ძალიან საჭირო ნივთი
-
ბიუსტჰალტერის შექმნის ისტორია
პირველი ბიუსტჰალტერი ქედმაღალმა ინგლისელებმა გამოიგონეს. 1887 წელს დადასტურდა გამოგონებაზე განსაკუთრებული უფლებაც. ეს იყო მკერდის ფორმის გასაუმჯობესებელი მოწყობილობა, რომელიც ორ ცალ ბადურას ჰგავდა. ბიუსტჰალტერით მაშინვე დაინტერესდნენ კორსეტების ფრანგი ოსტატები. უკვე ორი წლის შემდეგ ფრანგმა მოდელიორმა ქალმა გამოუშვა "ლიფი მკერდისთვის", რომელმაც მაშინვე შეიძინა თაყვანისმცემლები. კონსტრუქცია თანდათან იხვეწებოდა.
1912 წელს "კორსეტების მწარმოებელმა" გერმანელმა მეწარმემ შეიმუშავა მოდელი, რომელიც ერთნაირად მოხერხებული აღმოჩნდა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც - აღარ იყო გადატვირთული ათობით კაუჭითა და სხვა ქალური დეტალით. შედარებით რბილი ბიუსტჰალტერი, აუტანა, პირველი ბიუსტჰალტერი იყო, რომელიც ქვედა საცვლის ნაცვლად სხეულზე მაგრდებოდა. მოხერხებულმა და ფხიანმა იანკებმა მსუბუქი მრეწველობის ეს მიმართულება სწრაფად განავითარეს - 1937 წელს შექმნეს ფიალების ფორმის ხუთი სხვადასხვა ზომის ბიუსტჰალტერი.
1977 წელი ახალგაზრდული თეთრეულის მოდის საწყისად ითვლება. ახალი მოდელები სრულიად ახალგაზრდული მკერდისთვის შეიქმნა, შედარებით მსუბუქი და ნაკლებად შესამჩნევი იყო თხელი ტანსაცმლის ქვეშ. 80-იან წლებში კი დიდი, ფუმფულა მკერდის მოდა დაიწყო. ეს "სილიკონის ბუმი" იყო.
წამყვანმა ფირმებმა ყველაზე "მაცდუნებელი" ბიუსტჰალტერების მოდელები 1994 წელს შექმნეს.
ბიუსტჰალტერის ისტორიას კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. მოცარტის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით იაპონურმა ფირმა თრიუმპჰ-მა შექმნა მუსიკალური ბიუსტჰალტერი, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის ერთ მელოდიას ასრულებდა, ხოლო 90-იანი წლების დასაწყისში 24-კარატიანი ოქროს ბიუსტჰალტერი გაჩნდა.
-
სრულქმნილების ტიპოლოგია
-
- სპორტული ბიუსტჰალტერები
ექიმების აზრით, ვარჯიშის დროს მკერდი შეკავებას მოითხოვს. ამაში მედიცინის მუშაკებს მოდელიერებიც ეთანხმებიან. ასე რომ, ბიუსტჰალტერები სავარჯიშო დარბაზებში დაბრუნდა. არსებობს რვა მოდელი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას შეესატყვისება.
სპორტულად ითვლება მთლიანი მოდელები, რომლებიც ელასტიკური და "მსუნთქავი" ქსოვილისგანაა დამზადებული და არ არის მორთული.
-
- მოცულობის შემამცირებელი ბიუსტჰალტერები
სპეციალური საფარველის მქონე ასეთი ბიუსტჰალტერები ამცირებდა ფუმფულა ფორმებს. ისინი პირველად 20-იან წლებში, "არტ-დეკოს" პერიოდში გამოჩნდა. მჭიდრო, მტკიცე ქსოვილისგან შექმნილი ლიფები თხელი ქალის სილუეტს ქმნიდა. დღეს ასეთი ტიპის მოდელებს ქმნიან Playtex-ი და Felina. ორი პერპენდიკულარული ნაკერი შუაგულში ბიუსტს უფრო მოზიდულს აჩენს. ფიალები მთლიანად შემოსაზღვრავენ მკერდს, ჩაკერებული თხელი ჩხირები კი მას "მოწოდების სიმაღლეზე" ყოფნაში ეხმარებიან და მკერდის არა მარტო მოცულობის, არამედ ფორმის მოდელირებასაც უწყობენ ხელს.
-
- მაკორექტირებელი ბიუსტჰალტერები
მაკორექტირებელი სახის ბიუსტჰალტერები ნებისმიერი სახის მკერდს საუკეთესოდ წარმოაჩენენ და ქალს საშუალება ეძლევა, თავი მოიწონოს თავისი ბუნებრივი ღირსებით. მოდელი ოდნავ წინ წამოსწევს და მაღლა სწევს მკერდს, აუმჯობესებს მის ფორმას. შუაგულში კეთდება ნაკერი, ფიალების ქვედა ნაწილი კი შევსებულია მკვრივი მასალით, რომელიც მკერდს საჭირო სიმაღლეზე სწევს.
-
სიცრუის სამი ხარისხი
თეთრეულის თანამედროვე მწარმოებლები სამ უწყინარ ხრიკს გვთავაზობენ.
- პირველ შემთხვევაში "მაცდუნებელი ბიუსტჰალტერი" განსაკუთრებული საფარველის საშუალებით ოდნავ მაღლა სწევს მკერდს.
- სრულქმნილების მეორე საფეხური მკერდის მოცულობის ერთი ზომით გადიდებას ითვალისწინებს.
- სიცრუის მესამე ხარისხი ბიუსტჰალტერი push-up-ia, რომელიც საგრძნობლად ცვლის მკერდის ფორმას. ის დამატებით რბილი მასალითაც არის შევსებული. მკერდი თვალსა და ხელს შუა იზრდება და მრგვალდება.
დღეს უკვე არსებობს სხვა საშუალებებიც ბუნებრივი ხარვეზების კომპენსაციისთვის. მაგალითად, ქსოვილებით ან გელით სავსე ბალიშებიანი ბიუსტჰალტერები. ეს უკანასკნელი უსისხლო პლასტიკური ოპერაციის მსგავსია - მკერდში სილიკონის პროთეზების ჩადგმის ნაცვლად შეიძლება ბიუსტჰალტერში მოთავსდეს გელიანი კაფსულები. ისინი შესახედავადაც და შეხებითაც ერთგვაროვანია.
უკანასკნელი თაობის ბიუსტჰალტერი push-up-i არაჩვეულებრივად ლამაზია. ის ტანსაცმლის ელემენტადაა ქცეული, რომელსაც კაბის ფერის მიხედვით არჩევენ და თამამად შეიძლება ღრმა ჭრილიდანაც ჩანდეს. უჩინარი ბიუსტჰალტერი მსუბუქი და მოკრძალებულია, აქვს შესანიშნავი მომჭიმავი თვისებები, ნაკლები ნაკერი და ბრტყელი ფაქტურა. როცა მას წელვადი სამოსის ქვეშ იცვამენ, საერთოდ არ იქმნება დისკომფორტი, არ იგრძნობა თეთრეულის შეხება სხეულზე და სრულყოფილია ბუნებრივი ფორმების განცდა. ზოგიერთ მოდელს ბრეტელები აქვს.
არსებობს ბიუსტჰალტერები უხილავი სილიკონის ბრეტელებით. მათი ჩაცმა თავისუფლად შეიძლება საკმაოდ ღია ზედატანის ქვეშ. პოპულარულია ღია კორსეტებში უბრეტელო თეთრეული.
balkonett ან "ანჟელიკა" საოცარი მოწყობილობით, დამზადებული მაღალელასტიკური ქსოვილისა და მტკიცე, მაგრამ რბილი კონსტრუქციისგან, ვიზუალურად გადიდებული ბიუსტის შთაბეჭდილებას ქმნის.
არსებობს სხეულის დამჭერი სპეციალური ლენტები, რომლებიც მკერდქვეშაა მოთავსებული და ოდნავ მაღლა სწევს მას.
ნაზი ბიუსტჰალტერი ახალგაზრდა დედებისთვისაა განკუთვნილი. რბილია, მაგრამ კარგად ინარჩუნებს ფორმას. აქვს მოხერხებული შესაკრავი წინა მხარეს და საოცარი მოწყობილობები ბრეტელებზე, რომლებიც მხრებს სავსე მკერდის სიმძიმისგან ათავისუფლებს. კლასიკური ვარიანტებია ფირმა Nursing Bra Dlaytex-ის და ფირმა "ნიტას" პროდუქცია.
-
ახალი ორიენტირები
დღეს თეთრეულის მოდის სფეროში აშკარად შეიმჩნევა სამი ტენდენცია. ყველაზე თვალშისაცემია ფრანგული სტილი - ძალზე მდიდრული, მაქმანებიანი კომპლექტები სექსუალური ზედაპირითა და ფერთა ნამდვილი ზეიმით. მოდელები უხეშია და "ჩხირებით" შეიარაღებული, მასალად კი პოლიესტერი და პოლიამიდია გამოყენებული. ასეთი მოდელების დათვალიერება ისეთივე სასიამოვნოა, როგორიც ხელოვნების ნიმუშებისა. უფრო ლოიალური ვარიანტია ბიუსტჰალტერები, რომლებსაც მაქმანებით მხოლოდ ბრეტელები და ფიალები აქვს მორთული.
მეორე მიმართულებაა დემოკრატიულობა. აქ წარმოდგენილია ნატურალური და ხელოვნური მასალის ფუნქციური მოდელები. მესამე მიმართულება, სექსუალურობა და კომფორტის შეგრძნება, ყველაზე წარმატებულად ვითარდება. ყოველი სიტუაციისთვის კი შესატყვისი სტილი არსებობს.