ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვეგეტარიანელობა და ძუძუთი კვება

- ძუძუთი კვების პერიოდში დედა პასუხს აგებს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვილის ჯანმრთელობაზეც. პასუხისმგებლობა გულისხმობს ჩვილის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით - დედის რძით. დედის რძის რაოდენობა და ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესი მათგანი კი თვით დედის კვებაა. დედის რძის ხარისხი იმით განისაზღვრება, რამდენად მდიდარია იგი ბავშვისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. დედის რძეში ცილების რაოდენობა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული დედის მიერ საკვებით მიღებული ცილების რაოდენობაზე, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა კი დედის რაციონის მიხედვით იცვლება. ამიტომაც უნდა ერიდოს მეძუძური დედა უცხიმო და ძალზე ცხიმიან საკვებს. მისი რაციონის ენერგეტიკული ღირებულება ჩვეულებრივზე 500-700 კკალ-ით მეტი უნდა იყოს. ვეგეტარიანელები მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. მცენარეული საკვები მდიდარია ნახშირწყლებით, უჯრედისით, რომელიც ძნელი მოსანელებელია როგორც მოზრდილის, ასევე ჩვილის ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებში დუღილის პროცესს, რაც როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვისაც მუცლის შებერილობის, აირების დაგროვების, ნაწლავთა ჭვლის მიზეზად იქცევა. ჩვილი, რომლის დედაც უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევს, ჭირვეულია, მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს...

- დამატებით რა უნდა მიიღოს ვეგეტარიანელმა დედამ, რომ სრულფასოვანი რძე ჰქონდეს?

- ვეგეტარიანელი დედის რძეში ძალიან ცოტაა ვიტამინი B12, მეტადრე მაშინ, როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს ან ვიტამინიზებულ პროდუქტებს. ეს იმიტომ, რომ ცხოველური საკვები ცილების, რკინისა და ვიტამინ B12-ის ძირითადი წყაროა. ამ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია ვიტამინ B12-ის დამატებით მიღება მთელი ორი წლის განმავლობაში ანუ მანამდე, სანამ თავად არ დაიწყებს ვიტამინიზებული პროდუქტებიდან ამ ვიტამინის საჭირო ოდენობის მიღებას.

- რას იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტი?

- უწინარეს ყოვლისა, ანემიას. ამ დროს ბავშვის ორგანოები და ორგანოთა სისტემები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს, რის გამოც ბავშვი ზრდითა და განვითარებით ასაკს ჩამორჩება. ანემია ვლინდება უმადობით, სისუსტით, წონის მატების შენელებით, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფითრით, ჭირვეულობით, ძილის რეჟიმის დარღვევით. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ფერადობის მაჩვენებლის (ფარბე ინდექსის) დაქვეითება. როცა მისი მაჩვენებელი 0,9-ზე ნაკლებია - ეს ანემიაზე მიუთითებს, მხოლოდ არა რკინადეფიციტურზე, არამედ ფოლიუმდეფიციტურზე (რასაც, წესისამებრ, თან სდევს ვიტამინ B12-ის დეფიციტიც). ამ დეფიციტის შევსება კი საჭიროა ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული გამოყენებით.

- როდესაც დედა ლაქტოვეგეტარიანელია, მაინც საჭიროა ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება?

- თუ დედა მცენარეულ საკვებთან ერთად რძის ნაწარმსაც მიირთმევს, საკვები დანამატების მიღება საჭირო არ არის - იმ პირობით, რომ ქალი საკმარისი რაოდენობით მიიღებს რძესა და კვერცხს. ორგანიზმს B12-ის დეფიციტი არ დაემუქრება, თუ ქალი ყოველდღე მიიღებს 3 ჭიქა (600 მლ) რძეს ან მიირთმევს 1  ცალ კვერცხს და დალევს 2 ჭიქა რძეს. შეიძლება, რაციონში ჩაერთოს რძის პროდუქტებიც - ხაჭო, ყველი, მაწონი და სხვა.

- არცთუ იშვიათად ვეგეტარიანელ დედას რძის ნაკლებობის გამო ჩვილისთვის საკვების დამატება უხდება. საჭიროა თუ არა ასეთ დროს მისთვის საკვებდანამატების მიღება?

- როდესაც რძის უკმარისობის გამო ჩვილი დამატებით საკვებს იღებს, იგი შერეულ კვებაზეა. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილი დღე-ღამეში 75მლ-ზე ნაკლებ ადაპტირებულ ნარევს იღებს, საკვებდანამატების (პოლივიტამინების) მიცემა საჭიროა, თუ 75მლ-ზე მეტს იღებს - არა.

