შემოდგომის დეპრესია და მომავალი დედა - რა საფრთხეს უქმნის ნაყოფს დეპრესიის თვითნებური მკურნალობა
ერთფეროვან და ნაცრისფერ ყოველდღიურობაზე გადასვლა საკმაოდ მწვავეა. ცა იქუფრება, დღეები მოკლდება, ფოთლები ცვივა და გულში უმიზეზო სევდა ისადგურებს. ქალებს სეზონური დეპრესია 4-ჯერ უფრო ხშირად ეუფლებათ, ვიდრე მამაკაცებს. მომავალ დედებთან დეპრესიული მდგომარეობის რისკი კიდევ უფრო მაღალია, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ცუდი განწყობილება ასუსტებს ორგანიზმს და ნეგატიურად აისახება ნაყოფზე.
შემოდგომის დეპრესია განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს, თუ ორგანიზმი გენეტიკურად არის დაპროგრამებული ერთგვარად დაქვეითებულ ფსიქოლოგიურ იმუნიტეტზე. ასეთია ბავშვის მოლოდინში მყოფი ყოველი მეხუთე ქალი. უამისოდაც მელანქოლიისკენ მიდრეკილ დედებს განსაკუთრებით ადვილად ერევათ სევდა, როცა იცვლება ჰორმონული ფონი, ანუ ორსულობის მე-2 თვეში ან ორსულობის უკანასკნელ კვირებში. ამ დროს განწყობილება ისედაც არამდგრადია და გონებაში უამრავი უსიამოვნო ფიქრი ჩნდება. ამას ემატება მუდმივი უამინდობა და მწუხრი, ვერ გაგიგია, გარეთ დილაა თუ საღამო, სულ წოლა და ძილი გინდა...
კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ორსულობის მე-18 კვირაა. ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს 14 ათასი მომავალი დედა და გაარკვიეს, რომ სწორედ ამ დროს იწყება ემოციური განწყობილების მკვეთრი დაცემა. ის ძლიერდება ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში და პიკს აღწევს პატარას დაბადებამდე ერთი თვით ადრე. მერე კი გადაიზრდება მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში, რომელიც საშუალოდ 8 კვირას გრძელდება. მისი ალბათობა იზრდება, თუ ორსულობის შუა პერიოდი შემოდგომას დაემთხვა.
დედის დეპრესია უსიამოვნებებს უქადის ბავშვის ჯანმრთელობას. ორსულები არცთუ იშვიათად ექიმის ნებართვის გარეშე დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებენ. ამის გაკეთება არ ღირს - შესაძლოა, ბავშვი დღენაკლული და წონანაკლული დაიბადოს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ ემოციურ მდგომარეობას და დეპრესიის პირველივე ნიშნებზე მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. გარდა ამისა, ძილიანობის, აპათიის, შრომის უნარის დაქვეითების, უგუნებობის შესახებ უნდა აცნობოთ გინეკოლოგს, რადგან ამის მიზეზი შესაძლოა ტოქსიკოზი იყოს, ეს კი სახიფათოა!
შემოდგომის დეპრესიას კიდევ ერთი არასასიამოვნო მხარე აქვს: უგუნებობა წონის მომატებას უწყობს ხელს, მომავალი დედისთვის კი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! მადა დაორსულებისთანავე ისედაც ძლიერდება, უარყოფითი ემოციები კი მას უფრო მეტად ზრდის. თავს მცირედი სიამოვნება მაინც რომ მიანიჭოთ, განუწყვეტლივ მიირთმევთ. ეს მართლაც ამშვიდებს, მაგრამ რის ფასად! ორსულობისას წონა ისედაც აკრიფეთ, შემოდგომაზე და ზამთარში კი ნივთიერებათა ცვლის პროცესები შენელებულია. იზრდება ცხიმოვანი ფენა, რომელიც იცავს ნაყოფს გარეგანი ზემოქმედებისგან და უნარჩუნებს სითბოს, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. ორსულის ორგანიზმს ზედმეტი წონა უქადის ჰიპერტონიას, შაქრიან დიაბეტს, ზრდის დატვირთვას ვენებზე, შესაძლოა, ბავშვიც დიდი წონისა დაიბადოს, რაც გამოიწვევს სირთულეებს მშობიარობის დროს. რაც უფრო მოკლდება დღე, მით უფრო იზრდება მადა და ძლიერდება ღამის შიმშილის შეტევები. ძილის წინ დალიეთ თაფლიანი წყალი, შეზავებული ნახევარი ლიმონის წვენით. თუ ღამით ძალიან გშივდებათ, წინასწარ მოამზადეთ ცოტაოდენი ხაჭოს კრემი - ის ნაკლებკალორიულია, მაგრამ ორსულებისთვის ძალიან სასარგებლო. ოხრახუში და კამა წვრილად დაკეპეთ, დანაყეთ ცოტაოდენი ხახვი და ერთი კბილი ნიორი და ეს ყველაფერი შეურიეთ უცხიმო ხაჭოს. წაუსვით პურის თხელ ნაჭერზე და მიირთვით.
შემოდგომის მოსაწყენ დღეებში ორსულის ორგანიზმი მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს მელატონინს - ე.წ. ძილის ჰორმონს. მისი უკმარისობის შემთხვევაში დილაობით თავს ძლივს ვაიძულებთ ადგომას, მთელი დღე გვეძინება... ებრძოლეთ ძილს და ჰიპოდინამიას - მისდიეთ აქტიურ ცხოვრების წესს, თორემ ნაყოფს ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) შეაწუხებს და ცუდად განვითარდება. სწრაფად რომ გამოფხიზლდეთ, დაჭიმეთ სხეული საწოლში, გაიზმორეთ. ეს მაღლა სწევს კუნთურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ჟანგბადით ტვინის მომარაგებას. დალიეთ მაგარი, ტკბილი, ლიმონიანი ჩაი, მიაყოლეთ ორიოდე ლუკმა მშრალი ან ჯემიანი ნამცხვარი - ასეთი საკვები ტვინს გლუკოზით ამარაგებს და აფხიზლებს, თუმცა სრულფასოვან საუზმეს ვერ შეგიცვლით. თუ ბოლომდე არ გამოფხიზლებულხართ, ადგომას ნუ იჩქარებთ, ნახევრად მძინარე ორგანიზმს დრო სჭირდება, რათა სისხლძარღვოვანი სისტემა ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობის რეჟიმზე გადაერთოს. ჯერ წამოჯექით, შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გაშალეთ და აამუშავეთ ფეხები, ბოლოს ნელ-ნელა წამოდექით. თუ სწრაფად წამოდგებით, სისხლი ერთბაშად წავა თავიდან ფეხებისკენ და თავი გაგიბრუვდებათ, შესაძლოა გონიც კი დაკარგოთ! დაწოლამდე ერთი საათით ადრე მიირთვით სეროტონინით მდიდარი საკვები - ღამით ის მელატონინად გარდაიქმნება. სეროტონინს შეიცავს ბანანი, პომიდორი, შვრიისა და ბრინჯის ფაფა, სიმინდი და ქერჩართული ხორბლის პური.