ორსულობის დროს ეს წამლები შეიძლება ნაყოფისთვის სახიფათო აღმოჩნდეს - რას უნდა მოერიდოს მომავალი დედა
ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ - რომელი მედიკამენტები ქმნის რისკს?
ორსულობის დროს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თავის ტკივილი, გაციება, მაღალი წნევა თუ კბილის ტკივილი შეიძლება მომავალი დედისთვის რთულ დილემად იქცეს - მიიღოს წამალი და შესაძლო საფრთხე შეუქმნას ნაყოფს, თუ გაუძლოს ტკივილს და მკურნალობაზე უარი თქვას? განსაკუთრებით ბევრი კითხვა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი ორსულობის შესახებ ჯერ არ იცის და გარკვეული მედიკამენტები უკვე მიღებული აქვს.
არსებობს პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წამალი აკრძალულია ან მათი ერთხელ მიღება აუცილებლად ნაყოფის დაზიანებას იწვევს. რომელი მედიკამენტებია განსაკუთრებით სახიფათო, რა შეიძლება მიიღოს ორსულმა ტკივილის, სიცხის, ალერგიისა თუ შეკრულობის დროს, როგორ უნდა მოიქცეს მაღალი წნევის შემთხვევაში და როდის არის აუცილებელი გადაუდებელი დახმარება - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს გინეკოლოგი ლიანა ქორიძე პასუხობს
- ქალბატონო ლიანა, არსებობს თუ არა პრეპარატები, რომელთა მიღებაც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის?
- დიახ, არსებობს მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენონ ნაყოფის განვითარებას. მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკნეს მძიმე ფორმების, ონკოლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. მათმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იქნას მიღებული.
- რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის ტრიმესტრი მედიკამენტის შერჩევისას?
- ტრიმესტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოები ყალიბდება და გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედება განსაკუთრებით სახიფათოა. თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც მოგვიანებით ხდება არასასურველი. ამიტომ მედიკამენტის უსაფრთხოება ყოველთვის ორსულობის ვადასთან მიმართებით ფასდება.

- რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ ორსულობის შესახებ არ იცოდა და მედიკამენტი უკვე მიიღო?
- პირველ რიგში, არ უნდა აჰყვეს პანიკას. მედიკამენტის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს ნაყოფის დაზიანებას. მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა შეაფასოს კონკრეტული პრეპარატი, მისი დოზა და მიღების პერიოდი. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია რისკის ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი მეთვალყურეობა.
- როგორ უნდა მოიქცეს ორსული არტერიული წნევის მომატებისას?
- ორსულობის დროს არტერიული წნევა 140/90 მმ ან მეტი საჭიროებს სამედიცინო შეფასებას, ხოლო სისტოლური 160 ან დიასტოლური 110 მმ ან მეტი - გადაუდებელ დახმარებას. ორსულმა თვითნებურად არ უნდა მიიღოს წნევის დამწევი საშუალებები, განსაკუთრებით ენალაპრილი, ლიზინოპრილი და მსგავსი პრეპარატები, რომლებიც ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
- რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს პრეეკლამფსია?
- პრეეკლამფსია ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა. მისი საყურადღებო ნიშნებია მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, სახისა და ხელების უეცარი შეშუპება და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ასეთი სიმპტომების დროს აუცილებელია დაუყოვნებელი სამედიცინო შეფასება, რადგან საფრთხე შეიძლება შეექმნას როგორც დედას, ისე ნაყოფს.

- რომელი ტკივილგამაყუჩებლების მიღება შეიძლება ორსულობის დროს?
- ორსულობის პერიოდში ტკივილისა და ცხელების დროს პირველ არჩევანად პარაცეტამოლი ითვლება, საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური ეფექტური დოზით და ხანმოკლე პერიოდით. იბუპროფენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები განსაკუთრებით არასასურველია ორსულობის 20 კვირის შემდეგ. ასპირინი დაბალი დოზით გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩვენებით.
- როგორ უნდა მოიქცეს ორსული კბილის ძლიერი ტკივილის დროს?
- ორსულობის დროს სტომატოლოგიური მკურნალობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელიცაა. დასაშვებია ადგილობრივი ანესთეზია და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიაც. მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგი ინფორმირებული იყოს ორსულობის შესახებ. ინფექციისა და ძლიერი ტკივილის უყურადღებოდ დატოვება არასწორია.
- როგორ შეიძლება შეკრულობის შემსუბუქება ორსულობის დროს?
- პირველ რიგში, რეკომენდებულია სითხის საკმარისი მიღება, ბოჭკოვანი საკვები და ფიზიკური აქტივობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლაქტულოზის ან მაკროგოლის გამოყენება. ძლიერი საფაღარათო საშუალებებისა და მცენარეული გამწმენდი პრეპარატების თვითნებური მიღება არასასურველია.
- რამდენად უსაფრთხოა გაციების, ცხელებისა და ცხვირის გაჭედვის სამკურნალო საშუალებები?
- ორსულობის დროს გაციების მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ცხელებისას შესაძლებელია პარაცეტამოლის გამოყენება, ხოლო ცხვირის გაჭედვისას - ფიზიოლოგიური ხსნარის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კომბინირებული გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების მიმართ. მათი მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის სასურველი.

- შეიძლება თუ არა ორსულობის დროს ანტიბიოტიკების, ანტიჰისტამინური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება?
- დიახ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია. არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც ორსულობის დროს გამოიყენება, მაგალითად, პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატები. ალერგიის დროს შესაძლებელია გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებაც. ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი კი უნდა შეირჩეს მისი შემადგენლობისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით.
- რამდენად უსაფრთხოა მცენარეული პრეპარატები, ვიტამინები და საკვები დანამატები?
- გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტი ყოველთვის უსაფრთხოა. სინამდვილეში, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატი შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ორსულობაზე. ვიტამინების ჭარბი მიღებაც არასასურველია, განსაკუთრებით A ვიტამინის მაღალი დოზებით. ამიტომ ნებისმიერი დანამატის მიღება უნდა იყოს დასაბუთებული და ექიმთან შეთანხმებული.
- როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელიც ორსულობამდე მუდმივად იღებდა მედიკამენტებს?
- ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა შესაძლოა უფრო სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე თავად მედიკამენტის მიღება. ეს განსაკუთრებით ეხება ეპილეფსიას, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტენზიასა და სხვა ქრონიკულ დაავადებებს. ორსულობის დადგენისთანავე აუცილებელია მკურნალ ექიმთან დაკავშირება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს პრეპარატი ან დოზირება.
- როგორ უნდა მოიქცეს ორსული გადაუდებელი სიმპტომების დროს და რა შეცდომებს უშვებენ ქალები ყველაზე ხშირად?
- ყველაზე გავრცელებული შეცდომაა თვითმკურნალობა, ახლობლების რჩევით მედიკამენტების მიღება და საგანგაშო სიმპტომების უგულებელყოფა. ძლიერი ტკივილის, სისხლდენის, მაღალი წნევის, ძლიერი თავის ტკივილის ან სხვა მწვავე სიმპტომების შემთხვევაში ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და არ დაელოდოს პირად ექიმთან დაკავშირებას.