ქალი და აქსესუარები
დაახარისხეთ ნივთები სეზონის მიხედვით, ხოლო ისინი, რომლებიც ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდა, ცალკე გადააწყვეთ. დაალაგეთ ბეჭდები - ცალკე, სამაჯურები - ცალკე, თვალით გაზომეთ, რა ადგილს დაიკავებს თითოეული ნაკრები, მერე კი თავ-თავისი ადგილი მიუჩინეთ. ძვირფასეულობა უმჯობესია შეინახოთ სარკიანი მაგიდის ზედაპირზე, სადაც თქვენ გასვლის წინ ემზადებით. ამ საკითხს შეიძლება ორგვარად მიუდგეთ:
- თუ წესრიგი გიყვართ, გამოგადგებათ მრავალსართულიანი ყუთი, სადაც თითოეულ ბეჭედს თავისი ადგილი ექნება, რათა ძვირფასი ლითონები და ქვები სხვა მეტალებს არ შეეხოს. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ყუთის თან წაღებაც არ იქნება ძნელი.
- მეორე ვარიანტი სპონტანური ხასიათის პატრონებისთვის არის ზედგამოჭრილი. თუ არ გაქვთ იმდენი დრო, ყოველ ჯერზე გადააწყ-გადმოაწყოთ თქვენი მორთულობა, მაშინ პრინციპულად სხვაგვარი სისტემა დაგჭირდებათ. ყველაზე იოლია, საღამოობით ყველაფერი მინის ლამაზ ლარნაკში ჩაყაროთ. მეორე დილით საჭირო ნივთს იოლად მიაგნებთ - ჭურჭელი ხომ გამჭვირვალეა! ძალიან ლამაზია კუბის ფორმის კუთხეებჩამოთლილი მინის ლარნაკი, რომელსაც შიგნითა ნაწილი მრგვალი აქვს. გამძლეც არის და ორიგინალურიც. მინა შეიძლება ფერადიც იყოს, ოღონდ არა მეტისმეტად მუქი და აუცილებლად გამჭვირვალე, რათა სასურველი ნივთის მოძებნა გაგიადვილდეთ. არსებობს კიდევ რამდენიმე ორიგინალური ხერხი, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
- გამოჭერით მუყაოსგან "ხელი", რომელზეც წამოაცვამთ ბეჭდებსა და სამაჯურებს. შეიძლება დაჩვრიტოთ კიდეც და ამ ნაჩვრეტებში საყურეები გაუყაროთ. იდეის სიმარტივესთან ერთად, ვარიანტი მრავლადაა: შეიძლება გამოჭრათ იმდენი "თითი", რამდენიც მოგესურვებათ, ჯადოსნურ "ხელზე" მიაწებოთ ლამაზი სურათები ან შეღებოთ თქვენი საყვარელი ფერის საღებავით.
- აიღეთ ხის დატოტვილი ტოტი. აქ ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება - ბეჭდებისთვისაც, სამაჯურებისთვისაც, მძივებისთვისაც... ტოტი შეიძლება შეღებოთ ვერცხლისფერი საღებავით ან მოხატოთ ზოლებად.
სხვა აქსესუარები
ყელსახვევები, კაშნეები, შარფები ჩვენი მოდური სიმფონიის მნიშვნელოვანი ნოტებია. როგორ შევინახოთ ისინი, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს? ყველაზე მარტივი ხერხია ჰორიზონტალურ ხარიხაზე გადაკიდება. თუ დიდი კოლექცია გაქვთ, რამდენიმე ხარიხაზე გაანაწილეთ - არც დაისრისება და უკეთაც გამოჩნდება. შესანიშნავი გამოსავალია კრონშტეინზე (ირიბი ბჯენი კედელზე ან სვეტზე) დამაგრებული დიდი რგოლები. მკვეთრი, ლამაზი ფერის ყელსახვევებით შეიძლება კედელზე ულამაზესი კომპოზიციები შექმნათ. იგივე იდეა, ოღონდ მინიმალისტურ სტილში: შეაერთეთ ნიკელის მილები მეტალის მავთულით. ვარიანტი უამრავია, მხოლოდ ფანტაზიისა და მარჯვე ხელების გამოყენება მოგეთხოვებათ. ისღა დაგვრჩენია, მოდური აქსესუარების შესანახ ადგილებში სისუფთავე დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი ძალისხმევა ამაოდ ჩაივლის. როცა ყველაფერი წესრიგშია, ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და, რაც მთავარია, ადვილად მისაგნებია, თვალის დახამხამებაში შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი და სიტუაციისთვის შესაფერისი აქსესუარი. დაწოლის წინ სამკაულები აუცილებლად მოიხსენით - ეს დიდხანს შეუნარჩუნებს მიმზიდველობას ძვირფას ლითონებსა და ქვებს. ოქროს, ვერცხლისა და პლატინის სამკაულები ცალ-ცალკე მოათავსეთ.