10 შეცდომა, რომლებიც არ უნდა დავუშვათ სახის კანის მოვლისას
შეცდომა I: არ მივაქციოთ ყურადღება კანის ტიპს
სანამ პრობლემები თავს არ იჩენს, ხშირად არც კი ვფიქრობთ იმაზე, როგორი ტიპის კანი გვაქვს, ამიტომ ხშირად ვყიდულობთ კოსმეტიკას, რომელსაც ჩვენი ნაცნობ-მეგობრები უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ კოსმეტიკის არჩევა ინტიმური საქმეა. ამ დროს მოდას კი არა, არამედ საკუთარ კანს უნდა მივუგდოთ ყური. თავად განსაჯეთ, რა მოხდება, თუ ცხიმიანი კანის პატრონები ვისარგებლებთ ცხიმიანი შემადგენლობის კრემებით, რომლებიც ფორებს სუნთქვისა და გაწმენდის საშუალებას არ მისცემს.
დასკვნა: სასწრაფოდ გაიარეთ დიაგნოსტიკა, მიმართეთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს.
შეცდომა II: სათანადო ყურადღება არ დავუთმოთ კანის გაწმენდას
ბევრ გოგონას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა არის კანის გაწმენდა. მათ ჰგონიათ, რომ 18-20 წლის ასაკში საპონი საკმარისია, ხოლო კანის დაჭიმულობის შეგრძნებას სისუფთავის ნიშნად აღიქვამენ. ეს დიდი შეცდომაა. კანის ტიპის შესაბამისი ხარისხიანი საპონი არ უნდა აშრობდეს და ჭიმავდეს კანს.
თუ საპნის pH არ არის ნეიტრალური და დაბანის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება გიჩნდებათ, იცოდეთ, ეს მომავალში თქვენს სახეზე აისახება, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ნაწარმი, რომელიც სათუთად გაგისუფთავებთ სახეს.
შეცდომა III: უგულისყუროდ მოვიცილოთ მაკიაჟი
ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც ინტენსიური მაკიაჟით სარგებლობს. ბევრმა არც კი იცის, რომ თანამედროვე დემაკიაჟის კონცეფცია ორფაზიანი პროცედურაა. თუ ტუშის მოსაშორებლად მხოლოდ კოსმეტიკურ რძეში დასველებულ ბამბის ტამპონს იყენებთ და შემდეგ უბრალოდ იბანთ სახეს საპნით, ერთობ წინდაუხედავად იქცევით. ასეთი დემაკიაჟი მხოლოდ ახშობს ფორებს და საერთოდ არ უხდება კანს. აუცილებლად გაიწმინდეთ კანი 2-ჯერ!
პირველი ფაზა - ეს არის მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალება, რომლისთვისაც გამოგადგებათ კოსმეტიკური რძე ან ზეთი, ხოლო შემდეგ მისი ნარჩენები უნდა მოიშოროთ. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ სპეციალურ უცხიმო გელს, მუსს ან ტონიკს.
შეცდომა IV: არ დავინოტივოთ
თუ კანი გიშრებათ ან გექერცლებათ, ამის უგულებელყოფა არ ღირს - ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს კანს დატენიანება სჭირდება. უკეთესია იმ ადგილების დატენიანება, სადაც კანის აქერცვლა შესამჩნევია. მთელ სახეზე კრემის წასმა აუცილებელი არ არის. ხშირი დატენიანება სჭირდება მხოლოდ პრობლემურ უბნებს. დანარჩენ კანს ნუ დაამძიმებთ კრემით, ვიდრე იგი უმკლავდება ცხიმიანობის ბალანსს, დახმარება უნდა იყოს წერტილოვანი.
შეარჩიეთ თქვენი ტიპის კანისათვის შესაბამისი დამატენიანებელი საშუალება და აუცილებლად გამოიყენეთ იგი ყოველდღე გაწმენდის შემდეგ. კანი, რომელიც არასაკმარისად არის დატენიანებული, მიდრეკილია გაღიზიანების, დაზიანების, მიკრონახეთქების და ადრეული დაბერებისაკენ.
