რჩევები

რატომ ვერ იკლებთ წონას

რატომ ვერ იკლებთ წონას
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ, დაბალკალორიულ საკვებსაც მიირთმევენ. სასწორის მაჩვენებელი თითქოს გაიყინაო, არ იძვრის, რა ხდება, რატომ ვერ იკლებენ წონას?

სპეციალისტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:


არ ჭამთ იმას, რაც საჭიროა!

უფრო კონკრეტულად, გახდომის მსურველები ხშირად ითვლიან კალორიებს და არ იღებენ მხედველობაში დანაყრების შეგრძნებას. წარმოიდგინეთ ერთი სადილის კოვზი ზეთი და ერთი ჯამი მოხარშული ბრინჯი ან წიწიბურა. ერთიც და მეორეც დაახლოებით 150 კკალ-ს უტოლდება, მაგრამ მარცვლეული მნიშვნელოვნად ანაყრებს, ზეთი კი ვერა. ადამიანები ზოგჯერ უარს აცხადებენ სხვადასხვა
გარნირზე, იმის გამო, რომ ეს კერძები მეტისმეტად კალორიულია, მაგრამ თუ აკრძალავთ პურს, მაკარონს ან მარცვლეულს, დანაყრებისათვის თავისდაუნებურად სხვა, უფრო მეტად კალორიული პროდუქტების ჭამა მოგიწევთ.

დიეტოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომაა ბევრი ხილის ჭამა. წონის კლების მსურველები ხილს მსუბუქ საკვებად მიიჩნევენ და ზოგჯერ ბევრსაც
ჭამენ, რაც მცდარია. ეს ბუნებრივი ნუგბარები საკმაოდ ტკბილი და კალორიულია, თანაც არც ისე ანაყრებს. ადამიანები ხშირად სხვა საკვების ნაცვლადაც ხილს ჭამენ და დღის განმავლობაში დიდი დოზა გამოსდით, რაც კარგ შედეგს არ იძლევა. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ჯერ ერთი, ვერც წონას იკლებენ და მეორეც – ხილის სხვადასხვა მჟავა კიდევ უფრო მეტად უძლიერებს მათ მადას, რაც მთავარია, ჭარბად მიღებისას ხილი კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, მენიუს შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ კერძებისა თუ პროდუქტების არა მხოლოდ კალორიულობა, არამედ მათი დანაყრების თვისებაც. არჩევანი რომ გაიადვილოთ, ნაკლებცხიმიანი საკვები არჩიეთ.

ექსპერტთა გათვლებით, თუ ადამიანი არ მოიხმარს დიდი რაოდენობით ზეთსა და ცხიმიან ხორცს, მარტო ამით კვების კალორიულობას 15-20%-ით შეამცირებს. გაითვალისწინეთ ხილის კალორიულობაც, ნუ გამორიცხავთ მას საკვები რაციონიდან, უბრალოდ, დაიცავით ზომიერება.


იკვებებით უფრო იშვიათად, ვიდრე საჭიროა!

გახდომის ბევრი მსურველი რატომღაც სიტყვას „ნაკლები“ აიგივებს სიტყვასთან „იშვიათად“. ყოველ შემთხვევაში, ამ პრინციპით გეგმავს წონის დაკლებას. ხან საუზმეს გამორიცხავს, ხან სადილსა და ვახშამზე აცხადებს უარს, დღის განმავლობაში ყავითა და კრეკერებით ცდილობს მსუბუქად დანაყრებას, ღამით კი დაუოკებელი შიმშილის გრძნობით იტანჯება. გაითვალისწინეთ – მშიერი და გამხდარი სრულიად სხვა ცნებებია. საკვების იშვიათად, დიდი ინტერვალებით მიღება, მუდმივად შიმშილის გრძნობა და დიდი რაოდენობის ტრაპეზი ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. აუცილებლად უნდა იკვებოთ ხშირად (4-5-ჯერ დღის განმავლობაში) და მცირე ულუფებით. ასეთი რეჟიმით დღე-ღამის კალორიულობა შესაძლებელია 10-15%-ით შეამციროთ. დანაწევრებულად კვების დროს ადამიანი თითქოს სულ დანაყრებულია, შესაბამისად, ადვილად აკონტროლებს მადას.


