ტკივილი ორსულობისა და მშობიარობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი ორსულობისა და მშობიარობის დროს

- ქალბატონო ხათუნა, ყველაზე მეტად რისი ეშინიათ მეანებს ტკივილის აღმოცენებისას?

- საშვილოსნოსგარე ორსულობისა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტისა. ეს უკანასკნელი ორსულობის პირველ ნახევარში ძირითადად თვითნებითი აბორტით არის გამოწვეული. როდესაც ორსულობა 37 კვირამდე წყდება, საუბარია ნაადრევ მშობიარობაზე.

- რას უჩივის ამ დროს ორსული?

- ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში და მცირედ სისხლიან გამონადენს. ტკივილისა და სისხლდენის ინტენსივობა აბორტის განვითარების სტადიაზეა დამოკიდებული. წესისამებრ, ტკივილი გადაეცემა წელის მიდამოს და ძალიან წააგავს სამშობიარო შეტევებს. თითქმის ყოველთვის სდევს თან გამონადენი სასქესო ორგანოებიდან - ბაცი ყავისფერი, მოვარდისფრო ან ალისფერი.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა თვითნებითი აბორტის დროს?

- თვითნებითი აბორტის დროს აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. სტაციონარში მკურნალობის თავისებურება დამოკიდებულია პროცესის სტადიასა და ინფექციის არსებობა-არარსებობაზე. მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში გამოიყენება ორსულობის შემანარჩუნებელი საშუალებები. მსვლელობაში მყოფი აბორტისა და არასრული გამოძევებისას ხდება სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოტანა. ინფიცირებული აბორტი მოითხოვს ინტენსიურ ანტიბაქტერიულ, ინფუზიურ და მადესენსიბილიზებელ თერაპიას. ამ დროს საშვილოსნოს გამოფხეკა ხდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით (პროფუზული სისხლდენა). პროფუზული სისხლდენის შემთხვევაში ხდება სასწრაფო ოპერაციული ჩარევა.

- რა იწვევს აბორტს?

- ჩვეული აბორტის მიზეზი ხშირად მშობლების ქრომოსომული ანომალიებია. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია პლაცენტაციის პროცესის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს ყვითელი სხეულის უკმარისობით, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით, ჰიპოთირეოზით, თირეოტოქსიკოზით (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია), თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიით, ვირუსული, ბაქტერიული, პროტოზოული ინფექციით.

- რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და როგორ მიმდინარეობს ის?

- მიზეზთაგან აღსანიშნავია დედის დაავადებები, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი. მიმდინარეობა სწრაფი მშობიარობის ტიპისაა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, გართულების უფრო მაღალი რისკი ახლავს თან. ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა. ამ დროს ხშირია ნაყოფის ასფიქსია, სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ნაადრევი მშობიარობა?

- ნაადრევი მშობიარობა ვნებს როგორც დედას, ისე ნაყოფს, ამიტომ მის პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვას; ინფექციისა და ინტოქსიკაციის პროფილაქტიკას; სხვადასხვა დაავადების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას. საყურადღებო სიმპტომია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის ძვლის მიდამოში თანმხლები სისხლიანი გამონადენით. მისი გაჩენისთანავე მიმართეთ მეან-გინეკოლოგს, რათა დროულად დაგისვან დიაგნოზი და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარში დაგაწვინონ.

- რას გვეტყვით საშვილოსნოსგარე ორსულობაზე?

- საშვილოსნოსგარე ორსულობა, ჩვეულებრივ, 5-7 კვირის ვადაზე წყდება. ამ დროს საშვილოსნოს მილი სკდება. იწყება შინაგანი სისხლდენა, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკივილი, გულისრევა, გულყრა. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.


- როდის არ არის საშიში ტკივილი?

