქვემოთ გესაუბრებით. აქვე ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მოგაწვდით: მსოფლიოში ფართოდ არის გაშლილი მეცნიერული მუშაობა იმ ფაქტის შესასწავლად, რომ ქირურგიული გზით შესაძლებელია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის სრული განკურნება!
ოპერაციული ჩარევის წესები დიაბეტის დროს
ოპერაცია ორნაირია - გეგმური და სასწრაფო. გეგმური ოპერაციის დროს აუცილებელია: იმ პერიოდისთვის, როცა ოპერაციაა დანიშნული, კომპენსირებული იყოს შაქრის დონე სისხლში, ჩატარდეს დამხმარე გამოკვლევები: ეკგ, გულმკერდის ორგანოების რენტგენოსკოპია და ელექტროლიტების კონტროლი. სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციების დროს:
1) პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ინსულინოთერაპიის ჩვეული სქემა;
2) მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში - მოიხსნას ის ტაბლეტირებული პრეპარატები, რომლებიც შაქრის დონეს აქვეითებენ და დაიწყოს ინსულინოთერაპია.
ოპერაციის უკუჩვენებები
- აბსოლუტური უკუჩვენება - შაქრიანი დიაბეტის გამოხატული დეკომპენსაცია - პრეკომა და კომა;
- პირობითი უკუჩვენება - გამოხატული ანგიოპათია, ნეფროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ასეთია მოკლედ ის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ოპერირების დროს, საამისოდ კი აუცილებელია ქირურგის, ანესთეზიოლოგისა და ენდოკრინოლოგის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ შაქრიანი დიაბეტის თანაობა ოპერაციის შემდგომი პერიოდის თავისებურ მართვასაც მოითხოვს. დიაბეტური რეტინოპათია, თვალის ბადურა გარსის დაზიანება, შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული გართულებაა. ეს პათოლოგია, განურჩევლად ჩატარებული მკურნალობისა და შაქრიანი დიაბეტის ტიპისა, შესაძლოა ყველა დაავადებულს ჩამოუყალიბდეს. ამ დაავადების შესახებ "ოჯახის მკურნალი" ადრეც წერდა, ამიტომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით და მხოლოდ მისი მკურნალობის მეთოდებს შეგახსენებთ.
- დიაბეტური რეტინოპათია - დიაბეტური რეტინოპათიის კონსერვატიული მკურნალობისას სხვადასხვა მედიკამენტს იყენებენ, თუმცა მათ არ ძალუძთ დაავადების პროგრესირების შეჩერება და მხოლოდ დამხმარე საშუალებების როლი აკისრიათ. დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია ბადურას ლაზეროკოაგულაცია - ლაზერით მოწვა. იგი რამდენიმე სეანსად ტარდება და დაავადების ადრეულ სტადიებზე მეტად ეფექტურია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისთვის ოფთალმოლოგის განუწყვეტელი მეთვალყურეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი პაციენტი ექიმს მეტისმეტად გვიან მიმართავს. ისეთი გართულების დროს, როცა ბადურას აცლასთან ერთად მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევაც აღინიშნება, დახმარება მხოლოდ ოპერაციული მკურნალობით - ვიტრექტომიით (მინისებური სხეულის ამოღებით) არის შესაძლებელი. მხედველობა რამდენიმე კვირაში აღდგება.
- ქვედა კიდურების პერიფერიული არტერიების დაავადებები - შაქრიანი დიაბეტის დროს ქვედა კიდურებზე წყლულების გაჩენის შემთხვევაში დროს ნუ დაკარგავთ, აუცილებლად ქირურგს მიაკითხეთ. არ არის საჭირო ბედის გამოცდა და წყლულის სპირტითა და იოდით "მკურნალობა". ამ დროს საჭიროა წყლულების ქირურგიული დამუშავება და ანტიბიოტიკების გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფიცირება და ახალი წყლულების გაჩენა. დროულად დაწყებული მკურნალობის გარეშე წყლული თანდათან დიდდება, მეტად ინფიცირდება, მის ირგვლივ სულ უფრო მეტი ქსოვილი კვდება და საბოლოოდ საქმე განგრენის განვითარებამდე და კიდურის ამპუტაციამდე მიდის. არადა, ყოველივე ამის თავიდან აცილება სულ ადვილად შეიძლება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ქირურგიის არსენალში მოიპოვება ანგიოპლასტიკა, შუნტირება, სტენტირება და სხვა მეთოდები.
ახლა კი გვინდა, იმ მეთოდის შესახებ მოგითხროთ, რომელიც მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. ეს მეთოდი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, როგორც წონის დასაკლები ოპერაციის გვერდითი ეფექტი. მოგეხსენებათ, განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია ტარდება ბარიატრიული ოპერაციები - ოპერაციები, რომელთა შედეგად სიმსუქნით დაავადებული პაციენტი ზედმეტ წონას იკლებს. სიმსუქნით დაავადებულებს შორის ძალიან ხშირად გვხვდება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტიც. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ბარიატრიული ოპერაციის შედეგად პაციენტებმა, გარდა იმისა, რომ წონა დაიკლეს, შაქრიან დიაბეტსაც დააღწიეს თავი. დიაბეტის სრული და საბოლოო განკურნება დაავადებულთა 80%-ში აღირიცხა, ხოლო 15%-ს მდგომარეობა შესამჩნევად გამოუკეთდა. ეს სასწაულებრივი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მკურნალობის არც ერთი სხვა მეთოდი ასეთ ეფექტს არ ახდენს. ბარიატრიული ოპერაცია - ეს გახლავთ კუჭის შუნტირება, კუჭის დაპატარავება ოპერაციის გზით. ამის შედეგად ადამიანს მცირე რაოდენობის საკვები ჰყოფნის და წონასაც იკლებს. ასეთივე ოპერაციაა კუჭის სპეციალური რგოლით დაპატარავებაც, რომელიც, როგორც ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას იმავე შედეგს იძლევა, რასაც კუჭის შუნტირება. რატომ ხდება ასე, ჯერჯერობით ვერავინ გაიგო, თუმცა ალბათ შორს აღარ არის დრო, როცა შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები ისტორიას ჩაბარდება. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი მკითხველთა ინტერესს გამოიწვევს, ამიტომ აქვე გპირდებით, რომ "ოჯახის მკურნალი" ამ თემის შესახებ მასალების მოძიებას განაგრძობს და უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.