გავუფრთხილდეთ ქალის ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

გავუფრთხილდეთ ქალის ჯანმრთელობას

გავუფრთხილდეთ ქალის ჯანმრთელობას
სიახლე როდია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკა, ანუ მათი არიდება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე არსებული დაავადების მკურნალობა. თუ დაავადება მაინც აღმოცენდა, მისი მკურნალობა ადრეულ ეტაპზე უფრო ეფექტიანია, ვიდრე შეუქცევადი გართულებებისას. რა ვიღონოთ, რომ დაავადება სიმპტომების გამოვლენამდე აღმოვაჩინოთ? გაზაფხულის პირველ დღეებში, ბუნებრივია, ქალი პაციენტების პროფილაქტიკურ კვლევებზე ვისაუბრებთ.

სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უკვე კარგად ნაცნობია ტერმინი სკრინინგი, რაც რაიმე დაავადების ან მისი აღმოცენების რისკფაქტორების მქონე პირთა აქტიური გამოვლენაა სპეციალური სადიაგნოზო მეთოდების მეშვეობით. ცნობილია, რომ ჯანმრთელი ადამიანი გარკვეული პერიოდულობით მაინც უნდა ესინჯებოდეს ექიმს. შევეცდებით, მოკლედ ვისაუბროთ
ქალბატონების სასკრინინგო კვლევებისა და მათი ჩვენებების შესახებ. რასაკვირველია, კვლევათა ნაწილი აქტუალურია მამაკაცებისთვისაც.


ჯანმრთელობის საზოგადო შეფასება


ქალების ჯანმრთელობის საზოგადო შეფასებისთვის ექიმთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია. ვიზიტის მიზანია დაავადებათა სკრინინგი, შემდგომი რისკის შეფასება, ცხოვრების წესის თავისებურებათა განხილვა, ვაქცინაციის სქემის გადახედვა.

ჯანმრთელობის ზოგადი შეფასების შემადგენელი კომპონენტია ფარისებრი
ჯირკვლის ჰორმონული აქტივობის ლაბორატორიული კვლევა. ეს კვლევა, ჩვეულებრივ, არ ევალებათ ჯანმრთელ ქალებს, რომლებიც არ არიან ორსულად, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაციით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სასკრინინგო კვლევა შეიძლება ჩაუტარდეთ 60 წლის და მეტი ასაკის ქალებსაც, ასევე ორსულობის მსურველთა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების რისკი მქონეთ. კონკრეტულ შემთხვევაში კვლევის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს. კვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული აქტივობის შეფასება, რადგანაც როგორც ფუნქციის მატება, ასევე კლება შესაძლოა სერიოზულ დარღვევათა მიზეზი გახდეს. ამავე დროს, ორივე მდგომარეობის მკურნალობა შესაძლებელია.


ძვლების ჯანმრთელობა

ძვლების მდგომარეობის შესაფასებლად მოწოდებული სასკრინინგო კვლევაა ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა ანუ დენსიტომეტრია. დენსიტომეტრია ქალებს უტარდებათ 65 წლის შემდეგ. უფრო ადრეულ ასაკში კვლევა მაშინ არის საჭირო, როცა პაციენტს ოსტეოპოროზის რისკფაქტორები აქვს. რისკფაქტორთა ჩამონათვალი, სამწუხაროდ, საკმაოდ ვრცელია, ეს არის მთელი რიგი დაავადებები:

  • ნევროზული ანორექსია;
  • მალაბსორბციის სინდრომი - ნაწლავში შეწოვის დარღვევით მიმდინარე დაავადებები - ცელიაკია, ნაწლავზე ოპერაციების შემდგომი მდგომარეობა;
  • ენდოკრინული დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი; ჰიპერთიროიდიზმი; ჰიპერპარათიროიდიზმი; კუშინგის სინდრომი; ჰიპერგონადიზმი;
  • ჰიპერკალციურია;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • თირკმლის დაავადება;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • აივ ინფექცია;
  • მედიკამენტები - გლუკოკორტიკოიდები; იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი); ანტიკონვულსანტები (განსაკუთრებით - ფენობარბიტალი და ფენიტოინი); GნღH (გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონი), აგონისტები (მათ იყენებენ ოვულაციის დასათრგუნად); ჰეპარინი; ქიმიოთერაპია, რომელსაც მივყავართ ამენორეამდე - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტამდე.

მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ოსტეოპოროზის გამოვლენა? ხშირად ოსტეოპოროზი არავითარი სიმპტომით არ ვლინდება მანამდე, ვიდრე უეცრად, უმნიშვნელო ტრავმისას, მოტეხილობა არ აღმოცენდება. კვლევის მიზანია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა მოტეხილობის აღმოცენებამდე, სათანადო მკურნალობის დაწყება და აღნიშნული ღონისძიების წყალობით ტრავმის შემთხვევაში მოტეხილობის თავიდან აცილება.


