ორსულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

- ქალბატონო ნინო, ცნობილია, რომ კალციუმი აუცილებელია ქალისთვის, განსაკუთრებით - ორსულობისას. რატომ?

- ორსულობას, როგორც წესი, თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. ეს მინერალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი დედის ორგანიზმისთვის. ჯანმრთელ ქალს ეს ცვლილებები გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ თუ ორგანიზმში კალციუმის ცვლა უკვე ორსულობამდეა დარღვეული, ორსულობისას იგი უმალვე იწყებს გამოვლინებას. გარდა იმისა, რომ კალციუმი  ამაგრებს მომავალი დედის ძვლებსა და კბილებს, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება, რაც დაახლოებით ორსულობის მე-8 კვირიდან იწყება.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში კალციუმის დეფიციტი?

- მრავალი ორსული საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს. მათი დღიური რაციონი მხოლოდ 700 მგ-მდე კალციუმს შეიცავს. ქალების უმრავლესობა სათანადოდ არ აფასებს კალციუმის მნიშვნელობას ნაყოფის განვითარებისთვის. ზოგიერთი მათგანი იღებს ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს, მაგრამ ისინი შეიცავს კალციუმის დღიური ნორმის მესამედს ან კიდევ უფრო ნაკლებს. ამიტომაც ასე ხშირია ორსულებს შორის კალციუმის უკმარისობა. გარდა ამისა, ორსულობას ხშირად თან სდევს ისეთი ქრონიკული დაავადებების გამწვავება, როგორიც არის გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი. ამ დაავადებებმა შესაძლოა დაარღვიოს კალციუმის შეწოვა და დასწიოს ორგანიზმში მისი დონე საკვებიდან ადეკვატური დღიური ნორმის მიღების შემთხვევაშიც კი. ამავე დროს, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას:

  • კალციუმიანი პროდუქტების მიღებისას აუცილებელია ფოსფორის თანაობა, ფოსფორით კი მდიდარია თევზი.
  • კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინი.

კალციუმისგან განსხვავებით, D ვიტამინს ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის მზის სხივების ზემოქმედებით. დღეში 2-3-ჯერ 15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია საჭირო ოდენობის D ვიტამინის სინთეზირებისთვის, ამიტომ ორსულისთვის რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა. D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა კვერცხის გული, ორაგული და ქაშაყი. გახსოვდეთ: მართალია, ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინები და მულტივიტამინები კალციუმზე თქვენს მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ D ვიტამინის რეკომენდებული მარაგის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

- რა ელის დედას კალციუმის უკმარისობის შემთხვევაში?

- როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს, მას თავისივე ძვლებიდან ხარჯავს. ნაყოფის ჩონჩხის ასაგებად იწყება ორსულის ძვლებიდან კალციუმის მარილების გამოსვლა. ეს იწვევს კალციუმის დეფიციტს, ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცის დაქვეითებას და ოსტეოპოროზს, რაც ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს. პირველ დარტყმას იღებს ზედა და ქვედა ყბა. ალვეოლური წანაზარდები, რომლებიც ქმნის კბილის ბუდეს, კარგავს კალციუმს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პაროდონტიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ორსულებში კალციუმის დეფიციტი ხელს უწყობს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობათა ჩამოყალიბებას, როგორიც არის ჰიპერტენზია,  პრეეკლამფსია,  ნეიროვეგეტაციური დარღვევები. კალციუმი ამცირებს კუნთების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, წვივის კუნთების კრუნჩხვას - კრამპებს, რომელიც უმეტესად ღამით აღმოცენდება და ორსულთა კალციუმის დეფიციტის კლასიკური სიმპტომია.

- ამავე მიზეზით ზიანდება კბილებიც...

