როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სენისგან გვიცავს.
იმუნიტეტი ორგვარია: არასპეციფიკური და სპეციფიკური. პირველი დაბადებიდანვე დაგვყვება, მეორეს კი სიცოცხლის განმავლობაში ვიძენთ.
არსებობს პასიური იმუნიტეტიც, რომელსაც ჩვილ ასაკში ვიღებთ დედისგან - დედის რძე მრავალი მიკრობისგან დამცავ ანტისხეულებს შეიცავს. ორგანიზმის დამცავი ძალები განსაკუთრებით ზამთარში სუსტდება, ამიტომ საჭიროა, ისეთი საკვები შევარჩიოთ, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება. ასეთია:
- ხორცი - ცილოვანი საკვების დეფიციტი მყისიერად აისახება იმუნიტეტის მდგომარეობაზე. იმუნოგლობულინები, რომლებიც ორგანიზმის სენშეუვალობას უზრუნველყოფს, სწორედ ცილოვანი ნივთიერებები გახლავთ, ამიტომ მათი სინთეზისთვის ცილოვანი საკვები აუცილებელია. გარდა ამისა, უცხიმო ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.
ვეგეტარიანელებისთვის თუთიის წყაროდ შეიძლება იქცეს ბურღულეული, იოგურტები, რძე, სოკო, ლოკოკინა.
- რძემჟავა პროდუქტები - ცოცხალი ბაქტერიები აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. გარდა კეფირისა და იოგურტისა, პრობიოტიკური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ბუნებრივი ანტიბიოტიკები, მწვანე ხახვი და ნიორი, ბანანი.
- ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნური თვისებები აქვს.
- მწვანე ჩაი - ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
ძალიან კარგია ფლავონოიდებით მდიდარი საკვებიც. ფლავონოიდები ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ძალებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. მათ მიაკუთვნებენ კვერცეტინს (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენს (ის უხვად არის პომიდორში) და ელაჰოფის მჟავას (მას კაკალი შეიცავს).
რა ვჭამოთ ზამთარში
სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა სამი ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ამ სისტემის თანახმად, წელიწადის ცივ დროს სასარგებლოა ქონი, ბეკონი, მკერდის ხორცი, თირკმელები, ბოსტნეული, მარცვლეული (ლობიო, ცერცვი), წიწიბურა, კარტოფილი. დამატებით საზამთრო პროდუქტებად მიიჩნევა ცხარე სანელებლები (აჯიკა, წიწაკა, ნიორი), ასე რომ, ზამთარი საუკეთესო დროა რომელიმე ეგზოტიკური, მაგალითად, მექსიკური სამზარეულოს ასათვისებლად.
ძველი რეცეპტი: დილაობით მიიღეთ ცოტაოდენი შავი წიწაკა 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ შეგაშინებთ!
მჟავე საკვები ნეიტრალურად ითვლება, ტკბილეული კი მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა თუ კანფეტებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. ჩვენი განწყობა და გარეგნული იერი იმაზეა დამოკიდებული, რას მივირთმევთ. დილაობით შვრიის ფაფა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც სასარგებლოა. შვრიის ბურღულში არის ვიტამინები და ამინომჟავები, რომლებიც პასუხს აგებენ კანისა და თმის სილამაზეზე. განწყობას კი სეროტონინი აგვიმაღლებს. გაზაფხულზე და ზაფხულში მისი წყარო მზის სინათლეა, ხოლო ზამთარში, მისი მზიანი დღეები იშვიათია, საჭიროა კარგი განწყობის დამატებითი წყაროები: მწარე შოკოლადი, ბანანი. ვირუსებისგან საიმედოდ იცავს ცისტეინი - ნივთიერება, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწეველს ხდის. ყველაზე მეტ ცისტეინს შეიცავს თევზი, სოია, ყველი, ინდაურის ხორცი და მარცვლეული.
გაციებისას საუკეთესოა ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენაში დაგვეხმარება. ზამთარშივე უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი მუდმივად შევავსოთ ძალზე აუცილებელი ასკორბინის მჟავას - C ვიტამინის - მარაგით. მისი ტრადიციული წყაროა ციტრუსი, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში.
როგორ ამოვიცნოთ
მოთენთილობა და აპათია იმუნიტეტის დასუსტების უტყუარი ნიშნები არ არის. საბოლოო დიაგნოზი ექიმმა იმუნოლოგმა უნდა დასვას, მაგრამ იმუნური სისტემის დაქვეითებაში შეიძლება დაგვაეჭვოს:
- ხშირმა (წელიწადი სამ-ოთხჯერ მაინც) და ხანგრძლივმა (2 კვირაზე მეტხანს მიმდინარე) გაციებამ;
- ქრონიკულმა ინფექციებმა (ფურუნკულოზმა, ანგინამ, პნევმონიამ, ოტიტმა, ჰაიმორიტმა);
- მუდმივმა სუბფებრილურმა (37-დან 38 გრადუსამდე) ტემპერატურამ.
იმუნიტეტის სტიმულირება შესაძლებელია აცრებით, მედიკამენტებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. იმუნური პრეპარატების მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მონაცემები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიღება კონტროლის გარეშე! თავდაპირველად საჭიროა იმუნოლოგის კონსულტაცია, შემდეგ - სისხლის სპეციალური ანალიზები. მხოლოდ იმუნოგრამის შედეგის საფუძველზე შეუძლია ექიმს, შეარჩიოს კონკრეტული, ეფექტური და უსაფრთხო იმუნომოდულატორი. ალალბედზე შერჩეულმა ან თავს მოხვეული რეკლამის მიხედვით მიღებულმა წამალმა შესაძლოა ძლიერ ავნოს თქვენს ჯანმრთელობას, ამიტომ ყველა საშუალება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიღეთ. იმუნიტეტის უსაფრთხოდ განმტკიცებაში სპორტი, გაკაჟება და სწორი კვება დაგეხმარებათ.