- ორსულთა მუცლის ტკივილი ხშირად არასწორი კვების შედეგია. მას იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა სპაზმი, მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და მღრღნელია. ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უკვე მიმდინარე კოლიტისა და დისბაქტერიოზის ფონზე. მსუყე ვახშამი, არასათანადოდ დამუშავებული და არცთუ ისე ახალი საკვები იწვევს აირების გაძლიერებულ წარმოქმნას და სიმძიმის შეგრძნებას მუცლის ქვედა ნაწილში. ასეთი ტკივილებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გზა სწორი კვებაა. ორსულობის ბოლოს კი მუცლის ტკივილი სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. ის იმით არის გამოწვეული, რომ ნაყოფი ინტენსიურად იზრდება და თითქმის მთელ მუცლის ღრუს იკავებს. ორსულობის მე-40 კვირისთვის მისი წონა 3-4 კგ-ს აღწევს, სიგრძე კი დაახლოებით 50 სმ-ს. მიუხედავად იმისა, რომ პატარას საშვილოსნოში მიბრუნება-მობრუნება უჭირს, მან შესაძლოა ისე მძლავრად მოიქნიოს კიდური, რომ დედიკოს სუნთქვაც კი შეეკრას. ასე უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი თავით წინ მდებარეობს და მოქნეული კიდური ნაღვლის ბუშტს ხვდება. გარდა მუცლისა, ტკივილი ხშირად იჩენს თავს წელისა და ბოქვენის ძვლის არეშიც.

- მოდი, ნორმალური, ფიზიოლოგიური მშობიარობის თანმხლებ ტკივილზე ვისაუბროთ...

- ფიზიოლოგიური მშობიარობა ორსულობის 38-ე-მე-40 კვირას იწყება. მშობიარობამდე რამდენიმე ხნით ადრე აღმოცენდება ე.წ. ცრუ ტკივილები ან მოვლითი შეტევები, ანუ ცრუ ჭინთვები. ამ დროს საშვილოსნო ფიცარივით მაგრდება და კვლავ ეშვება. შესაძლოა, ყელის გახსნაც დაიწყოს. ასე ის მშობიარობისთვის ემზადება. ცრუ ჭინთვების დროს საშვილოსნოს ყელი მომზადებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ იხსნება, ასე რომ, პაწიას დაბადებამდე მცირე ხანი ჯერ კიდევ რჩება. ზოგჯერ მშობიარობის პირველი ნიშანი ჭინთვებია. ამ დროს საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება, აღმოცენდება ტკივილი. ცრუ ჭინთვებისგან განსხვავებით, ასეთი შეტევა დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოძევებით ანუ მშობიარობით სრულდება. თავდაპირველად ჭინთვები იშვიათია და მოვლითი ხასიათის ტკივილებს შორის შუალედი საკმაოდ დიდია - დაახლოებით 45 წუთი. შემდეგ შუალედები მცირდება და საშვილოსნოს შეკუმშვა ხშირდება (ყოველ 5 წუთში ერთხელ), ინტენსიური და ძლიერი ხდება, რასაც მოჰყვება კიდეც ტკივილი. ზოგიერთს ძლიერი შეტევითი ტკივილები აქვს, ზოგიერთს - შედარებით სუსტი. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ბუნებრივად სრულიად უმტკივნეულო მშობიარობაც. აქტიური სიარული ტკივილებს ოდნავ აყუჩებს, ამასთან, იწვევს მუდმივ დაწოლას საშვილოსნოს ყელზე და ბავშვის ჩამოსვლას აჩქარებს. მშობიარობის დროს სუნთქვითი ვარჯიშები ქალებს სუნთქვის მოწესრიგებაში ეხმარება, რათა გახშირებულმა სუნთქვამ არ გადაღალოს და უფრო ადვილად გაუმკლავდნენ ტკივილებს.

- შესაძლებელია თუ არა, თავიდან ავიცილოთ მშობიარობით გამოწვეული ტკივილი?

- მშობიარობის გაუტკივარება არ არის მხოლოდ კომფორტის შექმნა; ის მიზნად ისახავს მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნას, რომელმაც შეიძლება ავნოს როგორც დედას, ისე შვილსაც. არსებობს სამშობიარო მოქმედების გაუტკივარების 3 ძირითადი ჩვენება:

  • გამოხატული ტკივილის სინდრომი;
  • სამშობიარო მოქმედების პათოლოგია (სისუსტე, დისკოორდინაცია და სხვა);
  • თანმხლები დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა, თვალისა, აგრეთვე - ნეფროპათია, პრეეკლამფსია და სხვა).

- რა დადებითი მხარეები აქვს ეპიდურალურ გაუტკივარებას?

- პირველი და უმთავრესი - ქალი გრძნობს ბავშვის დაბადებას; მშობიარობის დროს არ გამოიყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელი (ინჰალაციური თუ არაინჰალაციური) საშუალებები, რის გამოც ახალშობილი იბადება მედიკამენტური დეპრესიის გარეშე, ნორმალური ტონუსით, სუნთქვით, გულისცემით და სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებლებით. ეპიდურალური ანესთეზიის დანერგვასთან ერთად გაიშვიათდა მშობიარობის გართულებებიც. ეპიდურალური ანესთეზიის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია გაუტკივარების გახანგრძლივება მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ.

- როდის არ შეიძლება ამ მეთოდით გაუტკივარება?

- ეპიდურალური გაუტკივარების უკუჩვენებებია:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ხერხემლის მიდამოს მძიმე პათოლოგიები (მაღალი ხარისხის სკოლიოზი, ლორდოზი), რომელმაც შეიძლება ანესთეტიკის გავრცელებას ხელი შეუშალოს;
  • ზურგის კანის მიდამოს პუნქციის შემდეგ გაჩენილი ჩირქოვანი დაზიანება;
  • მოუწესრიგებელი ჰიპოვოლემია (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება);
  • მძიმე დარღვევები შემდედებელ სისტემაში;
  • გულის რიტმის სერიოზული დარღვევა და სხვა.

- მშობიარობისას ზოგჯერ ირღვევა ამა თუ იმ ორგანოს მთლიანობა, რასაც, ბუნებრივია, თან ახლავს ტკივილი...

- კლინიკურად ვიწრო მენჯის ან საშოს განუვითარებლობის მქონე ქალებში სწრაფი მშობიარობის დროს ხშირად ხდება საშოს ჩახევა. ჩახევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა და დისტროფიულმა პროცესებმა, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობამ, დიდმა ნაყოფმა. დაზიანება სხვადასხვა სიმძიმისა და ლოკალიზაციისაა - საშოს ქვედა, შუა ან ზედა ნაწილში. ჩახევისას იწყება სისხლდენა, რომელიც, საშვილოსნოს კარგი შეკუმშვის შემთხვევაშიც კი, მომყოლის დაბადების შემდეგაც გრძელდება. დიაგნოზს ადასტურებს საშვილოსნოს ყელის დათვალიერება საშოს სარკეების მეშვეობით. ყველაფერ ამასთან ერთად, დაზიანებული საშოს კედელი ინფექციის კარიბჭედ იქცევა. ქსოვილთა რიგიდულობის დროს, განსაკუთრებით - ხანდაზმულ პირველმშობიარეებში, ნაწიბურების, დიდი ნაყოფის, სწრაფი მშობიარობის დროს მოსალოდნელია შორისის გახევა. დიაგნოსტიკისთვის ტარდება საშოს  დათვალიერება სარკეებით. პროფილაქტიკა ითვალისწინებს მშობიარობის სწორად წარმართვას და სამეანო ოპერაციების ფაქიზად ჩატარებას. შორისის გახევის საშიშროების დროს აუცილებელია პერიტონეოტომია (ჩაჭრა).

- როდის მიუთითებს ტკივილი მშობიარობის დროს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე?

- მაშინ, როდესაც იგი თან ახლავს საშვილოსნოს გახევას - ორსულობისა და მშობიარობის უმძიმეს გართულებას. ეს საშიშროება უნდა გაითვალისწინონ როგორც სახლში მოლოგინების მსურველმა ქალებმა, ასევე მათაც, ვისაც გადატანილი აქვს ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა და სამედიცინო ჩვენების მიუხედავად, დაჟინებით ითხოვს, რომ მისი შვილი ქვეყნიერებას მოევლინოს ბუნებრივი გზით. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დედისა და ბავშვის ხსნა მხოლოდ დროულ ოპერაციას შეუძლია. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება საშვილოსნოს გახევა.


