პოლიპის განვითარების მიზეზები
სწორი ნაწლავის პოლიპის განვითარების ძირითადი მიზეზი დაუდგენელია. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ პოლიპი არასოდეს წარმოიქმნება ჯანმრთელი (ჯანსაღი) ქსოვილიდან. ქრონიკული ანთებითი პროცესები ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერება-ცვლილებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებისათვის. ხელშემწყობ
როგორ ვლინდება სწორი ნაწლავის პოლიპი
პაციენტთა დიდ ნაწილში სწორი ნაწლავის პოლიპები კლინიკურად არ ვლინდება. მათი აღმოჩენა შემთხვევით ხდება ენდოსკოპიური კვლევისას, რომელსაც სულ სხვა მიზნით იტარებს ადამიანი. პოლიპების 78% 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში აღინიშნება. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპები შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს კლინიკურად. ანთებითი პროცესის თანდართვა ან კიდევ პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ლორწოსა და სისხლის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ამ დროს ფაღარათი ვითარდება ლორწოსა და სისხლის არევით.
გავრცელებული პოლიპოზი ხასიათდება სისხლდენით, ლორწოს გამოყოფით, ფაღარათით, თანდათანობით განვითარებადი სისხლნაკლებობით და ორგანიზმის განლევით. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპები, განსაკუთრებით – ფეხზე განთავსებული, შესაძლოა დეფეკაციის დროს გარეთ გამოვარდეს, სისხლმდენი გახდეს და გაიჭედოს სფინქტერში.
ანალური ნახეთქი
ანალური, იგივე უკანა ტანის ნახეთქი წარმოადგენს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზედაპირულ ან შედარებით ღრმა ნახეთქს. ამ დროს ფაქტობრივად სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი სწორხაზოვნად სკდება. ნახეთქის სიგრძე შესაძლოა ორ სანტიმეტრს აღწევდეს. ყველაზე ხშირად ნახეთქები სწორი ნაწლავის წინა და უკანა კედელზე ვითარდება. ეს პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა პროქტოლოგიაში. სწორი ნაწლავის დაავადებებს შორის მისი წილი 15-20%-ია. ანალური ნახეთქი უხშირესად იმ ადამიანთა ხვედრია, ვისაც ქრონიკული შეკრულობა აწუხებს ან კიდევ უმოძრაო ან ნაკლებად მოძრავი წესით ცხოვრობს. ანალური ნახეთქი უხშირესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებთან გვხვდება.
ანალური ნახეთქის განვითარების ძირითადი მიზეზები:
- ანალური ხვრელის არეში სისხლის მიმოქცევის მოშლა (სწორი ნაწლავის არეში სისხლის შეგუბება, რასაც ხელს უწყობს ცხოვრების უმოძრაო ან ნაკლებად მოძრავი წესი, ხანგრძლივად ჯდომა, მაგალითად, სამუშაოს გამო ან კიდევ უნიტაზზე ხანგრძლივად ჯდომის მავნე ჩვევა და სხვა);
- ანალური ხვრელის ტრავმები შეკრულობისა და ანალური სექსის გამო;
- ბუასილი. ჰემოროიდული კვანძები ასუსტებს უკანა ტანის კედლებს და ადვილად ტრავმირდება დეფეკაციის პროცესში. ბუასილის დროს ანალური ნახეთქის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევა (სისხლის შეგუბება, თრომბოზი) უკანა ტანის არეში;
- სწორი ნაწლავის ანატომიური აგებულება. ქალებში სასქესო ორგანოთა თავისებური აგებულების გამო ანალური ხვრელის წინა ადგილი საკმაოდ სუსტია. შესაბამისად, წინა ანალური ნახეთქები უხშირესად ქალებთან გვხვდება;
- სწორი ნაწლავის ინერვაციის დარღვევა (სფინქტერის ხანგრძლივი სპაზმი) ნერვული სისტემის პათოლოგიის ფონზე.
