როგორ ვებრძოლოთ ალებს
. ალების სიხშირისა და ინტენსივობის შემცირების მიზნით თანამედროვე მედიცინა გირჩევთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, შეეცადოთ ნაკლებად ინერვიულოთ ორგანიზმში მიმდინარე კლიმაქსური ცვლილებების გამო, ზოგ შემთხვევაში ჩაიტაროთ ჰორმონული ან არაჰორმონული საშუალებებით მკურნალობის კურსი.
ცხოვრების წესის შეცვლა
პირველ ყოვლისა უნდა განვსაზღვროთ ფაქტორები, რომლებიც ალების სიხშირესა და ინტენსივობაზე მოქმედებენ და თუ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ მათი გავლენა. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმელების (მუქი ჩაი, ყავა, კოლა) მიღება, მზის სხივების ზემოქმედება და ა.შ. ეცადეთ კვების რაციონიდან გამორიცხოთ ცხიმიანი საკვები, მიიღეთ ხილი და ბოსტნული. უნდა მოახერხოთ, რომ თქვენი ტანსაცმელი ყოველთვის ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი, მსუბუქი და თავისუფალი იყოს. გახსოვდეთ, უარყოფითი ემოციები და სტრესი აძლიერებენ ალებს, ამიტომ ეცადეთ ისწავლოთ, როგორ გაუმკლავდეთ მათ. ამ თვალსაზრისით დაგეხმარებათ იოგა, მედიტაციის ტექნიკა. დაეუფლეთ ღრმა სუნთქვას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ღრმა სუნთქვა დაგეხმარებათ ალების ინტენსივობის რეგულირებაში. ექიმები გვირჩევენ სუნთქვით ვარჯიშს - სულ ცოტა დღეში ორჯერ 15-20 შესუნთქვა-ამოსუნთქვის სიხშირით.
ვარჯიში
რეგულარული ვარჯიში (ნახევარი საათის განმავლობაში სულ მცირე კვირაში ხუთჯერ) დაგეხმარებათ, ეფექტიანად აკონტროლოთ ალების სიხშირე და ინტენსივობა. რაციონალური ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სისხლში საკვერცხის მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებაზე მოქმედი ზოგიერთი ჰორმონის შემცველობას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების მიუხედავად შედეგი ვერ მიიღეთ, ალები კი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის, ხელს გიშლით მუშაობასა და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს. ის აუცილებლად დაგინიშნავთ შესაფერის მკურნალობას. შესაძლოა ჩათვალოს, რომ აუცილებელია ჰორმონული თერაპიის კურსი. ამავე დროს, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პრეპარატებით ალებისგან სრულად მორჩენის გარანტიას ექიმები ვერ მოგცემენ. მკურნალობის მიზანი მდგომარეობის დროებითი შემსუბუქება, სიმპტომების შემცირებაა. ზოგ შემთხვევაში ალები მკურნალობის პროცესში ქრება, მაგრამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ განახლდება. ამ ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენას მედიკოსები მარტივად ხსნიან - შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ალების ხანგრძლივობა და ინტენსივობა. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა მიზანშეწონილად ჩაითვალოს პრეპარატის არა უეცრად მოხსნა, არამედ მისი დოზის თანდათანობითი შემცირება. ამ შემთხვევაში მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ორგანიზმისთვის შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს, რაც აქვეითებს სიმპტომების თავიდან აღმოცენების ალბათობას.
ჰორმონული თერაპია, ესტროგენების მიღება
უკუჩვენების არარსებობისას ეს არის ალების მკურნალობის ყველაზე სასურველი მეთოდი. ჰორმონული თერაპია დაუყოვნებელ ეფექტს არ გვაძლევს, მისი მოქმედება რამდენიმე თვის შემდეგ ვლინდება. ესტროგენების საფუძველზე დღეს სხვადასხვა პრეპარატია შექმნილი. მათგან თქვენთვის ყველაზე შესაფერისს გინეკოლოგი შეგირჩევთ კლიმაქსის სიმპტომების, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. გარდა ალებისა, ესტროგენები ამცირებენ კლიმაქსთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომებსაც, რომელთა შორისაც უნდა აღვნიშნოთ:
• უძილობა
• საშოს სიმშრალე
• გულმავიწყობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
• შარდსასქესო სისტემის პრობლემები
არაესტროგენული პრეპარატები
თუ ესტროგენული პრეპარატები უკუნაჩვენებია ან ის არასასურველი ეფექტის მიზეზი გახდა, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატები, რომლებიც ესტროგენებს არ შეიცავენ. ე ვიტამინის მიღება. ზოგიერთი კვლევის მონაცემთა თანახმად, ე ვიტამინის მიღება ამცირებს კლიმაქსური ალების სიხშირესა და ინტენსივობას. თუმცა, ამ თვალსაზრისით კვლევა ჯერ არ დასრულებულა: დასადგენია მისი ეფექტი, დასაზუსტებელია, რომელი პაციენტისთვის არის ასეთი მკურნალობა შესაფერისი. ამავე დროს, ექიმები გვაფრთხილებენ: ე ვიტამინის ჭარბი დოზით მიღება სულაც არ არის უვნებელი - ის დროთა განმავლობაში ორგანიზმში გროვდება, რის გამოც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიშიც გახდეს.
ყველაფერთან ერთად გვინდა განუგეშოთ - ალები დროებითი მოვლენაა. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა ეს ჩივილი აღარ შეგაწუხებთ. ასე რომ, მთავარია მოთმინება.
ავტორი მარიკა დვალი