ინტიმური ცხოვრების პრობლემები
ასეთ დროს ინტიმურ სიახლოვეზე უარს ვამბობ, მაგრამ ვატყობ, რომ მეუღლე უკმაყოფილო რჩება. როგორ მოვიქცე?
გარეგნობას სქესობრივ ურთიერთობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამას სექსოლოგებიც ადასტურებენ. ამა თუ იმ ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ისინი ყოველთვის ეკითხებიან, კმაყოფილნი არიან თუ არა საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს საკუთარი თავი, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს და ამიტომ უარს ამბობს სქესობრივ ურთიერთობაზე.
ზოგიერთს ეზიზღება კიდეც თავისი სხეული, რაც სერიოზულად ართულებს მათ სქესობრივ ცხოვრებას. ქალები, რომლებსაც ჭარბთმიანობა აწუხებთ, არცთუ იშვიათად გათხოვებაზე უარს ამბობენ - არ სურთ, თავიანთი ნაკლი საყვარელ მამაკაცს აჩვენონ. ბევრ ქალს კი ოპერაციის შემდეგ ტანზე ულამაზო ნაიარევი რჩება, რის გამოც უფრთხის გაშიშვლებას და თანდათანობით შესაძლოა სქესობრივი ურთიერთობის სურვილიც კი გაუქრეს.
ზოგიერთ ქალს სქესობრივი კავშირის შიში აქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების ტკივილი სქესობრივი აქტის დასაწყისში, ორგაზმის დროს ან სქესობრივი კავშირის დამთავრებისას. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს საშოში, მენჯის მიდამოში, მუცლის ღრუში. ტკივილი ზოგჯერ ორგანული დარღვევების ბრალია, უფრო ხშირად კი ფსიქოგენურია. როცა ქალს ასეთი ჩივილები აქვს, სქესობრივი ურთიერთობისას პარტნიორს წინააღმდეგობას უწევს და აქტის ჩატარება შეუძლებელი ხდება.
მტკივნეულ სქესობრივ აქტს მედიცინაში დისპარეუნიას უწოდებენ. მტკივნეული აქტის მიზეზი შეიძლება იყოს საშოს სიმშრალე, რომელსაც იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, საშოს დაზიანება - ნაკაწრი, ჩახევა, ანთებითი და სიმსივნური პროცესები. არსებობს მტკივნეული აქტის სხვა, ორგანული თუ ფსიქოგენური მიზეზებიც და თუ ამას თავიდანვე არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, შემდგომ ეს ორი მიზეზი შესაძლოა ერთმანეთს შეერწყას - ტკივილმა წარმოშვას სქესობრივი ურთიერთობის შიში, საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა - ვაგინიზმი, რაც სქესობრივ კავშირს შეუძლებელს ხდის.
ფსიქოგენური დისპარეუნია შეიძლება განვითარდეს გენიტალიების მიდამოში ტკივილის დროს. მკურნალობის შედეგად ანთება შესაძლოა განიკურნოს, მაგრამ სასქესო ორგანოების მიდამოს ტკივილი რჩება. ანთებით გამოწვეული ტკივილის შეგრძნება შესაძლოა ფსიქოგენურში გადაიზარდოს, ანუ სქესობრივი აქტის დროს ქალს ისევ უჩნდება ტკივილის მოლოდინი. გარკვეულ პერიოდში ქალს იპყრობს ტკივილის შიში.
მტკივნეული აქტი ქალს შესაძლოა კლიმაქსის პერიოდშიც ჰქონდეს. ამ დროს სქესობრივი ლტოლვა ძლიერდება. ძლიერდება სასქესო ორგანოებისკენ სისხლის ნაკადიც. ორგაზმის დროს სისხლი უკუქცევას განიცდის. თუ ქალმა სქესობრივი სიამოვნება ვერ მიიღო და დაუკმაყოფილებლობა დიდხანს გაგრძელდა, სისხლის შეგუბება ტკივილს იწვევს. მტკივნეულმა აქტმა შესაძლოა სქესობრივი ლტოლვის სრული გაქრობა გამოიწვიოს, რასაც ალიბიდემია ეწოდება.
როდესაც ქალს ფიზიოლოგიურ-სექსუალური რეაქციები შენარჩუნებული აქვს, შეუძლია აღიგზნოს, მიაღწიოს ორგაზმს, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობის სურვილი არ აქვს. შესაძლოა, პარტნიორის ხათრით სქესობრივ კავშირზე უარი არ თქვას, სიამოვნებაც მიიღოს, მაგრამ სქესობრივი ურთიერთობის სურვილი ქრება, რაც შესაძლოა შიშით იყოს გამოწვეული და თან სდევდეს გულისრევა, ფაღარათი, ოფლიანობა, სტენოკარდია.
სქესობრივი ლტოლვის გაქრობა სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს: ჰორმონულმა დარღვევებმა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ხშირმა მიღებამ, თირკმლის დაავადებებმა, ფსიქოსოციალურმა ფაქტორებმა. ზოგჯერ ასეთი რამ სტრესის, დეპრესიის, სქესობრივი ტრავმის, ნევროზის, კონფლიქტის მიზეზითაც ხდება. შესაძლოა, ქალს გენიტალიების მიდამოში ტკივილის შეგრძნება მხოლოდ ერთხელ ჰქონდეს, მაგრამ შიში დიდხანს გაჰყვეს. ტკივილს ორგანული მიზეზი შესაძლოა არც კი ჰქონდეს, დარღვევა ფსიქოგენური წარმოშობის აღმოჩნდეს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უარყოფით ემოციას ფსიქიკა უფრო მეტხანს ინახავს, ვიდრე დადებითს. როცა ქალს სქესობრივი ცხოვრების მცირე გამოცდილება აქვს ან გამოუცდელია, მისი სქესობრივი ცხოვრება კი მტკივნეულად იწყება, დიდია ალბათობა, პრობლემებმა იჩინოს თავი. შესაძლოა, უარყოფითი შთაბეჭდილება დიდხანს, მთელი სიცოცხლეც კი გაჰყვეს ქალს. შესაძლოა, აქტი დაწყებულიც კი არ იყოს, მაგრამ ტკივილმა იჩინოს თავი. ამ დროს შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამღიზიანებელმა - საწოლის ან იმ ოთახის სუნმა, სადაც პირველად იჩინა თავი ტკივილის შეგრძნებამ და მეხსიერებაში აღიბეჭდა. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის ქცევას, მის კულტურას. გამოცდილ და გამოუცდელ ქალს სქეოსბრივი ურთიერთობისას სხვადასხვაგვარი მოპყრობა სჭირდება. თუ მამაკაციც გამოუცდელია, მან შესაძლოა ქალს ტკივილი მიაყენოს და მომავალ ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნას. ეს პრობლემები ქალსაც და მამაკაცსაც თანაბრად ეხება. ასეთ დროს აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.