საკითხავი ქალებისთვის: რა სურთ კაცებს
კაცობრიობის სუსტი ნახევარი ცდილობს, გზა გაიკვლიოს მამაკაცის ფსიქოლოგიის ლაბირინთებში, ეს კი საკმაოდ ძნელია, რადგან ქალი და მამაკაცი სრულიად სხვადასხვანაირი არსებები არიან.
ბავშვები იზრდებიან იმ სოციალურ როლზე ორიენტაციით, რომლის შესრულებაც მათ მომავალში მოუწევთ. მაგალითად, გოგონები თამაშობენ სახლობანას და ცდილობენ იყვნენ დედები, ექიმები, დიასახლისები, მასწავლებლები... მათი გართობა უმთავრესად ვერბალურ ანუ სიტყვიერ ურთიერთობაზეა აგებული.
გონების თამაში - ეს არის ურთიერთობა ურთიერთობისთვის. სულ სხვა საქმეა ბიჭუნები. მათ თამაშებში ჭარბობს მოქმედება. ამასთანავე, მეტად მნიშვნელოვანია შეჯიბრების კომპონენტი. ისინი უმეტესად იმაზე კი არ ფიქრობენ, რა თქვან, არამედ იმაზე, რა გააკეთონ, მეტიც - როგორ გააკეთონ, რომ აჯობონ თანატოლებს და თავიანთი უპირატესობა დაუმტკიცონ.
ბიჭუნას ქცევა ადრეული ბავშვობიდანვე მიმართულია იმ ქმედებისკენ, რომელიც მას კონკრეტულ შედეგს მოუტანს. გარდა ამისა, საზოგადოება ბიჭებს ბავშვობიდანვე უნერგავს მამაკაცური საწყისის უპირატესობის ერთგვარ თეზისს, თუმცა კი ეს უპირატესობა მათ განსაზღვრულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. მამაკაცებს ტყუილად როდი უწოდებენ ძლიერ სქესს: მათ დასაბამიდანვე მხრებით უჭირავთ სამყარო; ისინი აშენებენ, ანგრევენ, ომობენ; ყველაზე საპასუხისმგებლო და მძიმე სამუშაოც მათ მხრებზე გადადის, მაგრამ... ფულს, ძალაუფლებასა და დიდებასაც ისინი იმკიან. უკვე მრავალი საუკუნეა ასეა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ერთგვარი იდეალი, რომლისკენაც ისწრაფის ყველა მამაკაცი. ეს არის ჭკვიანი, ნებისყოფიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება, რომელმაც ყველა ამქვეყნიური სიკეთე მოიხვეჭა. მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ეს მამაკაცის ფსიქოლოგიაზეც შეიძლება ითქვას, რადგან არსებობენ ჯენტლმენები, რომლებიც ყოველთვის სტერეოტიპებისა და დოგმების საპირისპიროდ იქცევიან.
მამაკაცის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი მომენტია წარმატებისკენ სწრაფვა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებას მამაკაცი; მთავარია, ამ წარმატებამ იგი სხვებისგან გამოარჩიოს. წარმატება მისთვის აუცილებელია, აუცილებელია პიროვნებად მისი ჩამოყალიბებისთვის, და რაც უფრო მეტ სფეროში აღწევს მწვერვალებს, მით უფრო ძლიერი სურვილი უჩნდება, კიდევ და კიდევ დაუმტკიცოს მთელ სამყაროს, რომ ის ყველაზე ძლიერი და წარმატებულია. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში ყველა მამაკაცი პატარა ბიჭად რჩება და ამ ბიჭუნას ზოგჯერ ცელქობა და ჭირვეულობა უნდება.
ჭკვიანი ქალი არასოდეს დაივიწყებს მამაკაცის ფსიქოლოგიის ამ თავისებურებას და მტკივნეულ წერტილზე ფეხს არ დააჭერს, ამას ტრაგედიად არ აქცევს და ისტერიკას არ გამართავს. გონიერი ქალი ჰგავს მოსიყვარულე დედას, რომელსაც შეუძლია, თავზე ხელი გადაუსვას გაცელქებულ ბიჭუნას.
წარმატებისკენ სწრაფვა მამაკაცის ფსიქოლოგიაში აჩენს უცნაურობებს, რომელთა გაგება ქალის ძალას აღემატება.მამაკაცები მოვლენათა ერთობლივად აღქმის უნარით არიან დაჯილდოებულნი, ისინი ამჩნევენ მთავარს და ხედავენ მოვლენათა ურთიერთკავშირს. მაგალითად, როდესაც სახლი არეულია, უადგილო ადგილას მიგდებული ყოველი ნივთი ქალს თვალში ეკალივით ესობა, ხოლო მამაკაცისთვის ეს მხოლოდ მცირე უწესრიგობაა. ის ვერ ამჩნევს საყოფაცხოვრებო წვრილმანებს, მისი გონება დიადი იდეებით არის დაკავებული.
მამაკაცებს უფრო უკეთ შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა. ამასთანავე, მათ სჩვევიათ, დამალონ საკუთარი სისუსტეები, არაფერი თქვან წყენასა და წარუმატებლობაზე. არა იმიტომ, რომ არ ენდობიან თავიანთ რჩეულს, - უბრალოდ, წუწუნი და მოთქმა არ უყვართ; ჰგონიათ, რომ ამით ქალებს ემსგავსებიან და კარგავენ წარმატებული ადამიანის სტატუსს, რომლისკენაც ილტვიან.
როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ მამაკაცთან ურთიერთობა მოაგვაროს? არ არის საჭირო მამაკაცის ფსიქოლოგიის ყოველი წვრილმანის ცოდნა, რადგან პასუხი მარტივია: მამაკაცს მხარდაჭერა სჭირდება. თუ მან სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, ადვილი შესაძლებელია, გულხელი დაიკრიფოს და ბრძოლაზე უარი თქვას. სწორედ ამ დროს უნდა ამოუდგეს მხარში ქალი. მამაკაცი ყოველთვის მზად იქნება ირწმუნოს, რომ ის ყველაზე ჭკვიანი და ძლიერია და ყველაფერი გამოუვა. ზოგჯერ ასეთი უბრალო ფრაზებიც კი საკმარისია, რომ თქვენი ფენიქსი ფერფლიდან აღდგეს.