- რა განსხვავებაა საკვებდანამატებსა და დამატებით საკვებს შორის?

- საკვებდანამატს იმიტომ ჰქვია საკვებდანამატი, რომ ძირითადი საკვების დამატებაა. ძირითადი საკვები კი ან დედის რძეა, ან - ხელოვნური კვებისას - ადაპტირებული ნარევი. ბავშვს დანამატს ვაძლევთ ძირითადი საკვების შემდეგ ან კვებათა შორის შუალედში. საკვებდანამატებად პოლივიტამინებთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ხილისა და კენკრის წვენი ან პიურე, ხაჭო, ქათმის კვერცხის გული. ამ გზით შესაძლებელია, ორგანიზმი ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებით და საკვები ნივთიერებებით უზრუნველვყოთ.

- თუ დედა ვეგეტარიანელია, როგორი უნდა იყოს პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის რაციონი?

- თუ ჩვილი ძუძუთი იზრდებოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში მის რაციონში არ უნდა შევზღუდოთ ცხიმების შემცველობა. ამასთან, რაციონი შეთანხმებული უნდა იყოს პირად პედიატრთან. დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია - ის დაახლოებით 54%-ით ცხიმისაგან შედგება. 1 ჭიქა დედის რძე შეიცავს 175 კალორიას. ამდენად, ჩვილისთვის საჭირო ცხიმებისა და ენერგიის რაოდენობას თვით ბუნება გვკარნახობს. მოგეხსენებათ, ცხიმი ენერგიის წყაროა, ვეგეტარიანული რაციონი კი ცხიმებით ღარიბია. სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით). ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა:

  • მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, სანაცვლოდ შეამცირეთ ნახშირწყლები.
  • ნუ ეცდებით ცხიმის შეზღუდვას. ნუ მისცემთ უცხიმო რძეს და რძის ნაწარმს. უხვად გამოიყენეთ მზესუმზირას, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი.
  • თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ საკვებს.
  • ფაფები ძირითადად ყავისფერი ბრინჯისა და შვრიისგან მოუმზადეთ.
  • ბევრს ნუ აჭმევთ უმ ხილსა და ბოსტნეულს.
  • კვებათა შორის შუალედებში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.

- რას ურჩევთ დედას?

- თუ ქალისთვის ვეგეტარიანელობა ცხოვრებისეული პრინციპია, რომლიდან გადახვევას არ აპირებს, მაშინ ორსულობისა თუ ძუძუთი კვების დროს მან სათანადოდ უნდა მოამარაგოს თავისი ორგანიზმი რკინითა და ვიტამინ B12-ით. ამაში პირადი ექიმი დაეხმარება - შეურჩევს კვების რაციონს და ვიტამინების კომპლექსს. ქალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ექიმის რჩევებს და ყური მიუგდოს თავის გულისხმას - შვილის ჯანმრთელობა ხომ ყოველგვარ პრინციპზე მნიშვნელოვანია!


ჩვენი მეგობარი მცენარეები

სამკურნალო მცენარეთა აბაზანებს სასწაულის მოხდენა შეუძლია: ზოგი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ზოგი კი გაღიზიანებულ კანს აცხრობს.

- შეიძლება თუ არა ახალშობილისთვის მცენარეული ნაყენების აბაზანები?

- ახალშობილის კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა მცენარეული ნაყენის აბაზანამ ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. სასურველია, აბაზანის მიღებამდე პატარას ჩავუტაროთ ტესტი ალერგიაზე. ამისთვის ბამბა ნაყენში უნდა დავასველოთ და კიდურზე წავცხოთ. თუ ოციოდე წუთის შემდეგ ეს ადგილი არ შეწითლდა, შეგიძლიათ, ნაყენი თამამად გამოიყენოთ აბაზანისთვის.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვისთვის მცენარეული ნაყენი და ნახარში, არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი?

- ნაყენი და ნახარში ერთი და იგივე არ არის. ჯერ ერთი, მათ მოსამზადებლად სხვადასხვა ნედლეულს იყენებენ. ნაყენისთვის საჭიროა წვრილად დაქუცმაცებული ბალახი, ყვავილები, ფოთლები, ნახარშისთვის - მსხვილი ნედლეული: ქერქი, ფესვები. თუმცა ნაყენიც და ნახარშიც წყლის აბაზანაში მზადდება. მომზადების წესი ასეთია: მცენარე მოათავსეთ პატარა მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავსახური და ჩადგით წყლიან ქვაბში, წამოადუღეთ, გააჩერეთ, რამდენ ხანსაც საჭიროა, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და ნაყენი მზადაა.

- რატომ არის სასარგებლო ბავშვისთვის მცენარეული აბაზანები?

- მცენარეული ნაყენი არბილებს ხისტ წყალს და დადებით ზემოქმედებას ახდენს კანზე, ზრდის მის დამცველობით ფუნქციას, აცხრობს სიწითლესა და გაღიზიანებას, აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ორგანიზმს. აბაზანისთვის შეიძლება როგორც ერთი მცენარის, ისე მცენარეთა ნაკრების გამოყენებაც, თუმცა გირჩევთ, თავდაპირველად მხოლოდ ერთი მცენარის ნაყენი სინჯოთ. კანის გაღიზიანების, გამონაყარის დროს კარგია ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეები: გვირილა, კალენდულა, სალბი. თუ გამონაყარი სველია ანუ თან ახლავს გამონადენი, უმჯობესია გამოიყენოთ შემკვრელი თვისების მქონე მცენარეთა პრეპარატები - მუხის ქერქის ნახარში, კრაზანას ნაყენი. კანის სიწითლის, გამოყელვის, ქავილისა და დიათეზის დროს ეფექტიანია ორკბილას ნაყენი, რომელსაც აქვს ანტიალერგიული მოქმედება, ხსნის ანთებით პროცესებს და სხვა. თუ ჩვილი ჭირვეულობს, ცუდად სძინავს, უმიზეზოდ ეცვლება განწყობა, რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე, კბილები ამოსდის და წუხს, შეიძლება გამოიყენოთ დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მცენარეთა აბაზანები - კატაბალახასი, პიტნისა, სვიისა, ბარამბოსი. დამამშვიდებელი აბაზანა ბავშვმა უნდა მიიღოს ძილის წინ. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური აბაზანა 1-2 თვის განმავლობაში. დამამშვიდებელი აბაზანები ნაწლავთა ჭვლის დროსაც კარგია. მრავალი მცენარე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექსს, ამიტომ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ორგანიზმისთვის: უნარი შესწევთ, გააუმჯობესონ ნივთიერებათა ცვლა, დაიცვან კანი მავნე მიკროორგანიზმებისგან, გაწმინდონ ორგანიზმი ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან. ასეთი ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებები აქვს ორკბილას, გვირილას, კალენდულას.

ორკბილა

  • ახდენს დეზინფექციას კანის ალერგიული რეაქციების დროს.
  • ხსნის ანთებას და კანის სიწითლეს.
  • ატოპიური დერმატიტის (დიათეზის) დროს.
  • აქრობს ალერგიულ გამონაყარს და ქავილს გამოყელვისა და ჩახურებისას, ანოტივებს კანს.
  • აქვს კანის ჭრილობებისა და ნაკაწრების სწრაფად შეხორცების უნარი.
  • კანის სიწითლის, ქავილის, გაღიზიანების დროს.

გვირილა

  • ანთების საწინააღმდეგო კანის ანთებითი პროცესების დროს.
  • აჩქარებს შეხორცებით პროცესებს გამონაყარის დროს.
  • ზრდის კანის დამცველობით ფუნქციას ჭიპის ჭრილობის მოსაშუშებლად.

შავბალახა

  • ხსნის ნერვულ აღგზნებას.
  • აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას ძილის დარღვევის დროს.

ბარამბო

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
  • ადუნებს უძილობის დროს.
  • ხსნის სპაზმებს მუცლის კოლიკის დროს.

- როგორ მოვამზადოთ აბაზანა?

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის ტემპერატურასა და ხარისხს. წყალსადენის მილებიდან მომავალი წყალი შეიცავს ბევრ არასასურველ ნივთიერებას, რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს ჩვილის ნაზი კანი. ამიტომ გირჩევთ, აბაზანა ანადუღარი წყლით აავსოთ. წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 36,5-37 გრადუსია. ის უნდა გაიზომოს არა ხელის ან იდაყვის ჩაყოფით, არამედ წყლის ტემპერატურის საზომი თერმომეტრით, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. ბანაობა საშუალოდ 10-15 წუთი უნდა გაგრძელდეს. დაიწყეთ 2-5 წუთით და ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ. როცა პატარა დაჯდომას ისწავლის, სათამაშოებიც ჩაუყარეთ. რაც მთავარია, სამკურნალო მცენარეების ნაყენისა თუ ნახარშის გამოყენებამდე ნებართვა პირად პედიატრს სთხოვეთ.