თმის მოვლა
მავნე ფაქტორების გავლენით თმის სტრუქტურა ზიანდება, რაც გამოვლინდება თმის ცვენით, ქერტლით, მტვრევადობით. არაპროფესიონალური მოვლა კიდევ უფრო მეტად ვნებს თმის მდგომარეობას. ვინაიდან თმა ჩვენი იმიჯის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიონალებს უნდა მივანდოთ. ერთი შეხედვით ისეთი მარტივი პროცედურაც კი, როგორიც არის შუბლზე ჩამოშლილი თმის შესწორება, სახლის პირობებში არ უნდა ჩავატაროთ. აღარაფერს ვამბობ თმის გაუფერულებაზე, დაუთოებასა და ფენით გაშრობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ასეთი დამოკიდებულების ფატალურ შედეგებს.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც თმის შეღებვა სჭირდება?
- შეღებვისას, სასურველია, თმა არ იყოს ახალდაბანილი. სავსებით საკმარისი იქნება, თუ თავს ერთი ან ორი დღით ადრე დავიბანთ. მუქი ტონის საღებავით ღებვა შუბლის ზონიდან უნდა დავიწყოთ, ღია ტონის საღებავით კი კეფიდან. საღებავით თმის დაფარვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, თმის სიგრძიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 წუთის განმავლობაში. ირველი შეღებვისას თმა უნდა შეიღებოს მთელ სიგრძეზე, ძირიდან ღერის ბოლომდე, ხოლო 21 დღის შემდეგ შეღებვისას საღებავით უნდა დაიფაროს მხოლოდ ახალამოსული თმის ძირები, 21 დღის შემდეგ შეღებვისას - ისევ მთელი თმა და ასეთივე მონაცვლეობით განვაგრძოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ დაზიანებისგან თმის სტრუქტურა და ვიზუალური ეფექტიც სათანადო იყოს. ვიდრე ღებვას დავიწყებთ, საღებავი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ალერგიაზე: გააზავეთ, წაისვით კეფაზე და 10-15 წუთით დაიტოვეთ. თუ კანი გაგიღიზიანდათ, ცხადია, ამ საღებავით თმის შეღებვა არ შეიძლება. უმჯობესია, გამოიყენოთ პროფესიონალური, სალონური საღებავები. მათ აქვთ არაპერმანენტული ხაზი, რომელიც არ შეიცავს ალერგენებს. ამ ხაზის საღებავებით სარგებლობა შეუძლიათ ორსულებსაც და ალერგიულ ადამიანებსაც.
- ასაკოვან ქალბატონებს რა ფერის საღებავით ურჩევდით თმის შეღებვას?
- თუ თმას ინტენსიურად აქვს მორეული ჭაღარა, ვურჩევ, შეიღებონ სელისფრად. ეს ფერი დაახლოებით იმავე ტონალობისაა, რომლისაც ჭაღარა, ამიტომ წამოზრდილი, შეუღებავი თმა ნაკლებად შესამჩნევია. შეუძლიათ, აქტიურად გამოიყენონ მელირება ან მოდური ფეინთინგი - თმაზე ხატვა. ამგვარად ღებვის უპირატესობა ის არის, რომ უძლებს დროს და 21 დღის ნაცვლად შეგვიძლია ძირები 40 დღის შემდეგ შევიღებოთ, ხოლო საღებავით თმის სრული განახლება 6 თვეში ერთხელაც საკმარისია. რასაკვირველია, ასე თმა უფრო მეტად დაიზოგება.
ასაკოვანი ქალბატონები უმჯობესია ერიდონ შავ, მუქ ყავისფერ და ბორდოსფერ საღებავებს, რადგან თეთრიდან მუქ ტონებზე გადასვლისას ოდნავ წამოზრდილი ჭაღარაც კი შესამჩნევია, თანაც ნაოჭები, ღარები და კანის დეფექტები უფრო თვალში საცემი ხდება.
- იქნებ რამდენიმე სიტყვა თმის მოვლის შესახებაც გვითხრათ?
- ვარცხნილობის შესაქმნელად და დასაფიქსირებლად ხშირად ვხმარობთ მუსს, ლაქს, ლოსიონს, გელს და ა.შ. ისევე, როგორც მაკიაჟს, ძილის წინ ამ საშუალებებსაც სჭირდება მოშორება. რაც არ უნდა ლამაზი, მოხდენილი და ძვირად ღირებული ვარცხნილობა გვქონდეს, ძილის წინ თავი აუცილებლად უნდა დავიბანოთ, რადგან ეს საშუალებები ვნებს თმას, თავის კანს, თმის ბოლქვს.
- როგორ გამოვიყენოთ ფენი?
- ფენი უნდა ჩავრთოთ საშუალო სიმხურვალეზე და თმიდან 25-30 სმ-ზე დავიკავოთ. თუ ამ წესს დაიცავთ, ფენი შეგიძლიათ საჭიროებისა და სურვილისამებრ გამოიყენოთ.
- როგორ მოვუაროთ დაზიანებულ თმას?
- არსებობს თმის რამდენიმე ტიპი: ცხიმიანი, მშრალი და კომბინირებული. სწორედ ამის გათვალისწინებით იქმნება თმის მოსავლელი საშუალებები. თმასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში უნდა მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც საგულდაგულო დათვალიერების შემდეგ თმის მოსავლელ საშუალებას შეგირჩევთ.
- როგორი სიხშირით უნდა შევიჭრათ თმა?
- თმის ბოლოების შეჭრა სასურველია ყოველ 30 დღეში ერთხელ, რათა თმამ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და კარგად გაიზარდოს.