სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე მშობიარობის შემდეგ

მეორე ძლიერი ფაქტორია მემკვიდრეობა. უნდა "შევათვალიეროთ" არა მარტო დედ-მამა, არამედ ბებია-ბაბუებიც კი. თუ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად მსუქანი იყო, ქალი ათიდან 5 შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ფიგურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგება. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს - იგი საჭიროებს დიდი ოდენობით ესტროგენებს, რომელთა ზემოქმედებითაც იზრდება საშვილოსნო, სარძევე ჯირკვლები, ინტენსიურად გამომუშავდება ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი. იგი უზრუნველყოფს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი ჰორმონებით არის გაჯერებული, რაც სიმსუქნის ობიექტურ წინაპირობას ქმნის. პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ორსულობას წინ უძღვის სიმსუქნის სხვა რისკფაქტორებიც. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ცხოვრების არასწორი რეჟიმი. ბევრს ჰგონია, რომ ორსულმა ორი კაცის სამყოფი უნდა მიირთვას და ნაკლები იმოძრაოს, ჭამა-სმა არც ძუძუთი კვების პერიოდში მოიკლოს - პატარას რძე არ მოაკლდესო. მერწმუნეთ, ყველა ეს მოსაზრება მცდარია და სწორედ ჭარბი წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უნდა ითქვას ისიც, რომ სიმსუქნის განვითარებასთან ერთად ირთვება სხვა მექანიზმებიც. კერძოდ, ცხიმოვანი ქსოვილი თვითონვე გამოიმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც ქსოვილებში ცხიმის ჩალაგებას აპროვოცირებენ. ამგვარად იკვრება მანკიერი წრე.

თუ დედობა გსურთ, გახდით!

იქნებ საშიში არც იყოს, თუ მშობიარობის შემდეგ ქალი წონაში ცოტაოდენს მოიმატებს - რა სჯობია დიდ, ფუმფულა და ტკბილ დედიკოს?.. ნებისმიერი წარმოშობის სიმსუქნე ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების საფრთხეს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. პრობლემები თავს იჩენს ჩასახვის მხრივაც, რადგან სიმსუქნე უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საკვერცხე ისეთივე ენდოკრინული ჯირკვალია, როგორიც პანკრეასი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები და ისიც, როგორც ყველა, ჰიპოფიზის ჰორმონებით რეგულირდება. სიმსუქნის დროს უჯრედები კარგავს მგრძნობელობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონის - ინსულინის მიმართ, მისი ოდენობის მომატება კი საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევას განაპირობებს. ამრიგად, სიმსუქნე ზრდის უშვილობის რისკს. ოვულაციის პროცესი (ჩვეულებრივ, სამ დღემდე გრძელდება) და მენსტრუალური ციკლი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ ნებისმიერი დარღვევა ციკლის გრაფიკზე აისახება. ოვულაციის მოშლისას ხშირია მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ან, პირიქით, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენა. ხშირია კოსმეტიკური პრობლემებიც - სხეულის ჭარბი გათმიანება, ფერიმჭამელების გაჩენა და სებორეა. მსუქანი ქალები გინეკოლოგებს უმეტესად სწორედ უშვილობის გამო მიმართავენ. საინტერესოა, როდის უნდა შევშფოთდეთ, როდის უნდა ჩავთვალოთ წონაში მატება სასიამოვნოდ და როდის - საგანგაშოდ. წონის ნორმისა თუ სიჭარბის დასადგენად მიღებულია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა:

სხეულის მასის ინდექსი = სხეულის მასა / სიმაღლის კვადრატზე

სხეულის მასის ინდექსი ნორმალურია, თუ ეს მაჩვენებელი 20-25-ის ტოლია. თუ 25-დან 30-მდეა, მაშინ ჭარბი წონა გაქვთ და არსებობს სიმსუქნის განვითარების საშიშროებაც, ხოლო თუ 30-ზე მეტია, თქვენი სიმსუქნე მკურნალობას საჭიროებს (მონაცემები გათვლილია 18-დან 65 წლამდე ასაკის ქალებზე).