- ყველაზე ხშირად რა იწვევს ამ პათოლოგიას?

- საშვილოსნოს გახევის ყველაზე გავცელებული მიზეზია ქირურგიული პროცედურები და ისეთი მანიპულაციები, რომელთა შედეგადაც საშვილოსნოზე ნაწიბური რჩება, მათ შორის - საკეისრო კვეთა, მიომექტომია, პერფორაცია, საშვილოსნოს რქის რეზექცია, ჰისტეროსკოპიული პროცედურები, ტრავმები ლაპარასკოპიული ტროაკარით და მუცლის ღრუს პენეტრირებული ჭრილობები და სხვა. საშვილოსნოს გახევის ხელშემწყობი სიტუაციებია:

  • ნაყოფის წინამდებარე ნაწილისა და მენჯის შეუთავსებლობა;
  • ნაყოფის თავის გაშლითი ჩადგმა;
  • დიდი ნაყოფი და მცირე მენჯის სიმსივნე, რაც ხელს უშლის მშობიარობის ბუნებრივ დასრულებას;
  • საშვილოსნოს კედლის პათოლოგიური ცვლილებები ანთებითი და დისტროფიული პროცესების, აგრეთვე საკეისრო კვეთის ან სხვა ოპერაციული ჩარევების შემდგომი ნაწიბურების გამო.

დაზიანების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ სრულ და არასრულ გახევას. პირველ შემთხვევაში დაზიანებულია საშვილოსნოს სამივე შრე სეროზული გარსის ჩათვლით, რაც იწვევს საშვილოსნოს ღრუს მუცლის ღრუსთან კონტაქტს; მეორე შემთხვევაში ზიანდება ენდომეტრიუმი და მიომეტრიუმი.

- რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს გახევას?

- განასხვავებენ საშვილოსნოს მოსალოდნელ, დაწყებით და დასრულებულ გახევას. საშვილოსნოს დასრულებული გახევისთვის დამახასიათებელია ტიპური კლინიკური სურათი. გახევის მომენტში მშობიარე შეიგრძნობს მუცლის ძლიერ ტკივილს, სამშობიარო მოქმედება წყდება, თავს იჩენს შოკის ნიშნები. ნაყოფი საშვილოსნოში სწრაფად იღუპება, დადებითია შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი, საშოდან დის სისხლი. ნაყოფის მუცლის ღრუში გამოსვლისას მუცელი იღებს უსწორო ფორმას. მუცლის წინა კედელზე კარგად ისინჯება ნაყოფის წვრილი ნაწილები. ზოგჯერ საშვილოსნოს გახევის დიაგნოზს გვიან - მშობიარობის დასრულების შემდეგ ან ლოგინობის პერიოდის პირველ დღეებში სვამენ, რაც ქმნის გავრცობილი პერიტონიტის და სეფსისის განვითარების საშიშროებას.

- როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიას?

- მოსალოდნელი და დაწყებითი გახევის დროს აუცილებელია, სასწრაფოდ შეწყდეს სამშობიარო მოქმედება. მშობიარობის დასრულება ხდება ადგილზე, ოპერაციული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სამეანო სიტუაციაზე (საკეისრო კვეთა, ნაყოფის დამშლელი ოპერაცია). საშვილოსნოს დასრულებული გახევა მოითხოვს დაუყოვნებლივ მუცელკვეთას და ნაყოფის წინასწარ მოშორებას. ამავე დროს ტარდება ღონისძიებები შოკისა და კოლაფსის საწინააღმდეგოდ. ქირურგიული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია გახევის ხანდაზმულობაზე, ინფექციის არსებობა-არარსებობაზე, გახეული ქსოვილების მდგომარეობაზე, დაზიანების ლოკალიზაციაზე (საშვილოსნოს გაკერვა, საშოსზედა ამპუტაცია საშვილოსნოს ექსტირპაცია). სამეანო ოპერაციები (მობრუნება და ნაყოფის გამოყვანა, სამეანო მაშების დადება, ვაკუუმექსტრაქცია) პირობებისა და ჩვენებების მკაცრი კონტროლით უნდა ჩატარდეს.