სარძევე ჯირკვლების დაავადებები

სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროულად გამოსავლენად ტარდება რენტგენომამოგრაფია. სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული კვლევა განსხვავებული ასაკიდან იწყება და ასავე განსხვავებული სიხშირით ტარდება. უმთავრესად ეს ხდება 40-50 წლიდან და ყოველ 1 ან 2 წელიწადში ერთხელ. სასკრინინგო კვლევები გრძელდება 74 წლის ასაკამდე. კვლევის მიზანია სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სიმპტომების გამოვლენა.

მნიშვნელოვანია ასევე სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ექიმის მიერ. ის 20-30 წლის ასაკიდან 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს, 40 წლის ზემოთ კი - ყოველწლიურად. აღსანიშნავია, რომ ექიმის მიერ სარძევე ჯირკვლების გასინჯვით ხშირად აღმოჩნდება ცვლილებები, ამიტომ ტარდება შემდგომი კვლევა. უმეტეს შემთხვევაში სერიოზული დაავადება არ ვლინდება. ეს კი პაციენტის ზედმეტ ემოციურ დაძაბვასა და დროისა თუ ფინანსების ფუჭ ხარჯვას იწვევს. ზემოთქმულის გამო ექიმისა თუ პაციენტის მიერ სარძევე ჯირკვლების გასინჯვის მნიშვნელობის შესახებ პოლემიკა გრძელდება. ისიც ცხადია, რომ გასინჯვით სავსებით უსიმპტომო წარმონაქმნის აღმოჩენაც შესაძლებელია.


mkurnali.geმსხვილი ნაწლავის კიბო

მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსავლენად შეიძლება ჩატარდეს კოლონოსკოპია - მთლიანად მსხვილი ნაწლავის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი და/ან სხვა სასკრინინგო ტესტები: განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე, სიგმოიდოსკოპია და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კოლონოგრაფია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ გარემოებაზე - კვლევები ტარდება არა ჩივილების გამო, არამედ სკრინინგის მიზნით - უჩივილოდ დაავადების აღმოსაჩენად.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი იწყება 5 წლის ასაკიდან. უფრო ადრეული სკრინინგი ნაჩვენებია მაშინ, თუკი პაციენტს აქვს გენეტიკური დატვირთვა მსხვილი ნაწლავის კიბოს თვალსაზრისით. კვლევის მიზანია კიბოს დიაგნოზის დადგენა დაავადების ადრეულ სტადიაზე ან კიბოსწინარე წარმონაქმნების - პოლიპების გამოვლენა და მოცილება.


შაქრიანი დიაბეტი

ამ ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ არასასიამოვნო დაავადების გამოსავლენად სისხლში დილით, უზმოზე, განისაზღვრება გლუკოზის შემცველობა. არსებული რეკომენდაციების თანახმად, შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი იწყება 45 წლის ასაკიდან. ბუნებრივია, ეს არ ეხება შაქრიანი დიაბეტის რისკის მქონე პაციენტებს. მათ უფრო ხშირი და უფრო ადრეული კონტროლი სჭირდებათ. დიაბეტის რისკი აქვთ მსუქნებს ან ჭარბწონიანებს, მაღალი წნევისა და დიაბეტის ოჯახური ისტორიის, მაღალი ქოლესტეროლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონეთ, ასევე უმოძრაოთ, ჭარბწონიანი ნაყოფით მშობიარეთ ან ორსულობისას დიაბეტის მქონეთ. გლუკოზის სასკრინინგო კონტროლის მიზანი დაავადების დროული გამოვლენაა.


თვალი, ყური, კბილი..
.

მხედველობის რეგულარული შემოწმება, ხშირ შემთხვევაში, ასაკთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების გამოსავლენად არის მნიშვნელოვანი, როგორებიცაა გლაუკომა და მაკულის დეგენერაცია. 65 წლის შემდეგ მხედველობის შემოწმება 1-2 წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. არსებობს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც მხედველობა 20-29 წლის ინტერვალში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს, 30-39 წლის ინტერვალში კი 2-ჯერ. 40 წლისათვის აუცილებელია მხედველობის გამოკვლევა, რის შემდეგაც კვლევების სიხშირეს ექიმი დაადგენს.

სადღეისოდ, სმენის სასკრინინგო შემოწმება სავალდებულო არ არის, ექიმთან ვიზიტი მხოლოდ პრობლემების არსებობისას არის რეკომენდებული.

სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი 6-12 თვეში ერთხელ არის სავალდებულო.


ჯანმრთელი გული და ფილტვი

საუბარს ყველასთვის კარგად ნაცნობი კვლევით - არტერიული წნევის გაზომვით დავიწყებთ. 18 წლის ასაკიდან წნევის გაზომვა, სულ ცოტა, ყოველ 2 წელიწადში მიიჩნევა სასურველად. თუ არტერიული წნევა 120/80 ან მეტია, ან თუ პაციენტს გულის დაავადების სხვა რისკებიც აქვს, უფრო ხშირი გაზომვაა საჭირო. ეს ჰიპერტენზიის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას დაეხმარება, შესაბამისად, დაავადებაც არ გართულდება.

ალბათ, ზედმეტია ათეროსკლეროზის აღმოცენებაში ქოლესტეროლის როლზე საუბარი. ამერიკელი ექიმების რეკომენდაციით, ქოლესტეროლის სასკრინინგო კვლევა კორონარული არტერიების დაავადების რისკის მქონე ქალებთან 20 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. კორონარული არტერიების დაავადების რისკფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს წევა, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, გულის დაავადებების გენეტიკა. ქოლესტეროლის ნორმალური მაჩვენებლებისას კვლევა 5 წელიწადში ერთხელ უნდა გამეორდეს. ქოლესტეროლის დონის ნორმალიზაცია გულის დაავადებათა რისკის დაქვეითებას ეხმარება.

უკანასკნელი წლების მონაცემებით, ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენისათვის რეკომენდებულია ყოველწლიური კომპიუტერული ტომოგრაფია დაბალი დოზის გამოსხივებით. კვლევა უნდა ჩაუტარდეთ 55-დან 80 წლამდე პირებს, რომლებიც წელიწადში 30 კოლოფს ეწეოდნენ ან მოწევა ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს.


რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ბოლოს ქალის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ. მისასალმებელია, რომ დღეს ყველა ქალისთვისაა ცნობილი PAP ტესტი. მისი მიზანია საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს ადრეული სტადიების გამოვლენა. ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირების დადგენა კი საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოცენების რისკის მქონე ქალების გამოვლენას ეხმარება.

პაპ ტესტი უნდა ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწებიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ 21 წლის შემდეგ 65 წლის ასაკამდე. აღნიშნული ინტერვალი მისაღებია, თუ პაპ ტესტის მონაცემები ნორმალურია. ტესტირება შეიძლება 65 წლის ასაკში შეწყდეს, თუ 3 ან მეტი თანმიმდევრობით ჩატარებული ტესტი ნორმალური იყო, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში პათოლოგია არ გამოვლენილა.

არსებული რეკომენდაციების თანახმად, სქესობრივი პარტნიორის მყოლ ქალებს ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება ქლამიდიოზისა და გონორეის გამოსავლენად. უფრო მოზრდილ ასაკში ნაჩვენებია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაღალი რისკის მქონე პირების ტესტირება. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლი ქალები. დროული დიაგნოსტიკა ეხმარება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მისი გავრცელების შეჩერებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აივ (ე. წ. “კვლევა შიდსზე”) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების ტესტირება. აივ ტესტირება უტარდება ყველა ქალს ორსულობის ადრეულ ეტაპზე.


სკრინინგის მიზნით არ ტარდება...


როგორც ვხედავთ, სასკრინინგო ტესტთა შორის არ არის პროთრომბინის განსაზღვრა. მართალია, პაციენტთა დიდი ნაწილისთვის ის თრომბთან ასოცირდება (ალბათ, ბგერწერის გამო), მაგრამ პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა არ არის მოწოდებული თრომბოზის რისკის შეფასებისათვის.

სასკრინინგო კვლევათა შორის არ არის და­სახელებული ულტრასონოგრაფიაც (ექოსკოპ­იური კვლევა). ამ კვლევის დროს კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ წა­რმონაქმნები ვლინდება, ამიტომ დაავადებათა ადრეული გამოვლინების თვალსაზრისით, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, მოწოდებული არ არის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რომელ ასაკში რა კვლევებია საჭირო მამაკაცებისათვის?
21-07-2019
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
27-05-2019
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
დღევანდელი რუბრიკის თემაა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მეტად აქტუალური საკითხი – პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
როგორ გადავეწყოთ თბილ სეზონზე და როგორ მოვიქცეთ ორგანიზმის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.
არსებობს განსაკუთრებული დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნით. ის გაზაფხულის შემობრძანებას ემთხვევა,
ყველასათვის საყვარელი მოდელი კრისტი ყიფშიძე, მკურნალი.გე-ს სილამაზის საკუთარ რეცეპტს ანდობს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად