შფოთვა გარეგნობის გამო
ფულის ძალა და მედიცინის მიღწევები პლასტიკური ქირურგიის სფეროში ქალისთვის მაშველი რგოლივითაა... თუმცა ამჯერად პლასტიკური ქირურგიის მიღწევებზე საუბარს არ ვაპირებთ; გვინდა, ერთ მტკივნეულ პრობლემას შევეხოთ. საკუთარი გარეგნობის გამო შფოთვა შესაძლოა ავადმყოფობაში - დისმორფოფობიაში გადაიზარდოს. ამ რამდენიმე ხნის წინ ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ქალი ნინო კ. პლასტიკური ოპერაციის შემდგომი მძიმე დეპრესიით. მას ბავშვობიდან ჰქონდა ქვედა ყბის დეფექტი, რის გამოც ყბა ოდნავ წინ იყო წამოწეული. მიუხედავად მშობლების დიდი ყურადღებისა, გარდატეხის ასაკში ნინოს თავისი გარეგნობის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა. დეფექტზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. უთანხმოება მოუვიდა შეყვარებულთან და ამის მიზეზადაც თავისი “შეუხედავი” გარეგნობა მიიჩნია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ნინომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, მაგრამ შედეგმა იმედი გაუცრუა. შეყვარებულმა ამ მსხვერპლის შეფასებაც ვერ მოასწრო, უცხოეთში წავიდა. ნინო დიდხანს ყოყმანობდა, ძველი გარეგნობა დაებრუნებინა თუ გაეკეთებინა ახალი ოპერაცია, ამჯერად - თვალების ჭრილის შესაცვლელად. მე თუ მკითხავთ, ის ოპერაციამდეც კარგად გამოიყურებოდა (ფოტოსურათით თუ ვიმსჯელებთ), ოპერაციის შემდეგ კი - უფრო უკეთესად, მაგრამ ნინოს აღარავისი სჯეროდა. ის სასოწარკვეთილებამ შეიპყრო... პლასტიკური ოპერაციის აკვიატებული სურვილი სხვა არაფერი იყო, თუ არა დისმორფოფობიის გამოვლინება. დისმორფოფობია - ეს არის დარღვევა, გამოხატული საკუთარი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დამახინჯებული აღქმით და მისი თანმხლები დეპრესიით, უძილობითა და შფოთვით. უმეტესობა უკმაყოფილოა სახით, ცხვირით, მკერდითა და სასქესო ორგანოებით. ექიმმა, რომელსაც პაციენტი პლასტიკური ოპერაციისთვის მიმართავს, ოპერაციის აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს და შეათანხმოს ფსიქოთერაპევტთან. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დისმორფოფობიით შეპყრობილი პაციენტის უკიდურესი დისკომფორტის მიზეზია ფიზიკური “მე”, რომელიც მოიაზრებს საკუთარ სხეულს, რომელიც ყოველი ადამიანის ცნობიერებაში არსებობს. ეს ნიშნავს, როგორ ვხედავთ, აღვიქვამთ და ვაცნობიერებთ საკუთარ თავს. ფიზიკური “მე”-თი განისაზღვრება ფსიქოლოგიური “მე”, ორივე ერთად კი გვიჩვენებს, როგორი ადამიანი ვარ მე და წარმოქმნის ადამიანის “მე კონცეფციას”, რომელიც ხსნის, ვინ ვართ და რატომ. პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ინგრევა ფიზიკური “მე” და ძველი პრობლემები მძაფრდება. პაციენტი სარკეში თავის თავს ვერ სცნობს. საჭიროა ფსიქოთერაპევტთან ერთად გრძელი გზის გავლა იმისთვის, რომ მიეჩვიო ახალს და თავიდან შექმნა დაკარგული “მე”. ყველა ქალს როდი შეუძლია, მიიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ის ეტალონს ეძებს. საკუთარი გარეგნობით გამოწვეული უკმაყოფილება, წესისამებრ, ბავშვობაში იჩენს თავს. ზოგიერთ მშობელს სწორად მიაჩნია, ობიექტურად მიანიშნოს შვილს მისი გარეგნობის ღირსებასა თუ ნაკლზე. ბავშვს ჰგონია, რომ ის ამ ნაკლის გამო არ უყვართ და იწყებს ფიქრს, რა უშველოს ამას. აქ ფორმირდება არაადეკვატური “მე”. გაცილებით უკეთესია, როცა მშობლები შთააგონებენ შვილს, რა განუმეორებელი, რა მომხიბვლელია ის. ასეთი ბავშვები შემდგომ წარმატებული პიროვნებები არიან. თუ გაკლიათ საკუთარი თავის რწმენა, გაქვთ დაბალი თვითშეფასება და მიგაჩნიათ, რომ ულაზათო სხეულის პატრონი ხართ, ნუ იჩქარებთ, კარდინალურად შეიცვალოთ გარეგნობა. ჰკითხეთ რჩევა ახლობლებს, საყვარელ ადამიანს, ფსიქოლოგს. გადაიღეთ საკუთარი თავი ვიდეოკამერით და დააკვირდით. სცადეთ შეხედოთ მას იმ ადამიანების თვალით, რომელთაც უყვარხართ. თუ ჩათვლით, რომ გარეგნული ცვლილება საჭიროა. დაიწყეთ იმიჯის შეცვლით. გაითამაშეთ სხვადასხვა როლი, როგორც მსახიობმა, რომელიც სხვადასხვა სახეს ირგებს; შეიცვალეთ სამოსი, კოსმეტიკა. ასე იპოვით საკუთარ, განუმეორებელ სტილს. თუ ამას თქვენი გარემომცველი ადამიანების დადებითი რეაქცია მოჰყვა, დარჩით ისეთად, როგორიც ხართ.