რა გამოდის - როგორც კი იმშობიარებს, ქალმა იმ დღიდანვე ფიგურის აღდგენაზე უნდა იზრუნოს?

არა, ამ დროს სწრაფად გახდომა დაუშვებელია. ორსულობის დროს, უმთავრესად - მეორე ნახევარში, ქალი ყოველთვის იმატებს წონას (საუკეთესო შედეგია 12-15 კგ-ის მომატება). მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას. ამის შემდეგ ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, ორსულობამდელ ფორმას ადვილად იბრუნებს, სხვებს კი შესაძლოა გაუჭირდეთ - ისინი არათუ არ იკლებენ, არამედ იმატებენ კიდეც წონას. ქალების უმრავლესობა წონაში პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ეს მაშინ, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების ნირით შეიძლება არასასურველ გენეტიკასაც კი გავუმკლავდეთ.

რამდენიმე რჩევა:

  • ძუძუთი კვების დროს საკვების მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან ბავშვი მაშინვე იგრძნობს ცილის და სხვა აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს.
  • არაფრით არ შეიძლება გასახდომი ჩაისა და ტაბლეტების მიღება, რადგან მათი შემადგენლობა საკმარისად ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.
  • მშობიარობისთანავე უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი ყოველდღიური რაციონი საკმაო ოდენობით შეიცავდეს რძისა და ხორცის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ზომიერი ოდენობის და, რაღა თქმა უნდა, მსუბუქი.
  • ყოველდღე ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას. თავდაპირველად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები მენჯის, შორისისა და მკერდის კუნთებისთვის. მოგვიანებით შეგიძლიათ დატვირთვა გაზარდოთ.

მრავალი ქალბატონი ცდება, როდესაც მიაჩნია, რომ საოჯახო საქმიანობა - რეცხვა, ხეხვა, ბავშვის მოვლა, ღამის უძილობა - დიდ ფიზიკურ დანახარჯს იწვევს. სამწუხაროდ, ეს საოჯახო ფაციფუცი ზედმეტი კილოგრამების დაწვაში ვერ დაგეხმარებათ. თუ ვერ შეძლებთ ფიტნეს-კლუბში ვარჯიშს, გულს ნუ გაიტეხთ - ყველაზე ნაცადი და საიმედო მეთოდია ყოველდღიური 30-40- წუთიანი სიარული (100 ნაბიჯი წუთში). ვიმეორებთ: ყოველდღიური. სხვაგვარად შედეგს ნუ ელით! შეგიძლიათ გამოიყენოთ სარბენი ბილიკიც. კარგია ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთის თამაში, თხილამურებით სრიალი, ცურვა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ოღონდ იმ პირობით, თუ 40 წუთის განმავლობაში იცურებთ და არ იმუსაიფებთ მეგობარ გოგონასთან. ოღონდ ცურვის შემდეგ მოშიებული იმაზე მეტს ნუ შეჭამთ, ვიდრე ეს-ესაა დაწვით. რაციონალური კვების რეკომენდაციების შესრულებით შეგიძლიათ, ექვს თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად საწყისი წონის 10-15% (თვეში 4-5 კილოგრამი) დაიკლოთ, მერე კი დაახლოებით ექვსი თვით უნდა შეისვენოთ, რის შემდეგაც გადაწყდება, გჭირდებათ თუ არა უფრო მეტის დაკლება. თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, ექვსი თვის განმავლობაში თქვენს წონას კილოგრამიც კი არ მოაკლდა, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ და არასოდეს მოგცემთ მოდუნების უფლებას. თუ წონა დაიკელით, მაგრამ შემდეგ ცხოვრების უწინდებურ რეჟიმს დაუბრუნდით, ზედმეტი წონა კვლავ შეგახსენებთ თავს. ასე რომ, თუ წონის დაკლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითავისოთ ერთი რამ: ეს უნდა იყოს არა წონის დაკლების კამპანია, არამედ სრულიად ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი, ახალი მსოფლაღქმითა და კვებითი ჩვევებით, და მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს.