ზამთრის დეპრესიას თმაც განიცდის
1. ვიტამინები. წესად აქციეთ, ყოველდღე 1-2 ვაშლი მიირთვათ, განურჩევლად იმისა, გიყვართ თუ არა. ვიტამინების ნაკლებობა არა მხოლოდ თმის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება. ჩაის დაუმატეთ ლიმონი და ხშირად მიირთვით ზამთრის ხილი - მანდარინი და ფორთოხალი. თუ საჭიროა, მიიღეთ ვიტამინებიც.C ვიტამინი ამაგრებს თმას, ხოლო E ვიტამინი მას ჯანსაღ ბზინვარებას უბრუნებს.
2. კვება. საკვები, რომელშიც ნახშირწყლები მეტია, ვიდრე ვიტამინები, დღეში ერთხელ მაინც შეცვალეთ ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო იოგურტით, თაფლიანი მაწვნით, უცხიმო ხაჭოთი.
3. დაბანა. ზამთარში თმას ნუ დაიბანთ ცხელი წყლით - ის მტვრევადი და უსიცოცხლო გახდება. გამოიყენეთ საზამთრო შამპუნი და კონდიციონერი. თუ ვერ იპოვით, შეიძინეთ პროდუქცია, რომელიც მშრალი და მტვრევადი თმისთვის არის განკუთვნილი, ხოლო თუ ცხიმიანი თმა გაქვთ - ისეთი თმისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელიც ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან - მშრალი.
4. ნიღბები. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ თმაზე წაისვამთ ზეთზე (მაგალითად, აბუსალათინის, როზმარინის ან ლავანდის ზეთზე) დამზადებულ ნიღაბს. ასეთი ნიღბები მზა სახითაც იყიდება, მაგრამ შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ შინ. მაგალითად, თაფლისა და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი მშრალი თმისთვის ასე მზადდება: აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 3 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ერთმანეთში აურიეთ, ოდნავ შეათბეთ და თმაზე წაისვით. გაიჩერეთ 30-40 წუთი და ჩამოიბანეთ. თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბის რეცეპტი კი ასეთია: გააზავეთ წყალში აფთიაქში შეძენილი ცისფერი თიხა და ეს ფაფა თმის ძირებზე დაიდეთ. ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმისათვის გამოდგება.
5. თმის გაშრობა. ზამთარში თმის სიჯანსაღის პირობაა ფენის და თერმოსთაილერების რაც შეიძლება იშვიათი გამოყენება. თუ წვეულებისთვის არ ემზადებით, თმას თავისით გაშრობა აცალეთ, დასახვევად კი მაშების ნაცვლად ბიგუდები გამოიყენეთ.
მშრალი თმის დაბანა, გარდა შამპუნისა, შეიძლება მაწვნით ან კვერცხის გულით, რომელიც თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. დაბანის შემდეგ თმა ნაზად უნდა შეიმშრალოთ პირსახოცით (არ მოისრისოთ), მერე კი გაშრობა აცადოთ. თავის შეხვევა რეკომენდებული არ არის. გრძელი თმა ბოლოდან უნდა დაივარცხნოთ, მოკლე კი ძირიდან. უმჯობესია ჯაგრისის გამოყენება და იმავდროულად კანის მსუბუქი მასაჟი. თმას, გარდა არასათანადო მოვლისა და კვებისა, ვნებს სტრესი, ქრონიკული უძილობა, ზოგიერთი მიკროელემენტის (მაგალითად, თუთიის) ნაკლებობა, სისხლის ცუდი ცირკულაცია. თუ შეამჩნიეთ, რომ ბალიშზე ან სავარცხელზე უფრო მეტი თმა რჩება, ვიდრე მანამდე, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმ ტრიქოლოგს - თმის მკურნალ სპეციალისტს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ქალური სასქესო ჰორმონების - ესტროგენების დონის შემოწმება. თმის სიჯანსაღე მათზეც არის დამოკიდებული. ჰორმონული ბალანსის რღვევისას თმის ცვენა ბუნებრივია - ასე რეაგირებს ორგანიზმი ჰორმონულ არასტაბილურობაზე. თუ ეს პროცესი გახანგრძლივდა, უნდა შემოწმდეს ენდოკრინული სისტემის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის ფუნქციები.