- კბილების დაზიანება ორსულთა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. კალციუმის დეფიციტის დროს კბილები სათანადო რაოდენობით ვერ იღებს ამ ელემენტს. ამასთანავე, ორსულობისას ცვლილებები ხდება სანერწყვე ჯირკვლების მუშაობაშიც. სრულფასოვანი ნერწყვი შეიცავს რემინერალიზებული ფოსფატებისა და კალციუმის ნარევს. ასეთი შემადგენლობის წყალობით ის ამაგრებს კბილების მინანქარს და ამით თავიდან გვაცილებს კარიესს. ორსულობის დროს კი ნერწყვის დამცველობითი თვისებები მკვეთრად მცირდება და ამის შედეგად კარიესი იღებს აგრესიულ ფორმას. მინერალური ცვლის ასეთი ცვალებადობა განაპირობებს კბილის ქსოვილის დასუსტებას, კბილები ხდება მყიფე და მტვრევადი და თვალსა და ხელს შუა იფშვნება.

- რა ემუქრება ნაყოფს კალციუმის დეფიციტის დროს?

- ორსულობის მე-6-7 თვეს ინტენსიურად იწყება ნაყოფის ჩონჩხის ჩამოყალიბება. მზარდ ნაყოფს უხვად სჭირდება კალციუმი. ის აუცილებელია მისი ყველა ქსოვილის განვითარებისთვის - როგორც ჩონჩხისა და კბილებისთვის, ისე ნერვული სისტემის, გულისა და სხვა კუნთოვანი ორგანოების, თვალების, ყურების, კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. დედის ორგანიზმიდან პლაცენტის გავლით ნაყოფს საათში 13 მგ, ხოლო დღე-ღამეში 300 მგ კალციუმი მიეწოდება. დაბადებისას ახალშობილის ჩონჩხი შეიცავს 20-30 გ კალციუმს. კალციუმის დეფიციტმა შესაძლოა ნაყოფის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.

- რა დოზაა რეკომენდებული ორსულისთვის? როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული, რომ კალციუმის დეფიციტი არ განუვითარდეს?

- ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს კალციუმის შემცველი პროდუქტები. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია კალციუმის გამომუშავება, ამიტომ იგი გარედან უნდა მივიღოთ. ცნობილია, რომ კალციუმის რეკომენდებული დღიური ნორმა 19-50 წლის არაორსული ქალებისთვის 500-1000 მგ-ია, ორსულებისთვის კი 1000-1200 მგ. კალციუმის ძირითადი წყაროა რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი), ბოსტნეული (კომბოსტო, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო), ხილი და კენკრა (ხურტკმელი, მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი). კალციუმის შეწოვას აფერხებს მარცვლეული, მჟაუნა, ისპანახი. ეს პროდუქტები შეიცავს ფიტინის მჟავასა და მჟაუნმჟავას, რომლებიც კალციუმთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნიან უხსნად მარილებს - ფოსფატებსა და ოქსალატებს. ამის გამო კალციუმის შეწოვა ძნელდება. ასე რომ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ საკვები პროდუქტების ურთიერთთავსებადობა. ვინაიდან რძის პროდუქტებში ბევრი ცხიმია, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მიირთვათ მოხდილი ხაჭო, რძე, მაწონი და ა. შ.

- შეუძლია თუ არა ორსულს კალციუმის პრეპარატების მიღება?

- თუ დღიური რაციონი კალციუმს საკმარისი ოდენობით ვერ გვაწვდის, მაშინ უნდა მივიღოთ კალციუმის დანამატები. მარაგის შევსება შესაძლებელია ტაბლეტირებული კალციუმით. კალციუმის კარბონატი ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს ელემენტარულ კალციუმს, რომელიც, კალციუმის ციტრატისა და ლაქტატისგან განსხვავებით, ადვილად იწოვება ორგანიზმში. კალციუმის კარბონატი დაახლოებით 40%-ით აითვისება, მაშინ როცა კალციუმის გლუკონატის ბიოათვისებადობა 4%-ია. კალციუმის დანამატი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ორ ულუფად, ვინაიდან ერთ ჯერზე ორგანიზმს შეუძლია მხოლოდ 600 მგ კალციუმის ათვისება. ერიდეთ კალციუმის ისეთ დანამატს, რომელიც შეიცავს ძვლის ფქვილს ან დოლომიტს. ასეთი პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს დარიშხანს და სხვა ტოქსიკურ სუბსტანციებს.