როგორც წესი, ანალური ნახეთქი ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა და მიზეზების თანხვედრისა და ერთდროულად მოქმედების შედეგია.
ანალური ნახეთქის ძირითადი სიმპტომია ტკივილი უკანა ტანის არეში, რომელიც დეფეკაციისას ძლიერდება და სწორი ნაწლავიდან გარკვეული რაოდენობის სისხლის გამოყოფა. ჩვეულებრივ, ძირითად სიმპტომთა მსგავსების გამო ძალიან რთულია ანალური ნახეთქისა და ბუასილის გარჩევა (დიფერენციალური დიაგნოსტიკა), მით უფრო, რომ ორივე დაავადების განვითარების მიზეზებიც პრაქტიკულად იდენტურია. ძალიან ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბუასილით არიან დაავადებულნი (ეს უფრო ცნობილი პათოლოგიაა), სინამდვილეში კი უკანა ტანის ნახეთქი აღენიშნებათ. ანალური ნახეთქის ზოგიერთი სიმპტომი (შეკრულობა, განავლოვან მასებთან ერთად სისხლის გამოყოფა) სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომებში ერევათ, რის გამოც პაციენტებს ხშირად სულ სხვა დიაგნოზით მკურნალობენ ხანგრძლივად და უშედეგოდ, მაშინ როცა კიბოს დროული დიაგნოსტიკა და რაციონალური მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია.
ანალური ნახეთქის მკურნალობაში ძირითადი მიმართულებაა შეკრულობის აღმოფხვრა, რეგულარულად ვარჯიში და სპორტით დატვირთვა, ასევე სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეხორცებისათვის განკუთვნილი შესაბამისი მედიკამენტების (მალამოები, სანთლები) გამოყენება. მედიკამენტური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში სწორი ნაწლავის ნახეთქს ოპერაციულად მკურნალობენ (ნახეთქის მოკვეთას მიმართავენ).
სწორი ნაწლავის კიბო
სიმსივნურ დაავადებებს შორის სწორი ნაწლავის კიბო 4-5%-ს შეადგენს. ადამიანის ნაწლავებიდან კიბო ყველაზე ხშირად სწორ ნაწლავს აზიანებს. ამ პათოლოგიის გამოვლენის პიკი 40-დან 60 წლის ასაკზე მოდის, თუმცა დაავადება შესაძლოა უფრო ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს.
კიბოსწინარე პათოლოგიებად მიიჩნევა სწორი ნაწლავის პოლიპები (ადენომური, ბუსუსოვანი), დიფუზური პოლიპოზი (ოჯახურ-მემკვიდრული), ქრონიკული პროქტიტი (სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ანორექტალური ნახეთქები, წყლულები და ნაპრალები.
სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები
სწორი ნაწლავის კიბოს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზრდის ხასიათსა და მისი ლოკალიზაციის დონეზე. ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
- სისხლდენა (ინტენსივობა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, უფრო ხშირად ფეკალურ მასებს ერევა ალისფერი სისხლი);
- შეკრულობა, განავლოვანი მასებისა და აირების შეუკავებლობა, მუცლის შებერილობა, ხშირი ცრუ მოთხოვნები დეფეკაციაზე;
- ტკივილი სწორი ნაწლავის არეში;
- წონის დაკლება, კანის გაფერმკრთალება;
- ზოგადი სისუსტე, სწრაფად დაღლა;
- ანემია (სისხლნაკლებობა).
მოგვიანებით სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს გაუვალობა, გამოვლინდეს შეტევითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, განავლისა და აირების შეკავება, გულისრევა.
სწორი ნაწლავის კიბოს გართულებები
- სიმსივნის ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში;
- ჩირქოვან-ანთებითი პროცესები სიმსივნური წარმონაქმნის არეში (ჩირქოვანი პარაპროქტიტი, მცირე მენჯისა და მუცლის ფარის უკანა სივრცის ფლეგმონა);
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
- ნაწლავის ობტურაციული (დახშობით გამოწვეული) გაუვალობა.