საკვებს სწრაფად მიირთმევთ!

გარდა იმისა, რომ ზოგი დღის განმავლობაში იშვითად იკვებება, მეტისმეტად სწრაფადაც ჭამს, ზოგჯერ ფეხზე მდგომი, ხშირად „გადარბენაზე“ მყოფი, ხუთიოდე წუთში ამთავრებს განსაზღვრულ ულუფას. სწრაფად ჭამის მიზეზად სპეციალისტები საკვების მიღების დაუოკებელ, გამძაფრებულ სურვილსაც ასახელებენ. წონის დაკლების მსურველებს ხშირად ჰგონიათ, რომ სწრაფად ჭამითა და სადილისა თუ ვახშმის დროის შემცირებით ნაკლებ კალორიებს მიიღებენ. სინამდვილეში, ვერ ამჩნევენ, რომ გაცილებით მეტს ჭამენ. გახსოვდეთ, რაც უფრო ნელა ჭამთ, მით უფრო ნაყრდებით და მით უფრო ნაკლებ საკვებს იღებთ, რადგან დანაყრების შეგრძნება ნელ-ნელა ვითარდება. თუ წონის დაკლება გსურთ, მაქსიმალურად უნდა შეანელოთ საკვების მიღების პროცესი.

დიეტოლოგები იმასაც გვირჩევენ: თეფშზე მოვათავსოთ სხვადასხვა სახის საკვები, სხვადასხვა გარნირი, ბოსტნეული, მარცვლეული. ამგვარი მეთოდით პირში ყოველი ლუკმის ჩადებისას ახალი გემოს შეგრძნებას განვიცდით, სხვადასხვა საკვების დაგემოვნებისას კი ინსტინქტურად კვების პროცესიც ნელდება და მეტ სიამოვნებასაც ვიღებთ ჭამისგან.


იტანჯებით შიმშილთან ბრძოლით!

ზედიზედ ასჯერაც რომ გაიმეოროთ – არ მინდა ჭამა! – მუცლის ყურყურსა და შიმშილის გრძნობას მაინც ვერ დაიოკებთ. შიმშილის გრძნობა ხელს უშლის ადამიანს კონცენტრირებასა და ამა თუ იმ საქმის შესრულებაში, იწვევს სხვადასხვა უსიამოვნებას. ხშირად, ხანგრძლივი და დაუოკებელი შიმშილის შემდეგ, საკვებს ერთბაშად აცხრებიან ხოლმე, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ვნებს და კალორიების კონტროლსაც უშლის ხელს. დიეტოლოგთა რეკომენდაციით: გახდომის მსურველებმა უნდა ისწავლონ მსუბუქად დანაყრება, ასე ვთქვათ, შიმშილის მოტყუება, ე.წ. წინასწარი კვების სახით, გამძაფრებული შიმშილის გრძნობის დასაოკებლად მიირთვან მაწონი, უცხიმო ხაჭო ან კიდევ ერთი ჭიქა რძე და ძირითადი კვების წინ რამდენადმე დაიქვეითონ მადა. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა გადამეტებული ტრაპეზების წინ, მაგალითად, წვეულებასა თუ რესტორანში წასვლის წინ. დადგენილია, რომ ე.წ. წინასწარი კვებით შესაძლებელია მომდევნო სადილისა თუ ვახშმის კალორიულობის 30-35%-ით შემცირება.


ნაკლებად მოძრაობთ!


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა კარგი და სასარგებლოა, მაგრამ გასახდომად მხოლოდ კვების რეჟიმის დაცვა რომ საკმარისი არ არის, ყველამ კარგად იცის. მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა არანაკლებ მნიშვნელოვანია კალორიების შესამცირებლად. ამისათვის, ვახშმის შემდეგ აუცილებლად უნდა გაისეირნოთ, ან კიდევ სახლამდე რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიაროთ, მიკროავტობუსით მგზავრობის ნაცვლად.

გაითვალისწინეთ, რომ ფეხით სიარული გუნება-განწყობასაც ამაღლებს. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ წარმატებულად გახდომას სამი ფაქტორი უზრუნველყოფს: კვება, მოძრაობა და პოზიტიური განწყობა!