ქალური ხრიკები
თუ თხელი წარბები გაქვთ, მათი გახშირება და გასქელება შეგიძლიათ სპეციალური პუდრით ან ქუთუთოს მუქი ჩრდილით. წარბების კორექცია უმტკივნეულო რომ იყოს, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წარბებზე ცხელ წყალში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, კორექციის დროს კი კანი ოდნავ დაიჭიმეთ თითებით.
საღამოს მაკიაჟისთვის
გირჩევთ გამოიყენოთ მოოქროსფრო პუდრი, რომელიც თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით ღიაა, ასევე - თვალის მბრწყინავი ჩრდილი. თუ მშრალი და აქერცლილი კანი გაქვთ, ის წინასწარ უნდა მოამზადოთ. თავდაპირველად ცხიმიანი კრემი წაისვით, შემდეგ - დამატენიანებელი, ბოლოს ტონალური გადაისვით. ანთებიანი და ფორებიანი კანისას კი პუდრი ან კრემპუდრი ამჯობინეთ.
მაკიაჟი ისე უნდა მოიშოროთ, როგორც მასაჟს იკეთებთ. საამისოდ გამოგადგებათ კოსმეტიკური რძე, მაკიაჟის სპეციალური მოსაშორებელი კრემი, სველი ხელსაწმენდი. თავდაპირველად პომადა მოიშორეთ, უმჯობესია, ბამბის ტამპონით, ტუჩის კუთხეებიდან ცენტრისკენ.
მომხიბვლელობის საიდუმლო
თურმე პომადის ფერი ხაზს უსვამს ქალის ხასიათს.
ვარდისფერი პომადა რომანტიკული ბუნების მანიშნებელია. ვისაც ვარდისფერი ღიმილი ამშვენებს, უყვარს კომფორტი და ოჯახური მყუდროება. იისფერი პომადა მოდის მიმდევრებს უყვართ. ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, თავისუფლების სიყვარულითა და ექსტრავაგანტურობით.
მკვეთრი წითელი ფერის პომადა უყვართ ძლიერ, გაბედულ, მტკიცე ხასიათის ვნებიან ქალბატონებს. ჩალისფერი და ყავისფერი პომადის მოყვარულ ქალბატონებს უყვართ ჩრდილში დგომა, აქვთ მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი.
ნარინჯისფერი და ოქროსფერი პომადის მოყვარულები გულუხვი, ხალისიანი ადამიანები არიან...
ქალი და სურნელი
როგორც ამბობენ, არ არსებობს ქალი, საყვარელი სუნამო რომ არ ჰქონდეს, თუმცა არიან ქალები, რომელთაც უჭირთ თავიანთი სურნელის პოვნა. ზოგს მოტკბო სუნი აღიზიანებს და მძაფრი იზიდავს, ზოგს კი - პირიქით; ზოგს ნაზი სურნელი მოსწონს, ზოგს კი მკვეთრი. ქალი და მისი არომატი ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდნენ - ეს ყოველგვარი პარფიუმერიის მოხმარების აქსიომაა.
ბევრი საყვარელ სუნამოს წლების განმავლობაში ხმარობს და თუ ის სწორად არის შერჩეული, დიდხანს იდგება თქვენი ქალურობისა და მომხიბვლელობის სამსახურში.
ზოგიერთი წვრილმანი
რა ჯობს - სუნამო თუ ტუალეტის წყალი? რას ნიშნავს ეაუ დე პარფუმ და ეაუ დე ცოლოგნე? ღირს თუ არა ტესტერის შეძენა?
პარფუმ და ეაუ დე პარფუმ ყველაზე მაღალი კონცენტრაციის პარფიუმერული ნაწარმია, რომელშიც 22%-ია არომატული კომპოზიციის წილი. შემდეგ მოდის ეაუ დე ტოილეტტე (10%) და ეაუ დე ცოლოგნე (5%). არომატის სტრუქტურა რამდენიმე ნოტისაგან შედგება - საწყისი, შუა (გულის) და შლეიფის ნოტებისაგან. საწყისი პკურებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ქრება, შუა გაცილებით მეტხანს რჩება. ყველაზე მეტხანს კი შლეიფის ნოტები ძლებს. ასე რომ, სანამ სუნამოს შეიძენდეთ, კანზე ისხურეთ და 40 წუთი მოიცადეთ.
სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სუნამოა საჭირო
ოფისში - მსუბუქი სურნელი, „უნისექსის“ სტილში. ნუ ისხურებთ ბევრს, გაუწიეთ ანგარიში სხვა ადამიანების სასუნთქ ორგანოებს, გაითვალისწინეთ, რომ ყველას სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვს.
წვეულებაზე - ნუ აჰყვებით ცდუნებას და სუფრასთან დაჯდომის წინ ნუ განიახლებთ სუნამოს. სუნამოსა და საჭმლის სურნელი ცუდ კომბინაციას ქმნის. ნუ ისხურებთ სუნამოს ტანსაცმელზე, განსაკუთრებით - ღია ფერის სამოსზე, ასევე - აბრეშუმის ქსოვილზე, შესაძლოა უსიამოვნო ლაქები დაგრჩეთ. სასურველია გამოიყენოთ ერთი და იმავე ფირმის მალამოები, ჟელეები, დეოდორანტები, თმის ლაქი და საპონი.
დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ჩაიცვით გამომწვევად, მაგრამ გემოვნებით. ეს გამოგარჩევთ სხვა ქალებისგან და გამოკვეთს თქვენს ხალისიან და გულღია ბუნებას, თანაც ადვილად დაგიმახსოვრებენ.