- ორსულობის უმთავრესად რომელ პერიოდში ინიშნება კალციუმის პრეპარატები?

- კალციუმის პრეპარატები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მიკროელემენტისა, ყველა ორსულს არ ენიშნება. საჭიროებისამებრ, გამოკვლევებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით, კალციუმის პრეპარატების დანიშვნა უპრიანია ორსულობის 24-28-ე კვირას.


- როგორც ცნობილია, ორსულებში საკმაოდ ხშირია ანემია...

- ჰემოგლობინი ორსულისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ნაყოფს ჟანგბადის მიღება მხოლოდ დედის სისხლიდან შეუძლია. ამიტომაც არის, რომ ასე ყურადღებით აკვირდებიან ჰემოგლობინის დონეს მომავალი დედის სისხლში. იგი უნდა იყოს არაკანლებ 110 გ/ლ-ისა. თუ ჰემოგლობინის ოდენობა ამაზე ნაკლებია, ლაპარაკია ორსულთა ანემიაზე, რაც მკურნალობას მოითხოვს. ორსულებს შორის ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება. საქმე ის არის, რომ ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება. ანემიის მიზეზები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: გარეგანად და შინაგანად. ესენია:

  • საკვებთან ერთად რკინის არასაკმარისი მიღება, ძირითადად ვეგეტარიანელებში;
  • ორსულთა მძიმე ტოქსიკოზი;
  • ხშირი, განმეორებადი სისხლდენა პლაცენტის წინამდებარეობის დროს.

ყოველი ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი 900 მგ-ს შეადგენს. რკინის მარაგს ორგანიზმი 2-3 წელიწადში აღიდგენს, მაგრამ თუ ქალმა ამ ხნის განმავლობაში კიდევ ერთხელ იმშობიარა, ანემია აუცილებლად განვითარდება. ორსულთა ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება. რკინის მარაგის შემცირება დაღს ასვამს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. იმის გამო, რომ ორსულობის დროს ჟანგბადზე მოთხოვნა იმატებს, ეს უფრო მეტად აღრმავებს ნაყოფის ჰიპოქსიას.

- რას იწვევს ანემია ორსულსა და ნაყოფში?

- ანემია ართულებს ორსულობასა და მშობიარობას. ხშირად ნაადრევ მშობიარობასაც იწვევს. ანემიის ფონზე ჟანგბადის დეფიციტის გამო ფერხდება ნაყოფის ზრდა-განვითარება. ახალშობილებს აქვთ წონის მკვეთრი დეფიციტი და წონა შედარებით ნელა აღდგება. ნაყოფის სიკვდილიანობა უმთავრესად ანემიის მძიმე ფორმების დროს არის მოსალოდნელი. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკული ჰიპოქსიის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის დათრგუნვას.

- როგორ მკურნალობენ?

- აუცილებელია როგორც მედიკამენტური, ისე დიეტური მკურნალობა. საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობის რკინასა და ცილას. განსაკუთრებით სასარგებლოა ხორცი. ხორციდან ორგანიზმი იწოვს რკინის 6%-ს, კვერცხიდან და თევზიდან - 2-ჯერ ნაკლებს, ხოლო მცენარეული საკვებიდან - მხოლოდ 0,2%-ს, ამიტომ მხოლოდ ვაშლის, ბროწეულის, სტაფილოს, თუნდაც დიდი რაოდენობით მირთმევა გამართლებული არ არის. გახსოვდეთ: რკინის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც შესაძლებელია ორგანიზმმა საკვებიდან შეიწოვოს, დღე-ღამეში 2,5 მგ-ია, სამკურნალო პრეპარატებიდან შეწოვა კი 15-20-ჯერ უკეთესია. აქედან გამომდინარე, რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა რკინის პრეპარატების გარეშე შეუძლებელია. ამ პრეპარატებით მკურნალობა გრძელდება დიდხანს, რადგან ჰემოგლობინის ნორმალიზება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ორგანიზმში რკინის მარაგის შევსებას. ჰემოგლობინის დონის მოწესრიგების შემდეგაც კი მკურნალობა არანაკლებ ერთ თვეს უნდა გაგრძელდეს.

- რამდენად საჭიროა იოდი ნაყოფის განვითარებისთვის? რა იწვევს ორსულებში იოდის დეფიციტს?

- თანამედროვე გამოკვლევების თანახმად, ქალების უმრავლესობას ორსულობის დროს იოდის ნაკლებობა აქვს. ქალის ორგანიზმი უმეტესად ეგუება ამ მდგომარეობას და უზრუნველყოფს ნაყოფისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას. იმის გამო, რომ ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი საკუთარი ჰორმონების გამომუშავებას გაცილებით გვიან იწყებს, ბავშვის ნორმალური განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორომონებზე. ორსულობის დროს იოდის დეფიციტი უმთავრესად არასწორი კვებით არის გამოწვეული. ამ პერიოდში იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა იმატებს, ამიტომ იოდის ის ოდენობა, რაც მანამდე საკმარისი იყო, ორსულობის დროს შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.

- რას უქადის იოდის დეფიციტი ორსულობას?

- იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების აქტიური კომპონენტია, ორსულობა კი იოდის ფარულ დეფიციტს უფრო ნეტად ამძიმებს, რადგან ამ დროს მიკროელემენტზე მოთხოვნა 200-300 მკგ-მდე იზრდება. დედისა და ნაყოფის ორგანიზმში ვითარდება იოდის ნაკლებობა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა. როდესაც ფარისებრ ჯირკვალში იოდი მცირე რაოდენობით მიდის, მცირდება ჯირკვლის ფუნქცია და იგი ზრდას იწყებს. ასეთი დაავადება ადვილად ექვემდებარება დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და ამიტომ არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს. იოდის ნაკლებობა განსაკუთრებით საყურადღებოა იოდდეფიციტურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. იოდის დეფიციტი შესაძლოა იქცეს სპონტანური აბორტის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების მიზეზად (გაყინული ორსულობა). გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ზრდის ორსულობის ან მშობიარობის გათულების ალბათობას. იოდის დეფიციტის დროს ახალშობილი შესაძლოა რომელიმე მანკით ან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაიბადოს. არც მკვდრადშობაა გამორიცხული. მეძუძურ დედებში იოდის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს რძის შემცირება და გაშრობა.


 

ბავშვის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იოდის დეფიციტის მიმართ. ნაყოფს, მოზრდილი ადამიანისგან გასხვავებით, არ შეუძლია, შეეგუოს იოდის დეფიციტს, უმნიშვნელო უკმარისობაც კი შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი დარღვევის მიზეზად იქცეს. პირველ რიგში ეს ბავშვის ფსიქიკურ, გონებრივ და მოტორულ განვითარებას ეხება. ნაყოფის ჩამოყალიბებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონები აკონტროლებენ პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მომწიფებას. ისინი მოქმედებენ ფილტვის ქსოვილის, თავის ტვინის, ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე. განსაკუთრებულ გავლენას კი თავის ტვინის ფორმირებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე ახდენენ. ჩონჩხისა და ხრტილის ქსოვილის ზრდა უშუალო კავშირშია ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებასთან. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებენ ძვლის წარმოქმნას, აჩქარებენ ძვლებში მინერალების (ძირითადად მინერალური მარილების - კალციუმისა და ფოსფორის) ჩალაგებას, გავლენას ახდენენ ცილის სინთეზზე, უჯრედების ზრდაზე, ააქტიურებენ ქსოვილთა სუნთქვას, ხელს უწყობენ ნაყოფის განვითარებას, აძლიერებენ მეტაბოლიზმს - ზრდიან მოთხოვნილებას ფერმენტებსა და ვიტამინებზე.

- როდის შეიძლება დავიწყოთ პროფილაქტიკა?

- იმის გამო, რომ ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირება უკვე ორსულობის მე-3-4 კვირას იწყება, როდესაც ქალმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ორსულად არის, იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა სასურველია დავიწყოთ ორსულობის დაგეგმვის დროს. იოდის პრეპარატების მიღება უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობისა და ძუძუთი კვების განმავლობაში. გარდა იოდის პრაპარატებისა, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება, რომლის დეფიციტიც ნერვული ღეროს განვითარების დეფექტებს იწვევს.

- რომელი პრეპარატები გამოვიყენოთ პროფილაქტიკისთვის?

- იმის გამო, რომ საკვები პროდუქტების უმრავლესობა ძალიან მცირე რაოდენობის იოდს შეიცავს, დიეტით იოდის დეფიციტის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. იოდის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია გამოყენებულ იქნეს პრეპარატები იოდის დოზირებული შემცველობით, რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად გაკონტროლდეს ორგანიზმში მოხვედრილი იოდის რაოდენობა.

- რითია საშიში ორსულობისას არტერიული წნევის დაქვეითება?

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში არტერიული წნევის დაქვეითება იწვევს დისკომფორტს. ამ დროს ფეხზე დიდხანს დგომა, ჩახუთულ, უჰაერო შენობაში ყოფნა, ცხელი აბაზანა, შიმშილი იწვევს სისუსტეს, თავბრუხვევას, თავის ტკივილს, გონების დაკარგვასაც კი. მეცნიერთა ნაწილი ჰიპოტენზიას უკავშირებს ასევე განწყობის ცვალებადობას: ეიფორიას, ტირილისკენ მიდრეკილებას, შიშებს. მართალია, ეს თითქმის ყველა ორსულს ახასიათებს, მაგრამ დაბალი წნევის დროს უფრო მკვეთრად ვლინდება. დაბალი არტერიული წნევის გამო ორსულის ორგანოები ცუდად მარაგდება სისხლით, რაც იწვევს ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების დაქვეითებას და ჰიპოქსიის განვითარებას.

- რით მკურნალობენ არტერიულ ჰიპოტენზიას ორსულებში?

- საკმაოდ ეფექტურია დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, აგრეთვე - წყლის პროცედურები. უნდა მოწესრიგდეს შრომის, დასვენებისა და ძილის რეჟიმი: ორსულს დღე-ღამეში უნდა ეძინოს 10-12 საათი. არტერიული წნევის დაქვეითებას ამწვავებს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა, ცხელი აბაზანა, დახუთულ შენობაში დიდხანს ყოფნა. ორსულმა საკვები უნდა მიიღოს მცირე ულუფებით, ერიდოს ნოყივრად ვახშმობას. დაუშვებელია დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღება. ჰიპოტენზიის მკურნალობისას კარგი შედეგი აქვს ფიტოთერაპიას. შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი ნაკრები: 1 კოვზი კოთხუჯის ფესვი, 7 კოვზი კრაზანას ბალახი, 1 კოვზი მარწყვი, 0,5 კოვზი ღვია, 2 კოვზი ფარსმანდუკი, 1 კოვზი ვარდკაჭაჭა, 2 კოვზი ასკილის ნაყოფი. ნარევის 3 სუფრის კოვზი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2,5 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 6-8 საათის განმავლობაში. მთელი ნაყენი მიიღეთ 3 ულუფად, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოე, არყის ფოთლები, ჭინჭარი, ჟოლო, პიტნა, მრავალძარღვა, ავშანი, სალბი და სხვა.