ყველა არ ზეიმობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა არ ზეიმობს

ეს ადამიანები უმთავრესად მარტოხელები არიან. ისინი საშინლად ბრაზობენ, როცა მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, დახლებთან წინასაახალწლო ხალხმრავლობას ხედავენ, აღიზიანებთ საოჯახო დღესასწაულები, მიაჩნიათ, რომ ახალი წელი ერთფეროვანია და მოსაწყენი - ყოველ წელიწადს ერთი და იგივე კეთდება, ერთსა და იმავე ხალხს ხვდები... არიან ადამიანები, რომელთაც ნაძვის ხის მოსართავებისა და თოვლის ბაბუის დანახვაზეც კი აკანკალებთ, ხოლო ახალი წელი სტიქიურ უბედურებად მიაჩნიათ. ერთი სიტყვით, ის, რასაც უმრავლესობისთვის სიხარული მოაქვს, მარტოხელა ადამიანისთვის შესაძლოა საძულველიც კი აღმოჩნდეს. ეს ერთგვარი თავდაცვაა, რომლის მიღმა დეპრესია იმალება, ამიტომ ნუ შეეცდებით ასეთი ადამიანის გადარწმუნებას, ნუ ჭკუას დაარიგებთ, ნურც ცხოვრებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო გაკიცხავთ - ისინი ხომ უპირველესად თვითონვე იტანჯებიან ამით. ჯობს, ახალ წელს სტუმრად მიიპატიჟოთ და მათი უარი გულს ნუ გატკენთ.

მარტოობის დღესასწაული

„დღესასწაულებმა დაკარგა პირვანდელი აზრი და დანიშნულება, ზოგისთვის გამობრუჟვის საბაბად იქცა, ზოგისთვის - ხელის მოთბობის საშუალებად. რომ ჰკითხო, ბევრი ვერც კი გეტყვის, რა უხარია, რას ზეიმობს“, - ამბობენ ახალი წლის მოწინააღმდეგენი და ამით ემიჯნებიან საყოველთაო ზეიმს. მაგრამ ხშირად ეს დამოკიდებულება მოჩვენებითია, მის მიღმა სინანული იმალება. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მეტისმეტად განსხვავდებიან სხვებისგან, რომ „ჩვეულებრივ“ ადამიანებს შორის თავს ცუდად იგრძნობენ.

„ახალი წლის დღეებში უფრო მწვავედ განვიცდი, რომ არც ქმარ-შვილი მყავს და არც მეგობრები“, - ამბობს 32 წლის ქალი. და იმისთვის, რომ ამ გრძნობას გაექცეს, თავი ისე უჭირავს, თითქოს ყველაფრისადმი გულგრილი იყოს. „ადამიანი ნებაყოფლობით ემიჯნება კოლექტივს, მის მხიარულებას, იმიტომ, რომ გულის სიღრმეში თავს განდგომილად, სხვებისგან განსხვავებულად გრძნობს“, - ამბობს ფრანგი ფსიქოთერაპევტი ჟერარ ლუვანი. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა ირგვლივ ყველა ბედნიერია, მხიარულობს, შენ კი მარტო ხარ?!

ბავშვობაში დაბრუნება

ახალი წლის დღესასწაული ჩვენს ბავშვობასთან გვაბრუნებს და სევდა გვიპყრობს. „ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, - ამბობს ჟერარ ლუვანი, - ისიც, ვინც მარტოხელაა და ისიც, ვისაც არც ისე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება აქვს, ყოველთვის აიდეალებს წარსულს. დედ-მამასთან, ბებიასთან, ბაბუასთან, დებსა და ძმებთან ერთად გატარებული დღესასწაულების მოგონება მას ტკივილს აყენებს“.

დამოუკიდებლობის შიში

ახალი წელი ჩვენს ცნობიერებაში ძველის დასასრულსა და ახლის დასაწყისთან ასოცირდება. ასეთი გარდამავალი პერიოდები, ჩვეულებრივ, მოიაზრებს ცვლილებებს, გარდატეხებს, შეუცნობელისაკენ სვლას. ამან შესაძლოა ადამიანს წონასწრობა დააკარგვინოს, მით უმეტეს, თუ ის ისედაც ადვილად ღიზიანდება, თუ მისი გულისტკენა იოლია. ასეთი პერიოდები გვახსენებს, რომ დრო მიდის და თან მიაქვს ჩვენი ცხოვრებაც.

როგორ მოვიქცეთ?

არამც და არამც არ იფიქროთ იმაზე, რომ დღესასწაულის მარტო გატარება მოგიწევთ. ნაცვლად ამისა, დაუკვეთეთ მაგიდა რომელიმე კარგ რესტორანში საახალწლო წვეულებაზე (წელიწადში ერთხელ შეიძლება თავს ასეთი სიამოვნების უფლება მისცეთ); თუ ხალხმრავლობა არ გიყვართ, დარჩით შინ, მოიმარაგეთ საყვარელი ფილმები და მუსიკა, შეუკვეთეთ (ან თავად მოამზადეთ) განსაკუთრებული კერძი, შეიძინეთ საყვარელი სასმელი და მოხდენილად გააწყვეთ სუფრა - სხვაზე ნაკლები რითი ხართ?! თუ არც ამან გიშველათ, გაიხსენეთ, რომ ყველა დღესასწაულს ერთი საერთო თვისება აქვს - ადრე თუ გვიან მთავრდება, ამიტომ ნუ მიანიჭებთ ახალ წელს ტრაგიკულ ელფერს, მხოლოდ დროდადრო შეახსენეთ საკუთარ თავს: „ესეც ჩაივლის!“

ესაუბრეთ სხვებს

იქნებ ახალი წელი იმიტომაც გაღიზიანებთ, რომ გგონიათ, ერთადერთი ხართ ამქვეყნად, ვინც ამ დღესასწაულს ვერ იტანს. გაესაუბრეთ ამის შესახებ ნაცნობებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, თუნდაც უცნობ ადამიანებს - გაოცდებით, იმდენი თანამოაზრე გამოგიჩნდებათ. იქნებ ახალ წელს სწორედ მათთან ერთად შეხვდეთ. უკიდურეს შემთხვევაში, იმაში მაინც დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ და თქვენი ესმით. და განა ეს დღესასწაული არ არის?..