შეცდომა V: უარი ვთქვათ მზისგან დამცავ საშუალებებზე
დღევანდელი ქალბატონების ახალგაზრდობისას არაფერი იცოდნენ მზის სხივების მავნებლობაზე. შესაბამისად, არც დამცავი საშუალებები არსებობდა. ახლა კი მზისგან თავის დაცვა არამცთუ შესაძლებელი, სასიამოვნოც კია. არსებობს უამრავი სხვადასხვა მარკისა და არომატის საშუალება. გამოიყენეთ ისინი, თუ არ გსურთ, რომ 35 წლის შემდეგ ნაოჭები და პიგმენტური ლაქები გაგიჩნდეთ.
შეცდომა VI: გულგრილად ვეკიდებოდეთ კოსმეტიკის ხარისხს
შესაძლოა, შესანიშნავად ერკვეოდეთ მაკიაჟის ყველა წვრილმანში, მაგრამ არ იცოდეთ, რა წაისვათ სახეზე. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც თქვენი კანსა და ასაკს შეესატყვისება. ასაკის საწინააღმდეგო საშუალებებმა, თუ შეუსაბამოდ გამოიყენეთ, შესაძლოა გავნოთ.
შეცდომა VII: უყურადღებოდ დავტოვოთ ნიკაპი და კისერი
ზოგჯერ ეს სიზარმაცის ბრალია, ზოგჯერ კი უცოდინარობისა და უყურადღებობისა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - კისერსაც სჭირდება დატენიანება, მზისგან, თავისუფალი რადიკალებისგან ზემოქმედებისაგან დაცვა. ასე რომ, სახის მოვლისას არ დაგავიწყდეთ ნიკაპი და კისერი - გაიწმინდეთ, დაატენიანეთ, დაიზილეთ...
შეცდომა VIII: გვეძინოს გვერდზე
შესაძლოა, სასაცილო მოგეჩვენოთ, მაგრამ ნაოჭებს... გვერდზე წოლაც აჩენს. თუ ყოველთვის გვერდზე გძინავთ, სახის კანი იჭყლიტება და ამით ზედმეტი ნაოჭების გაჩენას აპროვოცირებთ. ბალიშის ხარისხმა შეიძლება გამოასწოროს ან დაამძიმოს მდგომარეობა. ამიტომ ძილისათვის იდეალურია ზურგზე წოლა. შეიძინეთ კარგი ორთოპედიული ბალიში. იმისათვის, რომ კისერზე არ გაგიჩნდეთ ზედმეტი ნაოჭები, მოერიდეთ მაღალ სასთუმალს.
შეცდომა IX: უგულებელვყოთ კვების მნიშვნელობა
ეს შეცდომა პრაქტიკულად ყველას მოსდის. სანამ ახალგაზრდები ვართ, ვჭამთ განურჩევლად ყველაფერს. ამას დაუმატეთ ალკოჰოლი, სიგარეტი, ფასტ-ფუდი... ყოველივე ეს კი აისახება არა მარტო ფიგურაზე, არამედ კანზეც! გადახედეთ თქვენს რაციონს, თავდაპირველად გამორიცხეთ ტკბილეული და ტკბილი სასმელები.
შეცდომა X: არასაკმარისი რაოდენობით ვსვათ წყალი
კანი მუდმივად უნდა იღებდეს ტენს და არამარტო დამატენიანებელი კოსმეტიკის საშუალებით. როგორც კი წყლის სმას მოუმატებთ, შეამჩნევთ, რომ კანის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ეს უბრალო რჩევები დაგეხმარებათ, დიდხანს შეინარჩუნოთ კანის ბუნებრივი სილამაზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კანის მდგომარეობა მხოლოდ 40%-ით არის დამოკიდებული მოვლასა და კოსმეტიკურ პროცედურებზე, 60% კი ჩვენი ცხოვრების წესის, კვების, პოზიტიური ემოციების წილად მოდის.